არ იქნება სწორი, გამოძიებამ წინასწარ ისაუბროს ზედოზირებაზე, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება — შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროში TV პირველის გარდაცვლილ ოპერატორთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების კადრები აჩვენეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ის საბურთალოსა და ფონიჭალაში მოპედით გადაადგილდებოდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, კადრებს საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ავრცელბენ.
"პირველადი მონაცემებით, გუშინ რამდენიმე ლოკაციაზე გადაადგილდებოდა მეგობართან ერთად, მოპედის საშუალებით, მათ შორის იყო საბურთალოს რაიონი, იყო ფონიჭალის დასახლება. ფონიჭალის დასახლებაში იყვნენ ორჯერ ჩასულები, თუმცა ამაზე შეგნებულად არ გვინდა ხაზის გასმა, იქედან გამომდინარე, რომ წინმსწრებად გარკვეული ვერსიების გაჟღერება არ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან", — თქვა მამუკა ჭელიძემ და დასძინა, რომ ოპერაოტრის მეგოგაბრი ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოში იმყოფება და მასთან მასთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ჭელიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც "ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს".
ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რას ემსახურება კადრების გავრცელება და მითითება, რომ ლაშქარავა ფონიჭალაში იმყოფებოდა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ გამოძიება ზედოზირებაზეც მუშაობს, უწყებაში პასუხობენ:
"მოგეხსენებათ, დღეს დაინიშნა და ახლაც მიმდინარეობს ექსპერტიზა, არ იქნება სწორი და პროფესიონალური, გამოძიებამ წინასწარ ისაუბროს ზედოზირებაზე, თუმცა ეს ვერსიაც განიხილება, ბუნებრივია. სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახი და დამოუკიდებელი ექპერტი, ზედმიწევნით შეისწავლის გარდაცვალების უშუალო მიზეზებს, ნარკოტიკების როლს მის გარდაცვალებასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ სხვა შესაძლო შედეგებს", — თქვა ჭელიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, შსს-ს ამ დრომდე არ ამოუღია გარდაცვლილის მობილური ტელეფონი და მოუწოდებს ახლობლებსა და მეგობრებს, გადასცენ გამოძიებას ტელეფონი. ამასთან, მისი მოწოდებაა ახლობლებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს", — განაცხადა ჭელიძემ.
მისივე თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება.
მან "კატეგორიულად" მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ "ნაადრევი დასკვნებისგან" და დაელოდონ გამოძიებას.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების მიმდინარეობისას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას. ჭელიძემ ბრიფინგის დასაწყისში ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.
ალექსანდრე ლაშქარავა დღეს, 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
იმ ათობით ადამიანიდან, რომლებიც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ და TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ჯერჯერობით მხოლოდ ორია დაკავებული. აკაკი ნაკაშიძისა და თორნიკე დავლაშელიძის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე ითხოვდა მათ გათავისუფლებას 2 000-2 000 ლარიანი გირაოთი.
"ჩემი აზრი მინდოდა დამეფიქსირებინა, როგორც მართლმადიდბელი კაცის და მერე ქაოსმა მოიცვა ყველაფერი [...] ემოციებიდან გამომდინარე მოხდა", — განაცხადა აკაკი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესზე.
"ჩემი ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე, სადაც ვყოფილვარ საზოგადოებაში, ვერავინ იტყვის რომ მკვლელი ვარ, ქურდი ვარ, ყაჩაღი ვარ, საერთოდ არ მახასიათებს ასეთი რაღაცები... რაც შეეხება ძალადობას, არავის მომართ განმიხორციელებია", — უთხრა მოსამართლეს თორნიკე დავლაშელიძემ.
პროკურატურამ ნაკაშიძესა და დავლაშელიძეს, ასევე მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, თემურ ხარაულსა და ილია ქებაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
გაიგე მეტი:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები