არ გვახსოვს, იმიტომ, რომ ვერ ვხედავთ — სოციალური ექსპერიმენტი ჩვენს გარემოზე
ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურობა თითქოს ყველასთვის ერთნაირია, ზოგი ადამიანი უხილავი რჩება. არა იმიტომ, რომ არ არსებობენ, არამედ იმიტომ, რომ გარემო მათთვის გარეთ გასვლას ბრძოლად აქცევს, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. სწორედ ამ უხილავობაზე გვიყვება სოციალური ექსპერიმენტი, რომლის მთავარი მონაწილეც ნატაა, ადამიანი, რომლის ყოველდღიურობა ქვეყნის მიერ შექმნილი ბარიერების მუდმივ გადალახვას ნიშნავს.
"მადლობა მობრძანებისთვის, გვინდა გაგაცნოთ ახალი ქართული ტანსაცმლის ბრენდის "ლუქები", რომლებისთვისაც გვყავს სპეციალური მოდელი და გვინდა შევურჩიოთ შესაბამისი სივრცეები, ჩვენი მოდელი ამ ტანსაცმლით სად წავიდეს" — ამ სიტყვებით იწყება ვიდეო, რომელშიც რამდენიმე სხვადასხვა პროფესიის მქონე განსხვავებული ადამიანი მონაწილეობს. ეს ინკლუზიური ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდის WYNFLair-ის სოციალური ექსპერიმენტია, რომელიც ერთი შეხედვით უბრალო დავალებით იწყება, მაგრამ სინამდვილეში გვაჩვენებს, ვის აქვს ამ ქვეყანაში გადაადგილების თავისუფლება და ვის არა.
გადაღებებზე ნატა დიდად არ ნერვიულობდა, შშმ პირების გამოცდილებასა და პრობლემებზე საუბარი მისთვის ახალი არ არის და მედიასთან ურთიერთობაც არაერთხელ ჰქონია. თუმცა ამჯერად ერთი რამ განსაკუთრებით აღელვებდა: რამდენად გასაგები და აღქმადი იქნებოდა ის სათქმელი, რომლის ჩვენებაც ამ ექსპერიმენტს უნდა შეძლებოდა. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ის მომენტები, როცა ოთახში შედიოდა და მონაწილეთა რეაქციებს უშუალოდ ეჯახებოდა — სირცხვილს, შიშს, დაბნეულობას, გაურკვევლობას. ვიდეოდან განსაკუთრებით დაამახსოვრდა მომენტი, როცა მონაწილეებს სიტყვა "მოდელს" ეუბნებოდნენ, ბევრის წარმოსახვაში მაშინვე პოდიუმზე მოსიარულე სტანდარტული სხეული ჩნდებოდა, შემდეგ კი ოთახში თავად შედიოდა. სწორედ ასეთ კონტრასტებში ხედავს ის ექსპერიმენტის ძალას.
ნატა ბუკია
ფოტო: WYNFlair / JoyBoy
ნატას ყოველდღიურობის ყველაზე დიდი ბარიერი გადაადგილებაა, ბარიერი, რომელიც დანარჩენ ყველა პრობლემას წარმოშობს. "თუ ვერ გადაადგილდები, ვერ გადიხარ სახლიდან, ვერ მიდიხარ უნივერსიტეტში, ვერც სამსახურს შოულობ, ვერც მეგობრებს ნახულობ, გაკლია სოციალიზაცია, ვერ ვარჯიშობ, ვერ დადიხარ თეატრსა და კინოში", — გვეუბნება ნატა.
რვა წლის ასაკში გავხდი ეტლით მოსარგებლე და ოპერაციის შემდეგ, როცა სკოლაში უნდა გამეგრძელებინა სიარული, აღმოვაჩინე, რომ სკოლა არ იყო ადაპტირებული და სწავლას ვერ ვაგრძელებდი. აქედან იწყება ჩემი საქმიანობის ათვლაც, როგორ გამეხადა სხვადასხვა სივრცეები ხელმისაწვდომი ჩემთვისაც და სხვებისთვისაც. ერთი წლის განმავლობაში ხელით მატარებდნენ მშობლები კიბეებზე, რადგან ჩემი კლასი მეოთხე სართულზე იყო.
გადაადგილების პრობლემა თავისთავად წარმოშობს სხვა ბარიერებსაც, მათ შორის სამედიცინო და სოციალური სერვისების ნაკლებობას. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი, ნატას თქმით, ადამიანური დამოკიდებულებებია. რადგან ეტლით მოსარგებლე ადამიანები ყოველდღიურ სივრცეებში იშვიათად ჩანან, სხვებიც ვერ ამჩნევენ პრობლემებს: სად არ არის პანდუსი, სად დგას არასწორად დაპარკინგებული მანქანა, სად არის ამოტეხილი ტროტუარი. ეს უხილავობა შემდეგ ურთიერთობებშიც იგრძნობა.
ნატას ახსოვს მომენტი, როცა მეგობართან ერთად პირველად გაიარა რუსთაველზე. მეგობარმა უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე წლებია დადის, სივრცე სრულიად სხვანაირად დაინახა მის გვერდით. "როცა უცხო ხარ ადამიანებისთვის, მათში ჩნდება გაუცხოება, შიში, გაუგებრობა, არ იციან, როგორ მოგექცნენ. ხანდახან აქვე ჩნდება სიბრალულიც და შეცოდებაც", — ამბობს ნატა.
ყველაზე მძაფრად სივრცის აღქმის ცვლილება მან რვა წლის ასაკში იგრძნო, როცა ოპერაციის შემდეგ ეტლით მოსარგებლე გახდა. სკოლაში დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ სასწავლო სივრცე ადაპტირებული არ იყო და სწავლას ვერ აგრძელებდა. ერთი წლის განმავლობაში მშობლები ხელით ატარებდნენ კიბეებზე, მისი კლასი მეოთხე სართულზე იყო. პარალელურად დედა მუდმივად აკითხავდა განათლების სამინისტროს და საბოლოოდ კლასის პირველ სართულზე გადმოტანა მოხერხდა. მიუხედავად ამისა, შვიდი საფეხური მაინც რჩებოდა, რომლის გავლაც ნატას ყოველდღიურად უწევდა მეათე კლასამდე. სკოლაში მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში დამონტაჟდა ელექტრო ეტლი.
თუ ვერ გადაადგილდები, ვერ გადიხარ სახლიდან, ვერ მიდიხარ უნივერსიტეტში, ვერც სამსახურს შოულობ, ვერც მეგობრებს ნახულობ, გაკლია სოციალიზაცია, ვერ ვარჯიშობ, ვერ დადიხარ თეატრსა და კინოში
დღემდე ნატა წინასწარ გეგმავს თითოეულ გადაადგილებას: სად არის კიბე, სად პანდუსი, როგორი იქნება მისასვლელი გზა, არის თუ არა საპარკინგე ადგილი. კაფეებში ხშირად სივიწროვეა, მაღაზიებში — ვიწრო გასასვლელები, მაღალი სალარო დახლები ან მძიმე კარი, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გააღებ. ეს ყველაფერი მისი ყოველდღიური რეალობის ნაწილია.
ექსპერიმენტის შემდეგ მიღებულ უკუკავშირს ნატა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, არა მხოლოდ ეტლით მოსარგებლე ადამიანებისგან, არამედ ფართო საზოგადოებისგანაც. "ძალიან რთულია სხვების სახელით პრობლემებზე საუბარი და ძალიან მაძლიერებს ის, რომ ამ ყველაფერში თემის მხარდაჭერა მაქვს", — ამბობს ის.
სოციალურ ექსპერიმენტზე კრეატიულმა სააგენტო JoyBoy-მა და ინკლუზიური ტანსაცმლის ბრენდმა WYNFLair-მა ერთობლივად იმუშავეს. WYNFLair JoyBoy-ისთვის არ ყოფილა დამკვეთი მზა იდეით, ინკლუზიურობაზე მუშაობა თავიდანვე საერთო გადაწყვეტილება იყო. მთავარი გამოწვევა ხილვადობა აღმოჩნდა, რაც ბუნებრივად გადაიზარდა სოციალური ექსპერიმენტის ფორმატში. კამპანიის ცენტრალური აზრი მარტივი იყო: ეს ადამიანები არ ჩანან, იმიტომ რომ არ გვახსოვს. სწორედ ამიტომ, გუნდმა თავიდანვე ერთი პრინციპი დაისახა, არ ყოფილიყო ხელოვნურად გამოწვეული ემოციები და ეჩვენებინათ მხოლოდ სიმართლე. "სწორად ნაჩვენები სიმართლე უკვე საკმარისად ძლიერია", — ამბობენ JoyBoy-ში.
გადაღებების დროს ყველაზე დასამახსოვრებელი მონაწილეების რეაქციები აღმოჩნდა. გუნდი ელოდა ადამიანების გაოცებას, თუმცა ახლოდან დანახულმა რეაქციებმა ემოციურად გაცილებით ძლიერი ეფექტი მოახდინა. "ბევრჯერ ჩვენც ვიტირეთ", — ამბობენ JoyBoy-ში.
ინკლუზიური ტანსაცმლის ბრენდის WYNFLair-ის იდეა ორ მეგობარს მოუვიდა და ბრენდი ორი წლის წინ დაარსდა. დღეს WYNFLair ერთ-ერთ იშვიათ მაგალითად რჩება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც — ინკლუზიური ტანსაცმელი კვლავაც რთულად ხელმისაწვდომია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება.
ბრენდის წარმომადგენლის თქმით, ეტლით მოსარგებლე ადამიანების უხილავობის მიზეზი მათი არარსებობა კი არა, ის გარემოა, რომელიც მათ გარეთ გამოსვლას მტკივნეულ და დამღლელ გამოცდილებად აქცევს. პრობლემა მხოლოდ ტანსაცმელი არ არის — გადაადგილება, ტრანსპორტი, შენობებში შესვლა, სველი წერტილები და სხვა ყოველდღიური საჭიროებები კვლავაც არასაკმარისადაა ადაპტირებული.
ნატა ბრენდს თავიდანვე შეუერთდა — მაშინ, როცა WYNFLair ჯერ კიდევ სულ ახალი იყო. მან დახმარება შესთავაზა როგორც სწორ კომუნიკაციაში, ისე ტანსაცმლის ტექნიკურ დეტალებში. "მისი წვლილი და ღვაწლი ჩვენი ბრენდისთვის ძალიან დიდია", — ამბობენ WYNFLair-ში. ბრენდი მუდმივად იღებს უკუკავშირს ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანებისგან კონკრეტულ საჭიროებებსა და დეტალებზე, რომლებიც მომდევნო კოლექციებში იქნება გათვალისწინებული.
დღესვე რომ შეეძლოს ერთი რამის შეცვლა, ნატა გარემოს შეცვლიდა — რადგან დანარჩენი პრობლემებიც ამის შემდეგ დალაგდებოდა. "უფრო ადაპტირებულ გარემოში ყოფნის ჩემი გამოცდილება მაჩვენებს, რამდენად ნაკლები შფოთვა და სტრესი გაქვს მაშინ, როცა სივრცე შენზეა მორგებული. ამას კი პირდაპირი გავლენა აქვს როგორც სოციალურ, ისე პირად ურთიერთობებზე", — ამბობს ის.
WYNFLair-ისთვის ამ თემაზე საუბარი თავისთავადაც მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოოდ ეს გარემოს შეცვლას ემსახურება. "ყველას აქვს თავისი წვლილი შესატანი — ეს ქვეყანა ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ", — ამბობენ ბრენდში.
კომენტარები