ნეანდერტალელები კარიესის სამკურნალოდ ქვის "ბჟენს" იყენებდნენ — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, ნეანდერტალელებს კბილის ინფექციის ამოცნობა შეეძლოთ და მკურნალობის გარკვეული გზებიც ჰქონდათ.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ ისინი პირის ღრუდან საკვების ნარჩენებს სპეციალური კბილის ჩხირებით იშორებდნენ. გარდა ამისა, შეიძლება სამკურნალო ბალახებსაც იყენებდნენ. ახალ კვლევაში მეცნიერებმა ნეანდერტალელის კბილი შეისწავლეს, რომელიც სიცოცხლეში ფიზიკურად შეცვალეს, სავარაუდოდ ინფექციის სამკურნალოდ.
აღნიშნული კბილი დაახლოებით 59000 წლისაა. კბილის შუა ნაწილში დიდი ღრმული იყო გაკეთებული, რომელიც პირის ღრუში გადადიოდა. მკვლევრებმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლებშიც თანამედროვე ადამიანის 3 კბილი გამოიყენეს. ამით იმის ჩვენება უნდოდათ, რომ მსგავსი ფორმისა და ზომის ღრმულის გაკეთება ნეანდერტალელების იმდროინდელი ხელსაწყოებით შესაძლებელი იყო.
ეს პროცედურა მტკივნეული იქნებოდა, თუმცა კბილის დაზიანებული ნაწილის მოცილება ინფექციით გამოწვეულ ტკივილს შეამცირებდა. ეს მოდიფიკაციები იმაზე მიანიშნებს, რომ ნეანდერტალელებს ტკივილის წყაროს ამოცნობა, მკურნალობა და სამომავლო დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად ხანმოკლე ტკივილის ატანა შეეძლოთ. ჰომო საპიენსის გარდა, სხვა სახეობაში მსგავსი ქცევა პირველად დაფიქსირდა.
გარდა ამისა, ეს ამჟამად კბილის წარმატებული მკურნალობის უძველესი მტკიცებულებაა. ამასთან ერთად, მკვლევრებმა დემინერალიზაციის ადგილებიც იპოვეს, რომლებშიც კარიესული დაზიანების ნარჩენები იყო შემონახული.
კბილი ძალიან უჩვეულოდ იყო შეზნექილი. ეს ფორმა ჰომო საპიენსში გავრცელებულ კარიესულ ღრუს არ შეესაბამებოდა. გარდა ამისა, ზედაპირზე შესამჩნევი ნაკაწრები იყო. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შეზნექილობა მიზანმიმართულად იყო გაჩენილი და არა ბუნებრივი დაზიანების შედეგად.
სხვათა შორის, კარიესულ ღრუზე ადამიანების მიერ განხორციელებული მანიპულაციები ზედა პალეოლითის, მეზოლითისა და უფრო გვიან პერიოდებშიცაა აღწერილი.
ნაშრომი გამოცემაში PLOS One გამოქვეყნდა.
კომენტარები