პირველი ნაწილი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ჩემი სახელი მეორე ხარისხოვანია.

მე ღამით გამაუპატიურეს. სამჯერ. მე სექსი დიდი ხანია არ მქონია, რადგან ჩემს ქმარს წიგნები და ისტორია უფრო აინტერესებს.

მიუხედავად ამისა, მთხრობელმა არ თქვა, როგორ მეტკინა საშო. ან ძუძუები. რა იცის. კაცია.

სამაგიეროდ იცის, რომ ქალს ასო რა ფორმითად არ უნდა მოხვდეს — უხდება. ამშვენებს.

ვითარცა ღიმილი, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა დამაწერა¹.

მე ღიმილი ვარ. გაუპატიურებული მარგოს სიმწრის ღიმილი.

მე კარაქი ვარ

ამ დილით მარლონ ბრანდომ პურზე წამისვა. ბერტოლუჩიმაც.

ბებერმა გენიოსებმა ბრძანეს: საუზმედ კარაქი ყავას უხდება. ვახშმად ქალის ტრაკსაო.

მე ტანგო ვარ უკანასკნელი

ბეხლეწი ბრანდოს შემოდგომის ტანგო. ბეხლეწი ბერტოლუჩის საერთაშორისო აღიარების ტანგო. პარიზში ჩამოვბლაყუნდი. მუხის პარკეტზე მცეკვავს წყვილი.

მერე რა, რომ ქალს კაცი მამად უფრო ერგება. სამაგიეროდ ბრანდოა. სამაგიეროდ ბერტოლუჩია. და სამაგიეროდ პარიზში.

ქალის სახელი შენ არ გახსოვს. ის გააჩუმეს. ბოდიში არ მოუხადეს.

მე მარია ვარ შნაიდერი

ბრანდო კარაქს მთხოვს. ორივე ხელს მიჭერს. მხდის შარვალს. უკან მატრიალებს. მაგინებს. გაუპატიურების სცენას თამაშობს.

შენ მსხვილ კადრში უყურებ ჩემს ტრაკს, ყვირილს, ცრემლებს და ფიქრობ, რომ კარგი მსახიობი ვარ.

შენ 2013 წლამდე არ იცი, რომ თანხმობის გარეშე მათამაშეს კინოს ისტორიაში ყველაზე სასტიკი გაუპატიურების სცენა. და რომ მე თავი "ცოტათი გაუპატიურებულად ვიგრძენი"2.

მე ცრემლები ვარ. ცხარე

ბერტოლუჩიმ შემქმნა. რადგან კინოს ქალების ცრემლების არ სჯერა. ქალის ცრემლები ტყუილია. თუ ხელოვნების სახელით ღმერთვით კაცი არ იტყუება.

მე გაუპატიურება ვარ

ჩემგან ხელოვნება და ლიტერატურა კაცებმა შექმნეს. არაერთხელ.

მე ფემიციდი ვარ

ვთქვათ, გრიგოლ რობაქიძემ დამწერა. ისე ლამაზად, რომ შენ ტაში უკარი. მერე რა, რომ "ყივჩაღეთ ქალი" თავგანწირული იბრძოდა3. მერე რა, რომ კაცმა ქალი პირდაპირ გაფატრა. და მდინარეში გადააგდო. სამაგიეროდ ის მგოსანია.

სიგიჟის წვეთის და სისხლის ყივილისგან მეტაფორები გალექსა. პოეზია უპირველეს ყოვლისა.

გაიღიმე, მე სიყვარული ვარ

ვარ გიჟი და შლეგი და მაშასადამე, რომანტიული. მომყვები? ანუ ახლა მე სიყვარული ვარ და შენ ხარ, ვთქვათ, ქალი.

ოკ. ვარ სიყვარული და მაშასადამე, მესაკუთრე. მონადირე. მოძალადე. ჩემი სახელით შენ ადევნებაზე ლამაზად გიმღერეს, მე მეკუთვნიო მოგაღიღინეს4. შენი როლი კაცების აქიმობააო5 დაუკრეს და ამაზე ტანგოები გაცეკვეს. და თუ ვერ უაქიმე, ისევ შენ დაგაბრალეს, რადგან საბოლოოდ ხომ ყველაფერი ევას ბრალია. დასაბამიდან.

მე ის სიყვარული ვარ, ხელოვნებამ რომ კარაქით და უკარაქოდ შეგაზილა. მერე შენზე რომ იძალადეს, თავადაც არ დაიჯერე. არც სხვებმა დაგიჯერეს.

ან იქნებ უარესი. შენ ხელოვნებამ ასე სექსი მოგანდომა. ან მთლად უარესი, ამის გამო საკუთარი თავიც შეგაძულა.

მე მიზოგინია ვარ

ხელოვნების ყველა დარგში ვარ წარმოდგენილი. ჩემი გავლენით პატრიარქატმა ქალები სამად სამ რამედ აქცია: კახპად, დედად და მოწამედ. ასე უყვარდათ ქალები საქართველოში, რადგან მამულს ქალები უფრო მკვდარი ურჩევნია —

— სამუდამოდ გაჩუმებული და ნაწამები. ვთქვათ, წითელ ხალიჩაზე. წითელ კოლოფში ჩადებული. მხოლოდ ასე აგოგმანებენ კაცები ქალებს. ჩოხებში6.

და თუ ცოცხალ ქალს აგოგმანებს ბევრი კაცი, პატრიარქატმა ლექსად შემოგითვალა, რომ ის ბოზია.

აბა, მე ვარ, ვთქვათ, სოსო გრიშაშვილი. მე მარიჯანს, გენიოს პოეტ ქალს სუ გარყვნილი ვეძახე7. ფურთხით დავფარე.

სამაგიეროდ, კოცნით ავლოკე. შევუნდე. რადგან ასეთი სულგრძელი ვარ. მე.

ასე და ამგვარად, მე ვარ სიტყვა

და ვიყავი პირველი. რამეთუ ჯერ ვთქვი და მერე იყო — ქალთა სიძულვილიც და ქალთა კვლაც.

მე არასრული სია ვარ

  • მარგო ვარ. მაუპატიურებენ და მიხარია. ვიღიმები.
  • კიკუ ვარ. მთხოვენ ღიმილს და მთოხვენ გახდას.
  • მარიჯანი8 ვარ. და გავირყვნები.
  • მარია შნაიდერი ვარ. ხმა ამოვიღე და კინო ინდუსტრიას ვერ გადავურჩი.
  • უპს. მე ცამეტი წლის ვარ. ბებერ მგოსანს ჩემზე უდგება. და სრულიად ერი ზეპირად სხლავს პედოფილიას.
  • ანა ვარ კარენინა. თავს ვიკლავ.
  • მე ემა ბოვარი ვარ. თავს ვიკლავ.
  • რომელი ერთი ვარ.

მე ხელოვნება ვარ

მე ბურთიც ვარ და მოედანიც. მე ქალები სკოლებში, უნივერსიტეტში არ შევიტანე. კაცი მწერლები მთელ ერს ვაკითხე. დავასწავლე. შევასისხლხორცე. ჩემი მეთოდებით ვათამაშე.

რადგან სხვაგვარად ვიზას არ გავცემ. შენ ქალი ხარ? და წერ? მაგრამ კარიბჭესთან მე ვდგავარ — არ გამოგაქვეყნებ. არ გახსენებ. არ დაგაფასებ.

და ამას ჩემი სახელით გავაკეთებ. ხო. მე ხელოვნება ვარ. ჩემი მეორე სახელია კაცი. მოფერებით ლიტერატურასაც მეძახიან.

ლიტერატურაზე გამახსენდა,

მე ვარ #TheBodyShop Georgia

ქალების გასაძლიერებლად ლიტერატურუ პრიწტავლიაუ.

ჩემს წიგნში წერენ და კითხულობენ კაცები. მხოლოდ. ქალების მაგივრად და ნაცვლად.

ქალებს ღიმილის ტრენინგს ვუტარებ. ჰოი, ირონიავ, დახრილი ასოებით ბავშვივით ვუყვავებ9. მამურად. ანუ იერარქია აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მე კაცი ვარ

მე ვარ ბუმბერაზი. მე ვარ კლდე. მე ვარ პიტალო. ღმერთივით ვარ და მწერალი. ეჭვი არ მღრღნის. კალამი არ მიკანკალებს. ვწერ.

როცა ქართველ მწერალს გუგლავენ, მე ასპროცენტიანი მოსწრება მაქვს.

მე 7 კაცი ვარ

მე ცამეტი მაგარი ქალის ამბავზე ლიტერატურის დაწერა კრემების ინდუსტრიამ შემიკვეთა. ოქსიმორონი ვერ დავინახე10. ვერც პრობლემა. მაშინაც კი, როცა ქალებზე მოძალადე ვარ.

მე კეკელიძე ვარ. ქალებს ვებღლარძუნები. ამჟამად მსხვერპლის როლში ვარ.

მე Toresa Mossy ვარ. ქალების გამოცდილებაზე ქალებზე უკეთ ვწერ. ქალებს ქალობაში ვუგებ. იეს.

ქალები მადლობის მაგივრად ქვებს მესვრიან. მე არ ვჩუმდები. პირიქით. ქალებს ვაჩუმებ. მე მათ არ ვუსმენ — აქეთ მისმინონ. და ვუგებ. ლიტერატურაში.

მე მენსპლეინინგში11 და უშნოდ ბღლარძუნში საუკუნეებია ვვარჯიშობ. ხელოვნებისთვის, თორე. ფოკუსის ჩემზე გადმოტანაში კაცებიც გავწაფე და ქალებიც. მაშინაც კი, როცა მსხვერპლთა ოკეანე ქალია. და მე წვეთი ვარ.

კი. მე ქალებს მსხვერპლობაშიც ვუგებ. რადგან კაცები ტოჟე პლაჩუტ.

მე ფემინისტებისგან დაჩაგრული ვარ. სიმონა დოლიძე მიმიქარავს.

ფემინისტებს ან ფაშისტებს ვეძახი, ან ფემინისტობაში ვეჯიბრები. და ვუგებ. ფემინისტობაშიც. კი არადა, რა "ც" — განსაკუთრებით ფემინისტობაში.

მე მათ ლიტერატურას ვურტყამ თავში. ჩემი ფლობერი, ჩემი ტოლსტოი!12 და მიკვირს: კარენინა ნახე, ბოვარი ნახე. და ქალო, რით ვერ გაძლიერდი, საკუთარი თავის სიყვარული რით ვერ გამონახე, ვა!

ერწამს ტოლსტოი ვიქნები, თუ შეილება

ანა კარენინას ვწერ. წიგნის ბოლოს ანას როლში მყავს ამ შვიდი მწერლიდან ნებისმიერი.

მოკლედ. მატარებელი მოდის.

სანამ ხელს ვკრავ, მთავარ პროტაგონისტს მინდა დავეკითხო: მეილ გეიზზე რა აზრის ხარ ძმაო?

მე მერიემი ვარ დიასამიძე

მე კაცების ძმაკაცი ქალი ვიყავი. რადგან ქალებთან მარტო შეჯიბრება მასწავლეს. პატრიარქატმა მომცა ოჯახი. შვილები. არ მომცა დრო. არც ფული და არც ოთახი13.

კაცებმა ბევრჯერ შემაქეს, მაგრამ ჩემს ადგილას მომსვეს. ვთქვათ მაშინ, როცა ერთი მწერალი კაცი ჩემს არარსებულ ყვერებს მოეფერა: კაცივით წერ, იმენაო!

მე მწერალი არ ვარ

შენ ჩემი წიგნები არ წაგიკითხავს. მათ ეჭვები დაწერამდე ანადგურებდა. ხო. მე არ მქონდა ყვერები. და მინიმუმ იმ 7 მწერალი კაცის თავდაჯერება.

ჩემი სახელი ლეგიონია.

მე ვარ ფემინისტი

და ეს ჩემი აქტივიზმის დღიურებია14. დიხაც. თვალებში ნაცრის შეყრა მწერალი კაცებისთვის დამითმია. მე ეს პლატფორმა ქალმა დამითმო. დამაჯერა. გამაძლიერა.

რადგან ფოკუსი უნდა გადმოიწიოს. რადგან კაცების მაკულატურა თუ ამხელა ხმაურს იწვევს, ქალების პასუხი არ უნდა დაიკარგოს. რადგან ქალებს სჭირდებათ მკითხველი და მხარდაჭერა. მეც და სხვებსაც. აი, წაიკითხე ლელა კურტანიძის ან ნუცა სპარსიაშვილის პასუხი. და გააზიარე. მხარი დაგვიჭირე.

დიარ ბოდი შოპ,

ქალებს არ გჭვირდება ღიმილის ტრენინგები კაცებისგან. არ გვჭირდება შენი ლიტერატურა. და შენ საერთოდ არ გჭირდება, რომ მე თავი ლამაზად ვიგრძნო. მერე ვინ გააკეთოს მილიონები15. ვინ გაყიდოს ჰიმალაის მთების ბალახებზე მითები.

მითებზე და წერაზე გამახსენდა — აწი 7 ქართველი მწერალი კაციც მოგეხმარება. და როგორც წაშლილ ფეისბუქ კომენტარებში დაგვპირდი, მომდევნო წიგნში წყალიც ჩაგვისხი.

ჭკვიანად მოვიქცევით. შენმა მზემ.

მე ქალი ვარ და ვწერ

როგორ არ ვწერო? როცა ხარ მაშინ, როცა ლიტერატურაში ხარ. და ხარ ის ვინც ლიტერატურაში ხარ.

რა მსხვერპლი. მე ვარ ამორძალი.

დიახაც.

და მე ვწყვეტ:

მე არ ვკითხულობ კაც მწერლებს

აღარ. რადგან —

რუსუდან რუხაძე, ქეთი ნიჟარაძე, დიანა ანფიმიადი, თამთა მელაშვილი, ეკა ქევანიაშივლი, ეკა ტოგონიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, სალომე ბენიძე, ლია სტურუა, რუსუდან კაიშაური, ელა გოჩიაშვილი, თეა თოფურია, მაია სარიშვილი, ლელა სამნიაშვილი, ნატო ინგოროყვა, ლია ლიქოკელი, ნინი ელიაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ლელა ცუცქირიძე, ნენე კვინიკაძე, ლეილა მესხი, მაკა ჯოხაძე, ლანა ღოღობერიძე, ნაირა გელაშვილი, ირმა ტაველიძე, მაგდა კალანდაძე, თაკო ფოლადაშვილი, ნინო სადღობელაშვილი, ნატო დავითაშვილი, ირმა მალაციძე, ნინო ექვთიმიშვილი, ნანა აბულაძე, რატი რატიანი, თაკო შუკაკიძე, ნინო ხარატიშვილი, ნინო ქოქოსაძე, ირინა ტაბაღუა, მაია სარიშვილი, ნათია როსტიაშვილი, მარიამ წიკლაური, ელენე დარიანი, ნანა ცინცაძე, საფო მგელაძე, ანა კალანდაძე, მზია ჩხეტიანი, მარიჯანი, მარიკა ბარათაშვილი, ნინო თარიაშვილი, ზაირა არსენიშვილი, ანა ნიკოლაძე.

ეს სია არაა თანმიმდევრული და არც სრული. დაუმატეთ კიდევ ბევრი სხვა, ვინც დამავიწყდა ან გამომრჩა. მე მაპატიეთ.

რადგან სირცხვილია, რომ მათი ნაწილი არ იცი შენ, არ ვიცი მე და არ იცის გუგლმა. რადგან დრო ცოტაა, რადგან ისედაც დავკარგეთ და რადგან აღარ ითმენს.

და რადგან ჩვენ თუ არა — ვინ?


1 ჯაყოს ხიზნები. მიხიელ ჯავახიშვილი. მეშვიდე თავი, სადაც მარგოს სამჯერ აუპეტიურებს ჯაყო, დილით მარგოს ღიმილით მთავრდება.

2 იხილეთ ბერტოლუჩის ამბავი აქ. 2017 წელს, MeMoo-ს კამპანიის დროს ბერტოლუჩის ინტერვიუ გამოჩნდა. 2013 წელს ნიდერლანდურ ტელევიზიაზე მიცემუულ ინტერვიუში ბერტოლუჩი აღიარებს რომ სცენა მარიას თანხმობის გარეშე გადაიღეს. ბერტოლუჩის თქმით, ნამდვილი და არა ნათამაშები ცრემლები უნდოდა. სამწუხაროდ ამ დროს მარია შნაიდერი უკვე გარდაცვლილია. მის ერთერთ ინტერვიუში ამბობს რომ თავი "ცოტა გაუპატიურებულად იგრძნო" და რომ ამ სცენის გამო მისთვის ბოდიშიც კი არ მოუხდიათ.

3 იხილეთ რობაქიძის ლექსი ფემიციდზე აქ.

4 The Police, Every Breath You Take.

5 ჯანსუღ კახიძე, მუხამბაზი.

6 10 ივლისს ქეთევან წამებულის ნეშტი ჩოხაში ჩაცმული მამაკაცების ესკორტმა გამოაცილა თბილისის აეროპორტში.

7 იხილეთ გრიშაშვილის ლექსი შენ გაირყვნები. ამ ლექსს ყველაზე ლამაზად თავად მარიჯანმა უპასუხა. წაიკითხეთ, როგორ კარგად ხედავს მარიჯანი, ეპოქისდა მიუხედავად, რომ კაცისთვის სიყვარული ხშირად "ლელოს გატანაა".

8 თამთა მელაშვილის სტატია მარიჯანის შემოქმედებაზე.

9 Body Shop Georgia-მ ქალების გასაძლიერებლად 100% -ით კაცებისაგან შემდგარი ავტორების წიგნი გამოსცა. მათ შორის ერთ-ერთი გიორგი კეკელიძეა, რომელსაც რამდენიმე ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. წიგნის ერთ-ერთ მოთხრობაში ავტორი ღიმილს აცოცხლებს და ამბობს: "მე ვარ ღიმილი".

10 ლიტერატურული ჟარგონი. ოქსიმორონი ორი შეუსაბამო სიტყვის გვერდი-გვერდ დაყენებაა.

11 mansplaining ორი ინგლისური სიტყვის შერწყმაა, "men" და "explain" და კაცების მიერ ქალებზე ამ ცხოვრების ახსნას ნიშნავს. მაშინაც კი, როცა საქმის ექსპერტი ობიექტურადაც ქალია, კაცები ქალს სიტყვას აწყვეტინებენ და ჭკუას ასწავლიან.

12 Body Shop Georgia-ს კამპანიის გასაბათილებლად, კაცების ნაწილმა ქალებს შეგვახსენა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი პროტაგონისტები კაცებმა შექმნეს. მათ შორის, ანა კარენინას და ემა ბოვარის ყველაზე ხშირად ახსენებდნენ.

13 "თუ ქალი მწერალი უნდა გახდეს, მას უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი; და ეს, როგორც თავად ხედავთ, ქალისა და ლიტერატურის ნამდვილი არსს და მის პრობლემას გადაუჭრელს ხდის" — ვირჯინია ვულფი, საკუთარი ოთახი. Persephone Books London, 2019, გვერდი 6.

14 7 მწერლიდან ერთერთმა, ტორესა მოსმა ქალებს ლიტერატურა დაუწუნა და "აქტვივისტის დღიურებს" შეადარა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ქალებზე უკეთესად შეეძლო წერა ქალობაზე.

15 The Body Shop ცხოველების დამცველებმა მწვავედ გააკრიტიკეს, რადგან ბრენდი 2006 წელს L’Oréal-მა იყიდა. ეს უკაკანსკნელი კი ცდებს ცხოველებზე ატარებს.

მერიემ დიასამიძე რადიკალი ფემინისტი ბლოგერი და ავტორია. მისი ბლოგების წაკითხვა შეგიძლიათ აქ. ფეისბუქი აქ.