დრეგ ქუინების ისტორია: შექსპირიდან პოპ-სამყარომდე
დრეგი ერთგვარი ხელოვნებაა, რომლის მიმდევრებიც საპირისპირო სქესის გენდერულ როლებს სასცენოდ ირგებენ და თეატრალურ წარმოდგენებს დგამენ. არსებობენ დრეგ ქინგები (Drag Kings) - ქალები, რომლებიც კაცებს განასახიერებენ, და დრეგ ქუინები (Drag Queens) - კაცები, რომლებიც ქალურობის პერფორმატიულ სახეს გვათავაზობენ. ეს უკანასკნელნი განსაკუთრებით პოპულარულები არიან: დრეგ ქუინები სხვადასხვა გენდერულ, ხშირად გადაჭარბებულად ფემინურ როლებს ირგებენ და საუცხოო სანახაობას გვთავაზობენ. მათი წარმოდგენები, ძირითადად, პოლიტიკური ან გასართობი ხასიათისაა, რისთვისაც მკვეთრ მაკიაჟსა და ექსტრავაგანტულ ჩაცმულობას იყენებენ, რათა გაზვიადებულად წარმოაჩინონ ტრაგიკული, კომიკური თუ დრამატული განწყობები.
დრეგი ხელოვნებაა, რომელსაც არა მარტო მისთვის დამახასიათებელი მაკიაჟისა და კოსტიუმების სტილი, არამედ უნიკალური სლენგი და გამომსახველობითი ფორმებიც კი აქვს.
აკადემიურ წრეებში სოციოლოგები თუ კულტურის მკვლევარები დრეგის ხელოვნებას არა უბრალოდ გართობის საშუალებად, არამედ პოლიტიკურ განაცხადადაც აღიქვამენ: დრეგ ქუინები სხვადასხვა გენდერული როლის თამაშით, გაზვიადებული ფორმებისა და რადიკალური გამოხატულებების ჩვენებით დასცინიან და უპირისპირდებიან ჰეტერონორმატიულობასა თუ გენდერულ წესრიგს. ისინი თავდაყირა აყენებენ იმ სოციალურ ნორმებს, რომლებიც გვკარნახობენ, თუ რა არის ქალობა და კაცობა და რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ მათ. დრეგ ქუინები, ერთი შეხედვით არასერიოზული ფორმებით, რეალურად შლიან ზღვარს იმ დაწესებულ პრინციპებს შორის, რომლებიც მიგვითითებს, რა არის მისაღები და რა მიუღებელი.
დრეგ ქუინებს ხშირად მხოლოდ გეი კაცებთან აკავშირებენ, თუმცა დრეგის კულტურა თავის თავში არ გამორიცხავს ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ადამიანების ჩართულობას.
დღეს ხელოვნების ამ მიმდინარეობას ყველაზე უკეთ სატელევიზო გადაცემა RuPaul’s Drag Race-დან იცნობენ. მაგრამ, რაც უნდა გასაოცარი იყოს, ამ ერთი შეხედვით თანამედროვებისთვის დამახასიათებელ გამოხატვის ფორმას, დიდი ხნის ისტორია აქვს.
უძველესი ცივილიზაციებიდან შექსპირის ეპოქამდე
გაგიკვირდებათ და, დრეგის წარმოშობას რელიგიათა სათავეებამდე მივყავართ: რადგანაც სხვადასხვა რელიგიური სწავლების მიხედვით ქალებს წმინდა რიტუალებში მონაწილეობა ეკრძალებოდათ, ხშირად სწორედ კაცებს უწევდათ ქალის როლის განსახიერება. ამის დამადასტურებელი ფაქტები დღემდე შემორჩენილია აცტეკების, ინკებისა თუ ეგვიპტის უძველესი ცივილიზაციების არტეფაქტებში.
დრეგ შოუები დღეს ერთგვარ თეატრალურ დადგმებს წარმოადგენს, შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ მას თეატრის ადრინდელ ფორმებშიც ვხვდებით: იაპონურ თუ ბერძულ კულტურაში ქალებს სპექტაკლში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ, რის გამოც ქალი პერსონაჟების როლებს კაცი მსახიობები ირგებდნენ. ასე ხდებოდა შექსპირის ეპოქაშიც: მეჩვიდმეტე საუკუნეში, როცა შექსპირი გლობუსის თეატრში მოღვაწეობდა, რელიგიური დოგმების გამო ქალებს კვლავ არ ჰქონდათ უფლება სპექტაკლებში ეთამაშათ, ამიტომაც მათ როლებსაც კაცები ასრულებდნენ. დიახ, როგორც რომეოსა თუ ჰამლეტს, ისე ჯულიეტასა და ოფელიასაც კაცები განასახიერებდნენ.
როგორც ვარაუდობენ, სიტყვა დრეგის ეტიმოლოგიაც ამ პერიოდიდან მოდის: ალბათ მსახიობ კაცებს განსაკუთრებით უჭირდათ სცენაზე თამაშის დროს ქალის გრძელი კაბების თრევა (ინგლისურად Drag სწორედ თრევას ნიშნავს). თუმცა თანამედროვე დასავლურ კულტურაში ტერმინს მნიშვნელობა შეეცვალა და უკვე გოგოსავით ჩაცმულის აკრონიმად გამოიყენება (Dressed Resembling A Girl). ამის გავლენით კი საპირისპირო ტერმინი, დრები (Dressed As A Boy), ანუ ბიჭივით ჩაცმულიც გაჩნდა.
XX საუკუნე - დრეგ კულტურის ჩამოყალიბება
მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში განსაკუთრებით პოპულარული იყო თეატრალური ჟანრი ვოდევილი, რომელიც ცეკვისა და მუსიკის თანხლებით, ძირითადად, მაღალზნეობრივი ნორმებისგან დაცლილ, კომიკურ და პაროდიულ სიუჟეტებს აცოცხლებდა. ამ ჟანრში განსაკუთრებით აქტიურად მიმართავდნენ ქროს-დრესინგს - საპირისპირო სქესის ჩაცმულობის მორგებას, რამაც დრეგ ქუინებს შესაძლებლობა მისცა, არა მარტო თეატრის სცენაზე, არამედ დამოუკიდებლად, განსხვავებულ სივრცეებშიც გაემართათ წარმოდგენები.
1930-იანი წლების ამერიკაში, მშრალი კანონის მიღებისა და ეკონომიკური სიდუხჭირის პერიოდში, გეი კაცები, რომელთაც თავიანთი სექსუალური იდენტობის გამო ჰეტეროსექუსალებზე მეტად უძნელდებოდათ სამსახურის პოვნა, თავს ხშირად ბარებს აფარებდნენ, სადაც დრეგ შოუები იმართებოდა. სწორედ აქედან დაუკავშირდა დრეგი თეატრის მსახიობი კაცების ნაცვლად გეი სამყაროს.
მართალია, ამ პერიოდში დრეგ ქუინებს შეზღუდულად, თუმცა მაინც ჰქონდათ ის სივრცეები, სადაც შეეძლოთ, საკუთარი თავი ბოლომდე გამოეხატათ, მაგრამ პარალელურად სექსუალური თუ გენდერული ნიშნით განსხვავებული ადამიანების მიმართ სიძულვილი და აგრესია მატულობდა. მათ ხშირად კანონის ძალითაც კი ეზღუდებოდათ გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის მიერ მოწყობილი რეიდებისა თუ დარბევების გამო მიწისქვეშეთში გადაინაცვლეს, სადაც ანდერგრაუნდ სუბკულტურა ჩამოაყალიბეს.
LBTQ+ ადამიანების მიმართ რეპრესიულმა პოლიტიკამ კრიტიკულ ზღვარს 1969 წელს მიაღწია, როცა საქმე სტოუნვოლის აჯანყებამდე მივიდა: ძალადობრივმა პოლიციურმა რეჟიმმა, რომლის დროსაც ადამიანებს თავიანთი ჩაცმულობისა თუ სასაუბრო ლექსიკის გამო ხშირად აკავებდნენ და ბარებს მასში გამართული წარმოდგენების ამორალურობის ბრალდებით ხურავდნენ, ქვიარ ადამიანები აიძულა, ქუჩაში მასობრივად გამოსულიყვნენ და საკუთარი უფლებებისთვის ისტორიული ბრძოლა დაეწყოთ.
ამ პერიოდიდან მოყოლებული დრეგ კულტურის ელემენტები ნელ-ნელა მასობრივად ხილვადი ხდებოდა ყველასთვის, რაშიც განსაკუთრებული წვლილი 1973 წელს გადაღებულმა კომედიურმა და, ამავდროულად, საშინელებათა ჟანრის მიუზიკლმა, Rocky Horror Picture Show-მ შეიტანა - ის დღემდე ამ თემატიკის საკულტო ფილმად ითვლება.
აშშ-ში ჰომოფობიის კიდევ ერთმა დიდმა ტალღამ 80-90-იან წლებში იფეთქა, როცა შიდსის ეპიდემია გავრცელდა, განსაკუთრებით მოწყვლადები კი სწორედ სექსუალური უმცირესობები აღმოჩდნენ. თავდაცვის საშუალებებზე ხელმიუწვდომელობის გამო სიკვდიალიანობის მაჩვენებელი არაპროპორციულად სწორედ ამ ჯგუფში გაიზარდა. ამის გამო საზოგადოების დანარჩენმა ნაწილმა შიდსი გეი დაავადებად და ცოდვათა გამო ღვთისგან მოვლენილ რისხვად გამოაცხადა, რითიც ისინი კიდევ ერთი სტიგმის მსხვერპლნი გახდნენ. მსგავსი დამოკიდებულება რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის მიერ ჯანდაცვის სფეროში არაადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაზეც აისახა, რამაც მკურნალობის სწორი ფორმების მოძებნის დრო დრამატულად გაზარდა და ასი ათასობით ადამიანი სასიკვდილოდ გაწირა.
XXI საუკუნე - დრეგის აღზევება
რეპრესიული რეჟიმის დროს დრეგ შოუები იყო ერთგვარი თავშესაფარი მარგინალიზებული ადამიანებისთვის და ასე მოხდა მეოცე საუკუნის მიწურულსაც: საზოგადოებისგან უარყოფილმა ჯგუფმა თავშესაფარი ამჯერადაც დრეგ შოუებში ჰპოვა, რომლებიც უმეტესად ანდერგრაუდ კლუბებში იმართებოდა. ეს ისტორიული პერიოდი იდეალურადაა ასახული რაიან მერფის მიერ გადაღებულ სერიალში POSE, სადაც ჩაგრული ჯგუფის ყოველდღიური ყოფაა გაცოცხლებული და ისიც ნათლად ჩანს, თუ როგორ გახდა დრეგ პერფორმანსები როგორც მათი მძიმე სოციალური ყოფისგან განტვირთვისა და გართობის ერთადერთი საშუალება, ისე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლო.
2009 წელს კი დრეგმა ისტორიული ცვლილება განიცადა: ტელეარხ VH1-ზე გამოჩნდა ახალი სატელევიზიო შოუ, RuPaul’s Drag Race, რომელმაც დრეგ ქუინებს სრულიად ახალი და უპრეცენდენტოდ ფართომასშტაბიანი სივრცეები გაუხსნა - მათ ამიერიდან აღარ სჭირდებოდათ მიწისქვეშა ბარებსა და კლუბებში დამალვა. შოუს იდეის ავტორი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დრეგ ქუინი, რუპოლ ანდრე ჩარლზი იყო, რომელმაც სახელი 90-იანების კლუბურ კულტურაში დრეგისთვის დამახასიათებელი სანახაობრივი პერფორმანსებით გაითქვა და თავისი სიმღერებით მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. ის 2017 წელს ჟურნალმა TIME-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაშიც დაასახელა.
მიუხედავად იმისა, რომ მეინსტრიმული კულტურისთვის ამ ცოტა არ იყოს და პროვოკაციული ხასიათის მქონე შოუს დიდ წარმატებას არავინ უწინასწარმეტყველებდა, მან თავიდანვე ასი ათასობით მაყურებელი მიიზიდა. უფრო მეტიც, მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდება. RuPaul’s Drag Race-მა არა მარტო დრეგ კულტურისთვის, არამედ მთლიანად LBTQ+ ადამიანებისათვის მნიშვნელოვანი როლი ითამაშა: ჩაგრული და მარგინალიზებული ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, საკუთარი იდენტობა თავისუფლად გამოეხატათ, მხარდაჭერა მიეღოთ და ეს სტიმული სხვებისთვისაც გადაეცათ.
ბოლო ათწლეულში დრეგ ქუინებისა და სხვა არანორმატიული გენდერული იდენტობების ხილვადობის გაზრდაში მნიშვნელოვანი როლი პოპ-კულტურამაც ითამაშა: იტაკქვეშეთში გადამალული გამოხატვის ფორმების მეინსტრიმულ ხელოვნებაში გამოყენება აქტიურად დაიწყო. მართალია, ეს ტენდენცია უკვე 80-90-იანი წლებიდან შეიმჩნეოდა (ამის თვალსაჩინო მაგალითია პოპ-დივა მადონას შემოქმედება), მაგრამ გასული ათი წლის განმავლობაში მან უფრო მკვეთრი ხასიათი მიიღო. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ლედი გაგა, რომელიც თავიდანვე არა მარტო ღიად უჭერდა მხარს სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლას, არამედ მისი სასცენო იმიჯი თუ მუსიკალური შემოქმედებაც ხშირად დრეგ კულტურის ელემენტებითაა გაჯერებული. ამის გამო მისი კარიერის დასაწყისში უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, რომ ის ბილოგიურად კაცი იყო.
დრეგ კულტურის გამეინსტრიმების მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა 2019 წელი: ჯერ მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიან ცერემონიალად აღიარებულ Met Gala-ზე წლის თემად კემპი გამოაცხადეს - დრეგ ქუინებთან პირდაპირ დაკავშირებული სტილი, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გაუფასურებასა და გამასხარავებას მათი რადიკალურად ხელოვნური ფორმების წარმოჩენით ახერხებს. ამის შემდეგ კი პოპ-სამყაროს ცნობილი შემსრულებლების შემოქმედებაში ერთმანეთის მიყოლებით მთელი თავიანთი დიდებულებით გამოჩდნენ დრეგ ქუინები: ჯერ ავსტრალიელმა რეპერმა, იგი ეზელიამ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო-კლიპი სიმღერაზე Sally Walker, რომელიც მთლიანად დრეგ კულტურისთვის ნიშნეული ესთეტიკითა და დრეგ ქუინების მონაწილეობითაა შექმნილი; შემდეგ მაილი საირუსმა თავისი ახალი ალბომიდან სინგლი Cattitude გამოუშვა, რომელიც რუპოლთან დუეტში ჩაწერა; სულ ცოტა ხნის წინ კი ტეილორ სვიფტმა სიმღერაზე You Need To Calm Down კლიპი გადაიღო, რომელშიც ცნობილი დრეგ ქუინები, მათ შორის რუპოლიც იღებს მონაწილეობას.
დრეგ შოუები საქართველოში
ბოლო ათწლეულში სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ გაზრდილმა საყოველთაო მსჯელობამ და აქტივისტების ბრძოლამ საქართველოშიც შექმნა დრეგ შოუების ჩატარების პრეცედენტები.
ევროპისა და ამერიკის გამოცდილების მაგალითზე კლუბები და ბარები იყო ის სივრცეები, რომელთაც დრეგ ქუინები თავიანთი იდენტობის გამოსახატად თავს აფარებდნენ. ასე მოხდა საქართველოშიც: საზოგადოებაში გაზრდილი ჰომოფობიური განწყობების გამო პირადი სივრცეების შემდეგ მხოლოდ სხვადახვა კლუბი თუ ბარი აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მარგინალიზებული ჯგუფის წევრებს შეეძლოთ, უსაფრთხოება ეგრძნოთ, საკუთარი თავის ბოლომდე გამოხატვის არ შეშინებოდათ და სხვებისგან თანადგომაც მიეღოთ.
რამდენიმე ერთეული შემთხვევის შემდეგ 2016 წლიდან უკვე აქტიურად იმართება დრეგ შოუები თბილისში: სხვა რამდენიმე სივრცესთან ერთად აღსანიშნავია ქვიარ ადამიანებისთვის კლუბში ხიდი გამართული Kiki Nights, ბასიანში მოწყობილი Horoom-ის საღამოები და Success ბარის სპეციალური წვეულებები. თავიდან დრეგ პერფორმანსს ნებისმიერი მსურველი მოყვარულის დონეზე დგამდა, დღეს კი უკვე არაერთი ქართველი შემსრულებელია, რომელიც თავს დრეგ ქუინს უწოდებს, ღირსეული შოუების გასამართად ბევრს შრომობს და ამ კულტურის ადგილობრივი განვითარებისთვის იბრძვის.
დრეგ კულტურის მომავალი
დრეგ ქუინებმა რთული, გრძელი და დაბრკოლებებით სავსე გზა გაიარეს და დღემდე გადიან, მაგრამ რა იქნება შემდეგში? როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეს მეინსტრიმული კულტურა აქტიურად იყენებს დრეგ ხელოვნების ელემენტებს. ეს, ერთი მხრივ, მთლიანად LBTQ+ ადამიანების უფლებებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა: საზოგადოებაში მათი ხილვადობა იზრდება, მათ პრობლემებზე საუბარი აქტუალური ხდება და, შესაბამისად, მიმღებლობაც იმატებს.
თუმცა, მეორე მხრივ, ამ პროცესს ახლავს კრიტიკაც: პირველ რიგში, დრეგ შოუები უმეტესად განიხილებოდა პოლიტიკური დატვირთვის მქონე მოძრაობად, რომელიც მჩაგვრელ კულტურას უპირისპირდებოდა, ახლა კი ის ნელ-ნელა ერთვება კაპიტალისტურ სისტემაში, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება ეკონომიკური სარგებლის მიღებაა. მაშინ, როცა დრეგ შოუების უმთავრესი დამახასითებელი ნიშანი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა იყო, ის ეტაპობრივად სულ უფრო კომერციალიზებული ხდება: სტატისტიკა გვაჩვენებს, ფინანსურად რამდენად მომგებიანია RuPaul’s Drag Race შოუ და მასთან დაკავშირებული სუვენირებითა თუ ტანსაცმლით ვაჭრობა. ეს კი, ბევრის აზრით, აჩენს იმის საფრთხეს, რომ დრეგ კულტურა დაკარგავს თავის წინააღმდეგობრივ ხასიათს და ბაზრის პრინციპები მას გადააქცევს რიგით პროდუქტად, რომელიც ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, რათა კარგად გაიყიდოს.
ამასთანავე, დრეგის გამეინსტრიმება ქმნის საშიშროებას, რომ ის თავად გახდება მჩაგვრელი და ექსკლუზიური: თუ აქამდე დრეგ ქუინები უპირისპირდებოდნენ დომინანტურ კულტურას, რომელიც სხვადასხვა იდენტობის მქონე ადამიანებს რიყავდა თავისი სივრციდან, ძალაუფლების მოპოვების შემდეგ ისინი, შეიძლება, თავადვე გახდნენ მჩაგვრელები. ამის მაგალითი რუპოლის მიერ 2018 წელს გაკეთებული განცხადება გახლავთ, სადაც მან ტრანსგენდერების დრეგ ქუინებად მოხსენიებისა და, შესაბამისად, მის შოუში მონაწილეობის პრობლემატურობას გაუსვა ხაზი. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ განცხადებამ არაერთი დრეგ ქუინის აღშფოთება გამოიწვია, რუპოლმა ბოდიში მოიხადა. ბოდიშის გულწრფელობის დასტურად კი 2019 წელს RuPaul’s Drag Race-ის All Stars-ის მეოთხე სეზონში ტრანსგენდერმა ქუინმა, ჯია განმაც მიიღო მონაწილეობა.
-
გადახედვა25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ლადო კახაძე გახსნის 25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ლადო კახაძე გახსნის
-
-
გადახედვასსს-ის მტკიცებით, უწყებას აქტივისტ ნატალი ჭანიშვილთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია სსს-ის მტკიცებით, უწყებას აქტივისტ ნატალი ჭანიშვილთან არცერთი ზარი არ განუხორციელებია
-
გადახედვა23 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები თსუ-ს I კორპუსთან საერთო აქციას გამართავენ 23 ნოემბერს, 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები თსუ-ს I კორპუსთან საერთო აქციას გამართავენ
-
გადახედვათსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ თსუ-ში მყოფ სტუდენტებს დაცვის თანამშრომლები და ერთი უცნობი პირი დაუპირისპირდნენ
-
გადახედვაპიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს პიტერ ფიშერის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების შანსი არ არსებობს
-
გადახედვა"ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს "ჩემი ხმა" 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან აქციას აანონსებს
-
გადახედვაილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი ილიაუნის "ა" კორპუსის წინ ხვალ 7 ლექცია ჩატარდება — ლექციების განრიგი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს მამუკა ხაზარაძე გახარიას გუნდს შეხვედრას სთავაზობს
-
გადახედვა22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება 22 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
-
გადახედვაგიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია გიორგი ვაშაძე: შაბათს გვექნება დიდი აქცია
-
გადახედვაპუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს პუტინის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, უკრაინაში ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს
-
გადახედვასსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს სსს ცრუს უწოდებს მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მას დაუკავშირდნენ და 5 პოლიციელის თავდასხმაში და მიმალვაში დაადანაშაულეს
-
გადახედვაეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით ეუთო/ოდირი: ოდირი შეშფოთებულია საქართველოში გადაჭარბებული საპოლიციო ძალის გამოყენების შესახებ ცნობებით
-
გადახედვაპროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში მეუღლეს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა — ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
-
გადახედვააშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსულ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა
-
გადახედვალიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა ლიზი თირქია: საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა
-
გადახედვაგიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ გიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ
-
გადახედვა1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება 1 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი იქნება
-
გადახედვადამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ქართულ დიასპორას ხმის მიცემის უფლება შეეზღუდა
-
გადახედვაგიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია გიორგი კალანდარიშვილს 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია
კომენტარები