მარჯნის რიფები სილამაზისა და ბიომრავალფეროვნების გამო მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ეს სტრუქტურა ხშირად უღიმღამო ლურჯი ოკეანეების შუაგულში ფერად ოაზისად მიიჩნევა. ამას "დარვინის პარადოქსს" უწოდებენ. მართლაც უცნაურია — როგორ შეიძლება ამდენად ბიომრავალფეროვანი სტრუქტურა იმ ზღვებში გვხვდებოდეს, რომლებშიც ამდენად ცოტა საკვები ნივთიერება და პლანქტონია?

მარჯნის რიფები დედამიწაზე ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ეკოსისტემაა. მეორე მხრივ, ახალი კვლევის თანახმად, ისინი იმ წყლებში იშვიათად თუ გვხვდება, სადაც ცოტა საკვები ნივთიერებაა. რიფების უმეტესობა ნუტრიენტებით მდიდარ ადგილებში იყრის თავს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელის მიუხედავად "დარვინის პარადოქსის" იდეა ჩარლზ დარვინის ნაშრომებთან არაა დაკავშირებული.

მითების დამსხვრევა

დარვინის პარადოქსის ნარატივი ბოლო რამდენიმე ათწლეულია დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მეინსტრიმულ მედიაში, ასევე სამეცნიერო კვლევებში.

"აღნიშნული ნარატივი შეიძლება ძალიან მიმზიდველად ჟღერდეს. მიუხედავად ამისა, იგი ფაქტობრივად და ისტორიულად მცდარია", — აღნიშნა კვლევის ავტორმა საიმონ ბრენდლმა (ტეხასის უნივერსიტეტი).

ე. წ. უდაბნოს ოაზისის ჰიპოთეზის მიხედვით, ჩაკეტილ სისტემაში არსებული რიფები ზღვის პირობებისგან უმეტესად დამოუკიდებელია. ახალი კვლევის თანახმად, მსოფლიოში გავრცელებული მარჯნის რიფების უმრავლესობა ისეთ პირობებში გვხვდება, რომლებიც მათ არსებობას ხელს პირდაპირ უწყობს.

მარჯნის რიფები მალდივებზე

ფოტო: Jordan M. Casey/University of Texas at Austin

გარდა ამისა, რიფებსა და ოკეანეებს შორის კავშირი ადამიანური ფაქტორების შედეგად იცვლება. ამაში საკვები ნივთიერებების ხარჯვა და გლობალური დათბობის გავლენა იგულისხმება. ეს ყველაფერი ტროპიკულ ზონებში ნუტრიენტებისა და ფიტოპლანქტონების განაწილებაზე ზემოქმედებს.

მარჯნის რიფების სისტემებისა და მათი გლობალური განაწილების უკეთ გასაგებად კვლევის ავტორებმა პარადოქსის ორივე ნაწილის შემოწმება გადაწყვიტეს: მაღალი პროდუქტიულობისა ("ოაზისები") და ზღვებში არსებული რესურსების სიმცირის ("უდაბნო"). მათ დაადგინეს, რომ მარჯნის რიფების პროდუქტიულობა გარემო პირობებს მხოლოდ სანაპირო ჭარბტენიან ტერიტორიებზე შეესაბამებოდა, ხოლო დანარჩენი ჰაბიტატები (ტყეები, მდინარეები, ტბები ან აპველინგის ზონები) შედარებით ჩამორჩებოდა.

რიფების გარშემო საკვები ნივთიერებების დონეების განსაზღვრა

როგორც აღვნიშნეთ, მეცნიერებმა "უდაბნოს" კომპონენტიც შეამოწმეს. ამისთვის მათ მარჯნის რიფების საკვების როგორც პირდაპირი წყაროები (ფიტოპლანქტონი), ასევე არაპირდაპირი წყაროები შეამოწმეს. საამისოდ სატელიტური მონაცემები და ემპირიული საზომები გამოიყენეს.

აღმოჩნდა, რომ მარჯნის რიფების სისტემების უმრავლესობა ორნაირ პირობებში ხარობს: იქ, სადაც საკვები ნივთიერებები საშუალოდ ან ძალიან კარგადაა კონცენტრირებული და იქ, სადაც ქლოროფილი A ორჯერ მეტია, ვიდრე ტროპიკულ ოკეანეებსა და ოლიგოტროფულ ოკეანეებში ("უდაბნოებში"). ცნობილია, რომ მარჯნის რიფების 80% სწორედ იმ პირობებში გვხვდება, რომლებიც საკვები ნივთიერებებით მდიდარ ზონებადაა კლასიფიცირებული.

ცნობისთვის: ქლოროფილი მწვანე პიგმენტია, რომლითაც ფიტოპლანქტონები მზის სინათლეს იწოვს, ოლიგოტროფული კი ისეთი ოკეანეა, რომელსაც საკვები ნივთიერებების სიმცირე გამოარჩევს.

პარადოქსის კავშირი დარვინთან და საბოლოო დასკვნა

გარდა იმისა, რომ პარადოქსი შინაარსობრივად მცდარია, მისი დარვინთან დაკავშირებაც დიდი შეცდომაა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ დარვინის ნაშრომებში მარჯნის რიფების პროდუქტიულობა და ოკეანეების გავლენა საერთოდ არაა ნახსენები. იმ დროს დარვინს ოკეანის პირობებზე ვერც ეცოდინებოდა ისე სიღრმისეულად, რომ მსგავსი დასკვნები გამოეტანა.

ეს ნაშრომი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მარჯნის რიფები მართლაც უნიკალურ სასიცოცხლო პირობებს ქმნის და ამ საოცარი სტრუქტურების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მკვლევრები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ადამიანური ფაქტორები ამ სისტემებს მნიშვნელოვნად ცვლის.

ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.