წიგნის ფესტივალის გზამკვლევი: რა სიახლეები აქვთ გამომცემლობებს
უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართველი მკითხველების დიდი ნაწილი გაზაფხულის მიწურულს განსაკუთრებულად ელის: ტრადიციულად სწორედ ამ დროს იმართება ხოლმე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც დიდი ხნის ნანატრ წიგნებს ერთ სივრცეში ფასდაკლებით ვყიდულობთ.
ერთგვარ ლიტერატურულ დღესასწაულად ქცეული ეს ღონისძიება, სხვა ბევრი რამის მსგავსად, პანდემიის გამო შარშან ონლაინ გაიმართა და პირველად მოგვიწია საკითხავის შერჩევა დისტანციურად. წელს კი ისევ გვეძლევა შესაძლებლობა, კვლავ ფიზიკურად ვეწვიოთ ექსპო ჯორჯიას პავილიონს, სტენდებსა და დახლებზე შევათვალიეროთ წიგნები და დაზურგული დავბრუნდეთ შინ.
წლევანდელმა ფესტივალმა ივნისის ბოლოსკენ გადაინაცვლა და 24-დან 27 ივნისის ჩათვლით გაიმართება. რეგულაციების გათვალისწინებით, გამოფენა-გაყიდვის სივრცეში მოსახვედრად, აუცილებელია, მარტივი რეგისტრაცია გაიაროთ. ამავდროულად კი მათ, ვინც ხალხმრავალ თავყრილობებს ერიდება, საშუალება აქვთ, წიგნები ონლაინაც გამოიწერონ.
თუ იმ მკითხველთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც წინასწარ მომზადებული, ჩაწიკწიკებული სიით უყვარს წიგნების მრავალფეროვან არჩევანს შორის გზის გაკვალვა, ამ სტატიაში იმ მნიშვნელოვან სიახლეებს წარმოგიდგენთ, რომლებიც წლევანდელ ფესტივალზე გამომცემლობებმა ერთგულ მკითხველებს მოუმზადეს და მხედველობიდან არ უნდა გამოგეპაროთ — დამერწმუნეთ, ყველანაირი ლიტერატურის მოყვარული იპოვის ახალ საკბილოს თავისთვის.
დიოგენე
ჩემთვის თბილისის წიგნის ფესტივალს საზეიმო განწყობა ერთიორად ემატება, როცა გამომცემლობა დიოგენე ახალი გამოცემებითაა წარმოდგენილი. და აი, წლევანდელი ფესტივალი სწორედ ერთ-ერთი ასეთი იქნება.
სიახლეებითაა დახუნძლული წიგნების განსაკუთრებული სერია დიოგენეს ბიბლიოთეკა:
- ბოჰუმილ ჰრაბალის მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ (მთარგმნელი სულხან მუხიგულაშვილი) — ეს გენიალური ჩეხი მწერალი ქართველი მკითხველების ფართო წრემ სწორედ დიოგენეს მიერ გამოცემული წიგნებით ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს და მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა გაიცნო. ახლა კი მისი კიდევ ერთი გამორჩეული რომანის წაკითხვა შეგვეძლება მშობლიურ ენაზე.
- რობერტ მუზილის ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა (მთარგმნელი მაია ბადრიძე) — ეს ავტორი არა მხოლოდ ავსტრიულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაშიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი შემოქმედია, რომელსაც ბევრი ეპოქალური რომანით უთვისებო კაცი იცნობს. ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა კი მუზილის პირველი რომანია, რომელიც 25 წლის ასაკში დაწერა.
- ნატალია გინძბურგის ოჯახური ლექსიკა (მთარგმნელი მადონა ბოკუჩავა) — ნატალია გინძბურგი ერთ-ერთი გამორჩეული იტალიელი ავტორია, ეს რომანი კი მის შემოქმედებაში ყველაზე ცნობილია, რომლის იუმორით გაზავებული ემოციური თხრობა მაშინვე ნებისმიერს შეაყვარებს ქართული პუბლიკისთვის არც ისე კარგად ნაცნობ ამ შესანიშნავ ავტორს.
- პრიმო ლევის პერიოდული სისტემა (მთარგმნელი ნათია აბრამიშვილი) — დიოგენე კიდევ ერთი შესანიშნავი იტალიელი მწერლის, პრიმო ლევის ახალ თარგმანს წარმოგვიდგენს: მოთხრობების კრებული, რომელშიც შესული 21 მოთხრობა პროფესიით ქიმიკოსმა მწერალმა ქიმიური ელემენტის მიხედვით დაასათაურა.
- უილიამ ტრევორის ნაწვიმარზე (მთარგმნელები ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე) — ვისაც მოთხრობების კითხვა იტაცებს, ცნობილი ირლანდიელი მწერლის უილიამ ტრევორის შთამბეჭდავი მოთხრობების ქართულ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობაც ეძლევა.
- მატიას ენარის კომპასი (მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი) — მატიას ენარი ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული თანამედროვე ფრანგი მწერალია, რომლის მეორე წიგნს გამოსცემს უკვე დიოგენე: ესაუბრე ბრძოლებზე, მეფეებსა და სპილოებზე უკვე ბევრმა შეიყვარა და დროულად წამოგვეწია კვლავ აღმოსავლური კულტურით შთაგონებული მისი კიდევ ერთი რომანი.
ინტელექტი
როგორც ყოველთვის, გამომცემლობა ინტელექტი უამრავი სიახლით იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე, თუმცა მათგან რამდენიმე განსაკუთრებული წიგნი ამოვარჩიე, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს.
- ფარიბა ვაფის დასასრულის შემდეგ (მთარგმნელი მზია ბურჯანაძე) — ირანული ლიტერატურა უამრავი მარგალიტითაა სავსე, რომელთაც, სამწუხაროდ, კარგად არ ვიცნობთ. მათ შორისაა თანამედროვე მწერალი ქალი ფარიბა ვაფიც, რომელიც თავის რომანში დასასრულის შემდეგ ადამიანური ურთიერთობების ღრმა და ფაქიზ ანალიზს გვთავაზობს.
- გაბრიელ გარსია მარკესის საუკუნის სკანდალი (მთარგმნელი მაკა გოგოლაშვილი) — მარკესი საქართველოში ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორია, ეს ახალი წიგნი კი ამ კოლუმბიელი მწერლის სხვადასხვა წლებში დაწერილ საგაზეთო სტატიებს უყრის ერთად თავს.
- ნიკოს კაზანძაკისის ღვთის გლახა (მთარგმნელი მაია კაკაშვილი) — ინტელექტს აქამდე გამოცემული ჰქონდა კაზანძაკისის სკანდალური და აკრძალული რომანი ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება და ახლა ამ ცნობილი ბერძენი მწერლის კიდევ ერთი გამორჩეული რომანი თარგმნეს, რომელიც მე-13 საუკუნის იტალიაში გვამოგზაურებს.
- არტურ კოესტლერის მზის დაბნელება (მთარგმნელი გიორგი შატბერაშვილი) — ეს რომანი გასულ საუკუნეში ტოტალიტარულ მმართველობაზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.
- ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის იისფერი ჰიბისკუსი (მთარგმნელი ლალი ყუშიტაშვილი) — ნიგერიელი ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი განსაკუთრებული ხელწერისა და ხედვის მქონე თანამედროვე ავტორია, რომლის შემოქმედების გაცნობაც უკვე ქართულ ენაზე შეგვიძლია. იისფერი ჰიბისკუსი ერთდროულად მრავალ მწვავე პრობლემას ეხება და ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ნიუანსებსაც კი საოცრად ემოციურად აღწერს, რითაც მკითხველზე მაშინვე წარუშლელ კვალს ტოვებს.
-
იმან ჰუმაიდან იუნისის ველური თუთა (მთარგმნელი დარეჯან გარდავაძე)— ინტელექტმა ახალი საინტერესო წიგნების სერიის გამოშვება დაიწყო: არაბული ლიტერატურის ბიბლიოთეკა, რომლის ფარგლებშიც უკვე გამოიცა პირველი წიგნი, თანამედროვე ლიბანელი მწერლის რომანი ველური თუთა.
სულაკაურის გამომცემლობა
რა თქმა უნდა, წლევანდელი ფესტივალი არ ჩაივლის სულაკაურის გამომცემლობის სიახლეების გარეშე და ტრადიციულად, ერთგულ მკითხველებს სხვადასხვა ჟანრის გამორჩეულ ნაწარმოებებთან გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა.
- სალი რუნის ჩვეულებრივი ადამიანები (მთარგმნელი გურამ ღონღაძე) — სალი რუნი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და იმედისმომცემ ახალგაზრდა მწერლად ითვლება. მისი ჩვეულებრივი ადამიანები მსოფლიო ბესტსელერი გახდა და გასულ წელს ამავე წიგნის მიხედვით ასევე ძალიან ცნობილი სერიალიც (Normal People) გადაიღეს.
- ნილ გეიმანის არსადროს (მთარგმნელი ნიკა სამუშია) — ნილ გეიმანი ფენტეზის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორია, რომლის არაერთი ცნობილი წიგნიც გამოუცია წარსულში სულაკაურის გამომცემლობას და აი, კიდევ ერთი გამორჩეული რომანის თარგმანიც შეემატება ჟანრული ლიტერატურის თაროს.
- ჯალალ ედ-დინ რუმის არსთა მესნევი (წიგნი მეორე) — გიორგი ლობჟანიძემ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოების გადმოქართულება ითავა და ამ ექვსნაწილიანი უკვდავი პოემის მეორე წიგნიც გამოიცა უკვე მსოფლიო კლასიკის სერიაში.
- ვ. ს. ნაიპოლის თავისუფალ ქვეყანაში (მთარგმნელი ნათია მეჩითიშვილი) — ნაიპოლი ბრიტანელი მწერალია, რომელსაც 2001 წელს ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში. თავისუფალ ქვეყანაში მისი პირველი წიგნია, რომელმაც მაშინვე მიიქცია მკითხველის ყურადღება და ბუკერის პრემიაც გადაეცა, როგორც საუკეთესო რომანს.
- ზაირა არსენიშვილის რეკვიემი — მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ქართველმა მკითხველმა მაინც აღმოაჩინა და დააფასა ზაირა არსენიშვილი და თუ უკვე წაიკითხეთ ვა, სოფელო და მოთხრობების კრებული კენჭები, გეტყვით, რომ მისი პირველი რომანი რეკვიემი, რომელიც სულ ახლახან გამოიცა ხელახლა, არანაკლებ შთამბეჭდავი წიგნია.
პალიტრა L
წლევანდელ ფესტივალზე გამომცემლობა პალიტრა L-ის სტენდზე, ალბათ, განსაკუთრებით თვალშისაცემი იქნება იმ საერთაშორისო ბესტსელერების თარგმანები, რომელთა მიხედვითაც ბოლო წლებში ძალიან ცნობილი ფილმები თუ სერიალები გადაიღეს და დღეს უამრავი მაყურებელი ჰყავს როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში.
- ბერნარდინ ევარისტოს გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი — ამ წიგნს 2019 წელს მარგარეტ ეტვუდის მხევლის წიგნის გაგრძელებასთან (The Testaments) ერთად ბუკერის პრემია გადაეცა, როგორც საუკეთესო რომანს. წიგნი თამარ ჯაფარიძემ თარგმნა და მოკლედ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს, რომ ბერნარდინ ევარისტოს ნაწარმოების ქართულ ენაზე წაკითხვით დაუვიწყარი ლიტერატურული გამოცდილება მივიღოთ.
- ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის ამერიკანა (მთარგმნელი ეკატერინე მაჩიტიძე)— ზემოთ უკვე ვახსენე ეს ავტორი და ისევ გავიმეორებ, რომ ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი უნიკალური ხმის მქონე მწერალია, რომლის შემოქმედებაც რაც შეიძლება ბევრმა უნდა გაიცნოს.
- ჯორჯ მარტინის ცეცხლი და სისხლი (მთარგმნელი: კონსტანტინე შარვაშიძე)— სერიალის Game of Thrones (სამეფო კარის თამაშები) შესახებ ყველას სმენია და ბევრმა ისიც კარგად იცის, რომ ჯ.რ.რ. მარტინი სწორედ ფენტეზის ამ საკულტო სამყაროს შემოქმედია. HBO ამჟამად ახალ სერიალს იღებს, სახელწოდებით House of Dragon (დრაკონების სახლი) და უკვე ქართულადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი, რომლის მიხედვითაც ამ ახალ შოუს ქმნიან.
- უოლტერ ტევისის ლაზიერის გამბიტი (მთარგმნელი კონსტანტინე შარვაშიძე)— ნეტფლიქსის შოუმ ლაზიერის გამბიტი გასულ წელს ნამდვილი ბუმი გამოიწვია და დიდი ალბათობით, იმ ლიტერატურულ პირველწყაროსაც ბევრი გაეცნობა, რომლის მიხედვითაც ეს სერიალი გადაიღეს.
- კიდევ რამდენიმე ბესტსელერი პალიტრა L-სგან, რომელთა მიხედვითაც ცნობილი ეკრანიზაციები შეიქმნა: კეროლაინ კეპნესის შენ, ა.ჯ. ფინის ქალი ფანჯარაში, სელესტ ინგის ყველგან ხანძრის კერებია და ლუკ ჯენინგსის მოკალი ევა.
წიგნები ბათუმში
ეს გამომცემლობა, როგორც წესი, ჟანრული ლიტერატურის მრავალფეროვნებით ანებივრებს ხოლმე თავის ერთგულ მკითხველს, მაგრამ წლევანდელი ფესტივალის სიახლეები, წესით, მკითხველთა კიდევ უფრო ფართო წრეს მიიზიდავს.
- გერტრუდ სტაინის სამი სიცოცხლე (მთარგმნელი მარიამ კორინთელი) — გერტრუდ სტაინს მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილი უჭირავს, თუმცა აქამდე მისი ნაწარმოებები ქართულად თარგმნილი არ იყო და აი, ახლა უკვე შესაძლებლობა გვაქვს, გამორჩეული მხატვრულობით შესრულებული მისი რომანი სამი სიცოცხლე წავიკითხოთ.
- გუსტავ მაირინკის დასავლეთის სარკმლის ანგელოზი (მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე) — ეს უჩვეულო ავსტრიელი მწერალი უკვე გაიცნო ქართველმა მკითხველმა წიგნით გოლემი, ახლა კი საშუალება გვაქვს, მისი კიდევ ერთი ნაწარმოები, ამჯერად ავტორის სადებიუტო რომანი დასავლეთის სარკმლის ანგელოზი დავაგემოვნოთ.
- ლორა ბოჩაროვას ზეთისხილის წვენი (მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე) — ამ გამომცემლობის სერია საკუთარი ოთახი ქალი ავტორების მნიშვნელოვან ტექსტებს აერთიანებს: ნორა იკსტენას, ელფრიდე იელინეკისა და მაია ცირამუას შემდეგ ამ განსაკუთრებულ სერიას თანამედროვე რუსი მწერლის რომანიც შეემატა.
- ბრენდონ სანდერსონის ეპოქათა გმირი (მთარგმნელი მარიამ შენგელაია) — ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ტრილოგიის ბოლო ნაწილის მშობლიურ ენაზე წაკითხვა უკვე შეუძლიათ გულმხურვალე ფანებს.
სხვა გამომცემლობების მნიშვნელოვანი სიახლეები
ფესტივალის ფარგლებში საინტერესო სიახლეები არა მხოლოდ დიდ, არამედ შედარებით პატარა გამომცემლობებსაც ექნებათ, თანაც ისინი მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებთან ერთად არამხატვრული ტექსტების მკითხველებსაც გაახარებენ.
- ემა გოლდმანის ანარქიზმი, ათეიზმი, ფემინიზმი (გამომცემლობა აქტი) — ემა გოლდმანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანარქისტი მწერალი და აქტივისტია, მის ამ წიგნში კი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ესეებია თავმოყრილი სხვადასხვა გლობალურ საკითხზე.
- ტიმოთი სნაიდერის ერების რეკონსტრუქცია (გამომცემლობა Poezia Press) — ამერიკელი მწერლისა და ისტორიკოსის ამ წიგნში აღწერილია, თუ როგორ ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ერები, როგორებიცაა პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა და ბელარუსი.
- ინგმარ ბერგმანის სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან (გამომცემლობა სეზანი) — ბერგმანის შემოქმედებიდან ყველა კარგად იცნობს ამავე სახელწოდების ფილმს, ამ წიგნში კი ორიგინალ სცენარს, უფრო კონკრეტულად, კინომოთხრობებს წაიკითხავთ, რომელთა მიხედვითაც გადაიღო გენიალურმა შვედმა რეჟისორმა ეს საკულტო კინოსურათი.
- მიშელ ფუკოს შეშლილობის ისტორია კლასიკურ ხანაში (სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი, ილიაუნი) — მიშელ ფუკო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსია, რომლის შეხედულებებმაც დიდი გავლენა იქონია თანამედროვე აზროვნების წესზე. ეს ახალი გამოცემა იშვიათი ქართული თარგმანია მისი ფილოსოფიური შემოქმედებიდან.
- გოგი გვახარიას ცენზურა კინოში (ილიაუნი) — ეს წიგნი კინომცოდნე გოგი გვახარიას ესეების კრებულია, რომელიც კინოს ისტორიას სხვადასხვა საზოგადოებაში არსებული ცენზურის ჭრილში შეისწავლის.
ცხადია, სტატია სრულად ვერ ასახავს ფესტივალში მონაწილე ყველა გამომცემლობის უკლებლივ ყველა სიახლეს: ვეცადე, იმ ახალი წიგნებისთვის მომეყარა თავი ერთად, რომლებიც ჩემი, ერთი მკითხველის აზრით, განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის. სხვა მოულოდნელი სიურპრიზებისა და სიახლეებისთვის კი ყოველთვის უნდა იყოთ მზად წიგნების დახლებსა და სტენდებს შორის საკითხავის შერჩევისას: ვინ იცის, თავად ახალს რას აღმოაჩენთ.
კომენტარები