ორსულები და ვაქცინაცია — რატომ და როგორ უნდა აიცრათ
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორსულებისთვის დაშვებულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქალები ამ საკითხზე საკმარისად ინფორმირებულები არ არიან. აცრის მსურველები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უცხოური წყაროებიდან ინფორმაციის მიღებისა და პირადი გინეკოლოგის რჩევით მიიღეს.
აღსანიშნია ისიც, რომ ანტივაქსერული კამპანიის ფონზე, აცრებზე არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობის ნაწილში შიში გაჩნდა. ამასთან ბრძოლის ერთადერთი გზა სწორი ინფორმაციის გავრცელებაა, თუმცა ორსული ქალები ამბობენ, რომ რთულად იპოვეს ინფორმაცია იმაზე, რომელი ვაქცინის გაკეთება შეიძლება მათთვის და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე ორსული გარდაიცვალა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ორსული ქალები ერთმანეთს მოუწოდებენ, საკუთარი თავისა და შვილების დასაცავად აიცრან.
ქვეყანაში ამ ეტაპზე აცრა ოთხი — ფაიზერის, ასტრაზენეკას, სონიფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს. ორსულების აცრა მხოლოდ ფაიზერითაა ნებადართული. დანარჩენი მწარმოებლები ამბობენ, რომ ამ მიმართულებით საკმარისი კვლევა არ აქვთ ჩატარებული, შესაბამისად, ორსულებისთვის სხვა ვაქცინებით აცრა რეკომენდებული არ არის.
On.ge ესაუბრა ორსულ ქალებს, რომლებიც გვიზიარებენ, რა დაბრკოლებები შეხვდათ აცრამდე და განმარტავენ, რატომ გაიკეთეს ვაქცინა.
რას ამბობენ აცრილი ორსულები
სოფო გვანცელაძე 31 თვის ორსულია. ამბობს, რომ რეგისტრაციამდე ვაქცინაციაზე საკმარისი ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა წყაროდან მოუწია. მისი თქმით, ეს პრობლემა ახლაც არის და ამას მოწმობს ის, რომ აცრის შემდეგ არაერთი ადამიანი დაუკავშირდა და რჩევა ჰკითხა.
"დღეს მესაუბრა ერთი ორსული გოგო, ჩემმა გინეკოლოგმა მითხრა, რომ ვერც კი გეტყვი და ვერც — არასო. ვფიქრობ, ძალიან დიდი პრობლემაა ამ ეტაპზე. ვიცი, რომ ყველასთვის სენსიტიური თემაა და განსაკუთრებით ორსულებისთვის, მაგრამ მათ აუცილებლად ვეტყოდი, რომ ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა და იმ წესების დაცვა, რასაც აქამდე ვიცავდით", — დასძენს ის.
ვაქცინაციისთვის საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად, ძალიან დიდი დროისა და ემოციური რესურსის დახარჯვა მოუწია თამთა მელაშვილის. როგორც მან On.ge-ს უთხრა, როცა დასარეგისტრირებლად ბაზები გაიხსნა, ორსულთა აცრის შესახებ თითქმის არსად არაფერი ისმოდა და არავინ არაფერი იცოდა. მას მიაჩნია, რომ ჯანდაცვის უწყებები ვალდებულნი იყვნენ ოფიციალური განცხადება დროულად, ფაიზერის ბაზების გახსნამდე გაეკეთებინათ.
"ვეძებდი ამ ინფორმაციას თემატურ ჯგუფებში, ვიკითხე საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმების ფეისბუქ სტატუსები, ლამის საყოველთაო გამოკითხვა ჩავატარე სხვა ქალებთან, რას აპირებენ, ვეცადე გამეგო უცხოელი მეგობრებისგან, ცრიან თუ არა ორსულებს მათ ქვეყნებში და ა.შ.
ფაქტი ისაა, რომ ამის გაკეთება ჩვენ ასე არ უნდა გვიწევდეს. ფაქტია ისიც, რომ ამ ქვეყანაში პანდემიის მართვისას ორსული და მეძუძური, როგორც ცალკე ან პრიორიტეტული ჯგუფი არასოდეს ჩაუგდიათ სათვალავში. ჩვენ არ უნდა გვიწევდეს ამდენი კვლევა და მთელი სანაცნობო წრის მობილიზება ადეკვატური ინფორმაციის მოსაპოვებლად", — აღნიშნავს მელაშვილი.
ის ხაზს უსვამს, რომ ძალიან ბევრ ქალს ამის დრო და საშუალება არ აქვს, ბევრს კი უბრალოდ ინტერნეტზე არ მიუწვდება ხელი ნორმალურად. თამთას თქმით, ახლა თითქოს იმდენი ბარიერი აღარაა, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობას მაინც განიცდის და თავს დაცულად არ გრძნობს.
"სიტუაცია ასეთი იყო, რომ ასაცრელად მისულ ორსულებს და მეძუძურებს კლინიკებში საოცარი ბარიერები ხვდებოდათ. ზოგიერთი მათგანი იძულებული გახდა დაემალა სტატუსი, ზოგიერთს ჩხუბისა და სკანდალის ფასად მოუწია აცრა.
ვთქვათ, სანამ აცრამდე მივაღწევ და მანამდე დავინფიცირდი, ვინ და როგორ მართავს ჩემს ვირუსს? რომელი კლინიკა იღებს ინფიცირებულ ორსულებს? რამე კონკრეტული მკურნალობა ინიშნება? როგორია საფრთხეები და გამოჯანმრთელების ეფექტურობა, განსაკუთრებით დელტა შტამის შემთხვევაში? შესაბამისი ოფიციალური პირები ვალდებული არიან ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები გაგვცენ, ხშირად გაიმეორონ და ყოველთვის დროულად მოგვაწოდონ განახლებული ინფორმაცია", — ამბობს ის.
6 თვის ორსული, ნათია გუშარაშვილი ამბობს, რომ დარეგისტრირება და აცრა მარტივად შეძლო, მაგრამ ინფორმაცია უცხოურ წყაროებზე მოიპოვა და ივლისის ბოლოს გინეკოლოგის რეკომენდაციით აიცრა.
"საქართველოში ნაკლებად მხვდებოდა ინფორმაცია ორსულების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ დაემთხვა ის ფაქტიც, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა თავად აცრა 5 თვის თავისივე ორსული კოლეგა და შესაბამისად, ვენდობით ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას. რადგან მათი რეკომენდაცია არის ის, რომ ორსულები აიცრან, მოვუწოდებ ყველას, გაერკვიონ, გაიარონ კონსულტაცია თავიანთ გინეკოლოგებთან და აუცილებლად აიცრან. წინ კიდევ 3 თვე დამრჩა და ვფიქრობ, მშობიარობის პროცესს უფრო მშვიდად შევხვდები", — გვეუბნება ნათია.
8 თვის ორსულის, თეონა სიჭინავას თქმით, პრობლემა არამხოლოდ მწირი ინფორმაცია, არამედ ექიმების ყოყმანია, რომლებიც ორსულებს აცრას არ ურჩევენ.
"რამდენიმე კლინიკაში ვიკითხე, ჰყავდათ თუ არა ორსული აცრილი, ყველამ უარი მითხრა, ჯერ არავინ არ გვყოლიაო, რამაც ცოტა შიშის გრძნობა გამიჩინა. ვეკითხებოდი, თქვენ რას მირჩევთ-მეთქი, მაგრამ თავს იკავებდნენ. უმჯობესია, ექიმებიც უფრო თამამად ხვდებოდნენ ორსულ პაციენტებს და გამბედაობას მატებდნენ, ვფიქრობ, ასე უფრო მეტი აიცრებოდა", — გვეუბნება თეონა.
ნანა ბაგალიშვილი ორსულთა ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ბოლო 3-4 თვეა აქტიურად ეცნობოდა და ხელმისაწვდომ ვაქცინას ელოდებოდა. ამბობს, რომ ასაცრელად სიხარულით მიფრინავდა. ნანას თქმით, რადგან ორსულებში ისედაც მაღალია სუნთქვის გართულების რისკები და Covid-19-საც უარყოფითი გავლენა აქვს სასუნთქ გზებზე, დაინფიცირების რისკებზე ფიქრისას, ეს ყველაზე მეტად აშინებდა.
"ამაზე კარგი საჩუქარი ბოლო წლებში ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მეცნიერებას არ გაუკეთებია. სამწუხაროდ, დავაგვიანეთ ჩვენთან ორსულთა ვაქცინაცია, რადგან გვქონდა ლეტალობა და ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომელმაც რისკ ჯგუფი, დაბალი იმუნური სისტემის მქონე ჯგუფი, ორსულები დროულად არ აცრა, არ შემოგვთავაზა აცრა".
ნანას თქმით, მას ცოფის აცრაზე გაცილებით რთული გვერდითი მოვლენა ჰქონდა, ვიდრე კორონავირუსის აცრაზე. ის ამბობს, რომ მკლავიც არ ასტკივებია.
რა რეკომენდაციები აქვს NCDC-ს
ორსულების წუხილთან და საქართველოში ორსულების ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს (NCDC) დავუსვით. ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, რატომ არის ორსულების აცრა დღეისათვის მხოლოდ ფაიზერით შესაძლებელი. ის ამბობს, სინოფარმითა და სინოვაკით ორსულების აცრის რეკომენდაციას არასაკმარისი კვლევების გამო არ იძლევიან. თუმცა, მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ სინოვაკი და სინოვაკი ინაქტივირებული ვაქცინებია და ინაქტივირებული ვაქცინების ორსულებში მოხმარების გამოცდილება არსებობს.
"ჩვენთან არსებული ვაქცინებიდან რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ორსულობის დროს მხოლოდ ფაიზერია ხელმისაწვდომი. როგორც ვაქცინის ინსტრუქცია განმარტავს, ორსულობის პროცესში ამ ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია, განსაკუთრებით, თუ ეს არის მაღალი რისკის ზონაში მომუშავე ადამიანი ან თავისი ცხოვრების წესის გამო რისკის მაღალ ჯგუფს განეკუთვნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეხედულებით, ამ ვაქცინების [სინოვაკისა და სინოფარმის] გამოყენება ორსულთათვის უსაფრთხოა, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენ უფრო მკაცრ გადაწყვეტილებებს მივყვებით, რადგან ინსტრუქციაში მითითებულია, რომ სონოფარმი და სინოვაკი ორსულებისთვის გამოყენებული არ იყოს. ამიტომ, მინისტრის მოქმედ ბრძანებაში დღეს ასეა განსაზღვრული და ამ ორი ვაქცინით ჩვენთან ორსულები არ იცრებიან. ფაიზერს მითითება აქვს, რომ შეიძლება გამოყენებული იყოს ორსულებში და შესაბამისად, მისი გამოყენებაც უნდა მოხდეს. იგივე მითითება აქვს ასტრაზენეკასაც, უბრალოდ, ჩვენთან ასტრაზენეკას გამოყენების ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს", — განმარტავს ზახაშვილი.
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის შვილი, ტატა იმნაძეც. ეპიდემიოლოგი განმარტავს, რომ მისმა შვილმა ეს გადაწყვეტილება მეანის რეკომენდაციით მიიღონ.
"როდესაც ჩემი ორსული ქალიშვილი ავცერი, იქ გადამწყვეტი ჩემი სიტყვა არ იყო, გადამწყვეტი იყო მისი მეანის რეკომენდაცია. ეს ასეა საერთოდ — ორსულს მართავს მეანი. მე ჩემს შვილს დიდი ხანია ვეუბნებოდი, რომ ასაცრელი იყო, მაგრამ მისთვის გადამწყვეტი იყო, როდესაც მისმა მეანმა ურჩია აცრა. ასე უნდა იყოს ყველა მეანი, ასე უნდა იყოს ყველა ოჯახის ექიმი", — განაცხადა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს გინეკოლოგებს, რომ ორსულებს აცრა ურჩიონ.
"ფაიზერი საკმარისია ქვეყანაში. მოვუწოდებ თქვენი ეთერების საშუალებით ყველა ქალბატონს, ყველა ორსულ ქალბატონს, ან იმ ქალბატონს, რომელსაც უნდა, რომ დაფეხმძიმდეს, აუცილებლად აიცრას. უკვე, სამწუხაროდ, გვაქვს იცით რამდენი შემთხვევაც ორსული ქალბატონის კოვიდით გარდაცვალების, ამიტომ გთხოვთ ყველას, ასევე, ვთხოვ ჩემს კოლეგებს, მეან გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორსული ქალბატონის მართვაში, რომ როდესაც მიდიან კონსულტაციაზე, მათ ურჩიონ, რომ აიცრან", — განაცხადა გამყრელიძემ.
ორსულებში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას რეკომენდაციას უწევს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.
გინეკოლოგის რჩევები
მეან-გინეკოლოგი სოფო ბოჯგუა ამბობს, რომ განსაკუთრებით დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ გარემოში საჭიროა, ორსულებმა პირად გინეკოლოგთან გაიარონ კონსულტაცია და აიცრან. მისი განმარტებით, კოვიდ-19 ის გამომწვევი SARS-Cov-2 ვირუსით ინფიცირებული ორსულები 15%-25%-ით უფრო ხშირად მძიმდებიან და დაინფიცირებამ, შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობის პროვოცირება გამოიწვიოს.
"აცრას რეკომენდაციას ვუწევ და ამის დასტურად ჩემი აცრილი ორსულებიც მყავს. მათ გამო უფრო მშვიდად ვარ. ორსული ქალები კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციაა. ვინაიდან ორსულებს რისკის და სარგებლის გათვალისწინებით ვცრით, მეან გინეკოლოგები მთელს მსოფლიოში ვუწევთ რეკომენდაციას აცრას მათთვის ხელმისაწვდომი და დაშვებული ვაქცინით და არ გადადონ", — ამბობს ის.
ბოჯგუას ვესაუბრეთ იმ შიშებზეც, რომელიც ორსულებსა და ახალბედა დედებს ლაქტაციასთან დაკავშირებით აქვს — ნაწილი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია ბავშვის ძუძუთი კვებისას ცუდია. ბოჯგუას თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია ლაქტაციაზე ცუდად აისახება. მისივე განმარტებით, ქალებს, რომლებმაც იმშობიარეს და ძუძუთი კვებაზე ჰყავთ ბავშვი, შეუძლიათ აცრა და შესაძლოა, ამ დროს ანტისხეულები ბავშვსაც გადაეცეს და დაიცვას.
სოფო ამბობს, რომ პაციენტები ხშირად მიმართავენ კითხვებით — შეიძლება თუ არა ვაქცინა მენსტრუალური პერიოდის დროს, ან ვინც ორსულობას გეგმავს, ხომ არ ექნება ფერტილობის პრობლემა, რაზეც მეან-გინეკოლოგი პასუხობს:
"მეცნიერულად მენსტრუალური პერიოდის დროს ვაქცინაციის ჩატარებას ხელს არაფერი უშლის. გასათვალისწინებელი ფაქტია მხოლოდ ის, რომ ასეთ დროს ქალს შესაძლოა დაღლილობის შეგრძნება ჰქონდეს და ამის გამო ვაქცინა არ უნდა გადავდოთ. რაც შეეხება ფერტილობას, ამ დროისთვის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ვაქცინაციას უშვილობის პროვოცირება შეუძლია. საერთოდ არანაირი. ჩატარდა კვლევა სპერმის ხარისხზე Pfizer-ით აცრილებში. კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერით აცრილებში სპერმის ხარისხი არ შეიცვალა. ვინც ორსულობას უახლოეს პერიოდში გეგმავს, აუცილებლად უნდა აიცრას და ვაქცინაციიდან ორ კვირაში შეუძლია დაგეგმოს ორსულობა", — ამბობს სოფიო ბოჯგუა.
სად და როგორ ავიცრათ
ვაქცინაზე ჩასაწერად შესაძლებელია რეგისტრაცია ვებ-გვერდზე booking.moh.gov.ge. ამასთან, უკვე შეგიძლიათ აცრა წინასწარი ჯავშნის გარეშე, ადგილზე მისვლით. ქვეყანაში ამ დროისთვის ასეთი პუნქტია, თუმცა ფაიზერით ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ 4-ში. კერძოდ:
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტი (ვაჟა-ფშაველას გამზირი #33). ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე;
- ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას #77). ცენტრი მუშაობს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00-მდე, შესვენების გარეშე;
- მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსი (სამხედროს ქუჩა #9). ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის #32/35).
გარდა ამისა, შესაძლებელია აცრა რაიონულ ცენტრებში. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს გადაადგილება უჭირს, შეუძლია მობილური ამბულატორიის გამოძახება. დეტალური ინფორმაციისთვის უნდა დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს: 15 22
ასევე, იხილეთ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია. სია პერიოდულად ახლდება და ახალი ადგილები ემატება.
გაიგეთ მეტი:
საქართველოში Covid-19-ით ორსულის გარდაცვალების პირველი შემთხვევა 7 მაისს თბილისში დაფიქსირდა. კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა, დაიღუპა ახალშობილიც. 19 ივლისს კი 36 წლის ორსული ქალი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა.
კიდევ ერთი ორსული Covid-19-ით 10 აგვისტოს გარდაიცვალა. 28 წლის ქალი ქუთაისში კოვიდცენტრ ბომონდში მკურნალობდა.
კომენტარები