გაფრთხილება: სტატია ხელოვნური სუნთქვის პირველი და მეორე სეზონების შესახებ სპოილერებს შეიცავს.

მახსოვს, ხელოვნური სუნთქვის პირველი სეზონი რომ ჩავამთავრე და ტირილით თვალები დავისივე, ვიფიქრე, ეს სათაური — ხელოვნური სუნთქვა, ნუცას გაცოცხლების კი არა, წარსულის გაცოცხლების მცდელობას უფრო ეხმიანებოდა და სწორედ წარსული იყო პერსონაჟი ამ სერიალში, თითქოს მას უტარებდნენ ხელოვნურ სუნთქვას და უშედეგოდ ცდილობდნენ, გაეცოცხლებინათ. მეც კი რამდენჯერ მიცდია, ხელოვნური სუნთქვა ჩამეტარებინა ჩემი წარსულისთვის და ის ადამიანები, შეგრძნებები, ადგილები დამებრუნებინა, რაც ასე ძალიან მიყვარდა და მეგონა, სამუდამოდ ჩემთან დარჩებოდა. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს სერიალი ამდენი ადამიანისთვის ასე ძვირფასი გახდა, სწორედ წარსულთან ბოლომდე ვერგანშორების ტკივილია, რომელიც უამრავი ჩვენგანისთვის ასე ნაცნობია.

ხშირად დანაკარგის გააზრებაც კი არაა მარტივი, არათუ შემდეგ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა სერიალის ერთ-ერთ სცენარისტთან, დავით გაბუნიასთან, საუბრისას აღმოვაჩინე, თურმე მაყურებელს არაფრით არ სურდა ნუცას სიკვდილის დაჯერება, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ცხადი იყო, თუნდაც მისი საფლავის ჩვენებით, რომ ეს ადამიანი თხემით ტერფამდე წარსულს ეკუთვნოდა.

"ძალიან უცნაური რაღაც მოხდა პირველ სეზონში; მაყურებელმა რატომღაც, არ ვიცი, რა ლოგიკით, ჩათვალა, რომ ნუცა, რომელიც რამდენიმე წლის გარდაცვლილია უკვე, როცა სერიალში მოქმედება იწყება, ცოცხალია. არადა, ძალიან ცხადი იყო თავიდანვე, საფლავიც კი ვაჩვენეთ, მაგრამ მაყურებელი ცოცხალი თავით არ იჯერებდა, რომ ეს ქალი მკვდარია. ამან გვიბიძგა, რომ მეტად გაგვეშალა მისი ამბავი. უფრო დეტალურად გვეჩვენებინა ეს წარსული," — იხსენებს დავით გაბუნია.

სცენარისტის თქმით, როდესაც 2016 წელს ქეთი დევდარიანმა თანაავტორობა შესთავაზა, მხოლოდ მამა-შვილის ხაზი არსებობდა — მარტოხელა მამა, რომელიც სასწრაფოს ექიმია და პატარა გოგოს ზრდის, თან ცოლის სიკვდილში თავისი წილი დანაშაული მძიმე მორალურ ტვირთად აწევს. დავით გაბუნიამ ამ იდეას თამუნას პერსონაჟი მიუმატა — "ახალგაზრდა ქალის, რომელიც ამ კაცის პირდაპირ ბინაში გადმოდის საცხოვრებლად, ფანჯრიდან უყურებს, აკვირდება მას და ასე შემოიჭრება მის ცხოვრებაში." ამას გარდა, როგორც აღმოჩნდა, თავიდანვე არსებობდა ერთი სცენა, რომელზეც სცენარისტები მუშაობის დასაწყისშივე შეთანხმდნენ, რომ "პატარა გოგო მიდის დიდხანს, დიდხანს სასაფლაოზე და ეძებს დედის საფლავს. აქედან დავიწყეთ."

როგორც ხედავთ, ნუცას მხოლოდ ძვირფასი, თუმცა მტკივნეული მოგონების როლი უნდა შეესრულებინა თავდაპირველად, არადა ჩემი ერთ-ერთი პირველი კითხვაც, რომელიც რატომღაც სულ ბოლოს მოვიტოვე, ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მაინტერესებდა, მას უკავშირდებოდა — ისევ ვნახავდით, თუ არა ნუცას. ამის საპასუხოდ, დავით გაბუნიამ პირველი ორი სეზონი მესამისგან სწორედ იმით გამიჯნა, რომ გმირები ახლა წარსულის ნაცვლად მომავლისკენ იყურებიან: "ყველა სიუჟეტს თუ ამბავს აქვს განვითარების პოტენციალი, რომელსაც ერთ დღესაც ამოწურავ, თან თავიდანვე წარსულში ჩაკეტილი, გარდაცვლილი პერსონაჟი ბევრი განვითარების საშუალებას აღარ გაძლევს. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს."

ფოტო: ფორმულა

მხოლოდ წინ. პირველ ორ სეზონს კი მადლობა, რომ ნუცას ფატალური გადაწყვეტილების, სუიციდის დერომანტიზაცია მოახერხა. ეპიზოდში ჩანდა, როგორ უნდოდა, უკვე სიკვდილის პირას მყოფს გადარჩენა და ვიფიქრე, მთელი სეზონი სწორედ ამ ერთ წუთად ღირდა. ნუცას გულში დავემშვიდობე და მელანოს მივუბრუნდი, რომელიც მე პირადად იმიტომ უფრო მიყვარდა, რომ ნუცას შვილი იყო და მინდოდა, ორივეს მაგივრად ის ყოფილიყო ბედნიერი; თუმცა, დავით გაბუნიას თქმით, მელანო თავიდანვე მამიკოს გოგო იყო და ნუცასთან ბევრი არაფერი აქვს საერთო — მამას ჰგავს.

ფოტო: Cavea+

მესამე სეზონში მამას გოგო უკვე გაზრდილია, 19 წლისაა და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია, მუშაობასაც იწყებს ექთნის დამხმარედ საავადმყოფოში. მისი და თამუნას ცხოვრებაში უამრავი ახალი ადამიანი შემოდის და წარსულისთვის არავის სცხელა. ალბათ ასეც აჯობებს. დავით გაბუნიას თქმით, სწორედ ეს ხდის ახალ სეზონს საინტერესოს — ახალ-ახალი გმირები და ახალ-ახალი ისტორიები. ვკითხე, უკვე დასრულებული იყო თუ არა სცენარზე მუშაობა, ან როგორ ინაწილებენ ის და ქეთი დევდარიანი ეპიზოდებს დასაწერად და დეტალური პასუხიც მივიღე.

"ყველა დეტალი თავიდანვე მოფიქრებული არაა, 24 სერია იქნება ამ სეზონში და ოცდაოთხივე სერიაში რა მოხდება, ამ წუთას დაზუსტებული არ არის, მაგრამ მთლიანი, ცენტრალური ამბები, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს და არც გვქონია იმის ფუფუნება, რომ დიდხანს ვიმუშაოთ სცენარზე, წყნარად, ნელა, მთელი წლის განმავლობაში და მერე დაიწყოს გადაღება. ამხელა ბიუჯეტი საქართველოში არც ერთ სერიალს არა აქვს და არც ხელოვნურ სუნთქვას ჰქონია, ამიტომ ტემპები დაჩქარებულია. ერთად ვიგონებთ ძირითად ამბებს და ცენტრალური პერსონაჟების ბედს ვწყვეტთ: მოკვდება, გადარჩება, გაჰყვება ცოლად ამას და ამას თუ სულ სხვას აირჩევს, ან იქნებ საერთოდ გადაიფიქროს დაქორწინება. მერე, ამ მაგისტრალური, მსხვილი ხაზებიდან უფრო წვრილებზე გადავდივართ — ვინ და როგორ დადგება იმ დიდ გზაზე, რომელმაც უნდა დაღუპოს ან უშველოს. გადაღების დაწყებამდე ბევრია დაწერილი, მაგრამ წერა დასრულებული არაა. ეპიზოდების დასაწერად გადანაწილების რამე მექანიზმი არ არსებობს, ყველა ეპიზოდს ვიგონებთ ერთად, მერე კი ან ერთი სცენარისტი წერს ამ ეპიზოდს, ან მეორე. უბრალოდ დასრულებულ სერიებს კარგად და ყურადღებით ვაჯერებთ ერთმანეთთან, რაიმე სტილური აღრევა ან ფაქტობრივი შეცდომა რომ არ მოხდეს. ერთმანეთის ტექსტებში ჩარევა, რა თქმა უნდა, მოსულა."

ფოტო: Cavea+

ისიც ჩავეკითხე, არსებობდა თუ არა რამე ფილმი ან სერიალი, თუნდაც წიგნი, რომელიც სერიალზე მუშაობისას შთააგონებდა; როგორც აღმოჩნდა, შემთხვევითი არ იყო, როცა რამდენიმე ეპიზოდის სათაური თითქოს საიდანღაც მეცნო.

"ეპიზოდების სათაურები პირველ და მეორე სეზონებში, განსაკუთრებით, პირველში, სულ ინსპირირებული იყო დიდი ფილმებით, წიგნებით, სხვადასხვა პოპკულტურული ციტატებით. ბევრი გვქონდა ეგეთი, "Easter eggs" რასაც ეძახიან, პატარა, დამალული ციტატები, რომლებსაც მიმხვედრი მიხვდებოდა."

ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე კი, თუ რას უნდა ელოდოს მაყურებელი სერიალის მე-3 სეზონში, რომელიც 2023 წლის 14 იანვრიდან Cavea+-ზე გავა, მიპასუხა, რომ დიდი დოზით ცალმხრივ სიყვარულს: "ბევრ პერსონაჟს ეყვარება 'არასწორი ადამიანი', ანუ ეყვარება არა ის, ვინც მსგავსი გრძნობითვე უპასუხებს, არამედ ცალმხრივად იქნება შეყვარებული. ზოგს გაუმართლებს სეზონის ბოლოს და ერთი შეხედვით დაუძლეველი წინააღმდეგობის გადალახვას შეძლებს, მაგრამ ეს გზა არ იქნება ადვილი. ხშირად გვესმის ეს კრიტიკა, 'ვიღაც მაინც დატოვეთ ბედნიერი', თუმცა გარწმუნებ, დიდხანს რომ უყურო ბედნიერებას, მაქსიმუმ ერთი სერია გაუძლო, მეორე სერიის შუაში უკვე მთქნარებით მოკვდები."

ფოტო: Cavea+

ფოტო: Cavea+

ბედნიერ ადამიანებზე მოსაწყენი საყურებელი არაფერია ამქვეყნად.

დავით გაბუნია

მაინც აშკარა გულდაწყვეტა რომ შემამჩნია, გაეცინა და გაიმეორა, რომ "ბედნიერ ადამიანებზე მოსაწყენი საყურებელი არაფერია ამქვეყნად." იქნებ ასეცაა, არ ვიცი. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ხელოვნური სუნთქვის არც ერთი სერიის ნახვისას აქამდე არავის მოუწყენია და გული მიგრძნობს, წელს მით უმეტეს არ მოიწყენენ.


დავით გაბუნია სცენარისტთან ერთად ცნობილი დრამატურგი, მწერალი და მთარგმნელია. უკვე 15 წელია, რაც აქტიურად წერს თეატრისთვის, არის 2017 წლის ბესტსელერის, დაშლის, ავტორი და სხვა ნაწარმოებებს შორის ქართულად ნათარგმნი აქვს ჰარი პოტერის წიგნების სერიის მეორე და მესამე ნაწილი — ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი და ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე.

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…

ამავე თემაზე:

"ხელოვნური სუნთქვა" 6-წლიანი პაუზის შემდეგ 14 იანვარს ბრუნდება