3 წიგნი, რომელმაც თანამედროვე ფენტეზი ჩამოაყალიბა
ბოლო ორი საუკუნეა, ფანტასტიკური ლიტერატურა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო პოპულარული ხდება. ჟანრისადმი ამგვარი ინტერესი ნაწარმოებთა იმ ადაპტაციებითაც დასტურდება, რომლებიც ჩვენს ეკრანებზე ყოველწლიურად ჩნდებიან. ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის კონკრეტულად ეს ჟანრი ასეთი მიმზიდველი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და რა განაპირობებს იმას, რომ ერთ-ერთი ყველაზე "თავდადებული" გულშემატკივრებიც სწორედ მას ჰყავს.
რეალობისგან გაქცევა, წარმოსახვის საზღვრების გადალახვა და მრავალი სხვა თვისება, რითაც ეს ჟანრი ჩვენს გულებს იპყრობს, ერთდროულად ასეთი მაცდური და დამაჯერებელი ყოველთვის ნამდვილად არ ყოფილა. ისევე როგორც ყველაფერი სხვა, ეს უკანასკნელიც დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, ვითარდებოდა და თავისივე თავში პოულობდა იმ იდეებსა თუ ცნებებს, რომლებმაც განსაზღვრეს კიდეც დღევანდელობის ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული ჟანრი.
დრაკულას ბნელი სასახლიდან ჰოგვორტსის მოჯადოებულ კედლებამდე იმაზე გაცილებით დიდი გზაა გამოვლილი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ქვემოთ სამ მხატვრულ სამყაროზე ვისაუბრებთ, რომლებმაც არსებითი გავლენა მოახდინეს ფენტეზის იმ სახით ჩამოყალიბებაზე, რომელიც დღეს მილიონობით ადამიანს აჯადოებს.
დრაკულა, ბრემ სტოკერი
წარმოუდგენელია, ეს სია რომელიმე სხვა ნაწარმოებით დაგვეწყო.
როდესაც The Beatles 1988 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა, მიკ ჯაგერმა შესავალ სიტყვაში თქვა, "როდესაც The Beatles თავის პირველ სიმღერებს წერდა, გარშემო ნამდვილი უდაბნო იყო, ინგლისს პოპმუსიკის კუთხით არაფრის შემოთავაზება შეეძლო".
დაახლოებით იმავეს თქმა შეიძლება ბრემ სტოკერზე, როდესაც მან 1895 წელს Kilmarnok Arms Hotel-ში დრაკულას პირველ გვერდებზე დაიწყო მუშაობა. რასაკვირველია, დრაკულა ფენტეზის ჟანრის პირველი ნაწარმოები არ ყოფილა. მეტიც, ის ბრემ სტოკერის პირველი ფენტეზიც კი არ გახლავთ. თუმცა გავლენა, რომელიც დრაკულამ მოახდინა ჟანრზე, არც იქამდე და არც მას შემდეგ არცერთ სხვა ტექსტს არ გაუმეორებია. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ბრემ სტოკერმა საფუძველი მოუმზადა თანამედროვე ფენტეზის განვითარებას. მწერალმა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპული ფოლკლორი გააერთიანა წმინდა გოტიკურ ჰორორთან, არამედ, "მისცა ფორმა უნივერსალურ ფანტაზიას... და გახდა პოპკულტურის ნაწილი".
სტოკერმა შექმნა ყველა დროის ყველაზე პოპულარული გოტიკური ნაწარმოები, მისტიკური არსება და პერსონაჟი — ეს ყველაფერი კი ერთი წიგნის მეშვეობით მოახერხა. ვამპირებზე შექმნილი რომელი ნაწარმოები თუ ეკრანიზაცია შეიძლება გავიხსენოთ, რომელიც ორიგინალი დრაკულას ნიშნებს არ ატარებს? — ალბათ არცერთის.
თუმცა სტოკერის გავლენა მსოფლიო კულტურაზე კიდევ უფრო შორს მიდის. ის შიშები და სურვილები, რომლებსაც ავტორი მშვიდ ლონდონურ ყოფაში შემოჭრილი სისხლისმსმელი არსების მეშვეობით აშიშვლებს, დღემდე აქტუალურია. და ალბათ სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომაც შემორჩა ვლახეთის შემზარავი სასახლის გრაფი ამდენ ხანს ჩვენს ცნობიერებას და კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ბეჭდების მბრძანებელი, ჯ.რ.რ. ტოლკინი
1937 წლის შემოდგომას ჰობიტის სახით მსოფლიო პირველად გაეცნო შუამიწეთის სამყაროს. ბილბოს არაორდინალურმა მოგზაურობამ მარტოხელა მთისკენ გამოსვლისთანავე საკმაო პოპულარობა მოიხვეჭა, თუმცა ეს იმ კულტურულ აფეთქებასთან, რომელსაც 17 წლის შემდეგ ბეჭდების მბრძანებელი მოახდენდა, ახლოსაც არ ყოფილა.
იმისდა მიუხედავად, რომ 1954 წელს ბეჭდის საძმოს ათასობით ეგზემპლარი გაიყიდა, ტექსტმა თავისი პოპულარობის პიკს მაინც სამოციან წლებში ამერიკას თავსდატეხილი კულტურული რევოლუციისას მიაღწია.
ტოლკინის გავლენის საუკეთესო დადასტურება ალბათ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწერლის, სტივენ კინგის Magnum Opus-ის (როგორც თვითონ უწოდა მას), ბნელი კოშკის პირველი წიგნის შესავალში დაწერილი ეს სიტყვებია: "ცხრამეტი წლისა რომ ვიყავი, ყველას ჰობიტები ეკერა პირზე... ბნელი კოშკის სერია, ისევე როგორც ჩემი თაობის მრავალი ავტორის მიერ შექმნილი ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები (სტივენ დონალდსონის თომას კოვენანტის ქრონიკები და ტერი ბრუკსის შანარას ხმალი მრავალთაგან მხოლოდ ორი მაგალითია), ტოლკინისგან იშვა".
კელტური და ქრისტიანული მოტივებით შთაგონებული სამყარო ორ უნიკალურ დამწერლობას, ერთ ენას, მითოლოგიას, სრულად ფორმირებულ სამყაროს და მრავალ სხვა ისეთ დეტალს აერთიანებს, რომელთა გამოც ჯ.რ.რ. ტოლკინს დამსახურებულად შეარქვეს თანამედროვე ფენტეზის მამა — ეს ის ტიტულია, რომელშიც ინგლისელ მწერალს ვერავინ შეეცილება.
საბავშვო წიგნად ჩაფიქრებული, ბეჭდების მბრძანებელი მალევე იქცა უფრო ბნელით მოცულ, სიღრმისეულ ნაშრომად, რომელიც აშკარად იტევს ავტორის მიერ პირველ მსოფლიო ომში გამოვლილი ჯოჯოხეთის ნიშნებს (სცენა, სადაც ფროდო და სემი, გოლუმთან ერთად, გვამებით სავსე ჭაობის გავლას ცდილობენ, საფრანგეთის ფრონტზე მწერლის ყოფნის უშუალო გამოცდილების პირდაპირი ასახვაა). მეგობრობის, ერთგულების, ღალატის, სიყვარულის და, უბრალოდ, სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის ამსახველი პასაჟები ძალიან მკვეთრად და ამავდროულად ისე ორგანულადაა სათავგადასავლო ამბავთან არეული, რომ ის ნამდვილად მეტია, ვიდრე უბრალოდ საბავშვო წიგნი.
ამ ტრილოგიის გავლენა მსოფლიო ლიტერატურაზე იმდენად დიდია, რომ მას შემდეგ ფენტეზის (განსაკუთრებით კი ეპიკური ფენტეზის) ჟანრში მოღვაწე თითოეული მწერალი ვალშია მასთან და ამას არც უარყოფს. ტოლკინის ტექსტებმა გაყიდა მილიონობით ეგზემპლარი, რამდენჯერმე მოახერხა სატელევიზიო თუ საეკრანო სივრცეში გარდასახვა, შექმნა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანკლუბი და იქცა ისეთი ლეგენდარული მუსიკალური ბენდების შთაგონების წყაროდ, როგორიც Led Zeppelin, Pink Floyd, Black Sabbath, Rush და სხვანი არიან. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 1954 წლის შემდეგ როგორც ფენტეზის, ისევე ჩვენი ემპირიული სამყარო აღარასოდეს ყოფილა ისეთი, როგორიც მანამდე იყო.
ზღვამიწეთის ჯადოქარი, ურსულა კ. ლე გუინი
დღეს ჯადოქრობის სკოლის ხსენებისას ყველას ერთი მოჯადოებული, საიდუმლოებებით მოცული და კოშკურებიანი ციხე-სიმაგრე ახსენდება, თუმცა 1968 წელს საქმე სულ სხვაგვარად იყო. იქამდე 29 წლით ადრე, სანამ ჰარი პირველად მიიღებდა დაბადების დღეზე ნამცხვარს, ოგიონს გედი უკვე მიბარებული ჰყავდა მსოფლიოში პირველი ჯადოქრების სკოლისათვის. რა თქმა უნდა, მხატვრულ სამყაროებში იმ ადგილების მონახაზები, სადაც განსაკუთრებული შესაძლებლობებით დაჯილდოებულ ადამიანებს ამ შესაძლებლობების გამოყენებას ასწავლიან, ურსულა ლე გუინის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამდეც არსებობდა, თუმცა ის პირველი იყო, ვინც ასეთი ტიპის სივრცე კონსტრუქციულად ააგო, დეტალებზე იმუშავა და როკის კუნძულზე დასრულებული სახით წარმოგვიდგინა.
ზღვამიწეთის ჯადოქარი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ პირველი წიგნი, რომელსაც ჯადოქრების სკოლაში მივყავართ. პიროვნული განხეთქილება, რომელსაც მთავარი პერსონაჟი მთელი ტექსტის განმავლობაში ებრძვის, მხოლოდ გარედანაა ფანტასტიკური მოვლენებით შელამაზებული. ამასთან ერთად, ტექსტში გაშლილი ისეთი თემები, როგორიცაა სიამაყე, უთანასწორობა, გენდერი და რასა, წიგნს ერთიორად მატებს სიღრმესა და მნიშვნელობას.
ურსულა კ. ლე გუინის გავლენა ზოგადად ფენტეზის ჟანრზეც განუზომლად დიდია, რადგან თუ ტოლკინმა ბეჭდის სამყარო მრავალი თანაბარმნიშვნელოვანი პერსონაჟის გარშემო ააგო, ზღვამიწეთის ჯადოქარი ერთი, მკვეთრად გამოხატული მთავარი გმირისა და მისი თავგადასავლის შესახებ გვიყვება — ეს ის ტენდენციაა, რომლიდანაც შემდგომში ცოტამ თუ გადაუხვია.
ჰარი პოტერი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვრული პერსონაჟი მსოფლიოში, თავისი წინამორბედის იმდენ ნიშან-თვისებას ატარებს, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ურსულა ლე გუინმა თქვა: "ჩემი გაკვირვება იმ კრიტიკოსებმა გამოიწვიეს, რომლებმაც პირველი წიგნი (ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა) საოცრად ორიგინალურად მიიჩნიეს. მას (როულინგს) ბევრი ღირსება აქვს, მაგრამ ორიგინალობა ერთ-ერთი მათგანი არ არის. ამან გული მატკინა".
იქამდე ლე გუინი აღნიშნავს, რომ არ თვლის, თითქოს როულინგმა ყველაფერი მას მოპარა. თუმცა ახალგაზრდა ნიჭიერი ბიჭი, რომელიც უფროს, უკვე გამოცდილ ჯადოქარს სასწავლებელში მიჰყავს; სკოლაში გაჩენილი მეგობარი და მოწინააღმდეგე, რომელთანაც საკმაოზე მეტი საერთო აქვს; ნაიარევი, რომელიც მაშინ ახსენებს თავს, როდესაც მოწინააღმდეგის ძალის გარემოცვაში იმყოფება ურსულა ლე გუინს ალბათ "გულის ტკენის" გამომხატველი ამ წინადადების თქმის უფლებას მაინც აძლევს. და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად დიდი გავლენა აქვს მას თანამედროვე ფანტასტიკურ ლიტერატურაზე.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს სამი ნაწარმოებია ის მთავარი ბურჯი, რომელზეც თანამედროვე ფენტეზის ჟანრი დგას. ტრანსილვანიის ეშმაკისეული სასახლიდან მორდორის ბარად-დურამდე (ბნელ კოშკამდე) და გედის შინაგან წყვდიადამდე გაშლილი სივრცე საკუთარ თავსა და სამყაროზე დამაფიქრებელ უამრავ თავგადასავალს იტევს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბოროტისა და კეთილის ტრადიციული დაპირისპირების ახლებური ფორმით გადმომცემი ეს ამბები ავტორების სიცოცხლეშივე კლასიკად აღიარეს.
კომენტარები