მალგოჟატა გოშიევსკა

19 Jun. 2025, 12:19

მალგოჟატა გოშიევსკა: "საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება.

ქართული ოცნების დომინირებით მოქმედი ხელისუფლება სასტიკად არბევს პროდემოკრატიულ პროტესტებს და აწარმოებს ღია ომს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელი, პატივსაცემი ჟურნალისტი, მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ მას ჰყოფნიდა გამბედაობა, გამოსულიყო პროტესტზე. დრამატულ მიმართვაში მან განაცხადა — "არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა".

ქართული ოცნება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ კულისებიდან იმართება, აშკარად აშორებს საქართველოს ევროპულ გზას. ქვეყანა, რომელსაც ოდესღაც ჰქონდა ამბიცია, გაწევრებულიყო ევროკავშირსა და ნატოში, დღეს მოსკოვის სატელიტად არის ქცეული. ჩვენ ვერ დავრჩებით უქმად. საქართველო იბრძვის დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის, ნორმალური ცხოვრებისათვის. დიქტატურის მხარდაჭერა და მორჩილება დანაშაულია. დუმილი და უმოქმედობა — ასევე დანაშაულია.

არ მესმის ევროპის საბჭოს და მისი წევრების სიჩუმე. მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები იმსახურებენ პატივისცემასა და დახმარებას. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა მხრიდან წნეხია საჭირო. არ უნდა ვთხოვოთ რეჟიმს, რომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს, რადგან ისინი არ დაბრუნდებიან. ეს კრემლის რეჟიმია. მათ მოატყუეს თავიანთი ამომრჩეველი ევროკავშირის მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ, მოგვატყუეს ჩვენც ევროპარლამენტში.

მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას, რომ უკან დაბრუნდეს. საქართველოში თითქმის არ დარჩა დამოუკიდებელი მედია. მხოლოდ "სპუტნიკის" მსგავსი პროპაგანდისტული მედიები დარჩა. არ მესმის, ისინი, ვინც ევროკავშირზე "შხამს" ავრცელებენ, რატომ არიან აქტიურები ისევ აქ, ევროპარლამენტში? ქართველი ხალხი მარტო არ უნდა დარჩეს.

მედიის თავისუფლება არ არის ფუფუნება. ეს არის დემოკრატიის აუცილებლობა. მას სინათლე შეაქვს და ამხელს, სადაც კორუფცია და ავტოკრატია იმალება. სწორედ ამიტომ ჰყავს ქართულ ხელისუფლებას უკვე 150 დღეა პატიმრობაში მზია ამაღლობელი — ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ჟურნალისტი.

და მზიას საქმე არ არის ცალკეული შემთხვევა. 400-ზე მეტი ქართველი — ჟურნალისტები, ოპოზიციური ფიგურები, მაგრამ ასევე რიგითი მოქალაქეები — დაკავებულნი, წამებულნი ან დაპატიმრებულნი არიან.

ქართულ ოცნებას ისე ეშინია თავისუფალი მედიის, როგორც ვამპირს სინათლის, რადგან იცის, რომ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა — ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ჩრდილში, რომელიც ღიად გამოსვლას ვერ ბედავს, რადგან იცის, ქართველებს არ სურთ იგი; და პუტინის რეჟიმის ჩრდილში, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, მუქარას, მანიპულაციას, რადგან იცის, რომ ქართველები არასდროს აირჩევდნენ რუსების მსგავს ცხოვრებას, თუკი მათ ექნებოდათ თავისუფალი არჩევანი"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის "ტვირთი აიღონ"
  2. Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია
  3. რომელი კომპანიები ათავსებენ რეკლამას სანქცირებულ "იმედსა" და "პოსტვ"-ზე?
  4. სუს-ს ახალი გერბი აქვს — ბრძანებას ხელს მამუკა მდინარაძე აწერს
  5. ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ძნელი წარმოსადგენია, რომ დედამიწაზე შეუსწავლელი ადგილები კიდევ იყოს დარჩენილი.…