10 ბუნებრივი გზა ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გასაზრდელად
ინსულინი გახლავთ ჰორმონი, რომელიც სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს. ის პანკრეასში გამომუშავდება და შაქარს უჯრედებში მარაგის სახით უყრის თავს, თუმცა ისინი ზოგჯერ მის მიმართ რეზისტენტულობას ავლენს, რაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას ედება საფუძვლად.
ამ სტატიაში გთავაზობთ 10 ბუნებრივ გზას, რომელიც ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდაში დაგეხმარებათ.
1. სრულფასოვანი ძილი
ძილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მისი ნაკლებობა ინფექციების, გულის დაავადებებისა და მეორე ტიპის დიაბეტის რისკს ზრდის. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ეს ინსულინის მიმართ მგრძნობელობასაც ამცირებს.
საბედნიეროდ, ამ უარყოფითი ეფექტების გამოსწორება სრულფასოვანი ძილითაა შესაძლებელი, ამიტომ ეცადეთ, მას უფრო მეტი დრო დაუთმოთ.
2. ვარჯიში
ინსულინ რეზისტენტულობასთან საბრძოლველად ერთ-ერთი საუკეთესო გზა რეგულარული ვარჯიშია. ეს ორგანიზმს კუნთებში შაქრის გადატანაში ეხმარება და მგრძნობელობას მომენტალურად ზრდის, რაც, დატვირთვის მიხედვით, 2-48 საათს გრძელდება.
შედეგიანია ძალისმიერი ვარჯიშები, რასაც კვლევებიც ცხადყოფს. მას შეგიძლიათ აერობიკაც შეუთავსოთ.
3. სტრესის შემცირება
სტრესი სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას აძნელებს, რადგან ისეთი ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს, როგორიც კორტიზოლი და გლუკაგონია. ისინი გლიკოგენს გლუკოზად გარდაქმნიან, რომელიც ენერგიის წყაროდ გამოიყენება.
სხეულში ამ ჰორმონების დონესთან ერთად შაქრის შემცველობაც იმატებს, ეს კი ინსულინ რეზისტენტულობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სტრესის შემცირება სიტუაციას საგრძნობლად გამოასწორებს.
4. წონის დაკლება
ზედმეტი წონა, განსაკუთრებულად მუცლის არეში, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას ამცირებს და მეორე ტიპის დიაბეტის რისკს ზრდის. მსგავს ურთიერთდამოკიდებულებას მრავალი კვლევა ადასტურებს.
ამ მხრივ, წონის კლება მშვენიერი გამოსავალია, რომელიც ვარჯიშის გზითაც მიიღწევა, ანუ ასე ორმაგ შეტევას განახორციელებთ.
5. ხსნადი ბოჭკოების მიღება
ხსნადი ბოჭკოები ორგანიზმისთვის საკმაოდ სასარგებლოა და ბევრი უპირატესობა აქვს. ასეთი უჯრედისები ქოლესტერინის დონეს ამცირებს და მადას აქვეითებს. რაც მთავარია, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას ზრდის, ამას არაერთი სამეცნიერო ნაშრომი ნათელყოფს.
ხსნადი ბოჭკოებით მდიდარი საკვები გახლავთ შვრია, პარკოსნები, სელის თესლი. ასევე, ხილი, მაგალითად, ფორთოხალი და ბოსტნეული, როგორიც ბრიუსელის კომბოსტოა. აღსანიშნავია, რომ ინსულინთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის ზოგადად ხილისა და ბოსტნეულის მიღება ისედაც რეკომენდებულია.
6. ნახშირწყლების შემცირება
ნახშირწყლები სისხლში ინსულინის დონის მატებას განაპირობებს, რადგან ისინი შაქრად გარდაიქმნება, ამაზე კი პანკრეასი ზემოხსენებული ჰორმონის დიდი რაოდენობით გამომუშავებით რეაგირებს.
ნახშირწყლების, როგორც მსგავსი პროცესის მაპროვოცირებელი აგენტების შემცირება წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შეგიძლიათ, ულუფები მთელი დღის განმავლობაში გადაანაწილოთ და დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე ნახშირწყლებზე შეაჩეროთ არჩევანი (ტკბილი კარტოფილი, ყავისფერი ბრინჯი და სხვა).
7. დანამატი შაქრის შემცირება
ბუნებრივ და დანამატ შაქარს შორის დიდი სხვაობაა. პირველი ხილსა და ბოსტნეულში მოიპოვება, მეორე კი დამუშავებულ საკვებში, საქაროზას ან მაღალფრუქტოზას სიმინდის სიროფის სახით. ორივე მათგანი დაახლოებით 50%-ით ფრუქტოზას შეიცავს, რომელიც ინსულინ რეზისტენტულობას ზრდის.
აქედან გამომდინარე, სასურველია, თავი შეიკავოთ კანფეტების, ნამცხვრების, ორცხობილებისა და ხელოვნურად დამტკბარი სასმელებისგან.
8. მწვანილებისა და სანელებლების გამოყენება
მწვანილები და სანელებლები სამკურნალო მიზნებისთვის უკვე დიდი ხანია, გამოიყენება, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ისინი კულინარიაში გამოჩნდებოდა. ბოლო დეკადებში მათი სასარგებლო თვისებების მეცნიერული შესწავლა დაიწყო და საუკეთესო პროდუქტებიც გამოვლინდა.
მათ შორისაა ნიორი, ულუმბოს თესლი, კურკუმა და ჯანჯაფილი. სასარგებლოა დარიჩინიც. თითოეული მათგანი სისხლში შაქრის გაკონტროლებას უწყობს ხელს.
9. მწვანე ჩაის დალევა
მწვანე ჩაი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად მშვენიერი საშუალებაა. ის რეკომენდებულია მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც. კვლევების მიხედვით, მას თერაპიული ეფექტი აქვს და ინსულინის მიმართ მგრძნობელობასაც დადებითად ცვლის. ამას ის მძლავრი ანტიოქსიდანტის, ეპიგალოკატექინა გალატის მეშვეობით ახერხებს.
10. ტრანს-ცხიმებზე უარის თქმა
ტრანს-ცხიმები სხვადასხვა დაავადების ჩამოყალიბების საფრთხეს გვიქმნის და ინსულინის არაეფექტიანობას განაპირობებს, რაზეც ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს.
მათ ისეთი საკვები შეიცავს, როგორიცაა დონატები, ღვეზელები, სწრაფი კვების შემწვარი პროდუქტები და სხვა. მათი რაციონიდან ამოღება ნამდვილად უკეთ გაგრძნობინებთ თავს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სპეციალისტი საკვები დანამატების მიღებასაც გვირჩევს, თუმცა დიდი შანსია, რომ მედიკამენტებთან მათმა ურთიერთქმედებამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. შესაბამისად, ამ გზის არჩევის შემთხვევაში, გირჩევთ, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ, რომელიც თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობასაც შეაფასებს და სათანადოდ დაგაკვალიანებთ.
რუბრიკის სპონსორია ექიმო. ექიმო არის აპლიკაცია, რომელიც სამედიცინო სერვისების მიღებას გიმარტივებთ. მისი გამოყენებით, შეძლებთ სახლში გამოიძახოთ ლაბორატორიული ანალიზები, დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი, რიგში დგომის გარეშე მიიღოთ სამედიცინო მომსახურება, მოძებნოთ მედიკამენტები და ელექტრონულად მიიღოთ კვლევებისა და მედიკამენტების დანიშნულებები, დიაგნოზები და სადაზღვევო მიმართვები.
კომენტარები