საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სასამართლოს განჩინება, რომელიც ტელეკომპანია TV პირველში ამოღების ჩატარების შესახებ გაიცა, დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს. მისი თქმით, ეს წარმოადგენს მძიმე პრეცედენტს, რომლის აღსრულებამ შესაძლოა სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება.

"სასამართლოს მიერ გაცემულ ორგვერდიან განჩინებაში საერთოდ არ გვხვდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მსგავსი შინაარსის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამ ჟურნალისტის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხარისხზე, რის გამოც აღნიშნული განჩინება საპროცესო-სამართლებრივი დასაბუთებულობის ელემენტარულ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს", — ამბობს ომბუდსმენი.

ლომჯარიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითება გვხვდება მხოლოდ გამოძიების ინტერესთან დაკავშირებით. კერძოდ, მისი თქმით, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმაზე, ხომ არ ცდილობს გამოძიება ჟურნალისტის გამოკითხვის გვერდის ავლით მისი კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენას.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კონფიდენციალური წყაროს გამჟღავნებაზე უარი წარმოადგენს ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების ელემენტს და ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ხელისუფლება უაღრესი სიფრთხილით უნდა მოეპყრას ჟურნალისტის უფლებას, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა.

"კონვენციის მეათე მუხლის (გამოხატვის თავისუფლების) დარღვევა დგინდება ყველა შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება (მოცემულ შემთხვევაში სასამართლო) გადაწყვეტილების მიღებისას არ ითვალისწინებს ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალობის დაცვის აუცილებლობას მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის საქმის გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა.

საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას.

11 მარტს TV პირველმა მიიღო სასამართლოს განკარგულება, რომლითაც დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა ტელეკომპანიიდან ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერების ამოღების შესახებ. თუმცა განკარგულებაში წერია ისიც, რომ თუ TV პირველი არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე, სავარაუდოდ, იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება კერძო საუბრის უკანონო მიყურადების, ჩაწერისა და გავრცელების მუხლით დაიწყო.

უწყება არაფერს ამბობს იმაზე, დაინტერესდა თუ არა სავარაუდო ძალადობის ფაქტებით, რაზეც ჩანაწერშია საუბარი.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.

სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხად, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.

გაიგეთ მეტი: