კოსმოსში არსებული პირობები ჩვენი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოსგან ძალიან განსხვავდება. მართალია, ორბიტაზე მყოფ ასტრონავტებს წყალი, ჟანგბადი და ყველა საჭირო რესურსი აქვთ, მაგრამ მათზე მიკროგრავიტაცია მაინც მოქმედებს. კერძოდ, მისი გავლენა ძვლების სიმკვრივეზე შეინიშნება, რის შესახებაც მეტის გასაგებად NASA-მ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) თაგვები გაგზავნა.

დადგინდა, რომ ძვლების ცვლილებაში კოსმოსურ რადიაციას, მზის სხივების ნაკლებობასა და მსგავს სისტემურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი წვლილი არ ჰქონდა. ორბიტაზე გატარებული 37 დღის შემდეგ მღრღნელების ჩონჩხის ზოგიერთ ნაწილში მეტი დაზიანება დაფიქსირდა. ხმელეთზე არსებულ კონტროლ ჯგუფთან შედარებამ აჩვენა, რომ ამ ცხოველთა უკანა ფეხების ბარძაყის ძვლებში მოზრდილი ღრუები იყო წარმოქმნილი, განსაკუთრებით კი მენჯთან და მუხლთან შეერთების ადგილებში. აღსანიშნავია, რომ წელის არეში ხერხემალმა თავდაპირველი მდგომარეობა შეინარჩუნა

"ჩვენს კვლევაში ბარძაყის ძვალს მთავარი ყურადღება დაეთმო, რადგან თაგვების წონას დატვირთვა სწორედ მასზე მიაქვს", — აცხადებენ მეცნიერები.

თაგვების ბარძაყის ძვლის თავი კოსმოსში 37 დღის გატარების შემდეგ, მონიშნულია FL-ით. BL — ორბიტაზე გატარებული ერთი დღის შემდეგ; GC — ხმელეთზე მყოფი თაგვის ძვალი; VIV — ხმელეთზე გალიაში მყოფი თაგვის ძვალი (შეძღუდული მოძრაობის პირობებში).

ფოტო: PLOS ONE, 2025

ადამიანში იმავე დანიშნულებას წელი ასრულებს, რადგან ჩვენი სხეულის ნაწილები ვერტიკალურადაა განლაგებული. თაგვებში პირიქითაა — ისინი ოთხ ფეხზე დადიან, ამიტომ ბარძაყი იტვირთება. აქედან ვარაუდობენ, რომ მიკროგრავიტაციის პირობებში ძუძუმწოვრებში ყველაზე მეტად სწორედ ის ძვლები ზიანდება, რომლებსაც წონა აწევს. შესაძლოა, ამის მიზეზი მათი ფუნქციის დაკარგვა იყოს.

ცვლილებაზე სისტემური ფაქტორების გამოსარიცხად სპეციალისტებმა ხმელეთზე მყოფ თაგვებს ფრენის სიმულაციაც ჩაუტარეს. ამით რაკეტით გაშვებასთან ასოცირებული სტრესის როლი გამორიცხეს. ასევე, რადიაციას რომ ემოქმედა, ძვლის ღრუს ზემოდან მკვრივი გარე შრის ფრაგმენტები უნდა დაეფიქსირებინათ, მაგრამ ასე არ მიმხდარა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხოველები მხოლოდ მცირე რადიაციის ქვეშ იყვნენ, რადგან ორბიტაზე მხოლოდ 37 დღე დაჰყვეს.

GC და VIV ხმელეთზე მყოფი თაგვების ბარძაყის ძვალს გვიჩვენებს, დანარჩენი ორი — "ასტრონავტი" მღრღნელებისას.

ფოტო: PLOS ONE, 2025

ISS-ის მისიებში მონაწილე ასტრონავტები ყოველთვე ძვლების სიმკვრივის საშუალოდ 1%-ს ან მეტს კარგავენ. ეს ოსტეოპოროზზე დაახლოებით 10-ჯერ სწრაფი ტემპია და გრძელი ძვლების გაბზარვის რისკს ზრდის. კოსმოსური სადგურის ეკიპაჟისგან განსხვავებით, ცდისპირი თაგვები ახალგაზრდები იყვნენ და მათი ჩონჩხი ჩამოყალიბების ბოლო ეტაპზე იყო. ამ მღრღნელების ბარძაყის ძვალს ზრდა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ მიკროგრავიტაციაში მისი ხრტილი ნაადრევად გაძვალდა.

ეს და სხვა კვლევები ასტრონავტთა ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. მსგავსი მიგნებებით შესაძლებელი ხდება, რომ მათი ძვლების სიმკვრივის შენარჩუნების ყველაზე ეფექტიანი გზები მოვძებნოთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.