2020-ის ქარები: რა მოგვცა და რა წაგვართვა გასულმა წელმა
2020 სრულიად გამორჩეული წელი იყო, თუმცა ეს ერთი ეპიზოდი განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში: ღამის ორის ნახევარია. 7 დეკემბერი თენდება. თბილისში თოვსავით — ფიფქების დანახვას მხოლოდ მაშინ შეძლებ, თუ ლამპიონის შუქს გახედავ. სხვანაირად ძირს ვერაფერს შენიშნავ — თეთრი ფანტელები რასაც უნდა შეეხონ, კვალს ვერაფერზე ტოვებენ — ნაწვიმარია და გალუმპული ნაცრისფერი ასფალტი ფიფქებს არ იკრავს. ლამპიონის სინათლე რომ არა, ვერც ვერავინ გაიგებდა მათი არსებობის შესახებ და ყველა გაიფიქრებდა, უბრალოდ ისევ წვიმსო. არადა, თოვსავით, ოღონდ აზრი არ აქვს — არც კი ყინავს, ფიფქების სიცოცხლისთვის საკმარისი ტემპერატურა ამ ღამეს არ გვაქვს. ვერ ვიტან თბილისურ თოვლს — თან რომ არის და თან არც არის.
გასაოცარი სიჩუმეა გარეთ. მხოლოდ ფიფქების ძირს დაცემის ხმა ისმის — ისე მკაფიოდ, ისე მკვეთრად, პირდაპირ ძვალში ატანს მათი ხმაური. საათივით, მორიგეობით, ძლიერად გაისმის ხმები. კომენდანტის საათი კარგა ხანია დაიწყო, გარეთ ადამიანის ჭაჭანება არ არის: ავტობუსის გაჩერებაზე საათია გამოსახული, თვითონ გაჩერება ჩამქარალია — ტრანსპორტი აღარ დადის, უკვე დიდი ხანია, აქ აღარავინ ელოდება ავტობუსს. მიყვარს ზაფხული და სითბო, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ თურმე არის ამ უკაცრიელ სიჩუმეში, ფოთოლცვენასა და ფუნქციადაკარგულ გაჩერებებში რაღაც ძალიან ახლო ჩემთვის — იმდენად ახლო, რომ მათთან ერთად ყოფნა სალბუნივით ეფარება ჩემს წლევანდელ განწყობას და სიმშვიდეს მგვრის — ნიავი რომ სასიამოვნოდ გაგეღიტინება ხოლმე ლოყაზე ზაფხულის თბილ საღამოს, ზუსტად ისე.
თბილისური თოვლ-ჭყაპის მიუხედავად, მაინც ლამაზია ეს სურათი. კომენდანტის საათი რომ არა, დიდი სიამოვნებით გავიდოდი გარეთ, ცივ ჰაერს ხარბად შევისუნთქავდი და საათობით ვიხეტიალებდი ქუჩებში: ადამიანი თუ გინდა დასაჯო, ცხვირწინ უნდა დაუდო სილამაზე და აგრძნობინო, რომ ვერ მიისაკუთრებს. უცებ ოთარ ჭილაძის დღიურებიდან ერთი ჩანაწერი მახსენდება, საშაქარლამოს ვიტრინაზე სახით აკრულ ბავშვს ვგავარო. მთელი წელია, ასე ვგრძნობ თავს და საერთოდ მგონია, წელს კაცობრიობა რომ ერთ პერსონაჟში გაერთიანებულიყო, ზუსტად ეს ბავშვი იქნებოდა: გაზაფხულსაც კარანტინში შევხვდით, ფოთოლცვენასაც ფანჯრებიდან ვუყურეთ, ახლა კიდევ თეთრ ფიფქებს ვემალებით მინების მიღმა. 7 დეკემბრის ღამეს ეს განცდა განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი.
ახლა დეკემბრის ბოლოა, ახალი წელი ახლოვდება და საწოლის თავთან ახალთახალი პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი მიდევს. ეს ორი აუცილებელი აქსესუარი, რომელსაც ერთი წლის წინ თითქმის არავინ ვიყენებდით, ზომით პატარაა, მაგრამ მთელ ოთახს ავსებს. რამდენჯერაც პირბადეს შევნიშნავ, იმდენჯერ განვლილი წელი მირბენს თვალწინ: საფრთხით გაჟღენთილი ჰაერი, პირველი საყოველთაო გაუგებრობის ტალღა, ზუმის მოსაბეზრებელი ზარები, პირბადიანი ეროვნული გამოცდები, ტიკტოკის სქროლვაში გატარებული საათები და უსაზღვრო მოლოდინის შეგრძნება.
ახლა 2021-ის ჯერია, რომელიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სულაც არ აპირებს 2020-ის პრობლემების ჯადოსნურად აორთქლებას. მაინც, როგორი იყო განვლილი 366 დღე და რა მოიტანა ისეთი, რომლის გაქრობასაც ასე ვნატრობთ? კოვიდის გარდა, ეს ის ახალი ემოციებია, რომლებიც ვირუსის მიერ შექმნილმა რეალობამ განგვაცდევინა.
პირადად ჩემთვის 2020 ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წელი უნდა ყოფილიყო — სკოლა დავამთავრე. თუმცა, მოგეხსენებათ, ჩვენი ბოლო ზარიც პანდემიამ შთანთქა და ის დაუვიწყარი მოგონებები, რომლებსაც მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობები ასეთი ანთებული თვალებით იხსენებენ, არ გვქონია. ჭრელი პერანგებით თუ უპერანგოდ, სკოლა ჩვენ გარეშე დამთავრდა. ასე დავრჩით იმ განცდის გარეშე, რომელიც ეტაპის დახურვის გაანალიზებაში დაგვეხმარებოდა.
პანდემიის წყალობით სკოლის ბოლო, ხოლო მოგვიანებით უნივერსიტეტის პირველი დღეც, ზუმში, ეკრანზე მიჩერებულმა გავატარეთ და ასე აღმოვჩნდით შუაში გაჭედილები. დასასრულის განცდის გარეშე დარჩენილ ადამიანებს კი განსაკუთრებით ერთულებათ ხოლმე ახალი რეალობისთვის მორგება, რადგან თუ ვერ იგრძენი, თუ ვერ ნახე, თუ ვერ გაიგე, როგორ დაიკეტა უკან მოტოვებული კარი, წინ რომც იყურებოდე, მაინც ნახევარი გული, ნახევარი თვალი და ნახევარი ყური კარისკენ გექნება მიპყრობილი — გაფაციცებული იმის მოლოდინში, რომ ახლა მაინც გაიგებ, რა ეწერა იმ გამოტოვებულ ფურცლებზე. მაგრამ პრობლემაც ისაა, რომ ვერ გავიგებთ; უკვე თეორიულად სტუდენტები ვართ და როგორმე უნდა შევძლოთ, რომ ფსიქოლოგიურ დონეზეც გავითავისოთ ეს ფაქტი.
2020-ის შუაში ყოფნის განცდასა და სახლში გამოკეტვით სამყაროსგან იზოლაციის შეგრძნებას ყველანი სოციალური ქსელებით გავუმკლავდით — ჩვენი სმარტფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილებები გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად ერთადერთ უსაფრთხო საშუალებად იქცა.
მე, როგორც Gen Z-ის წარმომადგენელმა, სხვებს მივბაძე და კარანტინის ჟამს ტიკტოკს დავუმეგობრდი. მართალია, ამ აპლიკაციის ირგვლივ ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს, თუმცა იმას ვერავინ უარყოფს, რომ ის საოცრად მრავალფეროვან ხმებს იტევს. და თუ საკუთარ For You გვერდს ზუსტად შენს ინტერესებს მოარგებ, ბევრ სარგებელსაც მიიღებ.
მაგალითად, ჩემთვის და, მგონია, ბევრი სხვა თანატოლისთვისაც, ეს პლატფორმა არაპირდაპირი კავშირების დასამყარებლად მშვენიერი საშუალება აღმოჩნდა: უცნაურია, მაგრამ ტიკტოკის სქროლვა სრული კარანტინის პერიოდში თავს ნაკლებად მარტო მაგრძნობინებდა. მან მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანები გამაცნო და დამანახა, რომ პანდემიის წყალობით, ისინიც ზუსტად მსგავს პრობლემებს ებრძვიან და იმ ემოციებს განიცდიან, რასაც ჩვენ. ეს ერთიანობის განცდა, რომელიც 15-წამიან თუ 1-წუთიან ვიდეოებში იკვეთება, საოცრად საჭირო ემოცია აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ მივეწებეთ ტიკტოკს და მტკივნეულ თემებთან იუმორით გამკლავება ვარჩიეთ. ეს პლატფორმა ჩვენთვის თვითგამოხატვის საშუალებად იქცა.
ამის გარდა, ონლაინ სწავლებისთვის ფეხის შეწყობაც მოგვიწია, რაც სულაც არ აღმოჩნდა მარტივი. სხვებიც დამეთანხმებიან, რომ მიუხედავად იმავე რაოდენობის საქმისა, ახლა მეცადინეობა და, ზოგადად, მთლიანად სწავლების პროცესი უფრო დამღლელია. ამაში კი ამჟამინდელი სიტუაციაა დამნაშავე.
2020-მა დაამტკიცა, რომ პირისპირ ურთიერთობებს არაფერი შეედრება და აქამდე სწორედ ეს ურთიერთობები, აქტიური ცხოვრება და მრავალფეროვნება ამარტივებდა შრომას. ახლა კი პირველკურსელებმა, რომლებსაც თავიდანვე ონლაინ მოგვიწია სტუდენტობის დაწყება, ქუჩაში საკუთარი ჯგუფელების ცნობა მაქსიმუმ ფეისბუქის პროფილის ფოტოებით ან იმ ხმით შევძლოთ, რომელიც ზუმში, კამერაგამორთულობის გამო, ჭიდან ამოძახებულის ექოსავით მიუწვდომლად გვეჩვენებოდა.
ამგვარად, ახლა, როცა მთელი დღეები ერთ ადგილას ჯდომა და ეკრანის ცქერა გვიწევს, ბუნებრივია, რომ მუშაობის პროცესი ფსიქოლოგიურადაც უფრო დამღლელი ხდება.
პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ქვეყანში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 75 ათასს გადასცდა. იქიდან გამომდინარე, რომ დისტანციური სწავლების მიუხედავად სწავლის საფასური უცვლელი რჩება, ვირუსის გამო სამსახურდაკარგულმა ოჯახებმა შვილების სწავლის დაფინანსება ვეღარ შეძლეს.
ამასთანავე, განვლილმა წელმა ადამიანების ბუნების შესახებ ბევრი რამ გამოავლინა; მათ შორის ისიც, თუ როგორ გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარი როლის მნიშვნელობა საზოგადოებაში და გვაქვს თუ არა ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც პანდემიის ჟამს ასეთი საჭირო თვისება აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, გაცხადდა, რომ მაშინაც კი, როცა ასე ახლოა საფრთხე, სანამ ადამიანს უშუალოდ არ დაემუქრება ის, მაინც შესაძლებელია ინდიფერენტულობის შენარჩუნება. სოციალური დისტანციის დაუცველობამ და პირბადის სწორად გაკეთებაზე წარმოქმნილმა კონფლიქტებმა ვითარება კიდევ უფრო გაართულა და ამაზე პასუხისმგელობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება.
ამგვარად, 2020 ქარიანი წელი იყო და ადამიანებს, ასეთ პაწაწინა არსებებს, დიდ გოლიათებთან შეჭიდება მოგვიწია. პირველი დიდი ქარი იმის განცდა აღმოჩნდა, რომ ცხოვრება ხელიდან გეცლება. ლოქდაუნმა დროის აღქმის უნარი დაგვაკარგვინა: ერთფეროვნება, ყოველდღე ერთი და იგივე ემოციები, საქმეები, რუტინა, რომელშიც ჩაფლულები ვართ, ჩვენს ენერგიას ნელ-ნელა შთანთქავს.
ეს ცხადად მაშინ გავიაზრე, როცა კალენდარს დავხედე და გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი დაბადების დღე რამდენიმე დღეში იყო. უცნაურია, მაგრამ ამჯერად მოცემულმა ფაქტმა დიდად არც გამახარა და არც დამადარდიანა — 2020-მა ამ შეგრძნების დაქვეითება ნამდვილად მოახერხა. კიდევ ერთი წელი გავიარე, კიდევ ერთი წელი მომემატა. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, დრო კიდევ უფრო გაუფასურდება. ერთმანეთში შეზელილი დღეები, უსახური, დაძაბული, დამღლელი საათები — რა მნიშვნელობა აქვს, 19-ის იქნები თუ 29-ის, ახლა ყველანი ერთ ქვაბში ვიხარშებით. ასე თვალსა და ხელს შუა იცლება საათი ქვიშისგან და ჩვენ სახლში შეყუჟვისა და ხსნის ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია.
მეორე მხრივ, მორიგი ემოციური ფაქტორი, რომელიც დღეების სვლის აღქმის უნარის დაკარგვას მოყვება და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო გვიმძიმებს, განუსაზღვრელობაა — რომ ვიცოდეთ, რომ, აი, ამ და ამ პერიოდში შეგვეძლება ძველ ცხოვრებაში დაბრუნება, ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა. მაგრამ იმის არცოდნა, თუ სადამდე მოგვიწევს ამ ქარებთან ბრძოლა, სიტუაციას ართულებს.
ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური კრიზისების წელი იყო 2020. პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, რაც აქამდე ნორმად მიგვაჩნდა და რასაც ყველანი ასე შეჩვეულები ვიყავით. ალბათ ამიტომ ცხადია, თუ რატომ არ მტოვებენ ის განცდები, 7 დეკემბრის ღამეს თბილისური თოვლ-ჭყაპის ცქერისას რომ დამეუფლა. იმ მომენტში მე, ერთი მხრივ, ის პატარა ბავშვი ვიყავი, რომელიც საშაქარლამოს ვიტრინაზე სახით აკრულა და საოცნებო ტკბილეულს ხარბად გასცქერის, მეორე მხრივ კი ვგრძნობდი უკმაყოფილებას, რომ თბილისში კარგა ხანია, წესიერად არ მოუთოვია, არადა წელს ბუნების მსგავსი საჩუქრები განსაკუთრებით გვჭირდება.
ჰოდა, ჩემი სადღესასწაულო სურვილი ამ ახალ წელს დიდი თოვლის მოსვლაა. ჰო, ვიცი, რომ გლობალური დათბობაა, კლიმატი იცვლება და თბილისსაც სანატრელი გაუხდა გადათოვლილი ქუჩები, მაგრამ ზუსტად ამ "შეუძლებლობის" გამო მინდა, მოთოვოს — თან თუ სურვილია, სურვილი იყოს და ჯადოსნურობაც არ აკლდეს.
ეს სურათი ასე წარმომიდგება:
მინდა, თოვდეს ლამაზად. ბარდნიდეს.
მინდა, მოვიდეს თოვლი და გადაფაროს ეს ბეტონის ქალაქი, განაცრისფრებული შენობები და ტროტუარები, ავტობუსის გაჩერებები, პარკები, გზები, ეზოები.
გადაათეთროს ჩვენი თმები, ჩვენი ქურთუკები, ფეხსაცმელები.
შეღებოს ნაცნობი ადგილები, უცნობი ადგილებიც, ჩვენი მანქანები და სხვების მანქანებიც.
მინდა, გავიხედო ფანჯრიდან და ჩემი ქუჩა ვნახო გადათოვლილი: გათეთრდეს ის ასფალტი, სადაც წელს მილიონჯერ დამვარდნია ახალათახალი პირბადე; ხეები, რომლებიც ზუმის მოსაწყენი ჩართვებისას ასე დეტალურად შევისწავლე; ლამპიონები, რომლებიც კომენდანტის საათისას არავისთვის ანათებენ და უმგზავრებოდ დატოვებულ გაჩერებებს კიდევ უფრო სევდიანად აქცევენ.
მინდა, შეიცვალოს ჩვენი ქუჩა — საყვარელი პარკები და ადგილები, სადაც გასულ წელს, პანდემის წყალობით, რამდენიმეჯერ თუ მაქვს განასეირნები.
მინდა, სულ ახალი და გაუკვალავი იყოს ეს გზები. რომ პირველმა გადავიარო და იდეალურად გადასწორებული თეთრი ზედაპირი ჩემი ფეხსაცმლით დავშალო. მინდა, ქალაქი იყოს ზოგან ძალიან ჩუმი და ზოგან ძალიან ხმაურიანი, დიდებით და პატარებით გადატვირთული. და ამ გადატვირთულობაში მინდა, თუნდაც ერთი დღით, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდეთ — არ გვჭირდებოდეს სახეების პირბადეებში ჩამალვა ან დაძაბულებს ერთმანეთისგან შორს ყოფნა. მინდა, ერთი დღით მაინც იგრძნობოდეს სიახლის განცდა და დაიმალოს ის საძაგელი, ბინძური, მიჟანგული ამბები, ამ ბეტონის ქალაქს 2020 წლის ქარებმა რომ მოუტანა.
თოვლი მინდა მოვიდეს თბილისში.
და ეს იქნება ახალი წლის პირველი სასწაული, რომელიც ყველას ასე გვჭირდება.
კომენტარები