ცნობილმა იაპონურმა ავტომწარმოებელმა Honda-მ მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის პროტოტიპი 17 ივნისს წარმატებით გამოცადა. ეს კოსმოსური ფრენების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთი და იმავე რაკეტის ხელახალი გაშვების შესაძლებლობას იძლევა. შედარებისთვის, სწორედ ასეთი აპარატია ილონ მასკის Starship, რომელიც ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზეა (და ხშირად ფეთქდება).

Honda-ს რაკეტამ ვერტიკალური აფრენისა და დაშვების 56-წამიან ტესტირებას თავი გაართვა. ის კუნძულ ჰოკაიდოს ქალაქ ტაიკიში მდებარე, კომპანიის კუთვნილი ბაზიდან აფრინდა და 271.4 მეტრ სიმაღლეზე ააღწია. შემდეგ იგი უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა, სამიზნე არეალიდან მხოლოდ 37 სანტიმეტრის მოშორებით.

მისი სიმაღლე დაახლოებით 6.3 მეტრია, დიამეტრი კი 85 სანტიმეტრს შეადგენს. რაკეტა 900 კილოგრამს იწონის, საწვავის დამატებით კი — 1312 კილოგრამს.

კომპანიამ განაცხადა, რომ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი იყო და აფრენა-დაშვებისას მნიშვნელოვანი მონაცემებიც მოიპოვეს. მომდევნო ეტაპზე Honda რაკეტის სუბორბიტალურ ტესტირებას აპირებს, თუმცა როგორი მომავალი ელის ამ პროგრამას კომერციული თვალსაზრისით, უცნობია.

ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ჯერ რაკეტის კვლევის ფუნდამენტური ფაზა მიმდინარეობს, ამიტომ აღნიშნული ტექნოლოგიის კომერციალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არაა. ამის მიუხედავად, მასზე მუშაობა გაგრძელდება, რათა სუბორბიტალური ფრენა 2029 წლისთვის უკვე შესაძლებელი იყოს.

Honda-მ ჯერ კიდევ 2021 წელს გაამჟღავნა, რომ ძალების გამოცდას საავტომობილო ინდუსტრიის მიღმაც აპირებდა. კერძოდ, მან თავისი მრავალჯერადი გამოყენების ძრავა ექსპერიმენტულ რაკეტაში წარმატებით გააერთიანა და იაპონიის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობაც დაიწყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.