ნაცისტების მიერ მოპარული შედევრები
ხელოვნების დიდი მატიანე მოპარული ნამუშევრების ხანგრძლივ ისტორიასაც მოიცავს. ხშირად მათი წარმოშობაც კი უცნობია, თუმცა შორეული მიწებიდან და ანტიკური ხანიდან მოღწეული ეს საგანძური ჩვენში გაოცებას მაინც იწვევს. როგორც წესი, მათი მოპოვების გზებზე არსად წერდნენ — ხშირად მათ ომის, კოლონიური დაპყრობის ან ტირანების მოთხოვნის საფუძველზე ძალადობრივად წყვეტდნენ თავდაპირველ სამყოფელსა და მფლობელს.
თუმცა ეს ტენდენცია იცვლება. დღეს ჩვენ სულ უფრო მეტს ვკითხულობთ საკუთრების უფლებებისა და ხელოვნების ნიმუშების კუთვნილ მფლობელებთან დაბრუნებისთვის წამოწყებულ საერთაშორისო დავებზე. ჩვენთვის ასევე ცნობილია შვეიცარიის ხელოვნების უმსხვილესი მუზეუმისთვის წაყენებული ბრალდებები პრობლემური წარმოშობის 90-მდე ნამუშევრის გამოფენის გამო. ბოლო დროს კამათს იწვევს ბენინური ბრინჯაოს წარმომავლობა და სამომავლო ბედიც. კოლონიზაციის შედეგად მიტაცებულ ამ ბრინჯაოს არტეფაქტებს ნიგერიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე აბრუნებენ ქვეყნები თუ გალერეები — მათ შორის ბელგია, გერმანია, ბრიტანეთის მუზეუმი და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი.
ხელოვნების ნიმუშების ქურდობისა და უკან დაბრუნების ამგვარი ისტორიები კიდევ უფრო ნათლად წარმოჩნდა ნიუ-იორკის ებრაულ მუზეუმში გამართულ გამოფენაზე, "სიკვდილის შემდგომი სიცოცხლე: მოპარული ნამუშევრების დაკარგული ისტორიების აღდგენა", სადაც როგორც მხატვრული, ისე კულტურული საგანძური გამოფინეს.
გალერეის კედლები პიერ ბონარის, მარკ შაგალის, პოლ სეზანის, ანრი მატისის, კამილ პისაროს და სხვა დიდი ევროპელი მოდერნისტი მხატვრების იმ არაჩვეულებრივმა ტილოებმა დაამშვენეს, რომლებიც ნაცისტური რეჟიმის მიერ ძალადობრივად მიტაცების ისტორიებს ინახავენ. ამ ნამუშევრების უმეტესობა იმ კოლექციონერებსა და მხატვრებს წაართვეს, რომლებიც ებრაელები იყვნენ. სხვები კი ნაცისტებმა მათ მფლობელებს იმიტომ ჩამოართვეს, რომ საზოგადოებისთვის გადაემალათ, რადგან ისინი "არიული ხელოვნების" შესახებ ჰიტლერის ვიწრო განსაზღვრებას ვერ აკმაყოფილებდნენ. ამ განსაზღვრების მიხედვით, კულტურის ნიმუში თავისი არსით უნდა ყოფილიყო რეალისტური და მაღალმორალური — განსხვავებით მოდერნიზმისთვის დამახასიათებელი აბსტრაქტული და ექსპრესიონისტული კომპოზიციებისგან, რომლებსაც რეჟიმმა "გადაგვარებული" უწოდა.
ნაცისტური რეჟიმისგან გადარჩენილი კოლექციის ნაწილია ფაქიზად დამუშავებული ვერცხლის სარიტუალო ნივთებიც, რომლებიც ოდესღაც ევროპაში მცხოვრებ ებრაელთა სახლებსა და სინაგოგებს ამშვენებდა. ამ ნაკეთობებს აქვთ უნარი, ჭედურობით აღაფრთოვანონ მნახველები, თუმცა, ამ გამოფენის ფარგლებში ისინი უფრო მეტად იმ ისტორიის ძლიერი სიმბოლოები გახლდნენ, რომლებიც თავდაპირველი მესაკუთრეებისგან მათ ძალისმიერ ჩამორთმევაზე გვიყვებიან. მფლობელები მათ, ებრაული ტრადიციების შესაბამისად, სადღესასწაულო დღის — შაბათის აღსანიშნავად და სიცოცხლესა და სიკვდილთან დაკავშირებული გარდამტეხი ეტაპების პატივსაცემად იყენებდნენ. შეუძლებელია, ეს ნივთები ისე დაათვალიერო, რომ არ იფიქრო იმ განადგურების განცდაზე, რომელიც სხვადასხვა კულტურის ადამიანებს წარსულში თან სდევდა. ეს ემოციური მიზიდულობა სხეულებრივია.
ეს ნამუშევრები ევროპაში მცხოვრები ებრაელი თემების ჰოლოკოსტს გადარჩენილი მატერიალური დანატოვარია. თითოეულს აქვს განსხვავებული ისტორია, გადარჩენის "შემდგომი სიცოცხლე", რომელიც გამოსააშკარავებელია. თუმცა, მთლიანობაში, ეს ამბები განასახიერებს ახალი ტიპის არქეტიპულ მოგზაურობას, რომელიც თითოეული ნამუშევრის ბედს გვაცნობს — იქნება ეს კულტურული ქურდობა, ადგილსამყოფლის ცვლა, საბოლოო გადარჩენა თუ კუთვნილ ადგილას დაბრუნება.
თუმცა თითოეული ამ ნამუშევრის მიერ განვლილი გზა მაინც თავისებურად უნიკალურია. მაგალითად ავიღოთ გერმანელი ექსპრესიონისტი მხატვრის, ფრანც მარკის მშვენიერი ტილო. 1911 წელს დახატული დიდი ლურჯი ცხენები ასახავს სამ ხასხასა ლურჯ ცხენს, რომლებიც ნახატის ცენტრში შეჯგუფებულან. მათ ფონზე წამომართული ბორცვი კი ცისფერი, წითელი და მწვანე საღებავებით არის შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ მარკი პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მხარეს ბრძოლისას დაიღუპა, ჰიტლერმა მისი ნამუშევრები აკრძალა.
თუმცა, ნახატი რაიხის კლანჭებს მაინც დაუძვრა. 1938 წელს მისმა გერმანელმა მფლობელმა ნამუშევარი ლონდონში გაგზავნა, რათა ანტიჰიტლერულ გამოფენაში ჩაერთო. შემდეგ, როგორც მე-20 საუკუნის აკრძალული გერმანული ხელოვნების გამოფენის ერთ-ერთი ექსპონატი, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა. აქ ის აშშ-ის მოქალაქემ შეიძინა კოლექციისთვის, რომელიც ახლა მინეაპოლისში მდებარე უოლკერის ხელოვნების ცენტრის ნაწილს შეადგენს.
მაქს პეხშტეინის 1912 წლის ნახატი, შიშვლები ბუნებაში კი საფრანგეთის მთავრობამ გერმანული წარმოშობის ებრაელი ბანკირის და კოლექციონერის, ჰუგო საიმონის მემკვიდრეებს მხოლოდ ამ ზაფხულს დაუბრუნა. ტილოს შავბნელი მოგზაურობა ილუსტრაციაა იმ ხშირად გრძელი და რთული გზისა, რომელსაც მოპარული ნამუშევრები მფლობელთან დაბრუნებამდე გადიოდნენ.
საკმაოდ სარისკო იყო თავად საიმონის მოგზაურობაც. ის 1933 წელს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბერლინიდან პარიზში გაიქცა. ხოლო 1940 წელს, გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, მან კიდევ ერთხელ დატოვა ქვეყანა. ამჯერად საიმონმა ბრაზილიაში გადაინაცვლა, თუმცა, ნახატი პარიზში დარჩა და ნაცისტებს ჩაუვარდა ხელში. ის 1966 წლამდე აღარ გამოჩენილა. საბოლოოდ, ნახატი პარიზში, ტოკიოს სასახლეში იპოვეს, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ის იქ, უცნობია. 1998 წლიდან ნამუშევარი საფრანგეთის ქალაქ ნანსიში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
პიერ ბონარის მიერ 1892 წელს შესრულებული იმპრესიონისტული სტილის მწვანე-ყვითელ-თეთრი ნახატი, ნატურმორტი ძახველის ვარდებით, ერთ-ერთი იყო იმ 2 ათასი ნახატიდან, რომელიც ნაცისტებმა კოლექციონერ დევიდ დევიდ-უეილს მოჰპარეს. ის ფრანგულ-ამერიკული წარმოშობის ქველმოქმედი გახლდათ და Lazard Frères ბანკს ედგა სათავეში. ბონარის ტილო მას 1946 წელს დაუბრუნეს — მალევე მას შემდეგ, რაც მოკავშირეთა ძალებმა ავსტრიის მარილის მაღაროში ნაცისტების მიერ დამალული მრავალი ნამუშევარი აღმოაჩინეს.
რთული მოგზაურობები
მფლობელისთვის ტილოს დაბრუნების ამ უკანასკნელი ისტორიით თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი პროცედურა მარტივიც კი ჩანს. მაგრამ ეს ამბავი გამონაკლისი უფროა, ვიდრე წესი. გაცილებით მეტია ისეთი ნამუშევარი, რომელიც ჯერ კიდევ გადის თავდაპირველი მფლობელისთვის დაბრუნების პროცესს. სწორედ ამგვარი ბედის პატრონია გერმანელი ებრაელი მხატვრის, ფიოდორ ლოვენშტეინის მიერ 1939 წელს შესრულებული კუბისტურ-გეომეტრიული ტილო. ეს ნამუშევარი დღემდე საფრანგეთის მთავრობის მიერ მისი თავდაპირველი მფლობელის მემკვიდრეებისთვის დაბრუნების პროცესშია.
ამ ტილოს ამბავი გვანახებს, თუ რამდენ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული თითოეული მოპარული ნიმუშის გადარჩენაც და მესაკუთრისთვის დაბრუნებაც. ჩამორთმევის შემდეგ ნამუშევარი პარიზის ჟო დე პომის გალერეის საწყობში გადაიტანეს, რომელიც ცნობილი იყო როგორც "მოწამეთა ოთახი". აქ გერმანელ ოფიცრებს შეეძლოთ, აერჩიათ და მიესაკუთრებინათ მოპარული შედევრები. გალერეაში დარჩენილი ნამუშევრები კი გადაგვარებულად ინათლებოდნენ და ხშირად ნადგურდებოდნენ. თუმცა, ეს ტილო ამ ყველა განსაცდელს გადაურჩა. შესაძლოა, ამაში წვლილი მიუძღოდეს ხელოვნების ისტორიკოსს — როუზ ვალანდის, რომელიც ფარულად აღნუსხავდა იქ მოხვედრილ დაახლოებით 20 ათასამდე ნამუშევარს. ეს ის ჩანაწერებია, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ომის შემდგომ პერიოდში მოპარული ნიმუშების დაბრუნებაში.
სამწუხაროდ, მიუხედავად ძალ-ღონის არდაშურებისა, ვალანდმა ვერ შეძლო ყველა ნამუშევრის გადარჩენა. 1942 წელს ამ საწყობში გადაღებულ შავ-თეთრ კადრზე ჩანს ანდრე დერენისა და კლოდ მონეს ნახატები, რომლებიც ომის შემდგომ არ გამოჩენილა და, დიდი ალბათობით, განადგურდა. შეუძლებელია, ამ ფოტოს ნახვის შემდეგ მადლიერების გრძნობა არ დაგეუფლოს პოლ სეზანის, პაბლო პიკასოს, ანრი მატისისა და მარკ შაგალის დღემდე მოღწეული დიდებული ნამუშევრების გამო.
ასევე შეუძლებელია, გულგრილნი დავრჩეთ ამ მატერიალური ქონების თავდაპირველი მფლობელების ცხოვრებისა და ბედის მიმართ. ჩვენამდე მოღწეული ძველი ოჯახური ფოტოების სერია რიგითი საშუალო კლასის ებრაელთა ცხოვრების კადრებს ასახავენ იქამდე, სანამ მათ ნაცისტები ამ სივრცეებიდან იძულებით გააძევებდნენ. რეჟიმის სისასტიკის პარალელურად საიდუმლოდ შესრულებული პორტრეტები და ნახატები კი იმ ხელოვანებს ეკუთვნით, რომლებიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვდნენ.
წარსული სისასტიკის კვალს ის ებრაული სარიტუალო ნივთებიც ატარებენ, რომლებიც ნაცისტურ რეჟიმს გადაურჩნენ. ამ კოლექციაში თავმოყრილია ქიდუშის თასები, საშაბათო შანდლები, თორას საკითხავი ჯოხები და სხვა წმინდა საგნები. ეს არტეფაქტები, დიდი ალბათობით, სამუდამოდ დაიკარგებოდნენ, რომ არა ევროპის გარეთ მყოფი ებრაული თემები — მათ შორის, ებრაული მუზეუმი ნიუ-იორკში — რომლებიც ომის შემდეგ უპატრონოდ დარჩენილი ნივთების გადარჩენის პროცესში ჩაერთნენ.
მომავლისკენ სვლა
მოპარული ხელოვნებისა და კულტურული ობიექტების მემკვიდრეობამ გამოძახილი პოვა შემდგომ თაობებში, რაც გამოფენის ბოლო ნაწილის თემა გახლდათ. ეს ახალი ნამუშევრები შეუკვეთეს ისრაელში, ბერლინში და ბრუკლინში მცხოვრებ ოთხ ახალგაზრდა თანამედროვე ხელოვანს: მარია აიხჰორნს, ჰადარ გადის, დორ გესისა და ლიზა ოპენჰაიმს.
ამ ხელოვანთაგან თითოეული ისტორიას განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებს. კონცეპტუალური ხელოვნების მიმდევარი აიხჰორნი მოპარული ობიექტების აღმოჩენის, ადგილმდებარეობის დადგენისა და დაბრუნების საქმეში გვრთავს. კერძოდ, ის ამ პროცესთან დაკავშირებულ საარქივო ქაღალდებს, დავთრებს, მოხსენებებს, წიგნებსა და სხვა წყაროებს გვაცნობს. ეს მტკიცებულებები თითოეული არტეფაქტის, თითოეული ნივთის შემოწმების, დაზუსტების, ანალიზისა და ავთენტურობის დამტკიცებისათვის გამოიყენება. წარსულის უფრო სიღრმისეულ შეცნობას შესაძლებელს ხდის ფილოსოფოს ჰანა არენდტის აუდიოჩანაწერი. ის კითხულობს შენიშვნებს, რომლებიც სააგენტოს დირექტორის რანგში ყოფნისას დაწერა — მას ეკისრებოდა სევდიანი, თუმცა უმნიშვნელოვანესი მისია, დაეხარისხებინა ნაცისტურ რეჟიმს გადარჩენილი დოკუმენტური მასალა.
პალესტინელი დედისა და ჩრდილოაფრიკელი ებრაელი მამის შვილი, დორ გესი თავის ინსტალაციაში ექსპონატებად იყენებს საგნებს, დოკუმენტებს და ანაბეჭდებს, რათა თავისი ოჯახის იუდეური, ტუნისური და არაბული ენობრივი და კულტურული დანაკარგები გააცოცხლოს. ჰადარ გადის მასშტაბური კოლაჟური ნახატები ეფუძნება ნაცისტი ჯარისკაცების მიერ ებრაელთა ქონების განადგურების შემდგომ გადაღებულ ისტორიულ ფოტოებს. დაბოლოს, ლიზა ოპენჰაიმის იდუმალებით მოცული ფოტოკოლაჟების სერია შთაგონების წყაროდ ფრანგ-ფლამანდიელი მხატვრის ჟან-ბატისტ მონუაიეს ნატურმორტის ერთადერთ შემორჩენილ სურათს იყენებს. თავად ტილო ნაცისტების მიერ პარიზში მცხოვრები ებრაელი მფლობელისგან მისი კონფისკაციის შემდეგ გაუჩინარდა.
სწორედ ამ გზით აგრძელებენ "სიკვდილის შემდგომ ცხოვრებას" ნამუშევრები, რომელთა ემოციური გავლენაც განუზომელია. ისინი იწვევენ მადლიერებას ამდენი ჩინებული ნამუშევრის გადარჩენის გამო; მწუხარებას ევროპაში მცხოვრები ებრაული თემების დანაკარგის გამო; დაბოლოს, კმაყოფილებას, რომ ამ არტეფაქტთა ისტორიები კვლავ გრძელდება. ამასთან, არსებობს იმის იმედიც, რომ ეს ნარატივები გარკვეულ გავლენას იქონიებს მსოფლიოს მრავალ წერტილში მიმდინარე იმ პროცესებზე, რომელთა მიზანიც მოპარული ხელოვნების ნიმუშების კუთვნილ მფლობელებთან დაბრუნებაა.
კომენტარები