ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აგორებულ საპროტესტო ტალღას "შიმშილობის ეპიდემიას" უწოდებს და ამბობს, რომ ეს დაუშვებელი იყო. ტიკარაძე ამბობს, რომ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანით, შეწყდება "შიმშილობის კასკადი" ქვეყანაში.

"ბოლო პერიოდში სახეზე მივიღეთ ქვეყანაში შიმშილობის ეპიდემია, რომელიც ნამდვილად იყო დაუშვებელი. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით ყველა მოშიმშილისთვის მიგვექცია მაქსიმალური ყურადღება, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუარესდა ძალიან ბევრი ჩვენი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

თქვენ იცით, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მე-3 პრეზიდენტი გადმოყვანილი იყოს გორის ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწევა ყველა ის საჭირო, დამატებითი ღონისძიებები, რომელიც ექიმების დანიშნულებიდან არის მიღებული როგორც რეკომენდაცია. მან დადო პირობა, რომ ამ ნიშნით ის შეწყვეტს შიმშილობას და შესაბამისად, ის კასკადი, რომელიც ჩვენ გვქონდა, შიმშილობების, მიღებული, ასევე, შეწყდება ქვეყანაში", — განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილ ორივე კონსილიუმის წევრ ექიმებს და განაცხადა, რომ მათი როლი მნიშვნელოვანი იყო. ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა სხვა ექიმებსაც, რომლებიც ჩართულები იყვნენ ექსპრეზიდენტის მკურნალობის პროცესში. მან თქვა, რომ ექიმებმა ამ პროცესში რთული გზა გაიარეს და ბულინგის მსხვერპლები გახდნენ. ჯანდაცვის მინისტრმა ყველას მოუწოდა გაეთვალისწინებინათ, რომ ექიმობა რთული პროფესიაა, ისინი პაციენტებს არ არჩევენ და გადაწყვეტილებებს მათ სასარგებლოდ იღებენ.

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდგომშიც, საზოგადოება და პოლიტიკოსები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ თავს ავარიდებთ ნებისმიერ საპროტესტო აქციებს და შევძლებთ დავიწყოთ კორექტული დიალოგი", — განაცხადა ტიკარაძემ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი მტკიცებით, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ჟურნალისტების კითხვას, როდის და როგორ გადაიყვანენ სააკაშვილს, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, როდესაც მის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ იგი თანახმაა, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოტყუებით გადაიყვანეს გამო "არსებობს უნდობლობა". სწორედ ამიტომ, მისი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის მოთხოვნაა, მისი გადაყვანის პროცესს ესწრებოდნენ მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და პარტიის წარმომადგენელი. გარდა ამისა, სააკაშვილს სურს, რომ სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის საკითხი ადვოკატ ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულთან შეთანხმებით მოხდეს.