ჩვენთვის ცნობილი სიცოცხლის ძიებისას ისეთ პლანეტებზე ვამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც დედამიწის მსგავსია და სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს. ასე ეწოდება ვარსკვლავის გარშემო რეგიონს, რომლის ფარგლებშიც წყლის თხევადი ფორმით არსებობისთვის შესაბამისი პირობებია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ატმოსფეროს ქონაა, თუმცა ასეთ აირად გარსს ძირითადად იუპიტერის მსგავსი, მასიური ეგზოპლანეტების გარშემო აფიქსირებენ. ახლა ასტრონომებმა ის სასიცოცხლო ზონაში, დედამიწასავით მყარი ობიექტის ირგვლივ აღმოაჩინეს. მას LHS 1140 b ეწოდება და სუპერდედამიწის ტიპისაა. იგი ჩვენს პლანეტაზე 5-ჯერ მასიურია და რადიუსით 1.7-ჯერ აღემატება.

ასეთი მახასიათებელი შეესაბამება ისეთ ობიექტს, რომელიც დედამიწის მსგავსი შედგენილობის შეიძლება იყოს, თხელი ატმოსფერო ჰქონდეს და, პოტენციურად, თხევად წყალსაც ინარჩუნებდეს. სისტემა, რომელშიც LHS 1140 b-ია, ჩვენგან დაახლოებით 50 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მისი ვარსკვლავი ე.წ წითელი ჯუჯაა, რომელსაც მზის მასისა და ზომის 1/5 აქვს, ანუ ნაკლებად მცხუნვარეა.

აქამდე მეცნიერებმა კომპიუტერულ მოდელზე დაყრდნობით ივარაუდეს, რომ LHS 1140 b-ის ჰელიუმის ატმოსფერო აქვს. სიმულაციის თანახმად, ასეთმა ეგზოპლანეტებმა შეიძლება წყალბადი დაკარგოს, მაგრამ ჰელიუმი შეინარჩუნოს და მისით მდიდარი ატმოსფერო ჰქონდეს. მსგავს ობიექტებს "ჰელიუმის პლანეტებს" უწოდებენ და პლანეტარული ევოლუციის ბუნებრივ ფაზად მიაჩნიათ.

ეგზოპლანეტა ჰელიუმის "კუდებით".

ფოტო: B. Gougeon/UdeM

ამ პროგნოზის დასატესტად ჩილეში მდებარე ლას-კამპანასის ობსერვატორიის სპექტროგრაფი WINERED გამოიყენეს. ისინი LHS 1140 b-ისა და მის მეზობელ ეგზოპლანეტას ვარსკვლავის ფონზე ჩავლისას დააკვირდნენ, რადგან ამ დროს ატმოსფეროს მიერ შთანთქმული სინათლის დაფიქსირებაა შესაძლებელი.

აღმოჩნდა, რომ LHS 1140 b-იდან მის გარშემო სივრცეში წამში ასობით ათასი კილოგრამი ჰელიუმი ჟონავს და ვარსკვლავის რადიაციის გავლენით 4700 გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე ცხელდება. ამ პროცესს ეგზოპლანეტისა და მისი მნათობის ქარის ან მაგნიტური ველის ურთიერთქმედება უნდა იწვევდეს. ასევე, როგორც ჩანს, ეს ცვალებადი ხასიათისაა, რადგან მეორედ დაკვირვებისას ასეთი რამ ვეღარ შენიშნეს.

LHS 1140 b-ის ატმოსფერო 3 მილიარდი წელზე მეტია, აქვს, რაც გასაკვირია, რადგან მის ვარსკვლავს (ზოგადად, წითელ ჯუჯებს) ძლიერი რადიაცია ახასიათებს. სამაგიეროდ, ის მნათობისგან შედარებით შორსაა, ამიტომ პირველადი ჰელიუმის შენარჩუნების შანსი ექნებოდა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ატმოსფეროს სხვა მყარი ეგზოპლანეტების გარშემოც აღმოაჩენენ, LHS 1140 b-ის შესახებ კი მეტს გაიგებენ.

ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.