2024 წელს, ჟოელ ლაპუანტი კვებეკის რეგიონში სალაშქრო მარშრუტს გეგმავდა და Google Maps-ს იყენებდა, როცა შემთხვევით დიდ ჩაღრმავებას წააწყდა. ახლა კი მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს ორმო მართლაც მეტეორიტის დარტყმის კრატერია, რომლის ასაკიც დაახლოებით 390 მილიონი წელია.

ორმო, რომლის ცენტრშიც მარსალის ტბა მდებარეობს, დიამეტრში დაახლოებით 25 კილომეტრს შეადგენდა და ჩვეულებრივ თხრილს არ ჰგავდა, რადგან თითქმის იდეალურ რგოლს ქმნიდა. ლაპუანტი საბოლოოდ ფრანგ გეოფიზიკოსს, პიერ როშეტს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გარშემო არსებული ტოპოგრაფია "საკმაოდ მიანიშნებდა" დარტყმის კრატერზე.

დიდი ორმო, რომელიც 2024 წელს Google Maps-ზე აღმოაჩინეს, სინამდვილეში 390 მილიონი წლის მეტეორიტის დარტყმის კრატერია

ფოტო: გორდონ ოსინსკი / Google Earth

ადგილიდან აღებული სინჯების საწყისმა ტესტირებამ მინერალი ცირკონი აჩვენა, რომელიც ხშირად მეტეორიტის დარტყმის დროს წარმოიქმნება. თუმცა კრატერის კოსმოსური წარმოშობის დასამტკიცებლად, მხოლოდ ცირკონის არსებობა საკმარისი არ იყო, ამიტომ მეცნიერთა ჯგუფმა ორმო პირადად მოინახულა.

"ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რასაც ვეძებთ, არის შოკური მეტამორფიზმის კვალი, რომელიც მხოლოდ ასტეროიდის ან კომეტის დარტყმისას (ან ბირთვული აფეთქებისას) წარმოქმნილი უზარმაზარი წნევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას", — თქვა უესტერნის უნივერსიტეტის პლანეტარული გეოლოგიის პროფესორმა, გორდონ ოსინსკიმ — "ამ ნიშნების უმეტესობა მიკროსკოპულია, ამიტომ მხოლოდ ლაბორატორიაში, სინჯების საშუალებით დგინდება".

ერთი ნიშანი, ოსინსკის თქმით, შიშველი თვალით ჩანს: კლდის ზედაპირზე არსებული ღარები ან ხაზები, რომლებსაც შატერ-კონუსები (shatter cones) ეწოდება და მიწაში გავრცელებული შოკური ტალღებით იქმნება.

2025 წლის ოქტომბერში, ამ ნიშნების შესამოწმებლად, ოსინსკი და გეოლოგთა ჯგუფი ადგილს ეწვია. "ერთ-ერთი ყველაზე რთული ექსპედიცია იყო. 25-ჯერ ვარ ნამყოფი არქტიკასა და 6 კონტინენტზე ექსპედიციებში", — თქვა მან — "წარმოუდგენლად ოღრო-ჩოხრო და მკაცრი რელიეფი იყო, გარდა ამისა, უამრავი მწერიც გვესეოდა".

საბოლოოდ შატერ-კონუსებიც იპოვეს და დარტყმის დნობის დიდი კლდეებიც აღმოაჩინეს, რომლებიც მეტეორიტის დარტყმისას გამოწვეულმა უზარმაზარმა ტემპერატურამ და წნევამ შექმნა. "საკმარისად დიდი ასტეროიდის დარტყმისას დედამიწის ქერქის ათობით კუბური კილომეტრი, პირდაპირი გაგებით, დნება", — უთხრა ოსინსკიმ CBC-ს.

A) შატერ-კონუსი სტრუქტურის ცენტრში;
B) დნობის ქანი, სტრუქტურის ცენტრიდან 4 კილომეტრში

ფოტო: Gattacceca, J. et al

კლდეებიდან აღებული სინჯების მეშვეობით, ჯგუფმა კრატერის ასაკი 390 მილიონ წლად განსაზღვრა.

ოსინსკის აქვს ვებგვერდი Impact Earth, რომელიც მეტეორიტის დარტყმის ადგილების დადასტურებას ეთმობა. მას საზოგადოებისგან უცნაური სატელიტური სურათები და წერილები ხშირად მისდის. "ხალხისგან უამრავ შეტყობინებას ვიღებ, ვინც ფიქრობს, რომ კრატერი იპოვა, თუმცა 100-დან 99 შემთხვევაში ეს არ დასტურდება", — უთხრა მან Live Science-ს — "ეს კი იშვიათი მაგალითია".

დღემდე დედამიწაზე დაახლოებით 200 დარტყმის კრატერია ცნობილი, აქედან 31 კანადაშია აღმოჩენილი. "წელიწადში ჩვეულებრივ 1-2 კრატერი აღმოჩნდება ხოლმე, თუმცა ეს ჩვეულებრივ 5-10 კილომეტრზე ნაკლები ზომისაა", — თქვა ოსინსკიმ. "ასეთი ზომის კრატერი საკმაოდ იშვიათია". კანადაში ბოლოს დადასტურებული მეტეორიტის კრატერი 2010 წელს იპოვეს.

ლაპუანტმა Radio-Canada-ს მისწერა, რომ კრატერის დადასტურების ამბავი ძალიან გაუხარდა. "ჩვეულებრივი მოქალაქე 390-მილიონწლიან კრატერს ყოველდღე ვერ პოულობს", — თქვა მან. "ყველას მოვუწოდებ, არ უგულებელყონ ინტუიცია თუ დაკვირვება, თუნდაც ეს მათი საქმიანობის სფერო არ იყოს".

ოსინსკის ჯგუფი მიღებულ სინჯებზე მუშაობას განაგრძობს, რათა დარტყმის ადგილის შესახებ მეტი გაიგონ. "ნებისმიერი აღმოჩენილი კრატერი გვაძლევს წარმოდგენას, როგორ ყალიბდება კრატერები და დედამიწის გეოლოგიაზე, ბიოლოგიასა და კლიმატზე რა გავლენა აქვს", — ამბობს ის.

კრატერის საბოლოოდ დადასტურების შემდეგ, ოსინსკიმ, როშეტმა და მათმა ჯგუფმა, კრატერს, ეკუანიტშიტის ინუების საბჭოსთან (ეს საბჭო ტერიტორიის მკვიდრ მოსახლეობას წარმოადგენს) გავლილი მოლაპარაკებების შედეგად, Uhaachatik დაარქვეს. მკვლევრები თავიანთ ნაშრომს, მომავალ თვეს, გერმანიაში, მეტეორიტების საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგენენ.