"ტუტანხამონის წყევლასთან" ასოცირებული სოკო, შესაძლოა, სიმსივნესთან ბრძოლაში გამოგვადგეს

ფოტო: NewsBytes
1920-იან წლებში ფარაონ ტუტანხამონის სამარხის გახსნაში მონაწილე არქეოლოგების სიკვდილის გამო ხმა დაირხა, რომ ეს "მუმიის წყევლის" გამო მოხდა. 50 წლის შემდეგ იგივე განმეორდა კაზიმირ IV-ის საფლავის შესწავლისასაც — ამ შემთხვევაში სამარხში შესული 12 ადამიანიდან 10 მოკვდა.
დადგინდა, რომ მიზეზი სოკო იყო, რომელსაც Aspergillus flavus ეწოდება. ის ბნელ გარემოში მარცვლეულით იკვებება და მისი სპორები ფილტვების ინფექციას იწვევს. აქედან გაჩნდა ვარაუდი, რომ 1920-იანი წლების ინციდენტიც ამ პათოგენს უკავშირდებოდა. ახლა კი ეს სოკო მეცნიერებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში სულ სხვა რამის გამო მოექცა.
უკანასკნელი კვლევის მიხედვით, შესაძლებელია, A. flavus ონკოლოგიური პრეპარატების სრულიად ახალი კლასის შექმნაში დაგვეხმაროს. კერძოდ, ის ლეიკემიის, სისხლის კიბოს, საწინააღმდეგო პოტენციალის მქონე მოლეკულებს შეიცავს.
ბაქტერიებსა და სოკოებში ამინომჟავების მოკლე ჯაჭვები, პეპტიდები, ორგვარად წარმოიქმნება: რიბოსომებად წოდებული უჯრედული სტრუქტურების ან არარიბოსომული პეპტიდური სინთეტაზების მეშვეობით. შემდეგ ისინი უკვე უჯრედში რიბოსომულად ბუნებრივ პროდუქტებად (RiPP) გარდაიქმნება. ბაქტერიული წარმოშობის ასეთი ათასობით პროდუქტის ფარმაცევტული ეფექტებია შესწავლილი, მაგრამ სოკოებში სულ რამდენიმე RiPP-ია იდენტიფიცირებული.
ამის მიუხედავად, სოკოებში ბევრი მსგავსი პეპტიდი უნდა იყოს, მაგრამ მათი გამოცალკევება ძნელია. აღსანიშნავია, რომ ისინი ეფექტიანობით გამოირჩევა და ცხოველთა უჯრედებზე ძლიერად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ასპერგილუსის გვარის ობის სოკოები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ A. flavus ყველაზე იმედის მომცემი კანდიდატია.
მასში მიაგნეს ცილას, რომელიც RiPP-ის წყაროა. ოთხი ასეთი რიბოსომული ბუნებრივი პროდუქტის შესწავლამ თანმხვედრი რგოლების აქამდე უცნობი სტრუქტურა გამოავლინა. ამ მოლეკულებს ასპერიგიმიცინები უწოდეს და მათგან ორს ლეიკემიური უჯრედების განადგურების უნარი აღმოაჩნდა. სხვა ერთიც პოტენციალის მქონეა, თუ მას ლიპიდურ საშუალებებთან გავაერთიანებთ.
სატესტო კოლბებში ნაჩვენები დადებითი ეფექტი მაინც არ ნიშნავს, რომ ისინი ადამიანებშიც იმავენაირად იმუშავებს. ამის მიუხედავად, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს თუ არ გაამართლებს, სხვა ასპერიგიმიცინებსაც მიაკვლევენ.
"სიმსივნური უჯრედები უკონტროლოდ იყოფა. ეს ნაერთები იმ მიკრომილაკების ფორმირებას ბლოკავს, რომლებიც ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანია", — ასე განმარტავენ ავტორები მათი მოქმედების მექანიზმს.
ასევე, დადგინდა, რომ მოლეკულები გენ SLC46A3 -საც იღებს მიზანში და ამ თუ სხვა პეპტიდებს უჯრედებში მომაკვდინებელი რაოდენობით შეღწევის საშუალებას აძლევს. ლეიკემიის საწინააღმდეგოდ მოქმედი მოლეკულები სხვა ტიპის სიმსივნეების შემთხვევაში ეფექტიანი არ გამოდგა. სპეციალისტთა თქმით, ეს კარგიცაა, რადგან კონკრეტული სახის კიბოსთვის განკუთვნილ პრეპარატებს წარმატების უფრო დიდი შანსი აქვს. რაც შეეხება ტესტირებას, ასპერიგიმიცინები ადამიანებამდე ჯერ ცხოველებზე უნდა გამოცადონ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Chemical Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები