აფხაზეთში სახელმწიფო უსაფრთხოების "რეპრესიული" ცვლილებები უარყვეს
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის პარლამენტმა უარყო სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც კრიტიკოსების აზრით, ხელისუფლებას საშუალებას მისცემდა ჩაეხშო კრიტიკული და განსხვავებული აზრები.
პარლამენტმა კანონპროექტი კენჭისყრაზე 23 თებერვალს გაიტანა.
იუსტიციის მინისტრმა, ანრი ბარციცმა, რომელმაც კანონი პარლამენტს წარუდგინა, განაცხადა, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს "პრევენციული ზომების დადგენას, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები დანაშაულის თავიდან ასაცილებლად გამოიყენებენ".
კანონის მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება ექნებოდა პირებისთვის გაფრთხილება მიეცა ან გამოძიება დაეწყო ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც შესაძლოა მიჩნეული ყოფილიყო "დაუშვებლად" ან "დანაშაულის წინაპირობად".
კანონპროექტის კრიტიკოსების აზრით, იგი ზედმეტად ორაზროვანია და შესაძლოა გამოიყენონ მთავრობის მიმართ განსხვავებული აზრის ან კრიტიკის ჩასახშობად. ზოგიერთი კანონს "ჩრდილოეთ კორეის კანონადაც" მოიხსენიებს.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსის ან რიგითი მოქალაქის გამოსვლა ან სტატია, მათ შორის, სოციალურ ქსელებში კომენტარები ქმნის პირობებს სისხლის სამართლის კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის: საჯარო მოწოდებები ექსტრემისტული ქმედებების განხორციელების შესახებ", — განაცხადა ბლოგერმა დავით გობეჩიამ.
პარლამენტში რამდენიმე დეპუტატმა კანონის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა, ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ეს აფხაზეთში ავტორიტარიზმის საშუალებას იძლევა.
"ხომ არ გამოდის, რომ ეს არსებითად იმ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლის ლეგალიზებაა, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ?", — იკითხა სხდომაზე ინარ გიცბამ.
"ვშიშობ, რომ ასეთი მიდგომა გამოიწვევს კონსტიტუციური თავისუფლებების, კერძოდ, აზრის, სიტყვისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვას".
აფხაზეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა, ასიდა შაკრილმა პარლამენტარები ცვლილებების უარყოფის გამო შეაქო და გააკრიტიკა ხელისუფლების "ჯიუტი მცდელობები [...] დააკანონოს ნორმები, რომლებიც ანადგურებს აფხაზური საზოგადოების პრინციპებსა და ღირებულებებს და ზღუდავს უფლებებსა და თავისუფლებებს".
"დეპუტატებმა, რომლებმაც უარი თქვეს [ცვლილებებზე], ხელი შეუშალეს აფხაზეთის საზოგადოების სიცრუეში, დენონსაციაში, შიშისა და უიმედობაში ჩაძირვას. მსგავსი ტრაგედიები ხდებოდა სტალინისა და ბერიას დროს", — განაცხადა მან.
კომენტარები