ისტერიის დიაგნოზი — როგორ ატყვევებდა მიზოგინიური მედიცინა ქალის სხეულს საუკუნეების განმავლობაში
Royal Devon and Exeter-ის ჰოსპიტლის ექიმი-რეზიდენტი, ემილი ალექსანდრე, ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების (BPS) პლატფორმაზე ისტერიის დიაგნოზის ისტორიულ და სოციალურ ევოლუციაზე საუბრობს. ქვემოთ ამ სტატიის ქართულ ვერსიას წაიკითხავთ.
როგორ ცვლიდა ეპოქა ისტერიის მნიშვნელობას
ანტიკური ცივილიზაციების წარმოდგენებიდან თანამედროვე ფსიქიატრიულ მნიშვნელობამდე, ისტერიის გაგებამ საკმაოდ კომპლექსური ისტორიული გზა განვლო. მისი სახელწოდება ბერძნული სიტყვა hystera-დან მომდინარეობს, რაც საშვილოსნოს ნიშნავს. ამ დიაგნოზის ისტორიული ინტერპრეტაციები მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ქალურობის, სექსუალობის, რელიგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებრივ აღქმებთან. სწორედ ამ სოციალური გავლენების გამო, ისტერიას მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამედიცინო კრიტერიუმები არასოდეს ჰქონია, თუმცა ლიტერატურა სამ ძირითად კლასიფიკაციას გვთავაზობს:
- ეპილეფსიის მსგავსი მდგომარეობები;
- დამბლა და სენსორული დარღვევები;
- ემოციური აფეთქების მდგომარეობები.
შუა საუკუნეებამდე ისტერიას სხეულში არსებული დისბალანსით ხსნიდნენ, თუმცა ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, წარმოდგენები შეიცვალა — დაავადება ცოდვასა და ეშმაკის მიერ ადამიანის შეპყრობას დაუკავშირეს. განმანათლებლობის ეპოქას ემპირიული დაკვირვებისა და სამეცნიერო კვლევის მნიშვნელობის გაზრდა მოჰყვა თან, რამაც ისტერია კვლავ სამედიცინო ჩარჩოებში მოაქცია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისტერია აღარ წარმოადგენს ცალკეულ სამედიცინო დიაგნოზს, მისი ისტორიული გზა მიზოგინიური შეხედულებების წინააღმდეგ მუდმივ ბრძოლას უსვამს ხაზს და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მეცნიერული ცოდნის უწყვეტ ევოლუციასაც ცხადად წარმოაჩენს.
ქალები და მათი "მოხეტიალე საშვილოსნო"
ისტერიის შესახებ უძველესი ჩანაწერები ძვ. წ. 1900 წლით თარიღდება. ქალების "უცნაურ ქცევებს" ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები აღწერდნენ და ამ ყველაფერს "მოხეტიალე საშვილოსნოთი" ხსნიდნენ. მაშინდელი სამკურნალო მეთოდებიც საკმაოდ თავისებური იყო — მიიჩნევდნენ, რომ საშვილოსნო თავის "ბუნებრივ" ადგილას უნდა დაებრუნებინათ. თუ ორგანო ზედმეტად მაღლა იყო ატანილი, ქალებს მძაფრი სუნის მქონე ბალახებს ასუნთქებდნენ, რათა საშვილოსნოს მუცლის ქვედა ნაწილისკენ გადაენაცვლა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ორგანო ძალიან დაბლა იყო, ქალებს სასქესო ორგანოების მიდამოებში უსიამოვნო სუნის მქონე მცენარეები უნდა დაედოთ, რასაც საშვილოსნო კვლავ ზევით უნდა აეწია.
ბერძნებმა ისტერიის შესახებ ეგვიპტელების ახსნა მიიღეს, თუმცა განმარტებას ფსიქოლოგიური ფაქტორიც დაამატეს. ბერძნულ მითოლოგიის მიხედვით, მელამპუსი პროტევსის ასულებს სიგიჟისგან ხარისძირათი კურნავდა და მათ ახალგაზრდა, ღონიერ კაცებთან სექსუალურ კავშირს ურჩევდა. მელამპუსს სჯეროდა, რომ ქალების სიგიჟის მიზეზი ორგაზმის ნაკლებობა იყო — მისი აზრით, სწორედ ამის გამო იწამლებოდა საშვილოსნო "შხამიანი სითხეებით".
ჰუმორალური თეორიის ეს კონცეფცია, რომელიც სხეულის ოთხი სითხის ბალანსს ეფუძნება, ძვ. წ. 500 წლით თარიღდება. თუმცა მედიცინაში ამ თეორიის პირველად გამოყენება ჰიპოკრატეს (ძვ. წ. 460-370) მიეწერება. მას სჯეროდა, რომ სხეულის სასიცოცხლო ფუნქციონირებას ოთხი ძირითადი სითხე განაპირობებდა: სისხლი, ფლეგმა (ლორწო), ყვითელი და შავი ნაღველი. ჰიპოკრატეს, მოგვიანებით კი გალენოსის მოსაზრებით, ამ სითხეებს შორის ბალანსის დარღვევა პირდაპირ აისახებოდა ადამიანის ქცევაზე.
გალენოსმა ისტერიის არსებობა კაცებშიც აღიარა, რასაც ის სექსუალურ თავშეკავებას მიაწერდა. მისი მოსაზრებით, ეს პროცესი ორგანიზმში ზედმეტი სპერმის დაგროვებას იწვევდა, რაც, საბოლოოდ, ჰუმორალურ დისბალანსს — სხეულის სასიცოცხლო სითხეებს შორის წონასწორობის დარღვევას — განაპირობებდა. მიიჩნევდნენ, რომ აღნიშნული დაავადების გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ჭარბი "შავი ნაღველი" ყოფილიყო. შუა საუკუნეებამდე ორგანიზმის ამ ნივთიერებისგან გასათავისუფლებლად ხარისძირას იყენებდნენ, რომელიც ღებინებას იწვევდა და ამგვარად "წმენდდა" სხეულს. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დოზირებისას მცენარე ძლიერი ინტოქსიკაციით ხასიათდება, ხარისძირა ფსიქიკური აშლილობების მკურნალობისას მე-19 საუკუნემდე გამოიყენებოდა. თუმცა, დღემდე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ხარისძირას რაიმე ფსიქოგენური თვისება გააჩნდა.
ქალად ყოფნის "დემონური წყევლა"
დიდი ხნის განმავლობაში ისტერია კვლავ ქალებისთვის დამახასიათებელ დაავადებად განიხილებოდა, ხოლო კაცებში მის ანალოგად იპოქონდრია ან მელანქოლია მიიჩნეოდა. მედიცინა მუდმივად ირეკლავს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, როდესაც ევროპაში ქრისტიანობა პოპულარული გახდა, დაავადებების — განსაკუთრებით კი ფსიქიკური აშლილობების — წარმოშობის მიზეზები უფრო მეტად დაუკავშირდა ცოდვისა და დემონოლოგიის იდეებს.
ჰილდეგარდ ბინგენელი (1098-1179) ექიმი ქალი იყო, რომელიც მეცნიერებისა და რწმენის სინთეზს ცდილობდა. მისი ვარაუდით, ისტერია, შესაძლოა, პირველქმნილ ცოდვასთან ყოფილიყო კავშირში. იმ პერიოდში მიიჩნევდნენ, რომ ქალი თეოლოგიურადაც და ფიზიკურადაც კაცზე დაბლა მდგომი არსება იყო. ჰილდეგარდს კი სწამდა, რომ პირველქმნილ ცოდვაზე პასუხისმგებლობა ორივე სქესს თანაბრად ეკისრებოდა, შესაბამისად, ისტერიით ორივე მათგანი შეიძლებოდა დატანჯულიყო. რელიგიისა და მეცნიერების მსგავსი შერწყმა ერთ-ერთი იყო იმ მრავალ მაგალითს შორის, რომელმაც მოგვიანებით რელიგიური მეთოდებით ისტერიის მართვაზე იქონია გავლენა.
კაცის უპირატესობის შესახებ მაშინდელი წარმოდგენები არისტოტელეს მოძღვრებას ეფუძნებოდა. წმინდა თომა აკვინელმა არისტოტელეს მრავალი იდეა გაიზიარა და ქრისტიანულ პრინციპებთან მათი სინთეზი სცადა. არისტოტელეს მიაჩნდა, რომ მენსტრუალური ციკლი კაცთან შედარებით ქალის ბიოლოგიური არასრულფასოვნების ნიშანი იყო.
დემონოლოგია სწორედ არისტოტელესა და აკვინელის მოძღვრებებში იღებდა სათავეს, რამაც ჩამოაყალიბა რწმენა, თითქოს მენსტრუალური სისხლი ტოქსიკური იყო და ზებუნებრივ ძალებთან ჰქონდა კავშირი. ამ შეხედულებამ დროს გაუძლო და ნათლად აჩვენა, თუ როგორ დაუკავშირდა ქალის ანატომია ჯადოქრობისა და სექსუალობის შესახებ დისკუსიებს.
არისტოტელესა და აკვინელის აზრებმა საფუძველი ჩაუყარა 1487 წელს ჰაინრიხ კრამერის მიერ გამოცემულ ნაშრომს Malleus Maleficarum, რომელიც ცნობილია, როგორც კუდიანების ჩაქუჩი. არსებითად, კრამერმა "ჯადოქრობას" ახალი სახელი — "ერესი" (მწვალებლობა) — დაარქვა, რაც ეკლესიის კანონებით ისჯებოდა და "ჯადოქრების" დევნის ლეგიტიმაციას იძლეოდა. ის ამტკიცებდა, რომ ქალები სუსტი სქესის გამო დემონური ცდუნებების მიმართ უფრო მოწყვლადები იყვნენ.
ისტერია, ეპილეფსია და დეპრესია ის დაავადებები იყო, რომლებიც ხშირად ჯადოქრობაში ან დემონურ შეპყრობილობაში ერეოდათ. ეს ტექსტი დასავლეთის ისტორიაში ქალთა დეპრესიული აშლილობის ყველაზე მკაცრ დაგმობად ითვლება, რამაც წამების შედეგად მიღებული "აღიარებითი ჩვენებების" საფუძველზე ათასობით უდანაშაულო ქალის სიკვდილი გამოიწვია. მსხვერპლნი ხშირად იყვნენ ტრავმირებული ან მგლოვიარე ქალები, რომლებსაც კოცონზე დაწვა მიესაჯათ.
XVI-XVII საუკუნეებში ისეთი ექიმების ნაშრომებმა, როგორიც იყვნენ შარლ ლე პუა და ტომას სადენჰემი, ისტერიის აღქმა შეცვალა — ის უკვე აღარ განიხილებოდა, როგორც დემონური ხასიათის მოვლენა, არამედ ფსიქიკურ აშლილობად იქცა. მიუხედავად ამისა, მედიცინის დემონური ხედვა მაინც შენარჩუნდა — ამას ისტერიის მრავალი წერილობითი შემთხვევა მოწმობს, მაგალითად, 1692 წელს სეილემში (მასაჩუსეტსი) მომხდარი მოვლენები. XVIII საუკუნეში, როდესაც ეპილეფსიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცოდნა გაღრმავდა, ჯადოქრების დევნა საბოლოოდ დასრულდა.
ეს ფსიქიკური აშლილობაა, თუმცა მაინც "ქალური"
ჟოზეფ როლინი (1708-1784) ვარაუდობდა, რომ ისტერია ქალაქის ჰაერის ხარისხთან იყო დაკავშირებული და მიიჩნევდა, რომ ის როგორც ქალებში, ისე კაცებშიც გვხვდებოდა. ამ დაკვირვებას თანამედროვე ლიტერატურაც ამყარებს — ცნობილია, რომ ურბანიზაცია დეპრესიის, შფოთვისა და ფსიქოზის განვითარების რისკს ზრდის. მიუხედავად ამისა, როლინი მაინც ფიქრობდა, რომ ქალებში ეს მდგომარეობა უფრო ხშირი იყო, რასაც ის "სიზარმაცით" ხსნიდა.
ფილიპ პინელი (1745-1826) მიიჩნევდა, რომ ისტერიის მკურნალობისას მგრძნობელობასა და კეთილგანწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მას სწამდა, რომ "ჯანსაღი" და "შეშლილი" მდგომარეობები მსგავსია და ამ ბალანსს სწორედ დაავადება არღვევს. თუმცა, ის ისტერიას მხოლოდ და მხოლოდ ქალებისთვის დამახასიათებელ აშლილობად მიიჩნევდა.
1859 წელს პოლ ბრიკემ ისტერია განმარტა, როგორც სინდრომი, რომელიც სხეულის სხვადასხვა სისტემაში მრავალი აუხსნელი სიმპტომით ვლინდება. მოგვიანებით ეს მდგომარეობა "სომატოფორმული აშლილობების" სახელით გახდა ცნობილი. ბრიკემ დაასკვნა, რომ ისტერიის წყარო ტვინი იყო და ამით წერტილი დაუსვა ისტორიულ წარმოდგენას, თითქოს ეს დაავადება ქალის სასქესო ორგანოებს უკავშირდებოდა. მის ნაშრომს ჟან-მარტენ შარკომ მხარი დაუჭირა, რომელიც ფსიქიკური დაავადებების სისტემური შესწავლის მომხრე იყო.
შარკომ აჩვენა, რომ ეს დაავადება კაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. მან აღნიშნა, რომ ისტერიის პროვოცირება გარემო ფაქტორებს, მაგალითად, ემოციურ სტრესს შეეძლო. შარკოს კვლევებმა ფუნქციურ ნევროლოგიურ აშლილობათა გაგებას ჩაუყარა საფუძველი, რაც XXI საუკუნისთვისაც კი რელევანტურია. მიუხედავად ამისა, შარკოს სახელი ისტერიის მკურნალობის საკამათო მეთოდებსაც უკავშირდება, მათ შორის — ვაგინის ელექტრომასაჟს. გაუგებარია, თუ რატომ უტარებდა ის ქალებს მსგავს პროცედურებს, როცა თავადვე აღიარებდა, რომ ისტერია გონებრივი აშლილობა იყო.
შარკოსთან მუშაობის შემდეგ ისტერიით ზიგმუნდ ფროიდი დაინტერესდა. ფროიდმა შეიმუშავა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიური პრობლემები სომატურ (სხეულებრივ) გამოვლინებებად გარდაიქმნა. მას სწამდა, რომ ისტერია ძალადობის გამოცდილების მქონე პაციენტებში ვითარდებოდა. თუმცა ფროიდს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ისტერიის დიაგნოზს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტების დასამალად იყენებდა, რითაც მათ ჩვენებებს ლეგიტიმაციას უკარგავდა.
ფროიდის თეორიამ ისტერიის შესახებ საფუძველი ჩაუყარა ფსიქოანალიზს — სისტემას, რომელიც, ფაქტობრივად, ფემინურობას მასკულინურობისგან დამოუკიდებლად და ცალკე არსებულად არ ცნობდა. ფროიდს სწამდა, რომ ქალებს თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, უფრო მორჩილი და დაუცველი პიროვნება უყალიბდებათ.
ამ პერიოდში მედიცინამ დიდი ნაბიჯი გადადგა წინ — სისტემური კვლევების წყალობით, ექიმებმა ფსიქიკური აშლილობების განვითარების მიზეზების შესახებ მეტი გაიგეს. მიუხედავად ამისა, იმ დროის ბევრი გავლენიანი მედიკოსი საკუთარ საქმიანობაში ქალების მიმართ არსებული წინასწარგანწყობების გავლენის ქვეშ მოექცა. ამან კი, საბოლოოდ, ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის ხარისხი საგრძნობლად დააზარალა.
ისტერია, როგორც იარაღი ქალებისა და კაცების წინააღმდეგ
XX საუკუნის დასაწყისში ქალებს პოლიტიკისთვის შეუფერებლად მიიჩნევდნენ — ამის მიზეზად მათ ბიოლოგიურ ბუნებასა და ისტერიისკენ მიდრეკილებას ასახელებდნენ. პრესისა და მთავრობის პროპაგანდის წყალობით, სუფრაჟისტული მოძრაობა ფსიქიკურ აშლილობასთან გაიგივდა. თანასწორობისთვის ბრძოლის ნებისმიერ რადიკალურ გამოვლინებას მოწინააღმდეგეები "ისტერიის" იარლიყს აკრავდნენ; ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქალთა ძალისხმევის დასაკნინებლად ფსიქიკური ჯანმრთელობის თემით მანიპულირება.
ვითარება პირველი მსოფლიო ომის დროს შეიცვალა, როდესაც ჯარისკაცებში გამოვლენილმა ისტერიამ ფსიქიატრების ყურადღება მიიპყრო. სიმპტომები, რომლებიც მანამდე ფიზიკურ პრობლემად ითვლებოდა — კანკალი, დამბლა, კოშმარები თუ აპათია — ერთიან დიაგნოზში, "ომის ნევროზში" გაერთიანდა. ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა იმ დროის ბრიტანულ მასკულინურ იდეალებს, რომელთა მიხედვითაც ჯარისკაცი, განსაკუთრებით კი ოფიცერი, უშიშრობის განსახიერება უნდა ყოფილიყო.
ომმა კაცებში სექსუალური იმპოტენციაც გამოიწვია, რაც საკუთარი უსუსურობის განცდით იყო განპირობებული. ომის ნევროზმა საფუძველი ჩაუყარა იმას, რასაც დღეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) სახელით ვიცნობთ. საინტერესოა, რომ მას შემდეგ, რაც ფსიქიკური პრობლემები კაცებშიც მასობრივად გამოვლინდა, ტერმინმა "ისტერიამ" აქტუალობა დაკარგა. ომის შემდგომ პერიოდში კი ფსიქიკური აშლილობების მიმართ მეცნიერული ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
ხანგრძლივი კვლევების შემდეგ, 1980 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) "ისტერიული ნევროზი" ჩაანაცვლა ტერმინით — "კონვერსიული აშლილობა". დღეს ისტერიის დიაგნოზი აღარ გამოიყენება და მის ნაცვლად სომატური, კონვერსიული ან დისოციაციური აშლილობები დგინდება. სხვა დაავადებებიც, როგორებიცაა ეპილეფსია და პიროვნული აშლილობები, რომლებიც წლების წინ ისტერიის ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდა, დღეს ბევრად უკეთ არის შესწავლილი.
მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა — ისტერიის "რებრენდინგი"?
NICE-ის მონაცემებით, მოსაზღვრე პიროვნების აშლილობა (BPD) მოსახლეობის დაახლოებით 2%-ს აღენიშნება, მათგან 75% კი ქალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიაგნოზი დღეს ფართოდაა გავრცელებული, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ის, შესაძლოა, ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არსებული სექსისტური შეხედულებების გაგრძელება იყოს. ისტერიაც და BPD-იც ხშირად ვლინდება იმ ქალებში, რომლებმაც სექსუალური ძალადობის შემდეგ საზოგადოების მხრიდან გულგრილობა ან გარიყვა გამოცადეს. ამ დიაგნოზის დასმა ხშირად ქალის რეალური გამოცდილების ეჭვქვეშ დაყენებასა და გაუფასურებას ემსახურება — ზუსტად ისე, როგორც წარსულში ისტერიის იარლიყი ან ჯადოქრობაში დადანაშაულება გამოიყენებოდა.
DSM-5-ის კრიტერიუმების მიხედვით, მოსაზღვრე პიროვნების აშლილობის დიაგნოზი ეყრდნობა ინტერპერსონალური ურთიერთობების, თვითაღქმისა და ემოციების მყარ არასტაბილურობას, რასაც თან ერთვის გამოკვეთილი იმპულსურობაც. ეს უკანასკნელი ფულის ფლანგვაში, სარისკო სექსუალურ ქცევაში, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულებაში, ავტომობილის სახიფათო მართვასა თუ კვებით დარღვევებში შეიძლება გამოიხატოს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საზოგადოება კაცებისა და ქალების ქცევას სხვადასხვა სტანდარტით აფასებს, ექიმზე კი შესაძლოა არაცნობიერმა წინასწარგანწყობებმა მოახდინოს გავლენა.
მაგალითად, ქალები სექსუალური პარტნიორების რაოდენობის გამო ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტებით განისჯებიან, ვიდრე კაცები. გარდა ამისა, ხარჯვის ისეთი ფორმები, რომლებიც "ქარაფშუტობად" ითვლება, ხშირად სწორედ ქალებთან ასოცირებულ შესყიდვებს — მაგალითად, თავის მოვლის საშუალებებსა თუ აქსესუარებს უკავშირდება. ნაცვლად იმისა, რომ ქალის ქცევა ყოველთვის პათოლოგიად გამოვაცხადოთ, იქნებ სჯობდეს, ზოგიერთი BPD-ის მქონე პაციენტი განვიხილოთ როგორც ქალურობის ნორმის ვარიაცია, რომელიც ისტორიულად მედიცინაში არასათანადოდ იყო გაგებული.
დავუპირისპირდეთ საკუთარ წინასწარგანწყობებს
ისტორიულად, "ისტერია" ერთგვარ კრებით სახელად იქცა ისეთი მრავალფეროვანი მდგომარეობებისთვის, როგორებიცაა ეპილეფსია, სომატოფორმული თუ პიროვნული აშლილობები. დღესაც კი რთულია იმ ზღვრის გავლება, თუ სად მთავრდება ბუნებრივი ხასიათობრივი ვარიაცია და სად იწყება პათოლოგია. ქალების მიმართ არსებული მყარი სტერეოტიპები კი ბევრ ექიმს პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის ობიექტურად შეფასებაში დღემდე უშლის ხელს.
ისეთმა ექიმებმა, როგორებიც როლინი, შარკო და ფროიდი იყვნენ, უდიდესი წვლილი შეიტანეს დაავადებების თანამედროვე გაგებაში. მიუხედავად ამისა, მათ დასკვნებს ხშირად ზღუდავდა იმ დროისთვის გაბატონებული შეხედულება ქალის "არასრულფასოვნების" შესახებ. მართალია, დიაგნოზი მკურნალობისა და მხარდაჭერის მისაღებად საჭიროა, თუმცა ის საზოგადოებაში მაინც ატარებს სტიგმას, რაც პაციენტისთვის დამატებითი ტვირთია.
გულუბრყვილობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ ირიბი მიკერძოება დღეს აღარ არსებობს. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სანამ პაციენტს კონკრეტულ დიაგნოზს დავუსვამთ, პირველ რიგში, საკუთარ წინასწარგანწყობებს გადავხედოთ და მათ დავუპირისპირდეთ.
კომენტარები