ელისაბედ II 2022 წლის სექტემბერში მოკვდა 70-წლიანი მეფობის შემდეგ. ეს დრო სულ ოდნავ ჩამორჩება მონარქისთვის სუვერენულ სახელმწიფოში მმართველობის რეკორდს. ამაზე დიდხანს საფრანგეთში ლუი XIV-მ იმეფა, რომელიც სამეფო ტახტზე 72 წლის განმავლობაში იჯდა. მიუხედავად ამისა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ისტორიაში სხვა მეფე არსებობდა, რომელიც მმართველი გაცილებით დიდხანს იყო.

ძველ ეგვიპტეში ძვ. წ. 2 281 წელს ფარაონი 6 წლის ბიჭი გახდა, რომელსაც ნეფერკარა, იგივე პეპი II, ერქვა. მისი მმართველობა იმ დროის ძველი სამეფოს დაშლამდე გაგრძელდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მეფობა დიდად დასამახსოვრებელი არ ყოფილა, პეპი II-მ ერთი მნიშვნელოვანი რეკორდი მაინც დაამყარა. ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მართავდა სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი სადავოა. ჩვენ მისი ცხოვრების შესახებ ძირითადად ძველი ისტორიკოსის, მანეთონის, ნაწერებიდან ვიცით. მან აღნიშნა, რომ ნეფერკარა 94 წლის განმავლობაში მეფობდა და 100 წლის ასაკში მოკვდა.

ნეფერკარა

ფოტო: Wikipedia

რადგან მანეთონი პეპი II-ის შემდეგ დაახლოებით 2 000 წლის შემდეგ ცხოვრობდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი ჩანაწერები სრულად სანდო არ არის. მიუხედავად ამისა, ეს მონაცემი დასტურდება ე.წ. მეფეთა პაპირუსითაც, რომელშიც დაახლოებით ძვ.წ. 1650 წლამდე მცხოვრები ფარაონების სიაა მოცემული. მასში ნათქვამია, რომ პეპი II-ს ტახტი 90 წელზე მეტხანს ეკავა.

პაპირუსი მითოლოგიური მმართველებით იწყება, რომლებიც გები და ოსირისი იყვნენ. ეს დოკუმენტი ძველეგვიპტური ქრონოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი რამზეს II-ის მეფობის დროს დაიწერა, ძვ. წ. XIII საუკუნეში. ამ დროს პეპი II-ის სიკვდილიდან ათასწლეულზე მეტი იყო გასული.

მეფეთა სია პაპირუსზე ძველი საგადასახადო რეესტრის უკანა მხარესაა დატანილი. ეს მიანიშნებს, რომ დოკუმენტი, დიდი ალბათობით, გადაამუშავეს მას შემდეგ, რაც თავდაპირველი დანიშნულებით აღარ გამოიყენებოდა.

ამ მიზეზებით ფარაონის მმართველობის ხანგრძლივობას ბევრი ისტორიკოსი სკეპტიკურად უყურებს. იმ დროისათვის 100 წლამდე ცხოვრება ძალზე იშვიათი მოვლენა იყო. გარდა ამისა, არ მოიპოვება წარწერები პეპი II-ის მმართველობის 62-ე ან 63-ე წლიდან. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ნეფერკარას საერთოდაც არ მიუღწევია მმართველობის იმ ხანგრძლივობისთვის, რომლამდეც ელისაბედ II ან ლუი XIV მივიდნენ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, პეპი II კვლავაც შეტანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.