რატომ გამოიწვია კაცების მიერ ქალებზე დაწერილმა წიგნმა ალიაქოთი — სად არის პრობლემა
გამაოგნებელი საერთოდ არ არის, რომ კაცმა ქალებზე წეროს. მაშინ, რამ გამოიწვია ალიაქოთი? — იკითხავთ თქვენ. პრობლემა იმაშია, რომ პროექტი და კამპანია, რომლის ფარგლებშიც აირჩიეს 7 კაცი მწერალი, ქალთა გაძლიერებას ემსახურება. კიდევ ერთხელ — ქალთა გაძლიერებას.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც პატრიარქალური კულტურის შედეგად ქალები დღემდე ვებრძვით ბევრ რამეს, მათ შორის გარეგნობასთან და სხეულთან დაკავშირებულ მავნე სტერეოტიპებს. ჩვენ ამ გამოწვევებთან ერთად ვცხოვრობთ და ყოველდღიურობაში ვეჯახებით მათ. უფრო სწორად, ისინი იჭრებიან ჩვენს ცხოვრებაში უბოდიშოდ. ეს აისახება ჩვენს თვითშეფასებაზე და ზოგჯერ ჯანმრთელობაზეც. ჩვენ ვეჭიდებით პატრიარქატისგან ნაბოძებ ბარიერებს, ვცდილობთ გადავლახოთ ისინი და ოდნავ მაინც შევიმსუბუქოთ ყოფა.
ამ კონტექსტში უცნაური და პარადოქსულია, რომ იმ პროექტში, რომელიც ქალების გაძლიერების ისახავს მიზნად, ავტორებად მხოლოდ კაცებს ირჩევენ.
აზრთა დაპირისპირებისას გაისმა შემდეგი შინაარსის კომენტარები — ჯერ ხომ არ წაგვეკითხა და ამის შემდეგ გვემსჯელა, რამდენად კარგი ავტორები არიან ეს ადამიანები? გაჟღერდა აზრი, რომ კომპანიის და მწერლების წინააღმდეგ "ცუდის მოსურნე ქალებმა" განგებ გაილაშქრეს, რომ პროექტში მონაწილე ყველა ადამიანი, ავტორების ჩათვლით, ქალებს გულშემატკივრობს, მწერლები კი გენდერ-სენსიტიურები და ფემინისტები არიან, მაშასადამე, ეჭვები და კრიტიკა უსაფუძვლოა.
არადა, საუბარი საერთოდ არ არის იმაზე, როგორ ფასდება ავტორების მწერლობა და მოღვაწეობა პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილის მიერ. საუბარი არ არის იმაზე, როგორ გაართვეს თავი კაცმა ავტორებმა კონკრეტულ პროექტს. საკითხი დგას სხვაგვარად — კაცების პრიზმიდან და პერსპექტივიდან აღწერილი ქალთა პრობლემები წინააღმდეგობაში მოდის ქალების გაძლიერების იდეასთან. კაცები (თუნდაც პროფემინისტები) ეხმარებიან ქალებს გაძლიერებაში და პატრიარქატისგან ნაბოძები რიგი პრობლემების დაძლევაში საკუთარი რეფლექსიებით ქალების ისტორიებზე.
ასეთი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, საკმარისი იქნებოდა პროექტზე მომუშავე ადამიანებს საფუძვლიანად შეესწავლათ თემა და გაევლოთ კონსულტაცია საკითხში გარკვეულ პირებთან.
რაც შეეხება მწერლების კეთილ ზრახვებს, თუ მაინცდამაინც მათ პროფემინისტობაზეა საუბარი, ავტორი, რომლის ხედვა თუ პოზიცია გულწრფელად ქალთა მხარდაჭერისკენ და გაძლიერებისკენაა მიმართული, თავად არ დათანხმდება მსგავს პროექტში მონაწილეობას. რა თქმა უნდა, თუ ის მართლაც ფემინიზმის მხარდამჭერია. მაინც რატომ "არა"? იმიტომ, რომ მართლაც ფემინიზმის მხარდამჭერმა ავტორმა იცის, რომ უარი ლოგიკურია. ფემინისტების რისხვის შიშით კი არ იუარებს, არამედ იმიტომ, რომ ესმის — ქალთა გაძლიერების ამბავში, მსუბუქად რომ ვთქვათ, უხერხულია ისმოდეს მხოლოდ კაცის ხმა. პროფემინისტური პოზიციის მქონე ავტორისთვის დათანხმება ქალების დაცინვა და საკუთარი პროფემინისტური პოზიციისთვის ხაზის გადასმაა.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ორგანიზატორები, გუნდის წევრები და ავტორები ინდიფერენტულები არიან ქალთა პრობლემების მიმართ და პროექტში მონაწილეობის თანხმობით მათ ქალების დაცინვას გამიზნულად მოაწერეს ხელი. უბრალოდ, გამოცდამდე მეცადინეობაა საჭირო, რთული ამოცანამდე კი — მარტივი ამოცანების გავლა.
კლასიკოსების უკვდავსაყოფი ოდების ავტორებს
პროექტის სადარაჯოზე მყოფთ ქალთა გაძლიერების კონტექსტში არგუმენტად ლევ ტოლსტოის "ანა კარენინა", შტეფან ცვაიგის "უცნობი ქალის წერილი" და გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარი" გაახსენდათ. ძალიან უნდა მოინდომო, რომ მიზოგინი და სექსისტი ავტორები გაიხსენო ასეთ დროს, თანაც ქალთა საუკეთესო აღმწერებად. საუკუნეების მანძილზე სექსისტური ნაწარმოებების ზეგავლენამ ჰქმნა ის, რომ ტანჯული, გარემოებების მსხვერპლი და კაცის სიყვარულს შეწირული ქალთა პერსონაჟები მიიჩნევა ნამდვილი ქალის სახედ. თითქოს სხვა ავტორები და ქალი პერსონაჟები არც არსებულან. გილოცავთ.
მაინც, ცნობისათვის — ქალების სახეების საუკეთესო მაგალითები გაუბედურებული და განადგურებული ქალი პერსონაჟები არ არიან. რატომ დავიჯერეთ, რომ ქალის ხვედრი ტანჯვაა და აუცილებლად ამის რომანტიზება უნდა მოვახდინოთ?
კომენტარები