ავტორი: გიორგი ნონიაშვილი

თბილისში გავისეირნოთ. მრავალჯერ გადამწვარ, დანგრეულ, ხელახლა აშენებულ თბილისზე ბევრი იტყვის, რომ ჭრელი ქალაქია. ამის დასტურად, ხშირად, ერთ პატარა მონაკვეთზე მოქცეულ ქართულ, სომხურ, კათოლიკე ეკლესიების, მეჩეთისა და სინაგოგას მაგალითსაც მოიყვანენ, მაგრამ ამბავი აქ იწყება და აქვე მთავრდება. არადა, თბილისის სახეს ადამიანების მრავალფეროვნება ქმნიდა და ამის დასტური ეს მონაკვეთი კი არა, მთელი ქალაქია. ოღონდ საბჭოთა და დღევანდელი სახეცვლილებების გამოკლება მოგვიწევს.

"ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, რა მილეთისაც გინდა იყოს კაცი, მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა...", — წერდა ილია ჭავჭავაძე 1897 წელს.

ამ ქალაქის პოეტ-მკვლევარი იოსებ გრიშაშვილი კი გვეუნება: "ყოველ ქუჩას თავის ისტორია აქვს. ქუჩაც ადამიანივით ცოცხლობს, იცვლის ფერს, სახეს და ადამიანივით კვდება. [...] ჩვენი თბილისის ქუჩები თავისი შთაგონებით სხვადასხვა დასტებად შეიძლება დაიყოს: არის ჯეელი ქუჩა, ბებერი, უიღბლო, ფეოდალური, რევოლუციური, ტალახის ქუჩა და სხვა..." (1944წ.)

როსტომ მეფის დროს, XVII საუკუნეში თბილისში მშვიდობიანი ცხოვრება იყო. დიდი ყურადღება ექცეოდა ქალაქის მოწყობასა და აღდგენას. ბევრი სასტუმრო-ქარვასლაც აშენდა და უცხოელ ვაჭრებსაც, ჩვენებურ ენაზედ ინვესტორებს, ხელსაყრელი პირობები ეძლეოდათ თავისი საქმიანობის განსავითარებლად. მათი საქმიანობის წარმატება კიდევ, ქალაქის განვითარებას ნიშნავდა.

იმ დროისთვის, თბილისში ერთ რუს ვაჭარს, ვასილ გაგარას უმოგზაურია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას გოგირდის წყაროებზე ამახვილებდა: "ამ წყაროებზე ლამაზი სახლებია აშენებული და იქ, როგორც აბანოში, ბანაობენ ქრისტიანები და მუსლიმები". ჟან შარდენის ცნობებით კი: "აქ იხილავთ უცხოელთა ისეთ სიმრავლეს, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ". მისი გადმოცემით, თბილისში შესანიშნავი საზოგადოებრივი შენობები, სასტუმრო-ქარვასლები, საზოგადოებრივი მაღაზიები და ბაზრები იყო. ამ სიმრავლემ და სიჭრელემ, ქალაქის განვითარებაში მაშინაც და შემდგომშიც დიდი როლი ითამაშა.

აღა-მაჰმად-ხანის ლაშქრობისას, თბილისი, თავის ბანიანი სახლებით, ქარვასლებითა და ბაზრებით მიწასთან გასწორდა. რასაც ახლა სიძველედ ვხედავთ და ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაშია, ამის შემდეგ ნაგებია. იმდროინდელი სომეხი მწერლის, სერობის ცნობებით, აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარმა მუსლიმები ქრისტიანებზე უფრო მეტად აწამა და ტყვედ წაასხა. აბრაამ ასპატელის ცნობებით კი, ქრისტიან ტყვეთა შორის, სომხები ჭარბობდნენ.

ამის შემდეგ, თბილისი ხელახლა გაშენდა და დროთა განმავლობაში, კვლავ კონტრასტულ და მრავალეროვან ქალაქად იქცა. აღებ-მიცემობამ დაიწყო განვითარება, ოღონდ ფეოდალურ წყობასთან შედარებით, უფრო კაპიტალისტური წესრიგით. თბილისმა ძველი აზიური ხასიათიც შეინარჩუნა და ქალაქის გაევროპულებაც დაიწყო. აშენდა არწრუნის, ბებუთოვის, სარქისოვის, სარაჯიშვილის, შიოევის, თამამშევის ქარვასლები და სხვა. თბილისის ქარვასლებში საქონელი ჩამოჰქონდათ ლონდონიდან, ჰამბურგიდან, კონსტანტინოპოლიდან, პეტერბურგიდან და ა.შ.

ქალაქში შენდებოდა კლასიცისტური, მავრიტანული, გოთური, ბაროკალური, რენესანსული, ეკლექტური თუ მოდერნული ყაიდის შენობები. ოღონდ ეს ყველაფერი ადგილობრივ, აზიურ ხასიათსაც მშვენივრად ითვისებდა. ამის ნათელი მაგალითია თბილისის მოდერნული შენობები, რომელთა ქუჩის ფასადები ევროპულად გამოიყურება, ისევე, როგორც მოხატული სადარბაზოები და ოთახები. არადა, თუ ეზოებში შევიხედავთ, ვნახავთ აღმოსავლური ყაიდის ხის აივნებსა და შესაბამის ორნამენტებს. ამის გამორჩეულ მაგალითად, წინამძღვრიშვილის ქუჩის #39 გამოდგება (ადრე: ელისაბედის ქ., კლარა ცეტკინის ქ.), რომელიც ალექსანდერ ჯაგეთიანს, მეორე გილდიის ვაჭარსა და მადათოვის კუნძულის სამხერხაოს პატრონს შვილებისთვის აუშენებია. არტ ნუვოს სტილის ორი იდენტური შენობა მისი ორი შვილისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო მათი ოჯახები და შენობები გაჭიმული ტერასით ხიდივით უკავშირდებოდა ერთმანეთს.

მიხეილის ქუჩა (აღმაშენებლის გამზირი), თბილისი.

XIX საუკუნის დასაწყისში, თბილისში შეიქმნა გერმანული დასახლებები ნოი ტიფლისი-(აღმაშენებლის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია) და ალექსანდერსდორფი (აგლაძის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია). მათი როლი განუზომლად დიდი იყო ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მეწარმეობის, ხელოსნობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განვითარებაში — სულ რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მთელ თბილისს საკვები პროდუქტებით მეტწილად ისინი ამარაგებდნენ და კარტოფილიც პირველად მათ შემოუტანიათ. ჩამოთვლილ დასახლებებში დღესაც ნახავთ მათ ერთსართულიან, მაღალ სახურავიან სახლებს. გერმანელებმა ბაღებიც გააშენეს და ე.წ. პლეხანოვის უბნის დღევანდელი ქუჩათა ქსელი, სწორედ გერმანული ბაღების მოხაზულობას მიჰყვება. ამ ბაღების შემორჩენილი ნაწილების ნახვა დღესაც შეიძლება ილიას ბაღის (ადრე: ბაღი ფანტაზია, გორკის ბაღი, ვარდების ბაღი), არტოს ბაღის, კახიძის ბაღის (ადრე: გოფილექტის ბაღი) სახით.

რახან ბაღები ვახსენეთ, სპარსეთიდან დევნილი, აღა-მირ ფატახის გაშენებული ბაღიც უნდა გავიხსენოთ, რომელსაც მუშტაიდს ვეძახით. სწორედ მუშტაიდის და ორთაჭალის ბაღები იყო ტფლისელთა მთავარი სასეირნო ადგილი. ითვლებოდა, რომ მუშტაიდში უფრო "ევროპულად აღზრდილები" ატარებდნენ დროს, ამიტომ ხუმრობანარევი კრიტიკაც არ აკლდა. მაგალითად, იმხანად, გაზეთი "ივერია" წერდა: "ერთი ხალიჩა რომ გინდოდეთ, ერთი მუთაქა, იქ ვერ იშოვით, რომ ორიოდე წამით წამოწვეთ ან მუხლი მოიკეცოთ".

მუშtაიდის ბაღი, თბილისი.

იოსებ გრიშაშვილი ამ დისკუსიას ასე აღწერს: "მდაბიო ხალხისათვის — ორთაჭალის ბაღები და ევროპულად გაზრდილთათვის — მუშტაიდი..." და აქვე ამატებს, რომ ორთაჭალის ბაღებში ყარაჩოღელებს შეეძლოთ დღეობები მოეწყოთ (მუშტაიდისგან განსხვავებით), ჯანსაღ ბუნების წიაღში დაგუბებული გრძნობისთვის თავისუფლება მიეცათ და მთელი სამი დღე ჯიგრიანად ელოთათო.

ხალხის სიჭრელე ქმნიდა ბაზრებს, სადაც საუცხოო არჩევანი იყო. თავისუფლების მოედანზე ძველად ბაზარი იყო გამართული. უფრო ქვემოთ, შუა ბაზარი (კოტე აფხაზის ქუჩა), კიდევ ქვემოთ რასტა ბაზარი (ერეკლე II-ის ქუჩა). მისი ერთი მხარე სარაჯხანას ეკავა — ცხენის აღკაზმულობის რიგს, მეორე კი ხარაზხანას — ხარაზების რიგს. კიდევ ქვემოთ ჩორსუ (გადახურული ბაზარი) და პატარა ხარაზხანა იყო, ნორაშენის სომხურ ეკლესიასთან. იყო მექვაბეების რიგი, ბამბის რიგი, ტყავის რიგი, ბნელი რიგი, რკინის რიგი და სხვა. ის ადგილები, სადაც ახლა ტურიზმითა და გართობით ფულს შოულობენ, იმ ხელოსნების, გლეხების, მცირე ვაჭრების შექმნილი რიგებია.

"თბილისში მოსულ და დამკვირდებულ სხვა ერიშვილს თან მოჰქონდა თავისი ადათ-წესები, რომლებსაც აქ ადგილობრივი ქალაქური ყოფა ხვდებოდა. ხშირად ადგილობრივი ყოფა მოსულის წეს-ჩვევებიდან რომელიმე ელემენტს ითვისებდა და მას ქალაქურ ინტერპტერაციას აძლევდა", — წერდა თბილისის ისტორიის მკვლევარი, თეიმურაზ ბერაძე.

ისიც უნდა ითქვას, რომ თბილისი შეჯიბრის ქალაქიც იყო. ადამიანები ცდილობდნენ, რასაც აშენებდნენ, ლამაზი და გამორჩეული ყოფილიყო, ქალაქსაც მოხდენოდა და ახალი სიტყვაც ეთქვა არქიტექტურაში. ზოგჯერ ოფიციალური შეჯიბრიც იმართებოდა. ასე მაგალითად, ქალაქის თავი, ალექსანდრე ხატისოვი საუკეთესო საცხოვრებელი სახლის კონკურსს მართავდა.

დიდი ნაწილი იმისა, რაც ამ ქალაქში სეირნობისას მოგვწონს, უცხოელი არქიტექტორების დაპროექტებულია: შტერნის, სკუდიერის, ოზეროვის, ზალცმანის, სიმონსონის, ბილფელდის, ტატიშჩევის, შიმკევიჩის და ა.შ. მაგალითად, კარგარეთელის ქუჩას (ადრე: ბაღნარის ქუჩა) თუ გავუყვებით, ჯერ შეგვხვდება მოდერნული სტილის კინოთეატრი "აპოლო", რომელიც მხატვრულად გერმანელ მოქანდაკეს, კარლ ვილსს გაუფორმებია. შემდეგ არის "მანუფაქტურშჩიკი" — მინასიანცის კოშკივით აღმართული სახლი, რომლის არქიტექტორი მიხეილ ოგანჯანოვი ყოფილა — ეს ის ოგანჯანოვია, რომელმაც ააგო ჭონქაძის ქუჩაზე (ადრე: გუდოვიჩის ქუჩა) თამბაქოს მრეწველის, ბოზარჯიანცის ცნობილი სახლიც.

მანასიანცის სახლი, კარგარეთელის ქუჩა, თბილისი.

მინასიანცის სახლის მოპირდაპირედ კი დგას ფსევდო-გოთური სტილით ნაგები ე.წ. ხელოვნების სასახლეც, რომლის მშენებლობა ავსტრიელ ფრანც ტიტელს დაუწყია, გერმანელ პაულ შტერნს კი დაუპროექტებია. შემდეგ ეს შენობა გრაფ კონსტანტინე ფონ ოლდენბურგს უყიდია საყვარელი ქალისთვის, აგრაფინა ჯაფარიძისთვის. კომუნისტები რომ მოვიდნენ, აგრაფინა ჯაფარიძეს ქონება ჩამოართვეს. ქალი ქუთაისის ერთ-ერთ სარდაფში, სიღარიბეში გარდაიცვალა.

საერთოდაც, ამ ეკლექტიკის ისტორია, რომლითაც თბილისის სახე იძერწებოდა, რუხ ფერებში დასრულდა. შემოსავლიანი სახლები, მაღაზიები, ქარვასლები, საავადმყოფო, სტამბა, ბიბლიოთეკა, საცხოვრებელი ხალხს წაართვეს. წითლებმა ბურჟუაზია საზეიმოდ დაამარცხეს და ყველა ოჯახის საქმეში და საძინებელში შეაღწიეს.

მაგალითად, ნინოშვილის #41-ში, ახმეტელების სახლში, მემკვიდრეებს, თავისივე სახლის ყველაზე პატარა ოთახი მიუჩინეს და იქ აცხოვრეს სიცოცხლის ბოლომდე. მის გვერდით მდგარმა წერეთლების სახლმაც იგივე ბედი გაიზიარა. როგორც ძველები ამბობენ, ეს სახლი, მიხეილ ვორონცოვს წერეთლის ქალისთვისთვის აუშენებია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს მთელ თბილისში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ეკლექტური შენობაა. იგივე ბედი აწიეს სხვებსაც, თუნდაც მელიქ აზარიანცს, რომელსაც სახლი ჩამოართვეს და სარდაფი მისცეს, იგივე ბედი გაიზიარა თამამშევის ოჯახმა და ა.შ.

ნინოშვილის ქუჩა, #41, თბილისი.

მალევე დაიწყო დავიწყება, რას წარმოადგენს ეს ქალაქი და რის ხარჯზეა ისეთი, როგორიც არის — თითქოს, იმ ხალხს არც უცხოვრია ამ სახლებში და ქუჩებზე, არ აუშენებია, არ დაუპროექტებია. სხვის სახლებში იზრდებიან, ცხოვრობენ, კვდებიან თაობები. მართალია, თბილისმა ეთნიკური სიჭრელე მეტ-ნაკლებად მერეც შეინარჩუნა, მაგრამ კულტურული სიჭრელე — არა. არადა, სწორედ კულტურული სიჭრელე განპირობებდა მის განვითარებას, მის ნამდვილ სახედ რეალიზდებოდა.

ბევრი რამ იყო ამ ქალაქში აშენებული სახელმწიფოს სახსრებით, მაგრამ მაცხოვრებლების წვლილი ერთი ათად მეტია — აშენებაშიც, საქმის გამართვაშიც, ფასეულობაშიც — არამიანცის საავადმყოფო; მეღვინე გერმანელი ძმები ფორერები და მათი შენობა აღმაშენებლის გამზირზე ("კათარზისის" შენობა), მანთაშევის სავაჭრო სახლი (43-ე სკოლა) და ხანშიშესულთა თავშესაფარი; სარაჯიშვილების და ზუბალაშვილების წვლილი მრეწველობის გამართვაში, თამამშევის წვლილი ეროვნული ბიბლიოთეკის შექმნაში; ოტო სიმონსონის დაპროექტებული ალექსანდრეს ბაღი; ჯოვანი სკუდიერის მშრალი ხიდი; სასტუმრო ლონდონი, გრანდ ოტელი, ვეტცელი, მაჟესტიკი და მრავალი სხვა. ვინ მოთვლის?!

ძმები ფორერების პავილიონი, თბილისი.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

თბილისი, არსებული სახით, მრავალფეროვნების შედეგია. ოღონდ ამ სიტყვების მიღმა გვარიანად მსუყე შინაარსი დგას, რომელსაც არც სამი გვერდი ეყოფა და არც სამასი. თუმცაღა, ამ მცირედ მონათხრობშიც კი, შეგვიძლია თამამად ვთქვათ: თბილისის ურბანული სახე კულტურულად მრავალფეროვანი ადამიანების თანაცხოვრების შედეგია და ასეც უნდა გაგრძელდეს.

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ვებ-გვერდზე. სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხიმგებელია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.


გამოყენებული ლიტერატურა:

  • ვ.ს. ნალბანდიანი, თბილისი ძველ სომხურ მწერლობაში;
  • ი.გრიშაშვილი, ლიტერატურული ნარკვევები;
  • ი.გრიშაშვილი ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა;
  • არტურ ლაისტი, საქართველოს გული;
  • თ.ბერიძე, ძველი თბილისის სურათები;
  • თ.კვირკველია, ძველთბილისური დასახელებანი;
  • ევროპის საბჭო, გერმანული უმცირესობის კულტურული მარშუტი საქართველოში;
  • ი.კაჭარავა,გ.მელიქიშვილი, თბილისის ისტორია: 3 წიგნად;