10 ამბით მოყოლილი 2022 წელი
2022 წელი ემოციურადაც და მოვლენებითაც დატვირთული აღმოჩნდა. ჯერ კიდევ COVID-19-ის საფრთხეებზე ვსაუბრობდით, როცა რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ომი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.
ბოლო ერთ წელში ბევრი რამ მოხდა: ცივილიზებულმა მსოფლიომ კრემლი გარიყა, უკრაინამ სიმამაცის მაგალითი აჩვენა, ირანში საპროტესტო მოძრაობამ იფეთქა, შეიცვალა დიდი ბრიტანეთის მონარქი და არაერთი პრემიერმინისტრი, დაიწყო ევროპული და ჩრდილო ატლანტიკური გაფართოების ახალი ეტაპი, საქართველომ კი პოლარიზაციის პრობლემა ისევ ვერ მოაგვარა.
ჩვენ უკვე გიამბეთ 2022 წელზე 22 კადრით, ახლა კი გვინდა, ყველაზე დატვირთული წელი 10 ამბით გაგახსენოთ.
1. უკრაინული სული — ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის
24 თებერვალს რუსული არმია უკრაინაში შეიჭრა. სრულმასშტაბიან ომს ვლადიმერ პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა" და შეიძლება, ფიქრობდა, რომ მსოფლიოც ასე აღიქვამდა, მაგრამ შეცდა. შეცდა სხვა ბევრ გათვლაშიც — 3-დღეში კიევის აღების ნაცვლად, "მსოფლიოს მეორე არმიამ" ომი 10 თვეშიც ვერ დაასრულა, მეტიც, მობილიზაციის გამოცხადებაც კი გახდა საჭირო. პარალელურად, მსოფლიომ უპრეცედენტო სოლიდარობის მაგალითი აჩვენა — უკრაინა ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას იღებს.
რუსული პროპაგანდა პირველივე დღიდან ამტკიცებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა, თუმცა ის კიევის ქუჩებში გამოჩნდა და თქვა, რომ არსად გაქცევას არ აპირებდა. არც გაქცეულა.
ომის საწყის დღეებში ოკუპანტებმა უკრაინის დიდი ტერიტორია დაიკავეს, თუმცა უკრაინულმა არმიამ უკვე არაერთი რეგიონის დეოკუპაცია შეძლო. დეტალურად ომის მიმდინარეობაზე შეგიძლიათ, ჩვენი მასალებიდან შეიტყოთ:
დიდი დანაკარგის, ქალაქებისა და სოფლების განადგურების, მილიონობით ლტოლვილის მიუხედავად, უკრაინა ისევ იბრძვის და შეუპოვრობის სიმბოლოა. მსოფლიოსთვის გაცილებით მისაღები გახდა სიტყვები "რუსულო გემო, იძი ნა ხ*ი" და "დიდება უკრაინას", ვიდრე Z სიმბოლო რუსულ ტანკებზე.
მარიუპოლის და აზოვსტალის მცველები
ომზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მარიუპოლი — ქალაქი, სადაც რუსებმა არაერთი დანაშაული ჩაიდინეს, ისევე როგორც, ბუჩაში, ირპენსა და სხვა არაერთ დასახლებაში. რუსებმა მარიუპოლში ალყაში მოაქციეს, დაბომბეს სამშობიარო, ბავშვთა საავადმყოფო და დრამატული თეატრი, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს.
ბლოკადის მიუხედავად, ქალაქი დიდი ხანი არ დანებდა, მარიუპოლში მდებარე ქარხანა აზოვსტალი კი უკრაინელი სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. მებრძოლები 86 დღის განმავლობაში, ინტენსიური შეტევების მიუხედავად არ ტოვებდნენ შენობას და მტერს სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ.
ქალაქის მცველებმა, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში თითქმის სამი თვე გაატარეს, ბოლოს სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება მიიღეს — რუსებმა ისინი ტყვედ აიყვანეს, მათი ნაწილი უკვე თავისუფალია, ნაწილი კი ჯერ ისევ ტყვეობაში. 16 მაისს ოკუპანტებმა მარიუპოლი მთლიანად დაიკავეს.
ზელენსკი ფრონტის ხაზთან
ომმა უკრაინაში არაერთი ძლიერი ლიდერი გამოაჩინა, რომლებსაც მთელი მსოფლიო აქებს შეუპოვრობისთვის, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის პრეზიდენტისკენაა მიმართული, რომელსაც ახლა თავისუფალი მსოფლიოს ლიდერებიც კი ბაძავენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც რუსეთის #1 სამიზნედაა გამოცხადებული, რუსი კოლეგისგან განსხვავებით ბუნკერში არ იმალება. ის თამამად დადის კიევის ქუჩებში კოლეგებთან ერთად, ჩავიდა თითქმის ყველა გათავისუფლებ რეგიონში და ყველაზე ცხელ წერტილებშიც კი. მაგალითად, წლის მიწურულს ზელენსკი ბახმუტში გამოჩნდა და ფრონტის ხაზთან სამხედროები დააჯილდოვა.
2. რუსეთი — ყველაზე სანქცირებული და იზოლირებული ქვეყანა
შეიძლება, რუსეთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ მეგობრები და პარტნიორები ჰყავს, მაგრამ ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ აგრესორი გარიყა. ამის საილუტრაციოდ ეს კადრიც გამოდგება, რომელშიც ერთ დროს ყველაზე გავლენიან დიპლომატს, სერგეი ლავროვს ხედავთ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ნახევრად ცარიელ დარბაზში უწევს სიტყვით გამოსვლა, რადგან დამსწრეებმა მას, როგორც აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელს, ზურგი აქციეს.
ომის დაწყების შემდეგ რუსული ბაზრიდან გავიდა თითქმის ყველა გავლენიანი და პრესტიჟული კომპანია. მაკდონალსის, კოკა-კოლისა და მოდური ბრენდების გარეშე დარჩენილმა რუსებმა სხვა ქვეყნებს მიაშურეს, თუმცა ყველგან ხელგაშლილები არ დახვდნენ და ზოგიერთ ქვეყანაში შესვლაც კი აუკრძალეს.
რუსეთი მსოფლიოში ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა. ევროკავშირმა უკვე სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა, აშშ-მ კი ისტორიაში მეორედ, ამჯერად უკრაინის დასახმარებლად, ლენდ-ლიზის აქტი აამოქმედა.
წლის ბოლოს, ლუკაშენკოს ამარა დარჩენილმა პუტინმაც გაიგო, რომ იმაზე მეტად გარიყეს, ვიდრე აქამდე. არ ვიცით, რა "ძალისხმევასა" და "მცდელობაზე" საუბრობს, მაგრამ ფაქტია, მიხვდა, რომ მას "კეთილი გულით" არსად ელიან.
ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო
უკრაინაში რუსეთის ქმედებები მალევე შეფასდა, როგორც გენოციდი, თუმცა უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა აღიარონ ტერორისტულ სახელმწიფოდ.
ასეც ხდება, უკვე მრავალი ქვეყნის პარლამენტმა რუსეთს ტერორიზმის სპონსორი ოფიციალურად უწოდა, მათ შორის ევროპარლამენტმაც. ამაზე "განაწყენებულმა" რუსეთმა კი "შურისძიება" სცადა და ევროპარლამენტის გვერდი დაჰაკა.
"დიდება უკრაინას" — ასე უპასუხა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ოკუპანტების კიბერთავდასხმას.
პარალელურად, ვაგნერის დაჯგუფების ხელმძღვანელმა და პუტინის პირადმა მზარეულმა, პროგოჟინმა ევროპარლამენტს სისხლიანი ურო გაუგზავნა, თუმცა პასუხი აქაც მალევე მიიღო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეახსენა, რომ მას ჰააგა და ბორკილები ელოდება.
3. ევროატლანტიკური გაფართოება
ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის 2022 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო — უკრაინამ, მოლდოვამ და საქარელომ ვროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს. უკრაინამ 28 თებერვალს, ხოლო საქართველო-მოლდოვამ 3 მარტს, თუმცა ერთნაირი შედეგები არ გვქონია.
უკრაინა-მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ ჯერ რეკომენდაციები უნდა შეასრულოს — ასეთი იყო ევროკომისიის გადაწყვეტილება. თავიდან ვადა 2022 წლის ბოლომდე მოგვცეს, თუმცა შემდეგ კარგად დაგვაკვირდნენ და გაახანგრძლივეს.
მოკლედ, პოლარიზაცია უნდა შეგვემცირებინა და უფრო მეტად გაღრმავდა, დეოლიგარქიზაციაზე უნდა გვეზრუნა, მაგრამ თვეები იმაზე კამათში დაიხარჯა ვინ არის ოლიგარქი და გაგზავნიდნენ თუ არა კანონპროექტს ვენეციის კომისიაში, ომბუდსმენი კონსენსუსით უნდა აგვერჩია, მაგრამ საერთოდ ვერ ავირჩიეთ. და ასე დაუსრულებლად.
ჩვენ არა, თუმცა წლის ბოლოს სტატუსი მიიღო კიდევ ერთმა ქვეყანამ — ბოსნია და ჰერცეგოვინამ.
რაც შეეხება NATO-ს
რუსეთი თავისი ქმედებების გასამართლებლად ხშირად იმეორებდა, თითქოს ნატოს გაფართოების არიდება სურს, თუმცა სულ სხვა შედეგი მიიღო. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს. როგორც ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოიყენონ.
NATO-ში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმაც. ასე უპასუხა მან კრემლს უკრაინის 4 რეგიონის ანექსიის გამოცხადებაზე.
4. აქციებით სავსე ქალაქი
თბილისის მერიას თავისუფლად შეეძლო ეს სახელი შეერჩია ქალაქისთვის საახალწლოდ. რადგან წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, თავისუფლების მოედანი კვლავ იქცა აქციების სივრცედ.
თავიდან იყო სოლიდარობის აქციები, როდესაც მოქალაქეებმა საჭიროება დაინახეს უკრაინელებისთვის ეთქვათ, რომ ქვეყნის მთავრობა მათ სათქმელს არ ამბობდა.
შემდეგ სოლიდარობამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და რუსთაველის გამზირი უკრაინის დროშებით არაერთხელ შეივსო. ზაფხულში კი ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში და პასუხის შემდეგაც, იყო საპროტესტო აქციები უშუალოდ ხელისუფლების წინააღმდეგ.
#შინევროპისკენ
20 ივნისს ქართველმა ხალხმა საკუთარი ევროპული არჩევანი პარლამენტთან დააფიქსირა — რუსთაველის გამზირზე, რომელიც პროტესტისა და თავისუფლების სიმბოლო არაერთხელ ყოფილა 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
24 ივნისს აქციაზე შინ ევროპისკენ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რომელიც EU-ს რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებდა. იდეა ვერ განხორციელდა და როგორც ყოველთვის, პროტესტის მუხტი დროთა განმავლობაში მინელდა.
რა (არ) თქვა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაზე
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად პროტესტს ხელისუფლების განცხადებები იწვევდა, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში. ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ მეგობარ ქვეყანასთან არაერთხელ გამოიჩინა თავი. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ყოველთვის კარგად. მაისში უკვე გიამბეთ იმ განცხადებების შესახებ, რომელიც, არც თუ ისე სახარბიელოა.
ახლა კი ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები განვიხილოთ. ნუ, მთავარი ქვეტექსტები ნამდვილად არ შეცვლილა.
"ომში ჩართვაზე" ბრალდებები არ შემცირებულა, პირიქით. ბოლოს იქამდეც მივედით, რომ გაირკვა — თურმე კობახიძისთვის არ არის მარტივი, უპასუხოს კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი.
რაც შეეხება უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, პარტიის თავმჯდომარე არც იმაშია დარწმუნებული, ყველა რწმენის გამო იბრძოდა თუ არა. არადა 34 ქართველი შეეწირა ომს, რომელიც მსოფლიოს ბედს წყვეტს.
პრემიერმიონისტრი კი კრიტიკის შემდეგ იმაზე ალაპარაკდა, რომ გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა ფარავს, რაც ისედაც მათი ვალდებულებაა.
5. კიევი — მსოფლიო ლიდერების მასპინძელი ქალაქი
მიუხედავად იმისა, რომ კიევს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები ომის პირველივე თვეებიდან სტუმრობენ, საქართველოს ხელისუფლებიდან უკრაინის დედაქალაქში მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჩავიდა. ისიც არაერთი მოწვევისა და რამდენიმე კრიტიკული განცხადების შემდეგ.
პრემიერმინისტრი თავიდან "ცდილობდა" დაემტკიცებინა, რომ უკრაინაში ჩასვლას დახურული საჰაერო სივრცის გამო ვერ ახერხებდა, თუმცა, რაც ცხადი გახდა, რომ ამისთვის მატარებელიც გამოიყენება, საუბარი საერთოდ შეწყვიტა.
რაც შეეხება პრეზიდენტს, მას პირდაპირ არ გაუჟღერებია კიევში ჩასვლის სურვილი, თუმცა ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული — ოფიციალური ვიზიტებისთვის მთავრობის თანხმობა სჭირდება. 14 მარტს კი ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლიდან გაირკვა, რომ არ აქვს შესაძლებლობა იქ ჩავიდეს, სადაც გადაწყვეტს.
ამჯერად მათზე ვისაუბროთ, ვისთვისაც თვითმფრინავში ჩაჯდომა არ იყო გადამწყვეტი და მატარებლით მგზავრობაც არ დაიწუნეს, რათა ომში მყოფი ქვეყნისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ.
15 მარტს პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები იყვნენ პირველი დასავლელი ლიდერები, რომლებიც უკრაინაში ჩავიდნენ.
აქვე ჩამოგივთვლით ქვეყნებს, რომლის პრეზიდენტი ან პრემიერმინისტრი უკრაინაში იმყოფებოდნენ, ზოგიერთი მათგანი არა ერთხელაც:
პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი (ორი პრემიერმინისტრი — ბორის ჯონსონი და რიში სუნაკი), ესპანეთი, დანია, რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, ნორვეგია, ფინეთი, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, მოლდოვა, შვედეთი, შვეიცარია, საბერძნეთი, ბელგია, ინდონეზია, ავსტრალია, კანადა, გვატემალა, გვინეა-ბისაუ, თურქეთი (ერდოღანი სხვებისგან განსხვავებით, არა კიევში, არამედ ლვოვში ჩავიდა).
უკრაინაში არ ჩასულა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მან ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლა. თუმცა ომში მყოფ ქვეყანაში ჩავდინენ სახელმწიფო მდივანი, პირველი ლედი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და სენატის დელეგაცია.
კიევის "მასპინძელი" ქალაქები
ასე შეიძლება ვუწოდოთ იმ საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებმაც უკრაინის პრეზიდენტს თავიანთი ტრიბუნა დაუთმეს. ომის პირველ თვეებში ვოლოდიმირ ზელენსკი დისტანციურად გამოდიოდა სიტყვით საერთაშორისო შეხვედრებზე და არა მხოლოდ. როგორც ვიცით, საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის სურვილიც ჰქონდა — ომის დაწყებიდან 300 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა პარლამენტს ის არ მოუწვევია.
6. რა დააშავა ქართულმა ოცნება 2023 წელს
მმართველი გუნდისთვის ეს წელი არამხოლოდ არასახარბიელო განცხადებებით, არამედ სამარცხვინო ქცევებითაც გამორჩეული იყო.
30 ივნისს აშშ-ის საელჩოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასეულობით ადამიანის გარემოცვაში, კრიტიკული მედიის, TV პირველის მფლობელს თავს დაესხა.
ანრი ოხანაშვილი საკუთარი ქმედებების გამართლებას, ისეთ საკითხებზე აპელირებით შეეცადა, როგორიცაა "ქართველობა" და "კაცობა". თქვა, რომ მისი ქმედება "პროპორციული" იყო, "ზღვარგადასული არაფერი გაუკეთებია" და წერეთელმა "მიიღო პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".
3 ივლისს კი ქართული ოცნების დეპუტატმა მმართველი პარტიის ოფისთან მისულ აქციის, #შინევროპისკენ მონაწილეებს აგინა. შენობას სპეცდანიშნულების რაზმები და ათეულობით პოლიციელი იცავდა, როცა დიმიტრი სამხარაძე აივნიდან გადმოდგა და გინება დაიწყო. თან ეს გადაიღო და ფეისბუქზე ატვირთა. თუმცა, ამით არ დაკმაყოფილდა, ეზოში ჩავიდა და პოლიციის კორდონს მიღმა ხალხს ისევ აგინა.
ალბათ, ფიქრობთ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებდნენ, სულ ტყუილად. მმართველ გუნდში მათი გამართლება მაშინვე დაიწყეს და თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ არავინ დასჯილა, გამოუვიდათ კიდეც.
ხალხის ძალის სახელით მოვლენილი ანტიდასავლური მოძრაობა
წელს მმართველ გუნდში თავი კონსპირაციული თეორიებით და ანტიდასავლური განცხადებებითაც გამოიჩინეს. თუმცა ეს არ იკმარეს და პარტიიდან რამდენიმე წევრი "მეტის სალაპარაკოდ" წავიდა. თავიდან სამნი იყვნენ, შემდეგ ოთხი, მერე ცხრა და ახლა ზუსტი ციფრი ნამდვილად არ ვიცით, რადგან წასულებს საკრებულოებიდანაც შეუერთდნენ.
პარტიასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუტოვებიათ, ქართული ოცნების ყველა კანონპროექტებსს მხარს უჭერენ და იმასაც ამბობენ, რომ მათ შორის დიდი სხვაობა არაა. მეტიც, მორიგი ანტიდასავლური განცხადების შემდეგ მმართველი პარტიის თავმჯდომარე იმეორებს, რომ მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
ხალხის ძალად წოდებული მოძრაობა არაერთხელ დაესხა თავს აშშ-ის საელჩოსა და კელი დეგნანს, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერიც კი გამოემაურა, მაგრამ მმართველ გუნდს ამ სიტვებისგან გამიჯვნა არ უფიქრია.
როგორც აღმოჩნდა, წასულები "მეტ სიმართლეში" რევოლუციური თეორიების განვრცობასა და ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერებას გულისხმობდნენ, რაც ძალიან ჰგავს უკვე კარგად ნაცნობი პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფის რიტორიკას.
7. ქალების ხმა ირანიდან
ირანში 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მასობრივი პროტესტი მოჰყვა. მაჰსა ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა და იძალადა, რასაც ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. რეპრესიების მიუხედავად, ათიათასობით ქალი ქუჩაში გამოვიდა, ჰიჯაბები დაწვა და დისკრიმინაციული შეზღუდვები და ძალადობრივი პოლიტიკა გააპროტესტა.
უფლებადამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, აქციების დრო ირანში მოკლეს, სულ მცირე, 475 ადამიანი, 18 240-ზე მეტი კი დააკავეს, გარდა ამისა სიკვდილით დასაჯეს აქციის მონაწილეები.
ამ ბრძოლის ფონზე წელს ირანიც შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა. მაშინ, როცა ხელისუფლება ინტერნეტთან წვდომას ზღუდავდა, მოქალაქეები ყველა პლატფორმას იყენებდნენ მსოფლიოსთვის ხმის მისაწვდენად. მაგალითად, საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ჰიმნი არ იმღერა. ირანმა რეპრესიული პოლიტიკა მათზეც გამოიყენა და ოჯახის წევრებს დაემუქრა.
8. მორიგი თავდასხმა მედიაზე — ნიკა გვარამიას დაპატიმრება
16 მაისს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მთავარი არხის დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციომ ის პატიმრობაში დატოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის შეფასებით, მთავარი არხის დირექტორის სისხლის სამართლის საქმეში პოლიტიკური მოტივაცია დასტურდება. საქმის ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით 2-ჯერ მიმართა და აღნიშნა, რომ ბრალდების მსგავსი სამეწარმეო გადაწყვეტილება ვერ გამოიწვევს არათუ სისხლისსამართლებრივ, არამედ კორპორატიულ პასუხისმგებლობასაც კი.
რაც შეეხება, ე.წ. მანქანის ეპიზოდს, ომბუდსმენმა მიუთითა, რომ ამ ნაწილშიც არ დასტურდებოდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნები და საკვანძო ფაქტობრივი გარემოებები სათანადო დასაბუთებული შეფასების გარეშე რჩებოდა.
ნიკა გვარამიას პატიმრობას გამოეხმაურა არაერთი პარტნიორი, მათ შორის, აშშ-ის საელჩო და ევროპარლამენტარებიც. გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ ზურაბიშვილს ევროპარლამენტის ყოველწლიურ რეზოლუციაშიც.
9. დიდი ბრიტანეთის ახალი მონარქი და ერთმანეთის მიყოლებით შეცვლილი პრემიერები
ელიზაბეთ II 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ის იყო პირველი ბრიტანელი მონარქი, რომელიც 70 წლის მანძილზე იკავებდა ტახტს.
"დედოფალი მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს", — სწორედ ამ პრინციპით გახდა ელიზაბეთის გარდაცვალებისთანავე მეფე მისი შვილი, ჩარლზი.
ამ ამბავში საინტერესოა ისიც, რომ ლიზ თრასი, რომელიც თანამდებობას მხოლოდ 45 დღე იკავებდა და ყველაზე მოკლევადიანი პრემიერმინისტრია, პრემიერის რანგში ორივე მონარქს შეხვდა.
საერთოდაც, დიდ ბრიტანეთს 2022 წელს 3 პრემიერმინისტრი ჰყავდა. ბორის ჯონსონმა, რომელიც თანამდებობას 2019 წლის 24 ივლისიდან იკავებდა, თანამდებობა 7 ივლისს დატოვა. შემდეგი იყო ლიზ ტრასი — ის 20 ოქტომბერს გადადგა. ამჟამად კი ქვეყანას რიში სუნაკი მართავს
10. კვლავ გასაჯაროებული კადრები და შიმშილობა
ფოტო: სქრინი პენიტენციური სამსახურის კადრებიდან
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წელს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით კი ენმ-ს ოფისში 200-მდე ადამიანი შიმშილობდა. ახლა სააკაშვილი ვივა მედის კლინიკაშია და დეპუტატი ანა წითლიძე შიმშილობს, რათა ყოფილი პრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ.
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რამდენიმე თვის განმავლობაში პენიტენციურმა ექსპრეზიდენტი საკუთარ სხდომაზე არ ჩართო, 14 დეკემბერს კი წინა წლის პრაქტიკა გამოიყენა და დამონტაჟებული კადრები გაასაჯაროვა, რომელიც კლინიკა ვივამედში, მიხეილ სააკაშვილის პალატაშია გადაღებული.
უწყება ვიდეოს გამოქვეყნებას "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ხსნის, ქართული ოცნება კი ექსპრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის იყენებს.
ბოლოს და ბოლოს, 22 დეკემბერს სააკაშვილი ჩართეს სასამართლოზე, სადაც მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა განიხილებოდა.
ფოტო: კადრი ვიდეოდან
გასაჯაროებულ კადრებშიც და სხდომის ვიდეოშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესებულია. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ მას არაფერი სჭირს და ყველა საჭირო დახმარებას იღებს.
დაბოლოს წლის ამბავი: ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა
ფოტო: Andrew Harnik/AP
ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამბავია, რომელიც მედიისთვის ფარულად დაიგეგმა და წლის ბოლოს აბსოლუტურად მოულოდნელად გახდა ცნობილი.
უკრაინის პრეზიდენტმა ომის დაწყების შემდეგ პირველად ქვეყანა დატოვა, თუმცა ისევ და ისევ უკრაინისთვის. აშშ-დან ის ახალი სამხედრო დახმარებით, პატრიოტების სისტემით დაბრუნდა.
ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტის უსაფრთხოებას აშშ უზრუნველყოფდა. სამხედრო ბაზაზე ჩაფრენილი პრეზიდენტი პირდაპირ თეთრ სახლში მივიდა, სადაც პრეზიდენტი და პირველი ლედი დახვდნენ. თეთრი სახლის ტრადიციების მიუხედავად, ზელენსკის ხაკისფერი სამოსი ეცვა, საგარეო საქმეთა მინისტრს კი — არა პიჯაკი, არამედ ნაქსოვი პერანგი და New Balance-ის ბოტასები .
ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
2-საათიანი შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ამერიკელ კოლეგასთან ერთად პრესკონფერენცია ჰქონდა, რის შემდეგაც აშშ-ის კონგრესს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ისტორიული სიტყვით მიმართა.
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-დან პოლონეთში ჩაფრინდა, სადაც ანდჟეი დუდას შეხვდა, შემდეგ კი უსაფრთხოდ დაბრუნდა კიევში, საიდანაც ახლაც განაგრძობს ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის.
კომენტარები