ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მოსახლეობა ერთმანეთს შეხვდა და კონფლიქტის აღმოფხვრაზე შეთანხმდა. სოფლის კლუბში გამართულ შეხვედრაზე თვითმმართველობა და ცენტრალური ხელისუფლება, სასულიერო პირები და ადგილობრივები იმყოფებოდნენ — სოფლის როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი თემის სათქმელი, მათივე არჩეულმა წარმომადგენლებმა გააჟღერეს. მათ შორის იყვნენ მასწავლებლებიც და მათი აწ უკვე ყოფილი მოსწავლეებიც.

"ჩემი მეორე დედაა", — უთხრა On.ge-ს თემურ ირემაძემ და მარიამ ხელაძეზე მიუთითა, ქალზე, რომელიც სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

მარიკა ხელაძე, ბუკნარის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ამბობს, რომ სოფელში დაწყებული კონფლიქტი მოულოდნელი იყო, რადგან მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. როგორც იგი გვიყვება, ორივე მხარეს არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

"იყო მოულოდნელად შემოგდებული ამბავი გურულ მოსახლეობაში, რომ აჭარულ მოსახლეობას უნდოდა მეჩეთის აგება, მინარეთებისა და მიკროფონების დადგმა აქეთა მხარის უკითხავად და ეს ყველაფერი კეთდებოდა თურქული ფულით. მეორე მხარეს წავიდა ამბავი, რომ ახლა რა სალოცავიც აქვთ, რომელიც ათი თვეა აქვთ და ხელი არავის შეუშლია, თითქოს მისი განადგურება უნდოდა ვიღაცას და მათი ლოცვის აკრძალვა. არცერთი იყო სწორი. გავრცელდა ეს მესამე ძალის მიერ. ეს იყო შემოგდებული", — ამბობს მარიკა ხელაძე.

ფოტო: თამთა კახაბერიძე / On.ge

დღეს ბუკნარში აქტიურად განიხილებოდა სკოლაში ქრისტიან და მუსლიმ მოსწავლეებს შორის განსხვავებული დამოკიდებულებების საკითხი, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების მხრიდან.

"ჩემდა გასაოცრად, ჩემი სოფლის მკვიდრის ჩანაწერიდან გავრცელდა, რომ თითქოს ჩვენ სიძულვილის ენით ველაპარაკეთ მოსწავლეებს. არ მინდა ამ სიტყვის გამეორება, ღმერთმა მაპატიოს, თითქოს ჩვენს ბავშვებს თათრებს ეძახიანო. [...] ბავშვებს შორის დაპირისპირება ჩვენს ყურამდე არ მოსულა. იმდენად სიყვარულით გაიზარდნენ, ერთმანეთის დიალექტით საუბრობენ ბავშვები.

ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო, რომ ჩემს გაზრდილ მოსწავლეებს ვიღაცის მუხტით და შეძახილებით ვხედავდი წამოსულს სოფლის ცენტრში, გამარჯვების ყიჟინით. ეს იყო ჩემთვის სიკვდილი. ჩვენ, მასწავლებლებს რა დანაშაული გვაქვს? ეტყობა ვერ გავატანეთ იმდენი, რომ არავის გავლენის ქვეშ არ მოყოლილიყვნენ", — აღნიშნავს მარიკა ხელაძე.

მოლაპარაკებისას სწორედ მარიკა ხელაძეს მიმართა მისმა ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც მუსლიმ თემს წარმოადგენდა და თქვა, რომ რელიგიის გამო, ვიღაცებმა მისი ქართველობაა დააყენა ეჭვქვეშ.

"მე მინდა მარიკა მასწავლებელს ვკითხო, თუ ქართველი არ ვიყავი, ვეფხისტყაოსანს რატომ მიკითხავდი და რატომ მაზეპირებინებდი. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და თუ ჩემი ქართველობა ეჭვქვეშ დგას და ვიღაცას თავისი მემატიანე ჰყავს... გიგი კუტუბიძემ, შორენა სირაძემ და მარიკამ მე სხვა ისტორია მასწავლეს და თქვენ თუ სხვა იცით, მითხარით, ბატონო", — განაცხადა მუსლიმი თემის წარმომადგენელმა.

ადგილობრივი მუსლიმი, თემურ ირემაძე ამბობს, რომ პროვოკატორები ორივე მხარეს იყვნენ, რომლებმაც მოსახლეობა აიყოლიეს. მისი თქმით, მთავარია პრობლემა გაანალიზდეს და ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ.

"რაც მოხდა, მოხდა. სამწუხარო რეალობა და სამწუხარო ფაქტი იყო. თუმცა ორივე მხარისთვის ეს იყო გაკვეთილი და ამ გაკვეთილის შედეგს მოვიმკით იმით, რომ მშვიდობიანად, წყნარად და, რა თქმა უნდა, კეთილმეზობლურად გავაგრძელებთ ურთიერთობებს შემდგომში. რაც მთავარია, საერთო აზრზე ვართ — უნდა ვილოცოთ ჩვენ-ჩვენს სამლოცველოებში, უნდა ვიმეგობროთ, უნდა ვიძმაკაცოთ. ეს არის საერთო აზრი და რაც წყენა არსებობს, მაგას დრო მიხედავს. დარწმუნებული ვარ, ეს ბზარები, რაც გაჩნდა, დროთა განმავლობაში აღდგება", — აღნიშნავს თემურ ირემაძე On.ge-სთან.

მარიკა ხელაძემ მოლაპარაკების დაწყებამდე გვითხრა, რომ მას შემდეგ, რაც სკოლის მასწავლებლების მიმართ ბრალდებები გაჟღერდა, შესაძლოა მათ ავტორიტეტი მოსახლეობაში ეჭვქვეშ დამდგარიყო. თუმცა, საბოლოოდ, ქრისტიან და მუსლიმ თემს შორის მოლაპარაკებების პროცესი ეთანხმებით სწორედ მასწავლებლებსა და მათ ყოფილ მოსწავლეებს შორის გამართულმა დიალოგმა დაასრულა.

ადგილზე იმყოფებოდა ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, ახლა უკვე ევროპული საქართველოს წევრი, ტარიელ ნაკაიძეც. ის ბუკნარში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს. მისი თქმით, თუ ყოველ ცალკეულ შემთხვევას სათანადო რეაგირება არ მოჰყვა, მომავალში, შესაძლოა კიდევ განმეორდეს მსგავსი ფაქტები.

"სამწუხაროდ, 2012 წელს, როცა მოხდა პირველი შეხვედრა ნიგვზიანში, არ მიიღო ამან სწორი შეფასება, არ აღიქვეს სწორად ეს მომენტები. მას მოჰყვა ღორის თავის აკვრა ქობულეთში. არც ამაზე მისცა სამართლებრივი შეფასება ხელისუფალმა. შესაბამისად, ეს გახდა ერთგვარი წახალისების მიზეზიც, სამწუხაროდ. ამიტომ, ხელისუფლება და სახელმწიფო უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე. რაც სამწუხაროა და ყველაზე ხშირად რასაც ვიძახი, არის ის, რომ გადმონაშთები საბჭოთა კავშირისა, რაც რელიგიური უმცირესობების მიმართ გვქონდა, დღეს კიდევ მოქმედებს. ეს უნდა დავივიწყოთ და უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ამიტომ, ეს უნდა იყოს გაკვეთილი და უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ არ მოხდეს რამე უფრო მეტი და მეტი", — განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტური სიტუაციები 12 იანვარს გამწვავდა. შსს-ს ინფორმაციით, სწორედ 12 იანვარს ბუკნარის მკვიდრმა ორ თანასოფლელს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ბუკნარში მეზობლებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს სამ მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს.

სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემი უკვე რამდენიმე ათეული წელია ცხოვრობს. ისინი გურიისა და აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სხვადასხვა პერიოდში (პირველად 50-70 წლის წინ) დასახლდნენ.

EMC-ში აცხადებენ, რომ მუსლიმი თემი მეჩეთის მშენებლობას სოფელში 2007 წლიდან ითხოვს, თუმცა ისინი დაბრკოლებებს წააწყდნენ და მეჩეთის სივრცის ორგანიზება ვერ მოხერხდა.

"დაახლოებით, 10 თვის წინ ადგილობრივმა თემმა სოფელში მუსლიმი მეზობლისგან, რომელიც წალკაში გადავიდა საცხოვრებლად, კერძო სახლი შეიძინა და ამ სივრცეში მალევე რელიგიური პრაქტიკის აღსრულება დაიწყო. მუსლიმების თქმით, ისინი მინარეთის აღმართვას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ მთელი ეს დრო მეზობელი ქრისტიანების არგაღიზიანებას. თუმცა, მათი მხრიდან ლოცვის სივრცის ორგანიზებას ადგილობრივი ქრისტიანების უკმაყოფილება მოჰყვა", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, მუსლიმების განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანი თემის ზოგიერთი წარმომადგენელი მათ ლოცვის შესაძლებლობას არ აძლევს და აცხადებენ, რომ მუსლიმები ამ სოფელში "ჩამოსახლებულები" არიან და მათ მეჩეთის გახსნის უფლება "ქრისტიანულ მიწაზე" არ აქვთ. კონფლიქტი ამ საკითხზე დაახლოებით იანვრის პირველ კვირაში დაიწყო და მას მეზობელ თემებს შორის, ძირითადად, სიტყვიერი შელაპარაკებისა და გარჩევის ფორმა ჰქონდა.

EMC-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ინციდენტში 2 ძირითადი სამართლებრივი საკითხი იკვეთება — ძალადობის შემთხვევა დაზარალებული მუსლიმი პირების მიმართ, რომელიც დროულ და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს და სალოცავი სივრცის ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო და მშვიდობიანი პირობების შექმნა.

ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარიამ სოფელში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის, სახელმწიფოს კი თითოეული მოქალაქის ლოცვის უფლების დაცვისკენ მოუწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც 12 იანვარს ბუკნარში ორ თანასოფლელს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. მათივე განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაიგეთ მეტი: