"სიცილის გაზს" დეპრესიის შემსუბუქება შეუძლია — ახალი კვლევა
ფოტო: EntropyWorkshop/iStock/Getty Images Plus
ბირმინგემისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აზოტის ქვეჟანგის, იგივე "სიცილის გაზის", კონტროლირებადი დოზებით მიღებას დეპრესიის სიმპტომების სწრაფი შემსუბუქება შეუძლია.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს მეთოდი დიდი დეპრესიული აშლილობისა და მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესიის (TRD) მქონე პაციენტებში ეფექტიანი საშუალებაა. TRD ფსიქიატრიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ აშლილობად მიიჩნევა, რის გამოც ეს კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბირმინგემის უნივერსიტეტის ფსიქიატრის სტივენ მარვაჰას თქმით, ეს ნაშრომი ახალი თერაპიული საშუალებების აუცილებლობასა და მკურნალობის არსებული მეთოდების გაუმჯობესებას უსვამს ხაზს.
კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შვიდი კლინიკური ცდა შეაფასეს, რომლებიც სულ 247 მონაწილეს მოიცავდა. ამ ექსპერიმენტებში შერჩეული მოხალისეები აზოტის ქვეჟანგს 50%-იანი ან 25%-იანი კონცენტრაციით ისუნთქავდნენ. მკვლევრებმა დანარჩენ მონაწილეებზე პლაცებოს ეფექტი გამოიყენეს და ექსპერიმენტში მიღებული შედეგები მათ შეადარეს.
აღმოჩნდა, რომ აზოტის ქვეჟანგის მაღალი კონცენტრაციით მიღება დეპრესიის სიმპტომებს ამსუბუქებდა. ამის მიუხედავად, "სიცილის გაზის" დიდი დოზით შესუნთქვას ხშირად ისეთი გვერდითი მოვლენები მოჰყვებოდა, როგორებიცაა გულისრევა, თავის ტკივილი და დისოციაციის შეგრძნება.
აზოტის ქვეჟანგის მიღება დეპრესიულ სიმპტომებს დაახლოებით ორ საათში ამცირებდა, მაგრამ მკურნალობისგან მოგვრილი შვება შედარებით ხანმოკლე აღმოჩნდა. დოზირების განმეორების გარეშე მონაწილეებს თითქმის იდენტური სიმპტომები ერთ კვირაში კვლავ უბრუნდებოდათ.
მიღებული შედეგების დასაზუსტებლად უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო. ამის მიუხედავად, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მკურნალობის ეფექტიანობა, შესაძლოა, გლუტამატერგული სისტემის დამშვიდებას უკავშირდებოდეს. ეს ნერვული სისტემის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია, რომელიც დეპრესიის პათოფიზიოლოგიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ასევე ცნობილია, რომ აზოტის ქვეჟანგი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ტვინში გაზების, ნარჩენებისა და საკვები ნივთიერებების მოძრაობას უწყობს ხელს. ამ მექანიზმების უკეთ გაგების შემდეგ შესაძლებელია, რომ მკურნალობა ინდივიდუალურ პაციენტებზე მეტად მორგებული გახდეს.
ახალი კვლევა დეპრესიის მზარდ გლობალურ ეფექტებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ეს ფსიქიკური აშლილობა მსოფლიოში შრომისუუნარობის ერთ-ერთ წამყვან მიზეზად ითვლება და 300 მილიონზე მეტ ადამიანს აწუხებს. მეცნიერთა ნაწილი აცხადებს, რომ აზოტის ქვეჟანგი შეიძლება ახალი თაობის ანტიდეპრესანტების მნიშვნელოვან კომპონენტად გადაიქცეს და უფრო მასშტაბურ კვლევებს ჩაუყაროს საფუძველი.
კვლევა ჟურნალ eBioMedicine-ში გამოქვეყნდა.


კომენტარები