სიმულანტი — ქართული ოცნების მესიჯბოქსი სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ
დღეს საღამოს, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტის ისევ არ ჩართეს საკუთარ სასამართლო სხდომაზე და მიზეზად ტექნიკური პირობების არარსებობა დაასახელეს, პენიტენციურმა სამსახურმა დამონტაჟებული კადრები გაასაჯაროვა, რომელიც კლინიკა ვივამედში, მიხეილ სააკაშვილის პალატაშია გადაღებული.
კადრები აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით არის დათარიღებული, უხმოდ და უკონტექსტოდ არის შეკრული. 10-წუთიანი ვიდეოდან, ბოლო პერიოდის კადრებს, რომელიც სააკაშვილის ახლანდელ მდგომარეობას ასახავს, ყველაზე ნაკლები დრო, 19 წამი ეთმობა. ნაწილზე კი თარიღი საერთოდ არ ჩანს.
პოსტის აღწერაში სახელმწიფო უწყებამ დაწერა: "აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა".
გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში სწორედ ამ მესიჯბოქსით კომენტარებში ასეულობით იდენტიფიცირებადი და არაიდენტიფიცირებადი პროფილი შეიკრიბა, რომელთა ანგარიშების მიხედვით, სახელმწიფო უწყებების, საკრებულოების და ქართული ოცნების თანამშრომლები არიან. ისინი ძირითადად, ერთი და იმავე შინაარსის კომენტარებს წერენ: სიმულანტი, თაღლითი, მატყუარა.
გარდა ამისა, პოსტი კოორდინირებულად გადაზიარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურების ფეისბუქგვერდებზე. პარალელურად, ვიდეოს აზიარებდნენ საკრებულოს წევრები და პრორუსული, ძალადობრივი პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის წარმომადგენლები.
იმავე მესიჯბოქსის პოსტი დაწერა მმართველი გუნდის დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ, რომელმაც ექსპრეზიდენტი ისევ შეურაცხმყოფლად მოიხსენია.
საქმეში ჩაერთნენ პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდებიც, რომლებიც ყოველთვის აქტიურდებიან, როცა ქართულ ოცნებას სჭირდება. მათი კოორდინირებული ქმედებების შესახებ ჩვენს მკითხველს უკვე არაერთხელ ვუამბეთ.
"ტერენტი გლდანელმა" და "ჟურნალისტიკის მარგალიტებმა" ვიდეო იდენტური წარწერით გააზიარეს.
გააქტიურდა ქართული ოცნებიდან წამოსულ დეპუტატებთან და მმართველ გუნდთან დაკავშირებული მედია POSTV და ხალხის ძალაც.
ვინ რა თქვა
დღევანდელი ვიდეომასალის გასაჯაროებას წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მუქარა, რომ, თუ სიმულაციური ქმედებები არ შეწყდებოდა, კადრებს გაასაჯაროებდნენ.
ექსპრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ამას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, და პატიმრის ნებართვის გარეშე კადრების გასაჯაროება არის სისხლის სამართლის დანაშაული.
"მერე ამას დავამატოთ ის, რომ დამონტაჟებულია, შეერთებულია, სხვადასხვა პერიოდებია და თუ ამაზე დავა დადგება და დამერწმუნეთ, დადგება დრო ამისთვისაც მოვიცლით, ამ გავრცელებულ ვიდეომასალას ჩაუტარდება ექსპერტიზა და ექსპერტიზა დაადგენს ამ ვიდეომასალის... შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ არის მონტაჟი, ზაფხულის პერიოდი, შემოდგომის პერიოდი, ზამთრის პერიოდი შეერთებულია და წარმოჩენილია იმ რაკურსით და იმ მდგომარეობით, როგორიც ხელისუფლებას აწყობდა", — აცხადებს ის.
დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ეს არის არა მხოლოდ ადამიანის გათელვა და შურისძიება რუსული, საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.
"შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არაადამიანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ. ეს, პირველ რიგში, დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი ან რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია, საერთოდ, ამ ციხეში", — აცხადებს ის.
გირჩი — მეტი თავისუფლების თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ კადრების გასაჯაროება მორიგი ნაბიჯია იმ რჩევების, რეკომენდაციებისა და კრიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მოდის დასავლეთისგან და ევროკავშირისგან.
"ქართული ოცნება მიზანმიმართულად დგამს ნაბიჯებს, რომ საქართველო მომავალი წლის ბოლოს ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, უტვინობა, შეცდომა, ისინი მიზანმიმართულად კლავენ ამ ქვეყნის მომავალს. ამას სჭირდება დაპირისპირება", — აცხადებს ჯაფარიძე.
გიორგი ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ პასუხი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტის რეზოლუციას გასცა, არის წამების ამსახველი ვიდეო.
"ეს ვიდეო მოიცავს სხვადასხვა პერიოდს წლის მანძილზე და პირდაპირ ასახავს, რა მდგომარეობაშია, ერთი მხრივ სააკაშვილი და როგორ უნდათ, ერთი ლუკმის ჭამის ფაქტი აქციონ, არ ვიცი, ატრიალებენ. ტელეკომპანია იმედი სამარცხვინოა უბრალოდ. ატრიალებენ ამას", — განაცხადა მან.
თავად იუსტიციის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ ვიდეო გაასაჯაროვეს "ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე" და მიზეზად ამას ასახელებს: "რასაც ჰქვია იმ ყველაფრის აღკვეთა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს, როგორც მწამებელი, ამით დააზიანოს მისი იმიჯი როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით".
ბრეგაძე ამტკიცებს, თითქოს "გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე", არ გაასაჯაროვეს ძალიან ბევრი სხვა კადრი.
კომენტარები