ყველაფერი, რაც ჰააგის სასამართლოზე უნდა იცოდე — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

"პუტინ, ჰააგა გელოდება", — ამ სიტყვებით მიმართა ვილნიუსის მერმა ოკუპანტი სახელმწიფოს აგრესორ მმართველს და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, მაინც მოუწევს, ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხის აგოს. სანამ პუტინი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე დამნაშავის სახით წარდგება, მანამდე ვეცდებით ამ სტატიაში მოკლედ ვუპასუხოთ, რა არის ჰააგის სასამართლო, რა ბერკეტებია მის ხელში და რა ტიპის საქმეებს განიხილავს ის.

როგორ შეიქმნა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებას თავისი წინაპირობა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულების მოწმე გახდა. შეიქმნა ნიურნბერგისა და ტოკიოს ტრიბუნალები, 1948 წელს კი გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებასა და დასჯაზე კონვენცია მიიღეს. სწორედ ამ დროს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა, რომ საჭირო იყო, შექმნილიყო მუდმივმოქმედი სასამართლო, როგორც უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულების განხილვისა და დევნის მექანიზმი.

ასეთი სისტემის შექმნის იდეა ხელახლა ცივი ომის შემდეგ წარმოიშვა. ამ პერიოდში გაეროში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდებაზე, რომელსაც დღეს ჰააგის სასამართლოს სახელით ვიცნობთ, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მსოფლიომ უმძიმესი დანაშაულები ამჯერად იუგოსლავიისა და რუანდის ტერიტორიებზე იხილა. საპასუხოდ, გაეროს უშიშროების საბჭომ სპეციალური ტრიბუნალები დააარსა. ამან საბოლოოდ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ICC-ის შექმნაზე.

ეს 1998 წლის წლის 17 ივლისს რომში მოხდა. 160 სახელმწიფოს მიერ მიღებული წესდების, რომის სტატუტის საფუძველზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დააარსეს. ამ გზით, კაცობრიობის ისტორიაში პირველად, სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს, მათ ტერიტორიაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუდმივმოქმედი იურისდიქცია ეღიარებინათ.

როგორ მუშაობს

სასამართლოს მანდატში არა სახელმწიფოს, არამედ იმ პირების გასამართლება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება შედის, ვინც მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩადენაზეა პასუხისმგებელი. ასეთია: გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და აგრესიის დანაშაული.

სანამ თითოეულ მათგანს უფრო ვრცლად განვიხილავთ, გეტყვით, რომ ჰააგის სასამართლო არაა ეროვნული სასამართლოების შემცვლელი. მისი ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სახელმწიფოს არ აქვს ჭეშმარიტი გამოძიების და დამნაშავეების სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების სურვილი და უნარი. ICC-ის მთავარი დანიშნულებაა, დასაჯოს საერთაშორისო დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები და ხელი შეუწყოს დანაშაულთა პრევენციას. ასამართლებს მათ, ვინც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია ICC-ის იურისდიქციაზე არსებულ ტერიტორიებზე ჩადენილ დანაშაულებზე.

  • გენოციდი — მკვლელობა, მძიმე სხეულებრივი ან გონებრივი დაზიანება, ცხოვრების გაუსაძლისი პირობების განზრახ შექმნა, ზომების მიღება ჯგუფში შობადობის აღსაკვეთად, ჯგუფის ბავშვების იძულებითი გადაადგილება სხვა ჯგუფში, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის ნაწილობრივ ან სრული განადგურების განზრახვით.
  • კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები — მკვლელობა, მოსახლეობის განადგურება, დამონება, დეპორტაცია, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, რომელიც ჩადენილია მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი და სისტემატური განზრახ თავდასხმის ფარგლებში.
  • სამხედრო დანაშაულები — ის ჟენევის კონვენციების მძიმე დარღვევებსა და რომის სტატუტში ჩამოთვლილ საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების წესებისა და ჩვეულებების მნიშვნელოვან დარღვევებს მოიცავს. ამ ტიპის დანაშაულში შედის კონკრეტული დიდი გეგმის ან პოლიტიკის განხორციელების განზრახვით ფართო მასშტაბით მკვლელობა, დასახიჩრება, წამება, მძევლად აყვანა, განზრახ თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ძარცვა, გაუპატიურება.
  • აგრესიის დანაშაული — ეს სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენების აქტის დაგეგმარებას, დაწყებას ან შესრულებას გულისხმობს.

ფოტო: BBC

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისიც, რომ:

  • ამჟამინდელი ან ყოფილი თანამდებობა ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი დევნის აცილების მიზეზი;
  • ზოგიერთ შემთხვევაში, თანამდებობის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მის განკარგულებაში მყოფი ადამიანების მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც;
  • სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება იმ პირებზე, ვისაც დანაშაულის ჩადენისას 18 წელს მიღწეული არ იყო;
  • მსჯავრდებულები სასჯელს იხდიან სასამართლოს სასჯელის აღმსრულებელი, მოხალისე სახელმწიფოების სიიდან სასამართლოს მიერ არჩეულ სახელმწიფოში.

რისგან შედგება

ჰააგის შემადგებლობაში ოთხი ორგანოა გაერთიანებული — ხელმძღვანელობა, პალატები, პროკურორის ოფისი და კანცელარია. ყველა მათგანს განსაკუთრებული ფუნქცია და უფლებამოსილებები აქვს. განვიხილოთ თითოეული:

ხელმძღვანელობის შემადგენლობაში სამი მოსამართლეა (პრეზიდენტი და ორი ვიცეპრეზიდენტი), მათ სასამართლოს 18 მოსამართლის აბსოლუტური უმრავლესობა მაქსიმუმ ორჯერ, 3-წლიანი ვადით ირჩევს. ხელმძღვანელობა სასამართლოს მართვა-ადმინისტრირებაზეა პასუხისმგებელი. ასევე, ახორციელებს სასამართლოს საგარეო ურთიერთობებს და ხელს უწყობს მოსამართლეების მუშაობის ორგანიზებას. გარდა ამისა, აქვს სასამართლოს განჩინების აღსრულების ფუნქციაც.

მოსამართლეები ორ სხვადასხვა, წინასასამართლო და სააპელაციო პალატებში არიან განაწილებული. წინასასამართლო პალატების შემადგენლობაში 1 ან 3 მოსამართლე შედის. ისინი პასუხისმგებლები არიან, ზედამხედველობა გაუწიონ, როგორ ატარებს პროკურორის ოფისი შესაბამისი ღონისძიებებს, დაზარალებულებისა და მოწმეების უფლებების უზრუნველყოფასა და სხვა. წინასასამართლო პალატები, ასევე, იღებენ გადაწყვეტილებებს დაკავების ბრძანების გაცემასა და საქმეების დაშვებადობაზე.

მას შემდეგ, რაც დაკავების ბრძანება გაიცემა, სავარაუდო დამნაშავეს დააკავებენ და წინასასამართლო პალატა წაყენებულ ბრალდებას დაადასტურებს, სასამართლო ხელმძღვანელობა 3-წევრიან სასამართლო პალატას ნიშნავს. მისი ფუნქციაა, ისეთი ობიექტური და დროული პროცესი უზრუნველყოს, რომელიც ბრალდებულთა უფლებებისადმი სრული პატივისცემითა და დაზარალებულთა და მოწმეთა უსაფრთხოების დაცვით ჩატარდება. პალატა, ასევე, იღებს გადაწყვეტილებებს დაზარალებულების პროცესში მონაწილეობაზე. მისი მთავარი უფლებამოსილება კი ისაა, რომ დაადგინოს ბრალდებულის უდანაშაულობა ან დამნაშავეობა. თუ ბრალდებული დამნაშავედ იცნობა, პალატას შეუძლია, მიიღოს თავისუფლების რამდენიმე წლით აღკვეთის გადაწყვეტილება. ასევე, მას შეუძლია, მსჯავრდებულს დააკისროს დაზარალებულთა კომპენსაცია, ანაზღაურება და რეაბილიტაცია.

ფოტო: Reuters

სააპელაციო პალატის ფუნქცია, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად ოთხ სხვა მოსამართლითაა დაკომპლექტებული, დაადასტუროს, გააუქმოს ან შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებები. ამასთან უფლება აქვს, საქმე განსახილველად სხვა სასამართლო პალატას მეორედ წარუდგინოს და საბოლოო ბრალდებითი განაჩენი ან მსჯავრი გადაამოწმოს.

პროკურორის ოფისი სასამართლოს დამოუკიდებელი ორგანოა. მის უფლებამოსილებაში წარდგენილ სიტუაციებზე ინფორმაციის მიღება ან განხილვა შედის. პროკურორის ოფისმა უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა გენოციდის, კაცობრიობის წინაშე დანაშაულების, სამხედრო დანაშაულების ან აგრესიის დანაშაულის გამოძიების დაწყებისთვის გონივრული საფუძველი,

სასამართლოს კანცელარია კი სასამართლოს ობიექტური, დამოუკიდებელი და საჯარო სასამართლოს პროცესების ჩატარებაში ეხმარება. მისი ძირითადი ფუნქციაა, ადმინისტრაციულ მხარდაჭერა გაუწიოს სასამართლო პალატებსა და პროკურორის ოფისს. კანცელარია სასამართლოს ოფიციალური კომუნიკაციის ორგანოა და პასუხისმგებელია, საზოგადოებას ICC-ს საჯარო ინფორმაცია მიაწოდოს.

როგორ ირჩევა მოსამართლე

ICC-ის მსაჯული მაღალი მორალური თვისებების, ობიექტურობისა და პატიოსნების საფუძველზე ირჩევა და მას ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოში ყველაზე მაღალი თანამდებობების დაკავებისთვის აუცილებელი კვალიფიკაცია აქვთ. უფრო კონკრეტულად, მოსამართლეთა ამორჩევა ხდება მონაწილე-სახელმწიფოთა ასამბლეის მიერ კანდიდატების კომპეტენციების საფუძველზე.

რა გადაწყვიტა აგვისტოს ომის საქმეზე

2016 წლის 27 იანვარს, საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველომ აგვისტოს ომის საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც მოიგო. 2022 წლის 11 მარტს აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე პროკურორმა 3 ბრალდებულის დაკავების ბრძანებები გასცა:

  • მიხაილ მინძაევის — იმ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს მინისტრის;
  • ჰამლეტ გუჩმაზოვის — მაშინ ცხინვალის რეგიონის ე.წ. შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსის;
  • დავით სანაკოევის — იმ დროს, ე.წ. ომბუდსმენის.

გამოძიება მათ რუსული ოკუპაციის ფარგლებში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში, მათ უკანონო გადაადგილებას ედავებოდა.

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

მთავარი პროკურორის განცხადებით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, კერძოდ, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივ ძარცვაზე და განადგურებაზე, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმაზე.

გამოძიების ფარგლებში, ასევე, გამოიკვეთა ვიაჩესლავ ბორისოვის, რუსეთის იმდროინდელი შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ამ დანაშაულების ჩადენას.

რა ბედი ელის პუტინს

ჰააგის სასამართლოს 17 მარტის გადაწყვეტილებამ პუტინისთვის ვილნიუსის მერის გზავნილი რეალობას დააახლოვა. სასამართლომ ამ დღეს აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. გადაწყვეტილებას საფუძვლად უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომი დაედო. სასამართლომ ომის დანაშაულების ჩადენის გამო რუსეთის პრეზიდენტს ინდივიდუალურ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დააკისრა.

"ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში", — ნათქვამი იყო განცხადებაში.

ვილნიუსის მერის გზავნილი პუტინს

ვილნიუსის მერის გზავნილი პუტინს

ფოტო: Reuters

პოლიტოლოგების შეფასებით, ამან, შესაძლოა, პუტინს შემდგომი გართულებები შეუქმნას, როცა მსოფლიოში გადაადგილებას მოისურვებს ან მისი ხელისუფლება შეიცვლება. პუტინს გაუჭირდება მოგზაურობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ICC-სთან არიან კავშირში. Human Rights Watch-ის თქმით, ორდერები "აგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ სერიოზული დანაშაულის ჩასადენად ბრძანების გაცემამ შეიძლება ჰააგის ციხის საკანში მოხვედრა გამოიწვიოს".

ICC-ის მიერ გაცემული ორდერი ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ჰააგის სასამართლოს წევრი 123 სახელმწიფოდან ნებისმიერს ეკისრება ვალდებულება, რომ მათ ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში პუტინი დააკავონ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცენ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კრემლი აპელირებდა იმაზე, რომ რუსეთი რომის სტატუტის ხელმომწერი არაა და არანაირი ვალდებულება არ ეკისრება.

ამ ყველაფრის ფონზე, რთულია წინასწარ მსჯელობა, რეალურად, რას შეცვლის პუტინის დაკავების ორდენი. ასევე, საკამათოა ისიც, რომელი სახელმწიფო როგორ მოიქცევა, რადგან ICC-ს სახელმწიფოების იძულების მექანიზმი არ გააჩნია.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ფორმულამ" 4 ოქტომბრის მონაცემებით Edison Research-ის კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
  2. აშშ-ის ავიაციამ იემენი დაბომბა
  3. ვინ (არ) მიულოცა პუტინს დაბადების დღე?!
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გახარია: ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც ენმ-ს რაიმე სახის რევანში მიუღებელია

პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მე ძალიან კმაყოფილი ვარ [პრეზიდენტთან] შეხვედრით. ჩვენ…