ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუ ვინმეს შეფასების უნარი აქვს, დაინახავს, რომ მან მენეჯმენტში ნიჭიერება და გამოცდილება აჩვენა.

"ყველაზე დიდი ქველმოქმედება, ჩემი აზრით, რაც გამიკეთებია, ეს არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა. პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემი სიცოცხლის რისკი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკი დავდე სასწორზე და მე ვთვლი, რომ ვაჩვენე ყველაფერი, თუკი შეიძლება ადამიანმა აჩვენოს. თუ ვინმეს შეფასების უნარი აქვს, აბსოლუტურად ვაჩვენე მენეჯმენტში ნიჭიერება და გამოცდილება. მახსოვს და გავიხსენებ, ვინც დამხვდნენ გამოცდილი ყოფილი პოლიტიკოსები როგორ მაწვებოდნენ, რომ, აბა, საჯაროდ დავიწყოთ გამოსვლები, მიტინგები და ძლივს ვაჩერებდი სიტუაციას", — თქვა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკას ისევ ტოვებს. ის თვლის, რომ ჩემი მისია შესრულებულია. ივანიშვილის თქმით, ის ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს უბრუნდება

"მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", — აცხადებს ივანიშვილი.

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეობას ოფიციალურად 2018 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა. ივანიშვილის საჯარო გააქტიურებიდან მალევე გადადგა პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისი თავმჯდომარეობის დროს დაწინაურდა და პრემიერმინისტრი გახდა გიორგი გახარია, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ე.წ. გავრილოვის ღამეს აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალეს და რამდენიმე ადამიანმა თვალი ან მხედველობა დაკარგა.

ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი პოლიტიკური მეორედ მოსვლა ვიხილეთ, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ივანიშვილი არ ყოფილა საჯაროდ აქტიური. თუმცა მან თავი დაამახსოვრა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებული ემოციური მიმართვით, სადაც "მართვის ხარვეზების გამოსასწორებლად" ერთ წელს ითხოვდა.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც მან გასცა და არ შესრულდა, პროპორციულ არჩევნებს ეხებოდა. ოპოზიციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებული სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო. როგორც შემდგომში მმართველ პარტიაში განმარტავდნენ, ბიძინა ივანიშვილის დაპირებას "პრინციპული დეპუტატები" აუმხედრდნენ. "პრინციპული დეპუტატების" ნაწილი ახლაც პარლამენტში, უკვე დაწინაურებულ პოზიციებს იკავებს.

პანდემიის პერიოდში ივანიშვილის გამოსვლები კიდევ უფრო შემცირდა. მისი საჯაროდ ხილვა მხოლოდ საზოგადო მოღვაწეების პანაშვიდებზე, კანდიდატების წარდგენაზე, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს და ბერა ივანიშვილის TikTok-ზე იყო შესაძლებელი. განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ვიდეოში ცეკვა უადგილო იყო.