ჩინური კომპანია Unitree Robotics-ის მიერ შექმნილმა ჰუმანოიდმა რობოტმა ტექნოლოგიური შესაძლებლობების დემონსტრაციითა და ინტერნეტში გავრცელებული ვირუსული ვიდეოებით ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. G1-ის სახელით ცნობილ რობოტს სხვადასხვა რთული მოძრაობის შესრულება, წონასწორობის შენარჩუნება და ამ გზით კალათბურთის თამაში ან სულაც დარტყმების მოგერიებაც კი შეუძლია.

G1-ის შესაძლებლობებმა საზოგადოება განსაკუთრებით ჩინელი მომღერლის, ვანგ ლიჰომის, კონცერტის დროს გააოცა. ვიდეომასალებში ვხედავთ ჰუმანოიდი რობოტების ჯგუფს, რომლებიც სასცენო სამოსში გამოწყობილები ცეკვის ილეთებს სინქრონულად ასრულებენ და სხვა მოცეკვავეებს ვიზუალურად თითქმის სრულად ერწყმიან.

ერთ-ერთ ეპიზოდში რამდენიმე რობოტი წინა სალტოს ერთდროულად ასრულებს, რაც კოორდინაციის, ბალანსისა და მოძრაობის დაგეგმვის ალგორითმების მაღალ სიზუსტეზე მიუთითებს. ეს რობოტები ჩინეთში ჰუმანოიდური რობოტიკის სფეროს მიღწევების ნათელი დემონსტრაციაა.

კონცერტი "Best Place Tour"-ის ფარგლებში დაახლოებით 18 000 მაყურებელზე გათვლილ სპორტულ დარბაზში გაიმართა. მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ აღნიშნულ პერფორმანსში ცოცხალი მუსიკა და მოწინავე რობოტული ტექნოლოგია ერთ სანახაობად გაერთიანდა. მაყურებელთა რეაქციამ ცხადყო, რომ ეს შოუ ტურნეს ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული მომენტი იყო, რასაც სოციალური ქსელებში გამოხატული აღფრთოვანებაც ადასტურებს.

ფოტო: chestermallie via TikTok

სასცენო დემონსტრაციებთან ერთად კომპანია Unitree Robotics ჰუმანოიდი რობოტის ფუნქციონალის გაფართოებას და სამომხმარებლო მოწყობილობად ქცევას აპირებს. კომპანიამ ახლახან პროგრამული განახლება წარადგინა, რომელიც რობოტს მუსიკალურ რიტმთან ადაპტაციისა და შესაბამისი მოძრაობების შესრულების საშუალებას აძლევს.

აშკარა ტექნოლოგიური მიღწევების მიუხედავად, საზოგადოების რეაქცია ერთგვაროვანი არ აღმოჩნდა. ინტერნეტში გაჩნდა სკეპტიკური კომენტარებიც, სადაც მომხმარებლები რობოტების მიერ რთული მოძრაობების შესრულების უნარს მომავალ საფრთხედ აღიქვამენ. მსგავსი რეაქციები იმ ფართო ეთიკურ და სოციალურ დისკუსიებს ირეკლავს, რომლებიც თანამედროვე ჰუმანოიდური რობოტიკის სწრაფ განვითარებას ახლავს თან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.