აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სადაც საქართველოში უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი, ქვეყნის სასამართლო სისტემა არის შეფასებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, კვლავ იკვეთება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები.

"მოსამართლეები მოწყვლადები იყვნენ პოლიტიკური ზეწოლის მიმართ როგორც სასამართლო სისტემაში, ისე მის გარეთ", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი, კოალიცია დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებები შეშფოთებას გამოთქვამენ სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე.

"მთელი წლის განმავლობაში ისინი ამახვილებდნენ ყურადღებას პრობლემებზე, მათ შორის მოსამართლეების გავლენიან ჯგუფზე, რომელიც ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან და თავმჯდომარე მოსამართლეებისგან შედგება. თითქოსდა ისინი ახშობდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს სისტემაში და ხელ უშლიდნენ შეთავაზებებს სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციები გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფს "კლანს" უწოდებს", — აღნიშნულია ანგარიშში.

სხვა პრობლემები, რომელიც გამოკვეთილია, ეხება უზენაესი საბჭოს გავლენას ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმეების გადანაწილებით მანიპულირებას, უზენაესი საბჭოს საქმიანობის გაუმჭვირვალობასა და მოსამართლეების დანიშვნის ხარვეზებს.