მაშინ, როცა ნინო სუხიშვილი და სხვანი ჯერ კიდევ ცდილობენ დაამტკიცონ, რომ "ქართულ ცეკვაში ჰომოსექსუალების ადგილი არ არის", სულ უფრო მეტი ალტერნატიული სივრცე და შესაძლებლობა ჩნდება სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მალვა მობეზრდათ, რადგან მათი ადგილი დღემდე ვერსად გამოინახა. ან თუნდაც მათთვის, ვისაც უბრალოდ მსგავსი მოსაზრებების მოსმენა ყელში ამოუვიდა, რადგან ეს "ჭეშმარიტებები" იმდენად გაცვდა, რომ ერთი და იმავეს გულისრევამდე გამეორებას დაემსგავსა, ამავდროულად კი ისეთ სამარცხვინო ზიზღად იქცა, რომ გასაოცარია, პირიდან მათი ამოშვების თავდაჯერება ბევრს ისევ როგორ შერჩა.

სანამ ქართული ეროვნული ბალეტის საკონცერტო დადგმები დღითიდღე სულ უფრო მეტად ემსგავსება ელიტარულ სანახაობას, ან საუკეთესო შემთხვევაში ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივების საშუალებას, ნელ-ნელა სულ უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს თვითგამოხატვის ახალი თუ ძველი, მაგრამ აქამდე ბევრისთვის უცნობი ფორმები — მათ შორის, ცეკვის სახით. ეს ის ფორმებია, რომლებიც ყველას აძლევს თანაბარ შესაძლებლობას, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში, რომ საკუთარი თავი უკეთ შეიცნოს და დაფარული აღმოაჩინოს. თანაც ამისთვის მაინცდამაინც საკონცერტო დარბაზში გამოსვლა აღარავის სჭირდება: თითქმის ყველას (ურბანულ დასახლებებში მაინც) შეუძლია, კლუბები, ბარები, სახლები და სოციალური ქსელები თავისთვის შესაფერის სცენად აქციოს.

თუ როგორ შეიძლება გახდეს ცეკვა ერთობის, მხარდაჭერის, სოლიდარობის, გაგების, თვითგამოხატვის, გართობისა და წინააღმდეგობის სიმბოლო, ამაში თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი სახეობის — Vogue-ს ისტორიის გაგება დაგვეხმარება.

ლეგენდარული მოცეკვავე უილი ნინჯა კლუბში ასრულებს ვოგის მოძრაობებს, 1988 წელი.

ფოტო: Getty Images

Vogue — ცეკვა და არა ჟურნალი

ვოგის ხსენებაზე, ალბათ, ყველას თვალწინ პირველი ის ცნობილი ჟურნალი წარმოუდგება, რომელიც უკვე ათწლეულებია, მთელ მსოფლიოს მოდის სიახლეებს აცნობს, სილამაზის სტანდარტებს ამკვიდრებს და გლამურული ფოტოსესიების გვერდით სხვადასხვა კულტურული საკითხის განხილვასაც ეჭიდება. ის, რომ არსებობს ამავე სახელწოდების თანამედროვე ცეკვის სახეობაც, სავარაუდოდ, ქართული აუდიტორიის დიდმა ნაწილმა არ იცის, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მას ჩვენს ადგილობრივ კულტურაში ფეხი ჯერ კიდევ არ მოუკიდია, ცალკეული სუბკულტურების გატაცებას თუ არ ჩავთვლით. რეალურად, არც რიგითი ქართველი იწყებს დილას ფინჯან ყავასთან ერთად ვოგის ახალი ნომრის კითხვით, მაგრამ ჟურნალის შესახებ მაინც ბევრს სმენია. რადგანაც ვოგი, როგორც ცეკვა, თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება, უპრიანია, რომ მის შესახებ უფრო სიღრმისეულად ქართველებმაც გავიგოთ. თანაც ვოგის ცეკვა რიგითი ადამიანების ყოფის ნაწილია და მათი ცხოვრების ცოცხალ ამბებს ინახავს, იმ ჟურნალისგან განსხვავებით, რომელიც მეტწილად დამთრგუნველი და მიუწვდომელი იდეალებით საკუთარ თავთან გაუცხოებისკენ უფრო გვიბიძგებს.

თითქოს, განმაცალკევებელი ზღვარი გავავლე ჟურნალ ვოგსა და ცეკვა ვოგს შორის, თუმცა, სინამდვილეში, ამ უკანასკნელის ფორმირებაში სწორედ იმ გავლენიანმა ჟურნალმა ითამაშა დიდი როლი. ცეკვის სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის: ამ საოცრად ექსპრესიულ ცეკვაში მოძრაობების, ასე ვთქვათ, შთაგონების წყარო სწორედ ვოგის მოდელების პოზიორობაა. როგორც მოდის ჟურნალში პრიალა ფურცლებზე მოსახვედრად ათასგვარ სამოსში გამოწყობილი მოდელები ცდილობენ ფოტოკამერების წინ სხვადასხვა მოძრაობით თავის წარმოჩენას, ისე ცდილობს ვოგის მოცეკვავეც ხელების სწრაფი, ფემინური და მოხდენილი მოძრაობებით გაპრანჭვას, ოღონდ ამ შემთხვევაში არა ფოტოკამერისთვის, არამედ ცოცხალი აუდიტორიისთვის.

ვოგის მუცეკვავე, ბრუკლინი, 1986 წელი.

ფოტო: JENNIE LIVINGSTON

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ვოგის მოცეკვავეები ფოტოსესიისთვის გაპრანჭული მოდელების პოზებს იმდენად ჰბაძავენ, რომ მათ ჰიპერბოლიზებულ ფორმებს ქმნიან, რითაც ერთდროულად ვიღებთ უფრო შთამბეჭდავ, ამავდროულად კი უფრო გროტესკულ შედეგს. ვოგის მოცეკვავე, ერთი მხრივ, თითქოს თავად იქცევა ვოგის ჟურნალის ყდაზე მოპოზიორე მოდელად, ამავდროულად კი თან დასცინის მას. ეს ირონია განსაკუთრებით იმაში იგრძნობა, რომ ვოგის მოცეკვავეები უმეტესად კაცები არიან, უფრო კონკრეტულად კი, გეი კაცები. მოდელის პოზიორობა ხომ კიდევ მკვეთრად ფემინურ ქცევად ითვლება, რაც თითქოს მხოლოდ ქალს უნდა ახასიათებდეს, ვოგის მოცეკვავეები კი ამ სტერეოტიპების დამამკვიდრებლებისა და გამავრცელებლების გულის გასახეთქად ათჯერ უფრო ფემინურად იქცევიან ხოლმე.

ამერიკელი ფილოსოფოსის ჯუდით ბატლერის ცნობილი თეორიის1 თანახმად, გენდერი პერფორმატიულია: ჩვენ კი არ ვართ ისეთი ქალები და კაცები, როგორიც გვჯერა, რომ დაბადებიდანვე ვართ, არამედ ასეთებად ჩვენი ყოველდღიური ქცევით გარდავიქმნებით. ჩვენ სოციალური როლებიდან შევარჩევთ ხოლმე (ან უფრო გვაიძულებენ, რომ ასე მოვიქცეთ) ერთ-ერთს და მასთან დაკავშირებული ნიშნებს დავისწავლეთ, რათა "ქალურად" და "კაცურად" მოვიქცეთ და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. აი, ვოგი კი ამ ზღვარს სრულად შლის და საუკეთესოდ გვაჩვენებს გენდერის პერფორმატიულობას: აქ არ არსებობს ის, რაც ქალისთვის შეიძლება და კაცისთვის არა ან კიდევ პირიქით.

ვოგმა მოდელის პოზებთან ერთად ასევე ბევრი რამ ისესხა ეგვიპტური იეროგლიფებისგან, იმ ანტიკური გამოსახულებებისგან, რომლებზეც ხელების სტატიკური მოძრაობებია აღბეჭდილი. დროთა განმავლობაში ვოგმა აითვისა ბალეტის, ჯაზის, გიმნასტიკისა და სხვა თანამედროვე ცეკვების ელემენტებიც, თუმცა მისი მთავარი შთაგონება სწორედ ვოგის მოდელები და ეგვიპტური იეროგლიფებია.

ფოტო: Getty Images

ვოგის საწყისები

ის, რომ ვოგის მსგავსი რევოლუციური მოძრაობები შესრულებულიყო, ამისთვის საჭირო იყო შესაფერისი გარემო. მართალია, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკაში ნელ-ნელა მოძლიერდა LGBTQ ადამიანების გაერთიანებები, თუმცა მათ შორისაც კი იჩინა თავი ისეთმა სისტემურმა პრობლემამ, როგორიც რასიზმია: ხშირად ჰომოფობიის გამო გარიყული სხვა თეთრკანიანი ამერიკელების გვერდითაც კი ვერ გრძნობდნენ თავს უსაფრთხოდ და თანასწორად შავკანიანი თუ ლათინურამერიკელი ჰომოსექსუალები. ამიტომაც იძულებულები გახდნენ, რომ დამოუკიდებელი სივრცეები შეექმნათ, სადაც მათი კანის ფერის ან წარმომავლობის გამო არავინ მოეპყრობოდა დამამცირებლად.

ასე ჩამოყალიბდა ბოლი (Ball) და შეიქმნა ბოლრუმები (Ballroom)2. ამბობენ, რომ ბოლრუმები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში არსებობდა. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში რომ ნამდვილად იმართებოდა ბოლები, ამას მოწმობს თუნდაც მწერალ ლენგსტონ ჰიუზის ავტობიოგრაფიაში3 შემონახული ისტორია, რომელშიც ის ნიუ-იორკში გამართულ ფერად წვეულებებს აღწერს, სადაც "კაცებს ქალებივით აცვიათ და ქალებს — კაცებივით". თუმცა იმ სახის გასართობი და ამავდროულად უმცირესობების შემაკავშირებელი სივრცეები თუ ღონისძიებები, რომლებიც ვოგს უკავშირდება, ძირითადად უფრო 1960-70 წლებიდან იღებს სათავეს.

იმ ბარებსა თუ კლუბებში, სადაც ქვიარები იყრიდნენ თავს და დრეგ ქუინები შოუებს მართავდნენ, პოლიცია რეიდებს აწყობდა და იქ შეკრებილ ადამიანებს ჰომოსექსუალური ურთიერთობების გამო აპატიმრებდნენ, ამავდროულად კი არც ფიზიკურ ძალადობას ერიდებოდნენ.

ფოტო: Getty Images

ჩვეულებრივი სამეჯლისო წვეულებებისგან განსხვავებით, ბოლი არა ელიტარული საზოგადოების წევრი თეთრკანიანი ქალებისა და კაცების მდიდრული თავშესაქცევი იყო, არამედ უკიდურესად ღარიბი შავკანიანი თუ ლათინურამერიკელი ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების თავშესაფარი, სადაც გაურბოდნენ, დროებით ივიწყებდნენ იმ ეკონომიკურ უთანასწორობას, ჰომოფობიასა და რასიზმს, რომელსაც სხვაგან ყველგან — ოჯახში, სამსახურში, განათლების სისტემასა თუ ქუჩებში — ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეჩეხებოდნენ. ბოლრუმებში წესისამებრ ეწყობოდა სხვადასხვა სახის შეჯიბრები, იქნება ეს ცეკვა (ცხადია, ვოგი), სიმღერისთვის ტუჩების სინქრონულად აყოლა თუ მოდური სამოსის ჩვენება, და საუკეთესოები სიმბოლური პრიზებით ჯილდოვდებოდნენ. დროთა განმავლობაში ბოლრუმებში ინდივიდუალური ასპარეზობა "ოჯახის" (House) ფენომენმა ჩაანაცვლა და ბოლში მონაწილეობამ უფრო კოლექტიური სახე მიიღო.

ბოლრუმში ოჯახის ფენომენის გაჩენას აფროამერიკელ ტრანსგენდერ ქალს კრისტალ ლაბეიჟას უკავშირებენ, რომელმაც დახმარების ხელი გაუწოდა ქუჩაში აღმოჩენილ იმ შავკანიან და ლათინურამერიკელ გეებსა და ტრანსგენდერებს, რომლებიც მთელმა ამერიკულმა საზოგადოებამ, მათ შორის თეთრკანიანი ქვიარ ადამიანების დიდმა ნაწილმაც კი, გარიყა. ერთი მხრივ, ეს ოჯახები იმისთვის შეიქმნა, რომ ბოლრუმებში გუნდურად მიეღოთ მონაწილეობა და საუკეთესოდ წარმოეჩინათ თავი შეჯიბრის სხვადასხვა კატეგორიაში, თუმცა ამავდროულად მან სხვა უფრო დიდი მნიშვნელობაც შეიძინა — ამ ოჯახებმა ბიოლოგიური ოჯახები ჩაანაცვლეს, არჩეული ოჯახები გახდნენ. რადგანაც ხშირ შემთხვევაში მათზე ბიოლოგიურმა მშობლებმა უარი თქვეს და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო სახლებიდან გამოაგდეს, არჩეული ოჯახი ერთადერთ უსაფრთხო გარემოდ იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მათი რასის, გენდერის და/ან სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნებოდნენ: მათ სახლები არ ჰქონდათ, ქუჩაში კი ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ.

ამერიკელი მოდელი ოქტავია ლორენი ბოლზე 1988 წელს.

ფოტო: CATHERINE MCGANN/GETTY IMAGES.

ბოლში მონაწილეობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუ რომელ ოჯახს წარმოადგენ, რადგან არჩეული ოჯახი მისი თითოეული წევრისთვის ყველაფერია: სწორედ ეს ოჯახი გიდგას უპირობოდ გვერდით, მიუხედავად იმისა, თუ რომელ საფეხურზე ხარ პატრიარქალური-კაპიტალისტური-თეთრკანიანი საზოგადოების სასურველი მოქალაქის წარმოსახვით სკალაზე. როცა ბოლრუმში ვოგს ცეკვავ, ამ დროს არა მარტო შენი ოჯახის წევრები, არამედ ყველანი, ვინც ირგვლივ გახვევია, მხარს გიჭერენ და გამხნევებენ — როცა სხვა ყველგან საკუთარი თავის დამალვა გიწევს, ასეთი დროს ვოგი უბრალოდ ცეკვა, გართობის საშუალება კი არაა, არამედ საკუთარ თავში ჩახშობილი ემოციების გარეთ გამოშვების გზაა, რომელსაც შენს მოძრაობებთან ერთად სხვებიც შეიგრძნობენ, რადგან ყველას ტანჯავს გარიყულობის საერთო ტკივილი.

პარიზი დაიწვა და ვოგი დაიბადა

უკვე ვცადე, მეტ-ნაკლებად მიახლოებული მონახაზი შემექმნა იმისა, თუ რა არის ვოგი და ასევე ის წინაპირობებიც აღმეწერა, რომლებმაც ხელი შეუწყო ცეკვის ამ სახეობის განვითარებას. თუმცა ჩემი მცდელობებით ოდნავადაც ვერ მივუახლოვდები 1990 წელს გამოსული ფილმის Paris is Burning (პარიზი იწვის) მემკვიდრეობას, რომელშიც იდეალურადაა გაერთიანებული როგორც ვოგის არსი, ისე ბოლის კულტურის ესთეტიკა და 1980-იანების მიწურულის ნიუ-იორკში ჩაგრული ქვიარების ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ოცდაათ წელზე მეტი გავიდა ამ დოკუმენტური ფილმის გადაღებიდან, ის მაინც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ავთენტურ და წარმატებულ ნიმუშად ითვლება, რომელმაც ფართო საზოგადოებისთვის ხილული გახადა ლამის პირდაპირი მნიშვნელობით მიწისქვეშეთში მცხოვრები ადამიანების ყოფიერება.

ჯენი ლივინგსტონის ამ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში ახლოდან ვეცნობით იმ ჰომოსექსუალ, ტრანსგენდერ და/ან დრეგ ქუინ აფროამერიკელებსა თუ ლათინურამერიკელებს, რომლებმაც ჯერ ნიუ-იორკში შეცვალეს სამუდამოდ ქვიარ კულტურა, შემდეგ კი მათი ლეგენდარული ისტორიების შთაგონებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა თვითგამოხატვის ახალი ფორმები. მაგალითად, ფილმის ერთ-ერთი მონაწილეა პერიზ დაპრი, რომელიც, მრავალი გადმოცემის თანახმად, ცეკვა ვოგის პირველი გამომგონებელია: ამბობენ, რომ სწორედ მან დაიწყო კონკრეტულად მოდელების პოზების მიბაძვა, როცა ერთხელ კლუბში ჩანთიდან ვოგის ჟურნალი ამოაძვრინა და ფურცლებზე გამოსახული მოდელების იმიტაციით ცეკვა დაიწყო. მოგვიანებით ეს წამოწყება კიდევ უფრო განავრცო და დახვეწა პროფესიონალმა ქორეოგრაფმა უილი ნინჯამ, რომელიც ასევე ფილმის პარიზი იწვის საკვანძო ფიგურაა.

უილი ნინჯა, კადრი ფილმიდან Paris is Burning.

ფოტო: Prestige Pictures

მნიშვნელოვანია, რომ ფილმში უილი ნინჯა ცეკვა ვოგის შექმნის საფუძვლებზეც საუბრობს: იმის ნაცვლად, რომ უკმაყოფილების, დაპირისპირების ან კამათისას ქუჩაში ეჩხუბათ (როგორც პატრიარქალურ სამყაროშია მიღებული ფიზიკური ანგარიშსწორება), ვოგის მოცეკვავეები სცენაზე მართავდნენ "ორთაბრძოლას" ფიზიკური შეხების გარეშე და ვინც საუკეთესოდ იცეკვებდა, სწორედ ის იყო გამარჯვებულიც.

მადონა — ვოგის ქურდი თუ მისი აღმომჩენი?

იმავე წელს, როცა ფილმი პარიზი იწვის გამოვიდა, წარმატების ზენიტში მყოფმა პოპვარსკვლავმა მადონამ ასევე გამოუშვა ახალი სიმღერა, სახელწოდებით Vogue. მალევე, 1990 წელს, ამ სიმღერაზე ჯერ მხოლოდ დამწყებმა რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა ვიდეოკლიპიც გადაიღო, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ნამუშევრად ითვლება პოპსამყაროში. სიმღერა ათეულობით ქვეყნის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა და დღემდე მადონას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ჩანაწერად ითვლება. როგორც მისი სახელწოდება გეუბნებათ, ეს მსოფლიო ჰიტი სწორედ ცეკვა ვოგის შთაგონებით შეიქმნა, რითაც იქამდე გარიყული, მარგინალიზებული სუბკულტურა საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა და მეინსტრიმში გადინება დაიწყო.

როგორც ჟურნალი Vogue წერს, მადონამ პირველად 1990 წელს ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ-კლუბში შენიშნა მისთვის მაშინ ჯერ კიდევ უცნობი და უცნაური ცეკვის მოძრაობები და იმდენად დაინტერესდა ვოგით, რომ მისი შესწავლა გადაწყვიტა: მაშინდელი ბოლრუმების ცნობილ მოცეკვავეს ხოსე გუტიერეზს შესთავაზა, რომ მისთვის ეს ცეკვა უკეთ გაეცნო. მოგვიანებით მადონას ვიდეოკლიპის Vogue ქორეოგრაფიც ხოსე გახდა და შემდგომში მომღერლის კონცერტების მსოფლიო ტურნეს დაგეგმვაშიც მიიღო მონაწილეობა.

ფოტო: Giphy

არა მარტო ამერიკული, არამედ საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა სწორედ მადონას სიმღერიდან/ვიდეოკლიპიდან გაიგო ვოგის, როგორც ცეკვის, შესახებ და მისი გავლენა ამდენი ათწლეულის შემდეგაც კი იგრძნობა. ამის მიუხედავად, ბევრმა მომღერალი გააკრიტიკა და ჩაგრული ჯგუფის კულტურული ელემენტების მითვისებაშიც კი დაადანაშაულა: შემდგომში უმრავლესობამ ვოგი მხოლოდ მადონას დაუკავშირა ისე, რომ არ ითვალისწინებდა, თუ საიდან იწყებოდა ამ ცეკვის ფესვები და ვინ იყვნენ რეალურად მისი შემოქმედნი. მადონამ ვოგი უბრალოდ უფრო ბევრ ადამიანს გააცნო, რადგან მიწისქვეშა კლუბებში მოცეკვავე გეი და ტრანსგენდერი არათეთრკანიანებისგან განსხვავებით, მას, როგორც გავლენიან თეთრკანიან ქალს, უფრო მეტი შესაძლებლობა და პრივილეგია ჰქონდა, რომ ფართო მასებისთვის მიეწვდინა ხმა.

თუმცა, ფაქტია, რომ მადონას ეს სიმღერა სექსუალური ორიენტაციით თუ გენდერული ნიშნით ჩაგრული ჯგუფების ერთ-ერთ საყვარელ ჰიმნად მაინც იქცა და დღესაც ხშირად შეხვდებით მრავალ გეის, ლესბოსელს, ბისექსუალსა თუ ტრანსგენდერს, რომლებიც მოდელებივით პოზიორობენ და Vogue-ს თანხლებით ცეკვავენ:

მნიშვნელობა არ აქვს, შავი ხარ თუ თეთრი,
ან გოგო თუ ბიჭი,
თუ მუსიკა ჩქეფს, ხელახლა დაიბადები,
შენ ხომ სუპერვარსკვლავი ხარ,
კი, ეგრეა, თავადაც იცი.

როგორ იქცა ვოგი პოპკულტურად

როგორც უკვე ითქვა, მადონა იყო ის პრომეთე, რომელმაც ღმერთებს ვოგის მოძრაობები მოჰპარა და სხვებს გაუზიარა. თუმცა 1990 წლის შედეგ კიდევ არაერთი წელი დასჭირდა იმას, რომ ცეკვის ეს ფორმა ვიწრო ჯგუფების გარდა სხვების განსაკუთრებული ყურადღების ღირსი გამხდარიყო. ამ მხრივ უდიდესი როლი ითამაშა 2009 წელს გამოსულმა ამერიკულმა სატელევიზიო შოუმ RuPaul’s Drag Race, რომელმაც დრეგ ქუინები მთელ მსოფლიოს გააცნო. დრეგ ქუინები უმეტესად გეი კაცები ან ტრანსგენდერი ქალები არიან, რომლებიც იუმორის, მოდისა და ცეკვის საშუალებით გენდერული გამოხატვის კომიკურ, გაზვიადებულ და ექსტრავაგანტურ ფორმებს წარმოგვიდგენენ და ამით მთლიანად ანგრევენ ჩვენს წარმოდგენებსა სქესსა და გენდერზე. დრეგი გართობის საშუალებასთან ერთად პოლიტიკური მნიშვნელობის აქტიცაა, რომელიც მასკულინურობისა და ფემინურობის პერფორმატიულობას საუკეთესოდ გვაჩვენებს. რამდენადაც დაახლოებით იგივე ზემოთ უკვე ითქვა ვოგზეც, ცხადია, ცეკვის ეს ფორმა დრეგ ქუინების ხელოვნების განუყოფელი ნაწილიცაა. RuPaul’s Drag Race-მა შეძლო და უკვე წლებია, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუს ტიტულს ამაყად ინარჩუნებს, რამაც ინტერნეტისა და სოციალური მედიის ეპოქაში ყველაფერი პოპულარული გახადა, რაც კი დრეგ ქუინებს უკავშირდება. მათ შორის, ვოგიც.

RuPaul’s Drag Race საერთაშორისო მოვლენად იქცა და უკვე არსებობს მისი ანალოგები დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, კანადასა და ახალ ზელანდიაში.

ფოტო: Murdo MacLeod, Perou/The Guardian

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატელევიზიო მოვლენა, რომელმაც უამრავი ადამიანის ყურადღება მიმართა ვოგის, ბოლრუმის ფენომენისა და ამერიკული ქვიარ ისტორიისკენ, სერიალი Pose-ია (პოზა). რაიან მერფის 2018 წელს გამოსული ეს გახმაურებული სერიალი უკვე ხსენებული დოკუმენტური ფილმის პარიზი იწვის გავლენით შეიქმნა და ამჯერად თანამედროვე მაყურებლის მზერა მიაპყრო 1980-90-იანების ნიუ-იორკში მცხოვრები აფროამერიკელი და ლათინურამერიკელი LGBTQ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ სერიალის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა, ალბათ, ისაა, რომ კარგად გვაჩვენებს, თუ რა კოშმარი ტრიალებდა იმ წლებში, როცა შიდსის ეპიდემია მძვინვარებდა: გარდა იმისა, რომ ქვიარ ადამიანები ჰომოფობიის, სექსიზმის, რასიზმისა თუ ეკონომიკური უთანასწორობის მსხვერპლები იყვნენ, მათ უბრალოდ სიცოცხლისთვის გაშმაგებით ბრძოლაც უწევდათ. მეტიც, მათ დამატებით კიდევ ერთი დამამცირებელი დაღი დაასვეს, რადგან აივ-ინფექცია / შიდსი "გეი დაავადებად" მონათლეს, რისი კვალიც ბოლომდე დღესაც არ გამქრალა. სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებით ძვირფასი ხდებოდა ის სივრცეები (ბოლრუმი), სადაც ყველასგან გარიყულებს შეეძლოთ, ვოგი დაუღალავად ეცეკვათ და თუნდაც ცოტა ხნით დაევიწყებინათ, თუ როგორ სასტიკ რეალობაში ცხოვრობდნენ.

სერიალი Pose მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში მთავარ როლებს აფროამერიკელი და ლათინურამერიკელი გეი და ტრანსგენდერი მსახიობები ასრულებენ.

ფოტო: BBC/FX/Pari Dukovic

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ვოგი დღეს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება: ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც რიანა, ბიონსე თუ არიანა გრანდე არიან, კონცერტებზე, ვიდეოკლიპებსა თუ სხვადასხვა შოუში ხშირად იყენებენ ვოგისთვის დამახასიათებელ მოძრაობებს. თუმცა ამ გამოქვაბულიდან სინათლეზე გამოსვლის პროცესს მაინც დაჰკრავს ის ირონიულობა, რაც ვოგისთვის არსებითია ხოლმე: ბოლრუმში ოჯახის სახელწოდებას ხშირად ცნობილი მოდის სახლების მიხედვით არჩევდნენ და მისი თითოეული წევრიც არჩეულ გვარად ამ დაბოლოებას იღებდა, მაგალითად, Asia Balenciaga, Tamiyah Mugler და Cesar Valentino. ეს ცნობილი ბრენდები მათთვის ხელმიუწვდომელი იყო (და ბევრისთვის დღემდე ასეა), თუმცა მათი ბრწყინვალების გაზიარებას სიმბოლურად მხოლოდ ასე ახერხებდნენ. მეტიც: მათი მოდის ძვირადღირებული კოლექციებისა თუ სხვა კაშკაშა ვარსკვლავების ჩაცმულობის მიბაძვით, ოღონდ გაცილებით შეზღუდული რესურსითა და იაფფასიანი მატერიით ცდილობდნენ, ელეგანტური სამოსი შეექმნათ. დღეს კი ადგილები შეიცვალა: მუსიკა, კინო, ტელევიზია, მოდა და ზოგადად ხელოვნება თითქოს ახლა უკვე პირიქით ჰბაძავს მათ, ვინც ერთ დროს ამ მდიდრული, დიადი და გავლენიანი სფეროების ავანგარდისთვის სრულიად შეუმჩნეველნი იყვნენ4.

ქართველი ქვიარების ცეკვა

ვოგი ამერიკული საზოგადოების დაბალი სოციალური ფენის ეთნიკურად, რასობრივად თუ გენდერულად მრავალფეროვან წიაღში დაიბადა და მოგვიანებით პოპკულტურის საშუალებით გლობალურად გავრცელდა. თუმცა რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? როგორც უკვე შესავალშივე ვახსენე, პატრიარქალური ნაციონალისტური განწყობები დღემდე ჯერ კიდევ ისეთი ძლიერია ჩვენს ქვეყანაში, რომ ბევრი ტრადიციულ ქართულ ცეკვაში ჰომოსექსუალი სხეულების არსებობის ალბათობასაც კი არ უშვებს. თუმცა ვოგმა მაინც თუ მოიკიდა ფეხი საქართველოში? ან ალტერნატიული სივრცეები თუ გაჩნდა, სადაც ქვიარები ბოლრუმების მსგავსად თავს აფარებენ და ბედავენ, "კაცისთვის შეუფერებლად" იცეკვონ? ამასთან დაკავშირებით თავისი გამოცდილება და დამოკიდებულებები ხელოვნების ისტორიკოსმა და ვიზუალურმა არტისტმა დავით აფაქიძემ გაგვიზიარა.

"ახალი ქართული ქვიარ სივრცეების ისტორია "ჰორუმ ღამეებით" დაიწყო [კლუბ ბასიანში]. პირველივე "ივენთზე" რომ მოვხვდი, მივხვდი, რომ ეს ის ადგილი იყო, რომელშიც თავს სულ კარგად ვიგრძნობდი. პირველი ოთხი ჰორუმი ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მართლა ხდებოდა, თან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ცოტა ხანში "საქსეს ბარიც" განახლდა და ისიც გახდა ქვიარ "სფოთი" თბილისში. მანდაც გახსნის დღიდან თავი ისე ვიგრძენი, როგორც სახლში და მგონი, ყველა ქვიარმა ჩემ ირგვლივ", — ამბობს დავით აფაქიძე ქართველი ქვიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ სივრცეებზე საუბრისას.

მისი თქმით, ამ სივრცეებს მხოლოდ გასართობი ან ერთმანეთის გასაცნობი დატვირთვა არ აქვს და იქ შეკრებილი ადამიანები რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ერთობის სიმბოლოდ იქცევიან ხოლმე. დავითი ასეთ ერთობაში ცეკვის, როგორც თვითგამოხატვის საშუალების, მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს:

"ქართულ ქვიარ სივრცეებში ცეკვა ნამდვილად დიდ როლს თამაშობს. ბოლოს და ბოლოს, ყველაზე მასშტაბურ ქვიარ ღამეებს ქართული ცეკვის სახელი ჰქვია [ჰორუმი]. ცეკვა მართლა ის ჯადოსნური ჯოხია, რომელიც ქართულ საცეკვაო მოედანზე სასწაულებს ახდენს და ისეთ ხალხს აერთიანებს, რომელიც მის გარეთ ხშირად საერთოდ არ იკვეთება. როგორც ვიცით, ცეკვა ქართული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩემი აზრით, ხალხურმა დღესასწაულმა, რომელიც სოციალურ საზღვრებს შლიდა და სიურრეალისტურ თანასწორობის სივრცეს ქმნიდა, სადაც ადამიანი თავის ბუნებას ბოლომდე ავლენდა, სწორედ კლუბების საცეკვაო მოედნებზე გადაინაცვლა, სადაც ისევ ცეკვით გამოხატავენ ქართველები თავის თავს".

"გედების ტბა", Lucrezia and Lady D. თბილისი, ბარი "საქსესი", 2019 წელი.

ფოტო: k.o.i.

დავითი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოშიც იყო მცდელობა, ბოლრუმის კულტურა დამკვიდრებულიყო, თუმცა, მისივე შეფასებით, ამან დიდად არ გაამართლა, ხოლო ვოგმა პოპულარობა ვერ მოიპოვა.

"ვოგს რაც შეეხება, ის არაა პოპულარული ქართულ "ქვიარ სცენაზე" და ჩემი აზრით, ეს კარგის ნიშანია. ვოგი კონკრეტულ კულტურულ კონტექსტში გაჩნდა და ზოგადად ვოგინგს და ბოლრუმების კულტურას ძალიან სპეციფიკური კონტექსტი ჰქონდა. იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლრუმების კულტურა შექმნეს, ქართველი ქვიარებისაგან განსხვავებული გამოწვევები ჰქონდათ, ისინი არა მარტო გენდერული თუ სექსუალური ნიშნით იყვნენ ჩაგრულები, არამედ რასიზმის მსხვერპლებიც იყვნენ. ის, რაც ამ ადამიანებმა შექმნეს, ჩემი აზრით, საოცარი მაგალითია იმისა, თუ რის გაკეთება შეუძლიათ ქვიარ ადამიანებს, როდესაც ისინი ოჯახივით ერთიანდებიან", — ამბობს დავითი.

პროფესიით ხელოვნების ისტორიკოსი დავით აფაქიძის აზრით, "თანამედროვე ქართული კულტურა ძლიერ კრიზისშია, მას იდენტობის პრობლემები აქვს, ქვიარ კულტურა კი ჩვენს საზოგადოებაში თითქმის ერთადერთი სივრცეა, რომელიც ახალ ფასეულობებს ბადებს, ოღონდ ისე, რომ ავთენტურობას არ კარგავს". ამ რწმენით დავითი უკვე ერთი წელია, ქვიარ არტ პლატფომა Fungus-ის ნაწილია და ამბიციური გეგმებით ქვიარ ხელოვნების პოპულარიზაცია სურს.

მართალია, ვოგის ისტორიის მიმოხილვის შემდეგ ამ სტატიის ბოლოს მკითხველთან ერთად ქართულ ქვიარ გამოცდილებაზე მსურდა მეტის გაგება, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ხდება ხოლმე, ამჯერადაც მხოლოდ დედაქალაქში, თბილისში არსებული სივრცეებისა და შესაძლებლობების ზედაპირულ შეფასებას თუ შევძლებთ იმ დიდი სიცარიელის გათვალისწინებით, რომ პერიფერიებში მცხოვრები ქვიარების ხმა თითქმის საერთოდ არ გვესმის.


1 ამ თეორიაზე ამერიკელი ფილოსოფოსი ჯუდით ბატლერი საუბრობს 1990 წელს გამოქვეყნებულ წიგნში Gender Trouble: Feminism and the Subversion of Identity (გენდერზე შფოთვა: ფემინიზმი და იდენტობის სუბვერსია).

2 ინგლისურიდან სიტყვა "Ballroom" სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც საცეკვაო დარბაზი, ხოლო "Ball" არის ბალი, მეჯლისი. თუმცა რადგანაც ამ ტერმინს კონკრეტული კულტურული ფენომენის აღმნიშვნელი სპეციფიკური მნიშვნელობა აქვს, მას პირდაპირ, უთარგმნელად იყენებენ — ბოლრუმი და ბოლი და ამ სტატიაშიც სწორედ ამ გზას მივმართავ.

3 ამერიკელი მწერალი და აქტივისტი ლენგსტონ ჰიუზი 1920-იანი წლების ნიუ-იორკში, კონკრეტულად კი ჰარლემში გამართულ ბოლებსა და დრეგპერფორმანსებზე 1940 წელს გამოქვეყნებულ ავტობიოგრაფიაში The Big Sea (დიდი ზღვა) მოგვითხრობს.

4 დაახლოებით იმავე აზრს ავითარებს ჟურნალისტი კენია ჰანტი The Guardian-ში 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში და ალბათ, მასვე დავესესხე ამ მიგნებას.