მეცნიერები ახალ ჰიპოთეზას გვთავაზობენ, რომლის მიხედვითაც დროს სამი განზომილება აქვს და სივრცე სწორედ მისი "მეორეული პროდუქტია". ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, სამყაროს ფუნდამენტური მახასიათებელი სწორედ დრო იყოს.

როგორც წესი, დროის მდინარების სპეციფიკურობის გამო მას სივრცესთან ვერ ვაკავშირებთ, მაგრამ აინშტაინმა ისინი გაერთიანა ტერმინში, რომელსაც დრო-სივრცე ეწოდება. ასევე, ის ცალკე განზომილებად მიიჩნევა და სტანდარტული მოდელების განუყოფელი ნაწილია. დიდი შრომაა ჩადებული იმის ასახსნელად, თუ რატომ აქვს დროის მდინარებას ერთი მიმართულება (ყოველ შემთხვევაში, ჩვენი აღქმით). არსებობს მრავალგანზომილებიანი სამყაროს შესახებ ჰიპოთეზებიც, მაგალითად სიმების თეორია, რომელშიც დროსა და სივრცეს 11 განზომილებიდან 4 უკავია.

ალასკის ფერბენკის უნივერსიტეტში მომუშავე გიუნტერ კლეტეტსჩკა სხვაგვარ ალტერნატივას გვიზიარებს, მაგრამ თავად დროის სამგანზომილებიანობის იდეა ახალი სულაც არაა. მისი თქმით, ამაზე მინიშნებები კვანტური ფენომენებიდან დაწყებული და კოსმოლოგიური ევოლუციით დასრულებული, ბევრგან გვხვდება. ამის მიუხედავად, წინა მოდელები ამ განზომილებების ერთმანეთთან დაკავშირებისას პარადოქსებს აწყდებოდა. ავტორი ამბობს, რომ მის კვლევაში მსგავსი დაბრკოლებები თავიდანაა აცილებული.

კლეტეტსჩკას განცხადებით, სამივე განზომილებაში მოქმედება რომ შეგვეძლოს, ერთი და იმავე რეალობის სხვადასხვა ვერსიას გამოვცდიდით. მხოლოდ მეორე განზომილებაში დღის ოდნავ განსხვავებული ვერსიები გვექნებოდა და რაც უფრო "შორს" წავიდოდით, მეტად მრავალფეროვანი იქნებოდა. ასევე, ნაცნობ დროში მოგზაურობის გარეშე ყველა ამ ალტერნატიულ მომენტს ისე გავივლიდით, რომ წინ ვერ წავიწევდით — როგორც ფილმში "ზაზუნას დღე" არის წარმოდგენილი, მაგრამ წამზე დაყვანილი მასშტაბით.

ამ ჰიპოთეზის თანახმად, შესაძლებელია დროის ორ განზომილებაში ერთდროულად ყოფნაც, რითაც ყოველი რეალობის ოდნავ დაგვიანებულ ვერსიებს ერთმანეთის მიყოლებით გამოვცდიდით. მესამე განზომილებაში უკვე ერთი რეალობიდან მეორეში გადასვლა შეგვეძლებოდა.

"დროის სამი განზომილება ყველაფრის პირველადი მასალაა, როგორიც ნახატის ტილოა. სივრცე მათში არსებობს, თუმცა ის უფრო მეტად საღებავებს ჰგავს, ვიდრე თავად ტილოს. ზუსტად ისე, როგორც მატერია ამრუდებს დრო-სივრცეს ზოგად ფარდობითობაში, მასა და ენერგიაც დროითი მრუდისა და დინამიკის მანიფესტაციად აღიქმება", — ამბობს მეცნიერი. მისი თქმით, დროის მხოლოდ ერთ განზომილებას იმიტომ აღვიქვამთ, რომ დანარჩენი ორი "ძალიან ექსტრემალურ მასშტაბებში ვლინდება".

იგი ამ ჰიპოთეზის უპირატესობად იმას ასახელებს, რომ ამ მათემატიკური შესაძლებლობის ფიზიკურად დატესტვა შესაძლებელია. ამისთვის კონკრეტული სუბატომური ნაწილაკებია საჭირო, რომელთაც სპეციფიკური მასები აქვს. იმ შემთხვევებში, რომლებშიც მასებიც ცნობილია (t-კვარკი, ელექტრონი), მათემატიკური მნიშვნელობები უკვე ზუსტად გაზომილს ემთხვევა.

მისი პროგნოზით, ნეიტრინოს ორ ტიპს 0.058 და 0.0086 ელექტრონვოლტი ენერგია აქვს, ამის სიზუსტე კი 7% და 4% უნდა იყოს. მკვლევარი იმასაც ირწმუნება, რომ სინათლის გრავიტაციული ტალღების სიჩქარის მცირე ცვლილებების პროგნოზირებაც შეუძლია (ჩვეულებრივ, ის თანაბარია). მისი თქმით, ამ ყველაფრის ექსპერიმენტულად დადგენა მომდევნო თაობის კოლაიდერებით, გრავიტაციული ტალღების შემსწავლელი ობსერვატორიებითა და კოსმოლოგიური კვლევებით 2025-30 წლების ფარგლებში უკვე შეგვეძლება.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Advances of Physical Sciences გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.