"რატომ დავწვი რუსული პასპორტი?"
25 თებერვალს საქართველოში, თბილისში გამართულ აქციაზე რუსეთის მოქალაქემ, ანტონ მიხალჩუკმა უკრაინის მხარდასაჭერად თავისი რუსული პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები დაწვა. ანტონი ჰყვება თავის ისტორიას — როგორ გამოექცა სამშობლოში რესპრესიებს საქართველოში და რას ნიშნავს უკრაინაში შეჭრა მისთვის.
ჩემი სახელია ანტონ მიხალჩუკი და 31 წლის ვარ. გავიზარდე დასავლეთ ციმბირში, ტიუმენში და რაც თავი მახსოვს, იქ ვცხოვრობდი — დავამთავრე სკოლა, უნივერსიტეტი, ვმუშაობდი, მქონდა პატარა ბიზნესი და რუსეთში პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიებში ვიყავი ჩართული.
16 წლის ვიყავი, როცა პოლიტიკაში ჩავერთე. საარჩევნო კამპანიებში ვმუშაობდი, ვარიგებდი გაზეთებს, როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი. დროთა განმავლობაში კი, ორგანიზაციასა და საარჩევნო კამპანიას თავად ჩავუდექი სათავეში.
დიდი გზა გავიარე, სანამ საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდოდი. ვმუშაობდი მიხაილ ხოდორკოვსკის ორგანიზაციაში, ღია რუსეთში და ტიუმენში რეგიონალური ფილიალის კოორდინატორი ვიყავი. 2018 პოლიტიკურად ძალიან მწვავე წელი იყო.
მომდევნო წელს ჩემ წინააღმდეგ წამოყენებული სისხლის სამართლის ბრალდების გამო რუსეთი დავტოვე.
ჩემ წინააღმდეგ საქმე "არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის" მუხლით აღიძრა, რაც მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"თბილისში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ"
ვფიქრობდი, რომ ან ქვეყანა უნდა დამეტოვებინა და ჩემი თავისუფლება შემენარჩუნებინა, ან სასამართლო სხდომები პოლიტიკური პლატფორმისთვის გამომეყენებინა — ბევრი ფიქრისა და სიტუაციის აწონ-დაწონვის შემდეგ, გადავწყვიტე, უკეთესი იქნებოდა ჩემი თავისუფლების შენარჩუნება. ციხეში რომ წავსულიყავი, სიტუაცია მაინც არ შეიცვლებოდა — დიდი ალბათობით, მხოლოდ ჩემს ცხოვრებას დაანგრევდა, მეტი არაფერი.
გარკვეული დროით პარიზში წავედი, რათა მენახა, რა მოხდებოდა რუსეთში. იმავე დილით, როცა ქვეყანა დავტოვე, გავიგე, რომ ჩემი კოლეგის სახლში სპეცრაზმი შეიჭრა და დააკავა.
მე ჯერ კიდევ ძებნილთა სიაში ვარ, ჩემი საქმე არ დახურულა.
ამის მიუხედავად, არ მაქვს შიში, რომ თუ რუსეთი ჩემს ექსტრადირებას მოითხოვს, საქართველო გადამცემს. საქართველოში საფრთხეს არ ვგრძნობ, კომფორტულად ვარ. ამასთან, ჩემ წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მუხლით აღიძრა. არაფერი დამიშავებია.
ახლა თბილისში ვარ, ორწელიწად-ნახევარია აქ ვცხოვრობ. ხალხი აქ იმაზე უკეთესად მექცევა, ვიდრე რუსეთში. ბუნებით ქართველები უფრო კეთილები და თბილები არიან ერთმანეთის მიმართ, ხალხი უფრო ემოციურია და ერთმანეთის დახმარების სურვილი აქვთ.
რუსები და ციმბირელები ხშირად ძალიან ჩაკეტილები და რთულები არიან. აქ ხელისუფლებასთან პრობლემები არ მაქვს, მაგრამ რუსეთში მაქვს.
პროტესტი რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ
თბილისში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ჩემი პასპორტის დაწვა რუსეთის სახელმწიფოს ქმედებების წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის ფორმა იყო.
აბსოლუტურად არ მსურს რაიმე კავშირი მქონდეს სახელმწიფოსა და მთავრობასთან, რომელიც ასეთ სამარცხვინო ქმედებებს სჩადის.
ახლა უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რომელიც მთლიანად პუტინისა და მისი გარემოცვის მიერ არის წარმოებული. ეს მისი ამბიციაა, ძალის დემონსტრაციის მცდელობა. დღევანდელ სიტუაციას ხანგრძლივი გეოპოლიტიკური ისტორია უძღოდა წინ, თუმცა რაც ახლა ხდება, უდიდესი კატასტროფაა.
ფაქტი ის არის, რომ უკრაინა ამ სიტუაციიდან მალე აღიდგენს ძალებს, მაგრამ რუსეთისთვის ამ ყველაფერს საშინელი შედეგები მოჰყვება, რასაც მომავალში ვიხილავთ.
რაც ხდება, სრული აბსურდია. ეს ადამიანთა იმ ჯგუფის მიერაა მოწყობილი, რომლებიც საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და კავშირი არ აქვთ რუსეთის ინტერესებთან.
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას არ ვაპირებ, რადგან რუსულ პოლიტიკაში მინდა დავრჩე. თუ პოლიტიკურ თავშესაფარ მივიღებ ან მოქალაქეობას შევიცვლი, აღარ მექნება მორალური უფლება რუსეთის დღის წესრიგს გავუმკლავდე — ეს ჩემი არჩევანია.
ჩავთვალე, რომ რუსული პასპორტი სახელმწიფოს სიმბოლოა და დავწვი. თავიდან ცეცხლი არ წაეკიდა, მაგრამ შემდეგ აალდა და მიწაზე დაიწვა.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები