თქვენი ყოველდღიური კოშმარი როგორ გამოიყურება?

აი, ჩემთვის, თბილისის მეტროში, დილის ათ საათზე ცალ ფეხზე დგომა და ყოველ გაჩერებაზე, ელვის სისწრაფით ახალი ამბების ჩაკითხვაა.

"ვაჰჰ, გუშინ, კიდევ 14 ადამიანი დაუჭერიათ", — გავიფიქრებ ხოლმე ჩემთვის.

სამასი წლის შემდეგ, ძლივსძლივობით, მატარებელმა ავლაბრამდე ჩააღწია და Spotify-მ, ტრადიციულად, Quemmekh-ის ანუბისი და მწეველი ჩართო (სიმართლე გითხრათ, არვიცი ეს "ტრადიცია" საიდან დაიწყო, თუმცა, ცხადია, მეოთხე წელია არ ვღალატობ).

ჩემი დასკვნებით, ან ელემენტარული კალკულაციით, ავლაბრიდან თავისუფლების მოედნამდე ანუბისი და მწეველის ერთხელ მოსმენას, თავისუფლად ვასწრებ, თუმცა, თუკი მატარებელი ზედმეტად ნელია, ანუბისის EP-ის სხვა სიმღერებით ვანაცვლებ ხოლმე.

დღეს ის უჩვეულო დღე იყო, როცა ტრადიციას ვუღალატე და ძაღლი ჩავრთე.

შენნაირს დასდევს ყოველთვის ფრთხილად
მაღალი ძაბვის დენია ფრთხილად
ძაღლები ყველას ერჩიან ფრთხილად
ყველა თავისი თვისთვის ფრთხილად

ამ ტექსტის კითხვისას, თქვენც, ჩემსავით, დეჟავიუ ხომ არ გქონდათ? იმის მიუხედავად, რომ ეს სიმღერა, თითქმის, 4 წლის წინ გამოვიდა, ტექსტი დღევანდელობას პირნათლად ასახავს და, თითქოს, წინასწარმეტყველობს...თუ არ წინასწარმეტყველობს?

დღეს, იმ ქართულ არტ-სინდიკატზე მოგიყვებით, რომლის შემოქმედების მთავარ განმსაზღვრელ იდეად, პიროვნული თავისუფლება იქცა.

ფოტო: Quemmekh/FB

როგორც Quemmekh-ის ფრონტმენი, სანდრო ქერაული, მიყვება, ბენდის ძირითადი მიმართულება მხოლოდ მუსიკა არ არის და, ხშირად, მსმენელს არამუსიკალურ პროექტებსაც სთავაზობენ.

"ბევრი ხალხი ვართ და ვცდილობ ხოლმე, რომ საქართველოში ვინმე რამეს თუ აკეთებს, ვინც მოგვწონს და ვისთანაც გემოვნება გვაერთიანებს, ყველა შემოვიერთოთ და ბევრი მიმართულება მოვიცვათ — იქნება ეს დიზაინი, ქანდაკება თუ ნებისმიერი სახელოვნებო მიმართულება — და Quemmekh არ იყოს მხოლოდ ბენდი", — ამბობს ის.

და, მართლაც, ბენდის ალბომების/სინგლების მოსმენისას სანდროს ხმასთან ერთად, ძალიან ბევრი ქართველი არტისტის ნაცნობ ხმასაც გაიგებთ.

სკოლის ასაკში, Metallica-ს შთაგონებით, დაწყებული იდეა სანდრო ქერაულმა და ნიკა მოსიაშვილმა მალევე გააცოცხლეს.

ფოტო: Quemmekh/FB

"როცა სკოლაში დავდიოდით, გაკვეთილები გვეზარებოდა და სულ მუსიკას ვუსუმენდით. თან ამერიკული კულტურა ისე იყო შემოსული, რომ ლაივებს, როცა ვუყურებდით, მინდოდა, მეც ასეთი ცხოვრება მეცხოვრა, აქ ყოფნა არ მომწონდა...ძალიან მარტივად, მიბაძვით დავიწყეთ, რომ მათნაირები ვყოფილიყავით, ეგრე ჩაგვეცვა, გველაპარაკა", — ყვება სანდრო.

თუმცა, ცნობიერ ასაკში გადასვლასთან ერთად, Quemmekh-ის ტექსტებს პოლიტიკური კონტექსტიც დაემატა.

რევოლუცია იწყება ასე
როცა სისტემა გაჯდება თავზე
ჩვენ გადავივლით ჩინოსნის გვამზე
ჩვენ გადავივლით ჩინოსნის გვამზე

"ბავშვობიდან პირველი მოგონებები, რაც აქციასთან დაკავშირებით მაქვს არის, რომ სკოლაში ვერ დავდიოდი, რადგან, ექვსი თვე გადაკეტილი იყო აქაურობა...უამრავი რაღაც ხდებოდა და ჩემ ყოველდღიურობაზე გავლენა ქონდა იმის მიუხედავად, რომ მაშინ წარმოდგენა არ მქონდა ნიუსებით რას გადმოსცემდნენ და ვინ რას აკეთებდა, არ ვიცოდი, მაგრამ პირდაპირ იჭრებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში", — ამბობს ის

სანდროს წარმოდგენით, მუსიკოსი უბრალოდ ადამიანი არ არის, რომელიც თავისი სიმღერებით ცხოვრებას გილამაზებს, ის მთარგმნელია, რომელიც წინასწარ უნდა ხედავდეს, რა ხდება, რა განწყობები გროვდება, მასზე დაკვირვებითა და, ამავდროულად, სოციალური კონტექსტის გააზრებით შექმნას ნამუშევარი.

როგორც ყველა ტიპური მელომანი, სიმღერის მოსმენისას ჩემი გონებაც ავტომატურად მუსიკის ტექსტზე კონცენტრირდება. აი, Quemmekh-ის შემთხვევაშიც, ალბათ, ძალიან გაგიჭირდებათ იპოვოთ სიმღერა, რომელშიც აზრი არ დევს.

"ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტი", — მიყვება სანდრო — "მეზიზღება, როცა არაფერზე მღერიან. AI-ც გააკეთებს ძალიან მაგარ სიმღერას და გამოვა, მაგრამ ის, რომ შეიგრძნო ხალხი რას ფიქრობს, რა განწყობებია გარეთ, მომავალში რა შეიძლება მოხდეს, აი, ეგეთ რაღაცებს ვერ გაგიკეთებს".

წინასწარმეტყველება?

Quemmekh-ის Youtube-ის პლატფორმაზე, სიმღერების ქვემოთ კომენტარებში ხშირად შეხვდებით მსგავსი შინაარსის რეპლიკებს: "აქამდე სად იყავით", "2024 წელია და დღევანდელ რეალობას ისევ ერგება". მაშ, იწინასარმეტყველეს?

"იმ მომენტში, ყურადღება არავინ მიაქცია, წინასწარმეტყველება გამოვიდა, მარა თან არ იყო, რადგან აღვწერეთ ის, რაც იმ მომენტში ხდებოდა...ის იყო ჩემი ყოველდღიურობა და, რაც მაშინ იყო და რასაც ვხედავდი, ეგ დავწერე სინამდვილეშიც...თუმცა, შეიძლება 7 წელი გავიდეს და მერე უფრო მასშტაბურად გახდეს საზოგადოების ყოველდღიურობა", — მიყვება სანდრო.

სანდრო ქერაული და დაჩი დოდაშვილი

სანდრო ქერაული და დაჩი დოდაშვილი

ბენდის პოეზიამ, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მსმენელი მიიზიდა. კომენტარებში როგორც 13 წლის სკოლის მოსწავლის, ასევე მასზე ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ დიდი ასაკის ადამიანებს მოკრავთ თვალს.

"ძალიან უცნაური არის და მაგას სულ ვაკვირდები. თავიდან, როცა დავიწყეთ, ტექსტები რეზონანსული იყო უფრო დიდ ტიპებთან, ბავშვები არ უსმენდნენ, ფეხზე ეკიდათ და, მოგვიანებით, ვიღაც 40 წლის ტიპი უცბად ფეისბუქზე წერდა 'ვაუ, რა კაი მუსიკაა'. რატომღაც, ყველას ეგონა, რომ ვიყავით ვიღაცა ბაბუ, რომელიც ოთახში ზის და რაღაცა სიბრძნეებს წერს", — ამბობს ის.

აი, შედარებით დაბალი ასაკობრივი კატეგორიის ხალხმა (და ჩემმა ტოლებმა) Quemmekh-ის ტექსტს მაშინღა მიაქციეს ყურადღება, როცა გასულ წელს — "ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომლის მიხედვით ივანიშვილის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა — უწყვეტი პროტესტის მსვლელობებზე ტიტები გაჟღერდა.

მას შემდეგ, ბევრ სხვა ქართულ სიმღერასთან ერთად, ტიტები პროტესტის სიმბოლოდ იქცა (მე თუ მკითხავთ, ბენდის ნებისმიერი სხვა რეპერტუარიც იდენტურ მესიჯს ატარებს)

"ახლა 12 წლის ბავშვებიც არიან, რომლებმაც ალბათ ტიკტოკზე იპოვეს ტიტები და მოეწონათ", — მიყვება სანდრო — "გული ძალიან მწყდება, რომ რაღაც გარკვეული კატეგორიის ხალხი ვიყავით (Quemmekh-ის სინდიკატის გარდა), რომლებიც ამ ყველაფერს ვხედავდით, რა გველოდებოდა და ხან ვიდეოები ვაკეთეთ, ხან უბრალოდ პოსტებს ვწერდით: 'აბა, გავედით აქციაზე' და იმ მომენტში, არავინ მიაქცია ყურადღება".

Revolver Music-თან კონტრაქტი

რამდენიმე თვის წინ, ბენდმა, ბრიტანულ ლეიბლთან, Revolver Music-თან, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც საკმაოდ იშვიათია ქართული მუსიკალური ბენდებისთვის. სანდროს თქმით, ლეიბლმა ბენდი, სავარაუდოდ, უცხოური სტატიებიდან იპოვა.

ფოტო: Quemmekh/FB

"მანამდე, რასაც ვაკეთებდით სულ DIY იყო, ჩვენით ვწერდით…ახლაც ეგრე იქნება, თუმცა მაშინ Release ლეიბლი არგვქონია, უბრალოდ იუთუბზე ვდებდით და ვინმეს, რომ წაერთვა ჩემი სიმღერა ვერაფერს ვიზამდი", — ამბობს ის — "ახლა იწყება ახალი, უფრო ნამდვილი პროცესი, რადგან ხელნაკეთი არ არის".

მისი თქმით, ის ახლა რეზიდენციას აკეთებს ალბომისთვის, რომელშიც ვიდეოები, მუსიკის შექმნის პროცესი და კოლაბორაციები იქნება, ბევრ სხვადასხვა ქართველ არტისტთან ერთად, ხოლო ალბომი საერთაშორისო მასშტაბით ოფიციალურად, პირველად, გამოვა.

რაც შეეხება ლეიბლს, ის 70-იანი წლებიდან არსებობს და ქალაქ ბირმინგემში დაფუძნდა. დიახ, ქალაქში, სადაც დიადმა ოზი ოსბორნმა მისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა.

"ბირმინგემის ლეიბლმა რომ მოგვწერა, ცოტა კავშირი ვიგრძენი იმ სამყაროსთან, რომლის ნაწილი სულ მინდოდა ვყოფილიყავი და, პირველ რიგში, ეგ გამიხარდა", — ყვება სანდრო.

Black Sabbath-ის შთაგონებას Quemmekh-ის სიმღერებში ძალიან ხშირად მოისმენთ, ვინაიდან Sabbath-იც მძიმე მეტალთან ერთად, დუმის, მძიმე როკის, ოდნავ ჯაზის ნარევია და, საერთო ჯამში, ეკლექტური ბენდია.

"ჩემი ვოკალი ვინმეს თუ მოსწონს აქცენტი იმაზეა, რომ უცნაური, უცხოა და იმიტომ ვერ მოგეწონება, რომ გიჟივით დავრბივარ ნოტებზე", — ყვება სანდრო — "ოზიც ეგეთი ვოკალისტი იყო, ვერ დააქავერებ, მარტო ის მღერის ისე როგორც მღერის...მენტალიტეტს მიმყარებდა ხოლმე, როცა ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ შეიძლება საოპერო უნარები არ გქონდეს, მაგრამ სათქმელს მაინც ამბობდე".

როგორც სანდრო მიყვება, ბენდმა ლეიბლთან, ჯერჯერობით, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა (ძირითადი ინდუსტრიის სტანდარტია), ხოლო მათი პირველადი სერვისი მუსიკის დისტრიბუცია, გავრცელება, პრესის დაფარვა და Netflix-თვის მუსიკის შეთავაზებაა.

"უნდა ვნახოთ, ახალი ალბომი როგორ იმუშავებს...ხალხს, რომელსაც მიაწოდებენ, რამდენად მოერგება, რას იზამს, რადგან Quemmekh-სთვის პირველი საერთაშორისო ტესტია", — ამბობს ის — "კი გვყავს დიდწილად მსმენელი ამერიკაში, გერმანიაში (რადგან მათ ინდუსტრიული მუსიკა უყვართ), თუმცა გლობალურად არ გვიცდია, რადგან ქართულ კონტექსტზეა...ვნახოთ, რა მოხდება".

მისი თქმით, სიმღერის ტექსტები თავიდან ბოლომდე ინგლისურად არ იქნება, თუმცა შეეცდებიან, რომ საერთაშორისოდ გასაგები იყოს და არ მოიცავდეს მხოლოდ ადგილობრივ პრობლემებს.

"მინდა, არ იყოს ადგილობრივი გეტოს ქართული გაჭირვების კონტექსტში ჩამკვდარი ტექსტი და მხოლოდ ჩვენი პრობლემები, რომლებიც თან გლობალურია, ვინაიდან სამყარო მშვიდად არცერთ ქვეყანაში არაა, ყველგან სიგიჟე ხდება", — ყვება სანდრო — "თან ჩვენ ყოველდღე ფრონტის ხაზზე ვართ და შეიძლება დედამიწაზე ყველაზე კარგად ვიცოდეთ, რადგან ბევრი წელია ამ წვალებაში ვართ...ვცდი, რომ ეს მათ ენაზეც გადავთარგმნო".

გადამწვარ ბაღებს

დიდხანს ვფიქრობდი, სჭირდებოდა თუ არა ამ სიმღერას ცალკე პარაგრაფი. თუმცა, ვინაიდან, მას ჩემს ფლეილისტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მოდი, ამაზეც მოგიყვებით.

რიტორიკული რიტუალები
პოლიტიკური სიავე
ვერ ავაშენე მაგისტრალები
ყველგან დავიგვიანე

სიმღერა სანდრო ქერაულისა და ანდრო დადიანის კოლაბორაციაა, რომელიც გასულ წელს გამოვიდა. გარდა იმისა, რომ ისინი ტექსტებში დღევანდელ საზარელ რეალობას ამხელენ, ამავდროულად, მათ, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანებს, ამ დღევანდელ მოვლენებზე გული შესტკივათ.

ამ დამწვარ ქუჩებს
ამ დამწვარ ბაღებს
როგორ ვუშველი, მითხარი
მითხარი რამე

"ანდროსთან ძალიან სასიამოვნო იყო თანამშრომლობა, თან აღმოჩნდა, რომ მან სიმღერა იცის და, ოდესღაც, თურმე კონსერვატორიაშიც სწავლობდა", — მიყვება ის — "ზოგადად, რთულია ხოლმე კოლაბორაციები, რადგან შენ შენი ინდივიდუალური მეთოდი გაქვს და მეორე ტიპი შემოდის, რომელსაც თავისი ხედვები აქვს და მასთან მორგება რთულია...სიმღერა გამოვიდა და თან იმუშავა, ხალხსაც მოეწონა".

ქართველი არტისტი და ხელოვანი, ანდრო დადიანი

ქართველი არტისტი და ხელოვანი, ანდრო დადიანი

ფოტო: andro.dadiani/IG

ანდრომ კარიერა 2017 წელს დაიწყო. მისი ნამუშევრები ძირითადად სოციალური თემებს, მწვავე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დილემებს იკვლევს. ის საკუთარ თავს არტისტს, პოეტს უწოდებს და ქმნის ინსტალაციებს, ფოტოგამოფენებსა თუ ქანდაკებებს.

გასულ წელს, ანდრო ქართულ "რეპრესიებში" მოყვა და უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის დატოვება მოუწია. ის სოციალურ ქსელებში წერდა, რომ მან მიიღო გაფრთხილება გაჩერებულიყო და გაჩუმებულიყო.

"ანდრო ემიგრაციაშია, ახლა ბრიუსელიდან ცდილობს კოლაბორაციას. ამასწინათ, ლექსი ჩამიგდო, კიდე წერს და აკეთებს, თუმცა, რეალურად, გაქცეულია", — მიყვება სანდრო.

რა არის შემდეგი?

როგორც სანდრო ამბობს, ახალი ალბომის გამოშვების შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე იდეალურ შემთხვევაში, ევროპული ტურნე გააკეთონ და, ამავდროულად, საქართველოში მინიმუმ ერთი ლაივ კონცერტი ჩაატარონ.

"რაც ეს ამბავი დაიწყო, საქართველოში ბოიკოტის რეჟიმში ვართ...თან მე დღემდე მჯერა, რომ არ გავცოცხლებულიყავით, არ დაგვეწყო ფესტივალები, რაღაცების კეთება დღეს კიდევ უკეთეს დღეში ვიქნებოდით", — ამბობს ის — "როცა გამოვუშვებთ ალბომს გვინდა ევროპული ტურიც გავაკეთოთ, ახლა რამდენიმე შეთავაზება არის გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სასომხეთიდან".

აღმოჩნდა, რომ Quemmekh-ის მსმენელებს საკმაოდ სასიამოვნო 2026 წელი გველოდება, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

აქვე, გიტოვებთ Quemmekh-ის Spotify-ს, თუმცა, ამის გარდა, ბენდის მოსმენას, თითქმის, ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე შეძლებთ.