ჟირაფი ზოოპარკში ანუ რა არის მანდელას ეფექტი
ამ რამდენიმე წლის წინ, ალბათ, სადღაც 2016 წელს, როცა სოციალურ ქსელებში ყველა იმას არკვევდა, თბილისის ზოოპარკში იყვნენ თუ არა ჟირაფები, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს მეგობრებთან ერთად რომ ვიყავი, მეც ოდნავი დაეჭვებით ვიკითხე: ჟირაფი ხომ გინახავთ? თუ ახლაც ხრიკებს არ მიწყობს ჩემი გონება, ყველამ თითქმის უყოყმანოდ დამიდასტურა, რომ კი და ამ საოცარ ცხოველთან შეხვედრის საერთო ადგილიც დაასახელეს: თბილისის ზოოპარკი.
მეც დავეთანხმე მათ, მეტიც, იმის მტკიცებაც დავიწყე ლამის, რომ ჟირაფების გალიასთან ბავშვობაში ფოტოც მქონდა გადაღებული. ამიტომაც ძალიან მიკვირდა, ვიღაცები რომ ამბობდნენ, თბილისის ზოოპარკში ჟირაფი არასდროს ყოფილაო.
მოგვიანებით ეროვნული არქივის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით გაირკვა, რომ თბილისში ჟირაფები ნამდვილად იყვნენ, ოღონდ მხოლოდ გასული საუკუნის 60-იან წლებში, უკვე 70-იანებში კი მხოლოდ მათი ფიტულების ნახვა იყო შესაძლებელი. საერთო განხილვებში ჩართული ჩემზე გაცილებით უფროსი ადამიანებისთვის ეს, ალბათ, შვება იყო: ბევრს შეეძლო ნიშნის მოგებით ეთქვა, ხომ გეუბნებოდითო, მაგრამ იმავეს მე ვერ დავიკვეხნიდი — 1996 წელს დავიბადე და ვერაფრით ვნახავდი თუნდაც ადრეულ ბავშვობაში იმ ყელმოღერებულ ჟირაფებს.
მერე სახლში შენახულ ალბომში იმ ფოტოსაც გადავაწყდი, რომელზეც მეგონა, რომ ჟირაფის გალიასთან გადავიღე. ამაშიც შევცდი.
ფსიქოლოგიაში ჯერ კიდევ ზიგმუნდ ფროიდმა და პიერ ჟანემ აღწერეს ყალბი მეხსიერების ფენომენი, რომელიც ადამიანებში საკმაოდ გავრცელებული და ჩვეულებრივი მოვლენაა: ჩვენი გონება ხშირად რეალურ ფაქტებს ამახინჯებს, ცვლის, სხვა ნიშან-თვისებებს მიაწერს ან კიდევ სულ სხვა მოვლენასთან აკავშირებს, რის გამოც ცრუ მოგონება, გამრუდებული რეალობა გვრჩება ხელთ.
გასაგებია, რომ ერთი ადამიანის გონებამ შეიძლება მსგავსად იყალთაბანდოს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ადამიანების საკმაოდ დიდ ჯგუფს ერთნაირად ახსოვს რაღაც ისე და იმგვარად, რაც რეალურად, მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია? ამ შემთხვევაში მანდელას ეფექტთან გვაქვს საქმე და ამ სტატიაშიც ამ ფენომენის შესახებ მოგიყვებით.
როგორ გაჩნდა ტერმინი "მანდელას ეფექტი"
2010 წელს ფიონა ბრუმმა მანდელას ეფექტის სახელწოდებით აღწერა თავისი უჩვეულო მდგომარეობა: მას ახსოვდა, რომ სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის საწინააღმდეგო მოძრაობის დაპატიმრებული ლიდერი, ნელსონ მანდელა 1980-იან წლებში ციხეში გარდაიცვალა. მას ისიც კი ახსოვდა, თუ როგორ უყურა რეპორტაჟებს ტელევიზორში ამის შესახებ და მანდელას დაქვრივებული ცოლის მიერ წარმოთქმულ სიტყვასაც მოუსმინა.
თანაც, ფიონა ბრუმის თქმით, ის ერთადერთი არ იყო, ვისაც მოვლენები ამგვარად წარმოედგინა: ამ თემაზე სხვებს რომ გაესაუბრა, კიდევ ბევრ ადამიანს სჯეროდა ზუსტად იმავესი. სინამდვილეში კი, ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა: ნელსონ მანდელა 1990 წელს გამოვიდა ციხიდან, 1993 წელს ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში, 1994 წელს ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა და მხოლოდ 2013 წელს გარდაიცვალა.
ეს ყველაფერი მარტო ერთი ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ნაკლებად ავღელვებულიყავით, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ადამიანების არც ისე მცირე ჯგუფს ახსოვს ის, რაც სულაც არ მომხდარა?
მანდელას ეფექტის კიდევ რამდენიმე გავრცელებული შემთხვევა
ყოველთვის მეგონა, რომ ქენდის ბუშნელის ცნობილი წიგნის მიხედვით გადაღებული საკულტოდ ქცეული სერიალი და ფილმები სექსი დიდ ქალაქში რუსულის გავლენით ითარგმნა ქართულად ასე, როცა ორიგინალში სექსი და ქალაქი (Sex and the City) ჰქვია წიგნს, სერიალს და ფილმებსაც.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ორიგინალ ენაზეც, ინგლისურენოვანი მაყურებლები თუ მკითხველები ხშირად ამ ნაწარმოებებს Sex in the City (სექსი დიდ ქალაქში) უწოდებენ და არავინ უწყის, საიდან გაჩნდა "და"-ს ნაცვლად "-ში".
გეოგრაფიის მოყვარულებისთვის ამ ეფექტის ცნობილი გამოვლინებაა, როცა საქმე ახალი ზელანდიის მდებარეობას ან ამერიკის შტატების რაოდენობას ეხება.
რუკაზე ავსტრალიის რომელ მხარეს მდებარეობს ახალი ზელანდიის კუნძული — ჩრდილოეთით, დასავლეთით, სამხრეთით თუ აღმოსავლეთით? ამ კითხვის პასუხად ბევრი ამბობს, რომ გონებაში წარმოდგენილ რუკაზე ახალი ზელანდიის კუნძულოვან სახელმწიფოს ავსტრალიის ჩრდილოეთით ხედავენ, თუმცა სწორი პასუხი სამხრეთია და რუკაზე ამის გადამოწმება თქვენც მარტივად შეგიძლიათ.
იგივე ხდება ამერიკის შტატების შემთხვევაშიც: ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ამერიკაში ჯამში 51, 52 ან 53 შტატია, როცა სინამდვილეში, ამერიკა სულ 50 შტატს აერთიანებს.
მეცნიერების განმარტება
სხვა ყველაფრის მსგავსად, ცხადია, მანდელას ეფექტსაც ბევრნაირი ახსნა მოეძებნება განსხვავებული შემთხვევების მიხედვით. მეცნიერების ერთი ნაწილი ამ მოვლენის მიზეზებზე საუბრისას ხშირად "უმიზნო ტყუილს", "უბოროტო სიცრუეს" ახსენებს: ადამიანი ყოველგვარი მიზეზის ან მიზნის გარეშე მეხსიერებაში არსებული "ნაპრალების" ამოსავსებად დამატებით დეტალებს თავად იგონებს და ასე ქმნის სრულიად ახალ ამბავს.
ასეთ დროს გამოგონილი ისტორია სინამდვილისგან მკვეთრად დაშორებული არ არის და ჰგავს მას: მაგალითად, მე ზოოპარკში მართლა ვიყავი ბავშვობაში და ფოტოც გადავიღე, მაგრამ, როგორც მახსოვდა — ჟირაფებთან კი არა, არამედ ლომების გალიის წინ მოხდა ეს.
დღემდე კარგად არ არის შესწავლილი, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი, შესაბამისად, მანდელას ეფექტი მეხსიერების ხარვეზადაც შეიძლება ჩაითვალოს: როცა გონება ვერ ახერხებს მომხდარის სწორად აღდგენას, თავად იგონებს მას. ამის უკეთ გასაგებად შეგვიძლია, ბავშვობიდან, ალბათ, ყველასთვის კარგად ნაცნობი თამაში "გაფუჭებული ტელეფონი" გავიხსენოთ: პირველი მონაწილე გრძელ წინადადებას ან ამბავს უამბობს სხვას ჩუმად ყურში, მსმენელმა კი მიღებული ინფორმაცია მაქსიმალურად ზუსტად უნდა გადასცეს ეს მის გვერდით მდგომს და ასე გრძელდება თამაშის ბოლო მონაწილემდე. როცა ბოლო მსმენელი ხმამაღლა მოჰყვება მის ყურამდე მიღწეულ ამბავს, შედეგი ყოველთვის ერთნაირია ხოლმე: თავდაპირველი ისტორია მინიმუმ განახევრებულია, ამავდროულად კი სულ სხვა და იქამდე უცნობი დეტალები აქვს მიმატებული. წარმოიდგინეთ, რომ მსგავს რამეს აკეთებს ჩვენი გონებაც: როცა ძველი მოგონების გამოხმობას ვცდილობთ, სულ სხვა სახით აღწევს ცნობიერებამდე.
ადამიანის გონებას ამავდროულად უყვარს რაღაცების "შესწორება", "გაკეთილშობილება" და "გაშალაშინება": როგორც ჩანს, ბევრისთვის სექსი და ქალაქი საკმარისად კარგად არ ჟღერს და ალბათ, სექსი დიდ ქალაქში უკეთ ხვდება ყურს.
ჩვენ ასევე მომართული ვართ ასოციაციების დასაჭერად: მაგალითად, თუ ვახსენებთ "საწოლს" და "ბალიშს", პირველი მაშინვე "ძილი" გაგვახსენდება. შესაბამისად, როცა ვახსენებთ ზოოპარკს, რატომ არ უნდა იყოს იქ ჟირაფი? ის ხომ ამ გარემოში ბევრ ფილმსა თუ ფოტოსურათზე გვინახავს.
შეთქმულების თეორიები
რა თქმა უნდა, არსებობს ნაკლებად სამეცნიერო და უფრო ავისმომასწავებელი შეხედულებებიც ამ საკითხზე: ვიღაცები მანდელას ეფექტს მატრიცაში მომხდარ გლიჩს უწოდებენ. თუ ვაჩოვსკების საკულტო ფილმების სერია მატრიცა გინახავთ, იქ წარმოდგენილი სამეცნიერო ფანტასტიკური სიუჟეტის მიხედვით, ადამიანები ვირტუალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რომელიც წინასწარ განსაზღვრული და კონტროლირებულია. მანდელას ეფექტის ამ მოცემულობით ახსნა კი ასე შეიძლება: ის "რაღაც" მართლა მოხდა, მაგრამ შემდეგ "გამოასწორეს" და "დაგვავიწყეს".
სხვებს პარალელური რეალობების უფრო სჯერათ და ასე ხსნიან ერთი მოვლენის შესახებ სხვადასხვაგვარ მოგონებებს. ვიღაცებს კიდევ დროში მოგზაურობის იდეა უფრო იტაცებთ: გავრცელებული თეორიის მიხედვით, თუ დროში იმოგზაურებ და რამის შეცვლას ეცდები, სხვა ყველაფერიც შეიცვლება. ამგვარად, რაღაც შეიძლება "მართლა მოხდა", მაგრამ დროში მოგზაურმა "ყველაფერი აურია".
მოკლედ, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გემოვნების მიხედვითაა, ოღონდ ერთი რამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ: მანდელას ეფექტის გახშირებას ხელი კიდევ უფრო შეუწყო ინტერნეტმა და მასობრივმა კომუნიკაციამ იმის გამო, რომ თუნდაც ერთი წამით შეიძლება მოკრა რაიმე გამოსახულებას ან ინფორმაციას თვალი, შემდეგ კი დაიჯერო, რომ ეს სიმართლეა ან გონებაში ჩაგებეჭდოს, როგორც ჭეშმარიტება. რადგანაც ციფრულ სივრცეში მსგავს რამეს ერთდროულად ბევრი ადამიანი შეიძლება გადააწყდეს, უფრო მარტივია, რომ ყველამ ერთად დაიჯეროს ერთი და იგივე რამ ან მცდარი წარმოდგენა შეიქმნას.
თანამედროვე სამყაროში მანდელას ეფექტს ბევრი საერთო აქვს დეზინფორმაციასთან, საკუთარი ცოდნისა და მოგონებების უტყუარობის შესამოწმებლად კი ერთადერთი გზა რჩება: სანდო წყაროთი გადამოწმება.
რას ვიზამ, თურმე არც მე მინახავს ჟირაფი, მაგრამ როგორც გვპირდებიან, ახალ ზოოპარკში ამჯერად ნამდვილად გამოჩნდებიან და მერე მაინც გადავიღებ ფოტოს მათთან.
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
კომენტარები