და, აი, ისიც! — ნახეთ რუბინის ობსერვატორიის პირველი სურათები

ფოტო: NSF-DOE Rubin Observatory
ასტრონომ ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიამ ფუნქციონირება ოფიციალურად დაიწყო. წინ 10-წლიანი მისია გველის, თუმცა მუშაობის პირველ საათებში ტელესკოპმა უკვე მრავალი მნიშვნელოვანი კადრი გადაიღო და აღმოჩენებიც გააკეთა.
რამდენიმე პირვანდელი სურათი 23 ივნისის დილას უკვე ვიხილეთ, მაგრამ მოგვიანებით მეცნიერებმა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებას უფრო მეტი და გასაოცარი გამოსახულება გაუზიარეს.
ასევე, იხილეთ: რევოლუციურმა ტელესკოპმა კოსმოსს მზერა გაუსწორა — ნახეთ, რა გველის წინ
ჩილეში მდებარე სერო პაჩონის მთაზე აშენებული ახალი ობსერვატორია ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზეა განლაგებული. ის სამხრეთ ნახევარსფეროს ცას მთლიანად ყოველ სამ დღეში ერთხელ აკვირდება, რისთვისაც, 8.4-მეტრიან ტელესკოპთან ერთად, მსოფლიოში უდიდეს ციფრულ კამერა LSST-ს იყენებს.
მის მიერ გადაღებული ერთი სურათი იმ სიდიდის არეალს მოიცავს, რომელიც 45 სავსე მთვარის ეკვივალენტურია. ქვემოთ ე.წ. ქალწულის გროვაა ნაჩვენები, რომელიც გალაქტიკათა უზარმაზარი შეჯგუფებაა და ჩვენგან დაახლოებით 53.8 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული.
ამ ფოტოზე, ფონზე არსებული უამრავი ვარსკვლავის გარდა, 10 მილიონამდე გალაქტიკაა აღბეჭდილი. ეს მხოლოდ 0.05%-ია იმ 20 მილიარდი გალაქტიკისა, რომელსაც ობსერვატორია მთლიანობაში დააფიქსირებს. საერთო ჯამში, 10 წელში მას 40 მილიარდი ობიექტი ექნება გადაღებული. მათგან ბევრი აქამდე უცნობი იყო, უკვე იდენტიფიცირებულთა მიმდებარედ კი სახელებია მიწერილი.
ფოტო 1: RubinObs/NOIRLab/SLAC/NSF/DOE/AURA / ფოტო 2: RubinObs/NOIRLab/SLAC/NSF/DOE/AURA
"ასტრო-კინემატოგრაფიის ერაში შევაბიჯეთ, რითაც სრულიად ახალი განზომილების გამოკვლევის საშუალება მოგვეცა — დროში, როცა კოსმოსს ახლებური პერსპექტივით შევისწავლით. ეს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების წყალობით გახდა შესაძლებელი, ურომლისოდაც დიდი ოდენობით მონაცემის გადამუშავება ძალიან გაგვიჭირდებოდა", — აცხადებს ასტროფიზიკის სახელმწიფო ინსტიტუტში მომუშავე რობერტო რაგაცონი.
რუბინის ობსერვატორიის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ დროთა განმავლობაში ობიექტების სიკაშკაშის ცვლილებას აფიქსირებს, რადგან ცის სკანირებას ჩვეულებრივზე 10-100-ჯერ სწრაფად ახერხებს. ეს ნიშნავს, რომ ის 100 მილიონ ასეთ ვარსკვლავს დააკვირდება; ასევე, სიკვდილს მიახლოებულ მასიურ მნათობებსა და Ia ტიპის ზეახალ ვარსკვლავებს, რომლებიც კოსმოსური დისტანციების გასაზომად გამოიყენება.
ამ ტექნიკის წყალობით ობსერვატორიამ ფუნქციონირების პირველ კვირაში 2100-ზე მეტი ახალი ასტეროიდიც აღმოაჩინა, რომლებიც ქვედა ვიდეოშია ნაჩვენები. ასეთი მცირე ზომის ობიექტების დაფიქსირების შესაძლებლობა პოტენციური საფრთხის დროულად გამოვლების საშუალებას იძლევა.
23 ივნისს ქალწულის გროვის მთლიანი გამოსახულების შემადგენელი ცალკეული კადრებიც გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი სურათის ფრაგმენტებია, კოსმოსს დეტალურად გვიჩვენებს და ობსერვატორიის შთამბეჭდავ გარჩევადობას ცხადყოფს.
იხილეთ:

ფოტო: RubinObs/NOIRLab/SLAC/NSF/DOE/AURA

ფოტო: RubinObs/NOIRLab/SLAC/NSF/DOE/AURA
სურათის დეტალურად დათვალიერება თავადაც შეგიძლიათ:
კომენტარები