ლონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის მეორე საფეხური ფრენისთვის მოსამზადებელი სამუშაოებისას ხმელეთზევე აფეთქდა. მას სპეციალისტები რიგით მეათე სატესტო მისიისთვის 18 ივნისს წინასწარ ამზადებდნენ, თუმცა აპარატი მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა და სამხრეთ ტეხასის ღამის ცა გაანათა.

ამ ინციდენტს კომპანია სოციალურ ქსელ X-ზე დილით გამოეხმაურა. პოსტში წერია, რომ აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.

"გარშემო არსებული არეალი უსაფრთხოებისთვის ცარიელი იყო და პერსონალიც არ დაშავებულა. ჩვენი Starbase-ის გუნდი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სატესტო ზონის ირგვლივ ტერიტორიაზე უსაფრთხოება შენარჩუნდეს, რისთვისაც ადგილობრივ ოფიციალურ პირებთანაც ვთანამშრომლობთ. ახლომდებარე დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს საშიშროება არ ემუქრებათ. მათ ვაფრთხილებთ, რომ ასეთი ოპერაციებისას ახლოს არ მოვიდნენ", — განაცხადა SpaceX-მა.

რაკეტის პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) Super Heavy-ა, მეორე კი — Ship. ისინი Raptor-ის ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, რათა მარსზე გამგზავრება გაამარტივოს. Starship ჯერ სატესტო რეჟიმშია და კომპანია მის გაუმჯობესებას ცდილობს.

ახლა სწორედ Ship აფეთქდა, რაც "ანომალიამ" გამოიწვია მანამ, სანამ ის ძრავებს აამუშავებდა. მისიების წინ ასეთი მომზადება ჩვეულებრივი რუტინაა და, სავარაუდოდ, ამჯერად მას 6 ძრავა უნდა გაეაქტიურებინა. იქამდე პირველმა საფეხურმა 33-ივე ასეთი მექანიზმი წარმატებით აამუშავა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი სატესტო ფრენისას კომპანიამ სამი Ship დაკარგა (უკანასკნელი ინციდენტი მაისში დაფიქსირდა). მიზეზი სხვადასხვა იყო: ერთ შემთხვევაში Raptor-ის პრობლემა, მეორეში საწვავის გაჟონვა, ხოლო ბოლოს ჯერ კიდევ იკვლევენ. ეს მოკვლევა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ზედამხედველობით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მომდევნო საცდელ ფრენას, მისი თარიღი ცნობილი არ ყოფილა. მისია, დიდი ალბათობით, დაგეგმილზე გვიან განხორციელდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.