Koi თელ-ავივში დაფუძნებული უსაფრთხოების კომპანიაა, რომელმაც გამოძიების შედეგად მონაცემთა მასობრივი შეგროვების სქემა გამოავლინა. აღნიშნული ოპერაცია Google Chrome-ის ბრაუზერის გაფართოებას (extension) უკავშირდება. საქმეში უფასო გაფართოება ფიგურირებს, სახელად Urban VPN Proxy, რომელსაც 6 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.

როგორც Koi-ს მკვლევრები განმარტავენ, ეს გაფართოება ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე ჩვეულებრივი VPN. სინამდვილეში მასში გარკვეული პროგრამებია, რომლებიც გაგზავნისა და მიღების პროცესში მონაცემებს ინახავს. ამ შემთხვევაში მონაცემებში მომხმარებლის ისეთ ჩატბოტებთან მიმოწერები იგულისხმება, როგორებიც ChatGPT, Claude, Gemini, DeepSeek და Grok-ია.

შეგროვებული მონაცემები ნებისმიერ საკითხზე მიმოწერას შეიძლება მოიცავდეს. მაგალითად, სამედიცინო შეკითხვები, საფინანსო დეტალები და პირადი პრობლემები. ეს მონაცემები "მარკეტინგული ანალიზისთვის" იყიდება.

მას შემდეგ, რაც ამ გაფართოებას გადმოწერთ, Urban VPN Proxy თქვენს მიმოწერებს ავტომატურად ინახავს, მაშინაც კი, თუ VPN ჩართული არ გაქვთ. გარდა ამისა, მომხმარებელს ამ ფუნქციის გამორთვა არ შეუძლია. ერთადერთი გამოსავალი გაფართოების დეინსტალაციაა.

Urban VPN Proxy-ის მმართველი კომპანია, Urban Cyber Security Inc, ამ დეტალებს სულაც არ მალავს. კომპანიის უსაფრთხოების პოლიტიკაში მკაფიოდ წერია, რომ ისინი მომხმარებლის მიმოწერებს აფილირებულ კომპანიას უზიარებენ, რომელიც, მათივე თქმით, უკვე დამუშავებულ მონაცემებს კომერციული მიზნებისთვის იყენებს და გამოტანილ დასკვნებს ბიზნეს პარტნიორებთან აზიარებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, Chrome Web Store-ზე Urban VPN Proxy-ის გვერდი აცხადებს, რომ თქვენს მონაცემებს მესამე მხარეზე არ ყიდიან, გარდა წინასწარ შეთანხმებული შემთხვევებისა. ამასთანავე, თქვენი მიმოწერები არ გამოიყენება ან გადაიცემა იმ მიზნებისთვის, რომლებიც პროდუქტის ფუნქციონირებასთან არაა დაკავშირებული.

უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავს სქემას მხოლოდ Urban VPN Proxy-თან არ შეხვდებით. როგორც Forbes აცხადებს, ერთი და იმავე გამომცემლის 7 სხვადასხვა აპლიკაცია არსებობს, რომლებიც ჩატბოტთან მიმოწერებს მსგავსი პრინციპით აგროვებს.

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოსავალი მხოლოდ ამ გაფართოების დეინსტალაციაშია. უნდა იცოდეთ, რომ თუ რომელიმე მსგავსი პროგრამა გქონდათ დაყენებული, 2025 წლის ივლისიდან მოყოლებული ჩატბოტთან თქვენი ნებისმიერი მიმოწერა შენახული და მესამე მხარესთან გაზიარებულია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.