როგორ შეიცვალა დამოკიდებულება თბილისში 2013 წლის 17 მაისის შემდეგ — დატაბლოგი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა OC Media-ზე. ავტორები არიან CRRC-ის წარმომადგენლები.
2021 წლის 5 ივლისის დილას ასობით ადამიანი გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოსა და რადიკალური მემარჯვენე, პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფების მოწოდებებს თბილისი პრაიდის წინააღმდეგ. რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიის წინ დაგეგმილი ლოცვა, ძალიან მალე ძალადობრივ შეტაკებაში გადაიზარდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს თბილისი პრაიდის, პრაიდის კვირეულის სხვა ორგანიზატორებისა და მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტთა ჯგუფის ოფისები. დემონსტრანტებმა დაშალეს პარლამენტის შენობის წინ განლაგებული ანტისამთავრობო კარვები და თავს დაესხნენ ორმოცდაათზე მეტ ჟურნალისტს, რომელთგანაც ერთ-ერთი, ლექსო ლაშქარავა, ერთი კვირის თავზე გარდაიცვალა.
5 ივლისის მოვლენებმა 2013 წლის 17 მაისის ამბები შეგვახსენა, როდესაც მსგავსმა მოძალადე ბრბომ, რომელსაც, ასევე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და სხვადასხვა რადიკალური ჯგუფი მხარს უჭერდა, რუსთაველის გამზირზე ქვიარ უფლებების დამცველი აქტივისტები დაარბია, რომლებიც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) აღნიშნავდნენ. როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში, პოლიციის უმოქმედობამ ბრბო კიდევ უფრო წაახალისა და მეტი გამბედაობა მისცა.
რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა 5 ივლისის მოვლენებზე?
CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული ომნიბუსის კვლევის მონაცემების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, ღირსების მარშს შესაძლოა, ქვეყნისთვის საფრთხე შეექმნა, უმრავლესობა მაინც ძალადობას ეწინააღმდეგება და მხარს უჭერს ქვეყნის კონსტიტუციით დაცულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ 2013 წელთან შედარებით, თბილისის მცხოვრებელთა უმრავლესობა ფიზიკურ ძალადობას არ ემხრობა მათ მიმართაც კი, ვინც მათი აზრით, ეროვნულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის.
5 ივლისის მოვლენების შესახებ ინფორმირებულობა
საქართველო მოსახლეობის 85%-ს 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ სმენია. მათ, ვინც აქციის შესახებ გაიგო, ეს ინფორმაცია ტელევიზიის (69%) ან სოციალური მედიის (45%) საშუალებით მიიღეს. ყოველი მეათე ამბობს, რომ არეულობის შესახებ გაიგო ნაცნობებისგან, რომლებიც იქ არ იყვნენ, ხოლო დაახლოებით 2% ამბობს, რომ ამ მოვლენების შესახებ აქციის თვითმხილველებისგან შეიტყო.
უმრავლესობამ, ვისაც 5 ივლისის მოვლენების შესახებ სმენია, არ ზუსტად არ იცის, ვინ არის ღირსების მარშის (65%) ან კონტრდემონსტრაციის (67%) ორგანიზატორი. 16%-მა თქვა, რომ პირველი აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია თბილისი პრაიდი იყო, 11%-მა ლგბტქ+ ადამიანები დაასახელა. ზოგიერთმა (5%) კი გარე ძალები ან უცხოელები ახსენა, ხოლო 4%-მა — ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
მათგან, ვისაც 5 ივლისის მოვლენების შესახებ სმენია, 15% აცხადებდა, რომ კონტრდემონსტრაციის ორგანიზატორები ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ. საერთო ჯამში, 8%-მა აღნიშნა, რომ კონტრდემონსტრაცია რადიკალურმა ჯგუფებმა და მათმა მეთაურებმა — ქართულმა მარშმა, გურამ ფალავანდიშვილმა და ლევან ვასაძემ მოაწყვეს. 7%-მა დაასახელა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და პატრიარქი, ხოლო 5%-ს სჯერა, რომ კონტრდემონსტრაცია მთავრობამ და პარტია ქართულმა ოცნებამ მოაწყო.
იქნებოდა თუ არა მარშის ჩატარება საფრთხის შემცველი საქართველოსთვის?
ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ღირსების მარშის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.
ღარიბაშვილი იმასაც ამტკიცებდა, რომ ღირსების მარშის ორგანიზებით, რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები ქვეყანაში სამოქალაქო არეულობასა და ქაოსს აღვივებდნენ.
მაშინ, როცა მოსახლეობის ნახევარს (52%), ვისაც სმენია 5 ივლისის მოვლენების შესახებ, სჯერა, რომ ღირსების მარშმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს, მეოთხედზე მეტი (26%) მიიჩნევს, რომ ეს არ შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე სახის პრობლემას. გარდა ამისა, 22% გაურკვევლობაშია და პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
ძირითადი სოციოდემოგრაფიული ჯგუფების წარმომადგენლებს მეტ-ნაკლებად მსგავსი შეხედულებები აქვთ. მაინც, ახალგაზრდების შედარებით უფრო მცირე რაოდენობას სჯეროდა, რომ ღირსების მარში საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის კეთილდღეობას (48%), ვიდრე 35-54 (57%) წლის ადამიანებს. ანალოგიურად, ახალგაზრდებს უფრო ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ და ნაკლებად ფიქრობენ, რომ ღირსების მარში ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
თბილისელები ნაკლებად ეთანხმებიან იმას, რომ თბილისი პრაიდი საქართველოს დააზარალებდა (46%), ვიდრე სხვა რეგიონების მკვიდრნი და უფრო მეტად სჯერათ, რომ ღირსების მარში საფრთხეს საქართველოსთვის არ წარმოადგენს.
პარტიული კუთვნილების ჭრილში ღირსების მარშის საფრთხეებთან დაკავშირებით მეტ-ნაკლები კონსენსუსი არსებობს, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერები გაიყვნენ იმის მიხედვით, მიიჩნევენ თუ არა თბილისი პრაიდს საფრთხედ. მაშინ, როცა უმეტესობა (54%) ეთანხმება იმას, რომ პრაიდის ორგანიზება საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს, 35% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მთავრობის მხარდამჭერები და ისინი, რომლებიც საკუთარ თავს არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აკუთვნებენ, თავს იკავებდნენ თავიანთი პოლიტიკური სიმპატიების გაცხადებისგან და უფრო მეტად ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულებები აქვთ, ვიდრე ოპოზიციის მხარდამჭერებს.
რას ფიქრობენ საქართველოში ძალადობის შესახებ?
მაშინ, როდესაც 5 ივლისს, ეკლესიის ლოცვა-კურთხევით, რადიკალური მემარჯვენე ჯგუფები აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ფიზიურად გაუსწორდნენ, საქართველოში ცოტა ამართლებდა ძალის გამოყენებას. მათ 91%-ს, ვისაც სმენია 5 ივლისის მოვლენების შესახებ, სჯერა, რომ ფიზიკური ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. 69% არ ეთანხმება, რომ ძალადობა მისაღებია ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ, თუ ის საფრთხეს უქმნის ეროვნულ ღირებულებებს. ამავდროულად, სამი მეოთხედი (74%) სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება იმას, რომ ქვეყნის კონსტიტუციამ უნდა უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად რასის, ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური იდენტობისა.
როგორ აფასებეს საქართველოს მოსახლეობა 5 ივლისის მოვლენების მონაწილე სხვადასხვა მხარეს?
მოსაზრებები გაიყო, როდესაც რესპონდენტებს 5 ივლისის მონაწილე სხვადასხვა მხარის შეფასება ვთხოვეთ. საგულისხმოა, რომ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ამ მხრივ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს. 42% დადებითად, ხოლო 30 უარყოფითად აფასებს იმას, თუ როგორ გაუმკლავდნენ სიტუაციას სამართალდამცავი ორგანოები. 40%-ს დადებითი შეხედულება აქვს ეკლესიის ქმედებებზე, ხოლო 30%-ს — უარყოფითი. უფრო მეტი (36%) უყურებს დადებითად ჟურნალისტების მუშაობას, ვიდრე — უარყოფითად (29%). დაახლოებით მსგავსია საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაუმკლავდა პრემიერმინისტრი 5 ივლისის მოვლენებს — 33% მის საქმიანობას დადებითად, ხოლო 30% — უარყოფთად აფასებს.
მოსახლეობის უმრავლესობას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და უცხოეთის საელჩოების შეფასებისას ჩამოყალიბებული მოსაზრება არ გააჩნია. უფრო მეტი ადამიანი დადებითად აფასებს სალომე ზურაბიშვილის მიერ სიტუაციის მართვას (25%), ვიდრე — უარყოფითად (21%), თუმცა, უმეტესობა მიიჩნევს, რომ მას არც დადებითი და არც უარყოფითი როლი არ უთამაშია, ან საერთოდ უჭირს შეაფასოს პრეზიდენტის მოქმედება. დაახლოებით 30%-მა უარყოფითად შეაფასა უცხოეთის საელჩოების მუშაობა, 17%-სგან განსხვავებით, ვისაც უცხოური დიპლომატიური წარმომადგენლობების მოქმედებები თბილისში 5 ივლისის მოვლენების დროს დადებითად მიაჩნდა. თუმცა მოსახლეობის უმეტესობას საელჩოების მიმართ ამბივალენტური შეფასება ჰქონდა. უმრავლესობამ (64%) უარყოფითად შეაფასა ის, თუ როგორ გაუმკლავდა სიტუაციას თბილისი პრაიდის ჯგუფი.
როგორ შეიცვალა დამოკიდებულება თბილისში 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ?
2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიური დარბევის შემდეგომ დღეებში, თბილისის მოსახლეობას მსგავსი კითხვები დავუსვით. 2013 წელს, თბილისელების დაახლოებით 57%-ს სჯეროდა, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ორგანიზება საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს, მაშინ როდესაც 30% ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა. რვა წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მცხოვრებთა უმეტესობას ისევ სჯერა, რომ ღირსების მარში საფრთხის შემცველია, უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება იმას, რომ ასეთი ღონისძიების გამართვით საქართველოს არაფერი ემუქრება.
2013 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა თბილისში მცხოვრებთა მოსაზრებები იმის შესახებ, მისაღებია თუ არა ფიზიკური ძალადობა, თუ საფრთხე ექმნება ეროვნულ ღირებულებებს. 2013 წელს თბილისელთა ნახევრისთვის ძალადობა მსგავს ვითარებაში მისაღები იყო, ხოლო 46%-ისთვის არა. ომნიბუსის მონაცემების მიხედვით კი, 8 წლის შემდეგ, თბილისის მცხოვრებთა თითქმის სამი მეოთხედი ამავე მოსაზრებას არ ეთანხმება.
5 ივლისის მოვლენებმა მთელი ქვეყანა შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა სოციალურად კონსერვატიული და რელიგიურია, უმრავლესობა არ ამართლებს ძალადობას, თუნდაც მათ მიმართ, ვინც მათი აზრით, შეიძლება ეროვნულ ღირებულებებს საფრთხეს უქმნიდნენ. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის შედეგები 2013 წელთან შედარებით, დამოკიდებულებების საგრძნობ ცვლილებაზე მიუთითებს. თბილისის მოსახლეობის წილი, რომელსაც კიდევ სჯერა, რომ ლგბტქ+ საკითხების ირგვლივ გამართული ღონისძიებები ქვეყანას საფრთხეს უქმნის, ათი პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობა ნელ-ნელა, თუმცა თანმიმდევრულად მიდის იმ აზრამდე, რომ ძალადობა დაუშვებელია, იმის მიუხედავად, თუ რას მოუწოდებს ხალხს ეკლესიის ზოგიერთი მეთაური თუ პოლიტიკოსი.
ანალიზისათვის გამოყენებულია მულტინომიური რეგრესიის მოდელი, რომელიც პროგნოზირებს მოსახლეობის დამოკიდებულებას იმის მიმართ, შეუქმნა თუ არა საფრთხე ღირსების მარშის გამართვამ საქართველოს. ამხსნელი ცვლადები მოიცავს სტანდარტულ სოციოდემოგრაფიულ მახასიათებლებს, როგორიცაა სქესი, ასაკი, დასახლების ტიპი, განათლება, ეთნიკური იდენტობა, პარტიულობა და ნივთების ფლობის ინდექსი.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები არ წარმოადგენს CRRC-საქართველოს ან მასთან დაკავშირებული რომელიმე ორგანიზაციისას.
რეპლიკაციის კოდი ამ ბმულზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები