ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
მოწყობილობა, სახელად NEO, ნეირონულ აქტივობას იწერს და მას პაციენტის ლითონის ხელთათმანის მოძრაობებად გარდაქმნის
ფოტო: Getty Images
ჩინეთს გადაწყვეტილი აქვს, ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისების (BCI) მზარდ ბაზარზე გლობალური ლიდერი გახდეს. ამ კვირაში ქვეყანამ ამ მიზნის მისაღწევად დიდი ნაბიჯი გადადგა.
რამდენიმე ჩინურმა საინფორმაციო საშუალებამ ოთხშაბათს ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ჩინურმა ნეიროტექნოლოგიურმა კომპანია Neuracle-მა (ასევე ცნობილი, როგორც Borui Kang Medical Technology) კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის წარმატებული ქირურგიული იმპლანტაცია მსოფლიოში პირველად განახორციელა. იმპლანტი იმ პაციენტს ჩაუდგეს, რომელმაც ათი წლის წინ ზურგის ტვინის ტრავმის შედეგად ხელის მოძრაობის უნარი დაკარგა.
NEO-ს ჩანერგვის ოპერაცია, რომელიც კომპანია Neuracle Technology (Shanghai) Co-მ შეიმუშავა, ფუდანის უნივერსიტეტის ჰუაშანის საავადმყოფოში 13 ივლისს დასრულდა
ფოტო: Huashan Hospital
მოწყობილობა, სახელწოდებით Neural Electronic Opportunity, ანუ NEO, დაახლოებით მონეტის ზომისაა. ის რვა ელექტროდს შეიცავს და ტვინის სენსომოტორული ქერქის ზედაპირზე ქირურგიული გზით მაგრდება, სადაც პაციენტის მიერ ხელის მოძრაობის წარმოდგენისას, ნეირონებს შორის გაცვლილ ელექტრულ სიგნალებს იწერს. შემდეგ ის ამ სიგნალებს კომპიუტერს უგზავნის, რომელიც მათ პაციენტის მიერ მორგებული რობოტული ხელთათმანის მამოძრავებელ სიგნალებად გარდაქმნის. NEO-მ ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ეროვნული ადმინისტრაციისგან (NMPA) ავტორიზაცია მარტში მიიღო, რითაც ის პირველი ინვაზიური BCI გახდა, რომელსაც ეროვნულმა მარეგულირებელმა სააგენტომ კომერციული გამოყენებისთვის მწვანე შუქი აუნთო.
ეს Neuracle-ისთვის დიდი გამარჯვებაა, რამდენადაც ილონ მასკის Neuralink-თან კონკურენციას აძლიერებს. 2024 წელს, Neuralink-მა BCI ადამიანის ტვინში წარმატებით ჩანერგა, თუმცა ეს მსოფლიოში პირველი წარმატებული BCI არ ყოფილა. ამაზე ადრე, 2022 წელს, კომპანია Synchron-მა უკვე განახორციელა BCI-ის წარმატებული იმპლანტაცია ადამიანის ტვინში. ორივე ეს იმპლანტაცია საექსპერიმენტო კლინიკური კვლევის ფარგლებში ჩატარდა და კომერციული გამოყენებისთვის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ავტორიზაცია ჯერ არც ერთს არ მიუღია, რაც აშშ-ის ბაზარზე ახალი სამედიცინო მკურნალობის ან მედიკამენტის გამოსატანად აუცილებელი ნაბიჯია. მიმდინარე წლის დასაწყისში მასკის კომპანიამ განაცხადა, რომ კლინიკურ კვლევებში 21 ადამიანია ჩართული.
სანამ ჩინური Neuracle-ისა და მასკის Neuralink-ის ძალისხმევა ქირურგიულ იმპლანტებზეა ფოკუსირებული, რაც პაციენტებისთვის, საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, სხვები ადამიანის სხეულის კომპიუტერთან დაკავშირებას სხვა, ნაკლებად ინვაზიური გზებით ცდილობენ.
მაგალითად, გასულ თვეში კომპანია Meta-მ თავისი Brain2Qwerty სისტემის უახლესი ვერსია წარადგინა. ეს სისტემა დიდი ენობრივი მოდელის (LLM) გამოყენებით ტვინის აქტივობას წერილობით ტექსტად გარდაქმნის. კომპანიის თქმით, ეს ინსტრუმენტი შეიძლება ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზით (ALS) და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების მქონე, საუბრის უნარის დაკარგულ ადამიანებს დაეხმაროს. ამის წყალობით მათ სხვებისთვის საკუთარი აზრების გაზიარება კვლავ შეეძლებათ. პარალელურად, კიდევ ერთმა ჩინურმა კომპანიამ, BrainCo-მ, ბიონიკური პროთეზული ხელი შექმნა. ეს ხელი AI-სა და ელექტრომიოგრაფიად წოდებული ტექნიკის (მეთოდი, რომელიც კუნთების ელექტრულ აქტივობას აფიქსირებს) გამოყენებით მუშაობს.
იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი და ამერიკა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ერთმანეთს ეცილება, ჩინეთი BCI-ების შექმნის ეროვნულ ძალისხმევაშიც დიდ ინვესტიციებს დებს. Reuters-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინეთის მთავრობის უახლეს ხუთწლიან გეგმაში, კვანტურ გამოთვლებთან, AI-ზე მომუშავე რობოტებთან, ბირთვულ სინთეზსა და სხვა საკვანძო სტრატეგიულ ტექნოლოგიებთან ერთად, BCI ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა. ზოგიერთი ინსტიტუტის პროგნოზით, 2027 წლისთვის ჩინეთის BCI ბაზარი 5.58 მილიარდ იუანს (818.46 მილიონ დოლარს) მიაღწევს, საშუალო წლიური ზრდა კი 20 პროცენტი იქნება. დარგის ექსპერტების აზრით, სექტორი სტაბილური ზრდისკენ მიიწევს, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა სამედიცინო რეაბილიტაცია იქნება, ხოლო გამოყენების სფეროები თანდათან გაფართოვდება.
კომენტარები