გოჩა ჯავახიშვილმა განცხადება ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2 იანვარს მოქალაქე ვახტანგ ბარამაშვილმა ლევილის მამულის დაზიანებული შენობებისა და განადგურებული ნივთების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

  • "ასე გამოიყურება ლევილი დღეს. შენობა ჩამონგრეულია და წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები. ექვთიმე თაყაიშვილის ღირსეული მემკვიდრეები გამოვდექით", — დაწერა კიდევ ერთმა მომხმარებელმა.
  • მოგვიანებით კულტურის სამინისტრომ გავრცელებული კადრები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეაფასა.

დეტალები: ჯავახიშვილის თქმით, არავინ დავობს, რომ ლევილის შატო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა იცის, "როგორი გულით ეკიდება ამ საქმეს, მამულის ამჟამინდელი მმართველი კულტურის სამინისტრო".

  • მისივე განცხადებით, მთავრობა ლევილის მდგომარეობას აცნობიერებს და რეაბილიტაციისთვის საჭირო პროცედურები ფრანგულმა ბიუროკრატიამ გააჭიანურა.
  • "ალბათ, წარმოგიდგენიათ ფრანგული ბიუროკრატიული ადმინისტრაციული პროცედურები და ვადები", — წერს ელჩი.
  • ჯავახიშვილი კულტურის სამინისტროს პოზიციას იზიარებს და ამბობს, რომ მხოლოდ არეული სხვენის ჩვენება მთლიან, ობიექტურ სურათს "ამახინჯებს".
  • "ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ მოყვრის გულის გასახეთქად ხომ არ გარჯილან ეს პატიოსანი ახალგაზრდები?! იქვე არის ბევრი რამ, რაც გაკეთებულსაც მოწმობს და ცოტა რამ ამ ამბავზეც მოეთხროთ", — დაწერა მან.
  • ელჩის განცხადებით, ისტორიული მნიშვნელობის არცერთი დოკუმენტის დედანი დაზიანებული არ არის.