თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპული აზერბაიჯანელები "გადარჩებოდნენ, საზღვარი ღია რომ ყოფილიყო"
აზერბაიჯანელი, რომელიც თურქეთში სწავლობს, ამტკიცებს, რომ თურქეთ-სირიის მიწისძვრის შედეგად დაღუპული კიდევ ოთხი სტუდენტი მიწისძვრის დროს აზერბაიჯანში, სახლში იქნებოდა, ქვეყნის სახმელეთო საზღვრები კოვიდ-19-ის გამო დაკეტილი რომ არ იყოს.
ოთხშაბათს, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში, იბრაჰიმ იბრაჰიმოვი, მალატია ინონუს უნივერსიტეტის სტუდენტი, მომხდარში როგორც საზღვრის ჩაკეტვას, ასევე, ქვეყნის ეროვნული გადამყვანის "შემაშფოთებლად" მაღალ ფასებს ადანაშაულებდა.
14 თებერვალს სტუდენტების, ნაზარზადე გუნდუზის, გულიევ სამირის, ვალიევ შაჰინის და ისმაილი ჰუმამის ცხედრები ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
"უნივერსიტეტში უკვე სემესტრული შესვენება იყო", — თქვა იბრაჰიმოვმა. "სამი კვირის წინ მე და ორი მეგობარი დასვენებებზე ბაქოში დავბრუნდით. ჩვეულებრივ, ზამთრის არდადეგების დროს ყველა აზერბაიჯანში ვბრუნდებოდით. თუმცა, სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვამ და [აზერბაიჯანის ავიახაზების] შემაშფოთებელმა ფასებმა ამ ბავშვებს მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებაში ხელი შეუშალა".
"ყველა ეს სტუდენტი ოჯახის იმედი იყო. ეს იმედები გაქრა. იმედი აღარ გვაქვს".
"4 წლის განმავლობაში შესანიშნავი მოგონებები დაგვიგროვდა. ეს ყველაფერი ცხოვრებამ მოგვცა. მშვიდად განისვენეთ, მეგობრებო", — თქვა იბრაჰიმოვმა.
აზერბაიჯანმა საზღვრები 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიის გამო ჩაკეტა, მას შემდეგ ვეღარ გახსნა და კვლავაც პანდემიაზე საუბრობს.
აზერბაიჯანის მთავრობის დაჟინებულ პოზიციაზე საზღვრების დაკეტვის შესახებ იბრაჰიმოვის პოსტმა კვლავ აღშფოთება გამოიწვია
გიას იბრაჰიმმა, აზერბაიჯანელმა პოლიტიკურმა აქტივისტმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა, განაცხადა, რომ "საზღვერების დაკეტვას ლოგიკური ახსნა არ აქვს, გარდა იმისა, რომ მთავრობა სარგებლობს თავისი ძალაუფლებით".
ბაჰრუზ სამადოვმა, პოლიტოლოგმა და სამშვიდობო აქტივისტმა, ასევე გააკრიტიკა მთავრობის მიერ საზღვრის მუდმივი ჩაკეტვა.
"აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც დახურული სახმელეთო საზღვრები აქვს", — თქვა მან. ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ახლა "ჩაკეტა ყარაბაღის სომხების საზღვრებიც", რაც გულისხმობს ლაჩინის დერეფნის 2-თვიან ბლოკადას.
6 თებერვალს, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრას 9 საათის შემდეგ 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.
ამ დროისთვის, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დაღუპული აზერბაიჯანის მოქალაქეების დადასტურებულმა რიცხვმა 10-ს მიაღწია.
ახლობლებმა ოთხი სტუდენტის ნეშტი ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 თებერვალს წაიღეს და მოგვიანებით დაკრძალეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიწისძვრის ზონიდან აზერბაიჯანში 6 თებერვლის შემდეგ ევაკუირებულია აზერბაიჯანის 513 მოქალაქე და მათი ახლო ოჯახის წევრები სხვა ქვეყნებიდან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები