ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებენ. ფოტიგას თქმით, აღარასდროს უნდა განმეორდეს 1939, 2008 და 2014 წლები.

"რუსეთის აგრესია მას აქცევს თაღლით სახელმწიფოდ. კრემლმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ხოლო რუსეთის შეუქცევადი მარცხის შემდეგ, უნდა უზრუნველვყოფთ, რომ 1939, 2008 და 2014 აღარასდროს განმეორდეს", — წერს ფოტიგა.

უკრაინის საზღვრებთან დაძაბულობა იმატებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მიზანში უკრაინის დედაქალაქს, კიევს ამოიღებენ.

18 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ზელენსკის ბრძანებით უკრაინის ჯარი თავდასხმას აპირებდა. უკრაინის სამხედრო ძალების მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს მიმართა და ეს ცნობები უარყო. ამ ცნობებს სიცრუე უწოდა ზელენსკის ოფისმაც. როგორც მათ აღნიშნეს, რუსეთი ყველანაირად ცდილობს მათ პროცოცირებას.

თვითაღიარებულმა ლიდერებმა კი მოუწოდეს ადგილობრივებს, რუსეთის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ამ დასახლებიდან "დევნილებს" ერთჯერადად 10 000 რუბლს გადაუხდის.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობები, დონეცკსა და ლუგანსკზე შეტევის შესახებ. მათივე თქმით, სიცრუეა ისიც, რომ დონბასში დივერსია იგეგმება.