FDA-მ აივ ინფექციის პრევენციის პრეპარატი დაამტკიცა

ფოტო: NBC
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) აივ ინფექციის პრევენციის ახალი, მაღალეფექტური მედიკამენტი დაამტკიცა. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა აივ ინფექციის გავრცელება თითქმის სრულად აღმოფხვრა იმ ადამიანებში, რომლებსაც ინიექცია ყოველ ექვს თვეში ერთხელ უკეთდებოდათ.
Yeztugo-ს სახელით ცნობილი მაღალეფექტური პრეპარატი აივ ინფექციის პრევენციის მხრივ დიდ იმედებს აჩენს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მედიკამენტი შეერთებულ შტატებში აივ ინფექციის გადაცემის პროცესს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
"ეს აივ ინფექციის პრევენციის 44-წლიანი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო შესაძლებლობაა", — განაცხადა მიტჩელ უორენმა, აივ ინფექციის არაკომერციული ჯგუფის AVAC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ექსპერტების თქმით, Yeztugo (გენერიული სახელწოდება ლენაკაპავირი), რომელსაც კლინიკებში ჯანდაცვის მუშაკები იყენებენ, მნიშვნელოვნად უფრო ეფექტიანია, ვიდრე არსებული პერორალური აივ ინფექციის პრევენციის პრეპარატები. ამან აივ ინფექციის მაღალი რისკის მქონე ადამიანებისთვის ყოველდღიური აბების მიღების საჭიროება უნდა ჩაანაცვლოს.
ექსპერტებმა ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ პრეპარატს შეუძლია "ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს აივ ეპიდემია".
პრეპარატი ფართომასშტაბიან კლინიკურ კვლევებში მიღწეული გასაოცარი შედეგების შემდეგ დაამტკიცეს. კვლევებში აივ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩნენ და ექვს თვეში ერთხელ ლენაკაპავირის ინიექციებს ან ყოველდღიურად Truvada-ს (წინასწარი ექსპოზიციური პროფილაქტიკის აბი) იღებდნენ. შედეგად, დაავადების გავრცელების 90%-ით ნაკლები მაჩვენებელი დაფიქსირდა იმ ადამიანებში, რომლებიც Yeztugo-ს იღებდნენ.
მეტიც, სუბსაჰარის აფრიკაში ქალებში ჩატარებულ მსგავს კვლევაში, Yeztugo-ს მიმღებ არცერთ პირს აივ ინფიცირება არ დაუდგინდა.
ახალი ვაქცინა ანტირეტროვირუსული პრეპარატების კლასის პირველი ინიექციაა, რომელიც აივ ინფექციით დაინფიცირებისა და მისი სამიზნე იმუნურ უჯრედებში ახალი ასლების წარმოქმნის ბლოკირებას ახდენს. ლენაკაპავირი პირველად 2022 წელს დაამტკიცეს, ბრენდის სახელწოდებით Sunleca. მაშინ ის ვირუსის წამლის მიმართ მაღალი რეზისტენტობის მქონე შტამების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. მისი მიღება საჭირო იყო სხვა მედიკამენტებთან ერთად.
მედიკამენტის ყველა ფორმა ერთნაირად მოქმედებს: თუ აივ ინფექციის ზემოქმედების დროს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით პრეპარატია, ის ძალიან ეფექტიანია ვირუსის გავრცელების მიმართ. ლენაკაპავირს იმდენად ხანგრძლივი მოქმედება აქვს, რომ შედეგის მისაღებად მისი ინიექცია წელიწადში მხოლოდ ორჯერ არის საჭირო.

ფოტო: Gilead Sciences
მეორე მხრივ, არის დაბრკოლება და ეს მედიკამენტის ღირებულებაა. ამ ეტაპზე თითო ინიექციის გაკეთება საკმაოდ ძვირი ჯდება. მკვლევრების თქმით, ისინი ამ პრობლემის აღმოსაფხვრელადაც მუშაობენ.
კომენტარები