საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ქვეყანას ევროპელი პოლიტიკოსების მრავალრიცხოვანი დელეგაცია ეწვევა. მისივე თქმით, ვიზიტის მიზანი ექსპრეზიდენტის მდგომარეობის მონიტორინგი და ხელისუფლებაზე სერიოზული წნეხის დაწყებაა, რათა ღიად განაცხადონ, რა არის მათი არჩევანი.

"უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და ამჯერად მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ევროპელი კოლეგების, რომლებსაც ექნებათ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მისია, რომ გააკონტროლონ და შეამოწმონ პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში და შეხვედრას კვლავ მოითხოვენ მასთან, მაგრამ არამხოლოდ. ამ ვიზიტის მისია, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება, იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე უკვე სერიოზული წნეხის დაწყება იმისთვის, რომ მათ ღიად განაცხადონ, რა არის არჩევანი ამ ხელისუფლების: მართლა შემობრუნება საბოლოოდ რუსეთის მიმართულებით; თუ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა — ევროატლანტიკური მომავალი", — განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციური პარტიები, დროა, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი — მეტი თავისუფლება და დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად არშეშვების გამო აკრიტიკებს. მათი განცხადებით, მთავრობამ საბოლოოდ ზურგი შეაქცია ევროპას.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდნენ. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად.

მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.