საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული ბოლო სამი გადაწყვეტილება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. სიმონიშვილი ჩამოთვლის და განმარტავს საქმეებს, რომლებიც, მისი აზრით პრემიერმინისტრის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანია.

  • "5 ივლისის მოვლენებზე მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მის პრემიერობას და ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს უკავშირდება;
  • 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე ძალან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც მის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება და სადაც 5 ივლისის მსგავსად მოიქცა;
  • მამუკა მიქაუტაძეზე დღევანდელი, არანაკლებ მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მის მინისტრობას უკავშირდება და მის უწყებაში ჩადენილ დარღვევებსა და საქმის გამოუძიებლობას".

სიმონიშვილის განცხადებით, ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა დააყენოს.

"პარლამენტს ელემენტარული თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, გაიხსენებდა მის ნამდვილ როლს და სამივე საკითხზე პასუხი უნდა მოეთხოვა, სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება პრაქტიკულად დასამარებულია", — წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.